განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002678117
საქმე №3ბ/809-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი - სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ც---–- მ--–--------ი
წარმომადგენელი: ა---------–---------–---–ი
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი: ან-------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილადცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ზიანის ანაზღაურების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოწინააღმდეგე მხარის - ც---–- მ--–--------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
2.2. მესამე პირის - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ც---–- მ--–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 1------------ის №0-------- ბრძანება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ც---–- მ--–--------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის სასარგებლოდ, ზიანის - მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან - 2014 წლის 2-------დან, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით;
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი 2009 წლის 2-------დან იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და დევნილობამდე, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული იყო დაბა ა---–-----ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 2---------ს ბრძანებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
მოსარჩელე ც---–- მ--–--------მა 2015 წლის 2---------ს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა ა---–-----ის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნა და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-------–ის ბრძანებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1--------–ის ბრძანება, მოსარჩელე ც---–- მ--–--------მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ითხოვა მისი ბათილად ცნობა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-------–ის ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხა ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის მეზობლად მცხოვრები პირი, რომელმაც განმარტა, რომ ც---–- მ--–--------ს იცნობს და 2008 წლამდე მას მუდმივად არ უცხოვრია ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული ინფორმაცია წერილობით მიაწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
ა---–-----ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–-----ის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 5---------ის ცნობით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ა---–-----ში. ამასთან, აღნიშნული ცნობა გაიცა ა---–-----ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 2-------------ის დასკვნის საფუძველზე.
ამასთან, ა---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 2-------------ის ცნობით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე, ჭ--------- ქ. №-- ში არ უცხოვრია.
2018 წლის 1-----------რს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, მოხსენებითი ბარათით მიმართა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მოსარჩელე ც---–- მ--–--------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე არ იყო ა---–-----ის მუნიციპალიტეტი.
მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2018 წლის 1-------------ს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ც---–- მ--–--------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 1------------ის №0-------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი 2009 წლის 2-------დან იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და დევნილობამდე, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული იყო დაბა ა---–-----ი, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 2-------ს ბრძანებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ც---–- მ--–--------მა 2015 წლის 2----------ს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა ა---–-----ის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნა და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-------–ის ბრძანებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებებინ „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემებისმ მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მინიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.
ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურ მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1 აპრილის ბრძანება, მოსარჩელე ც---–- მ--–--------მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ითხოვა მისი ბათილად ცნობა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-------–ის ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სასამართლომ გამოუკვლევლად მიიჩნია მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გარემოებები და არასაკმარისად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც 2008 წლის აგვისტომდე, ა---–-----ის მუნიციპალიტეტში, მის მუდმივად ცხოვრების ფაქტს გამორიცხავდა და ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე, მის მუდმივად ცხოვრების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა - შესაბამისი მტკიცებულებების მოძიება, რომლებიც ა---–-----ის მუნიციპალიტეტში, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს გამორიცხავდა ან დაადასტურებდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულოობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. ამასთან, აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხა ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის მეზობლად მცხოვრები პირი, რომელმაც განმარტა, რომ ც---–- მ--–--------ს იცნობს და 2008 წლამდე მას მუდმივად არ უცხოვრია ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 1-----------რს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, მოხსენებითი ბარათით მიმართა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მოსარჩელე ც---–- მ--–--------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე არ იყო ა---–-----ის მუნიციპალიტეტი. ამასთან, მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2018 წლის 1-------------ს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ც---–- მ--–--------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დამატებით გამოიკვლია მხოლოდ მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებებით 2008 წლის აგვისტომდე, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის ა---–-----ის მუნიციპალიტეტში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოთ მითითებული ინფორმაცია არა თუ გამორიცხავს მოსარჩელის ა---–-----ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, არამედ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს მას.
საქმეში წარმოდგენილი ა---–-----ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–-----ის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 5---------ის ცნობის მიხედვით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ა---–-----ში. ამასთან, აღნიშნული ცნობა გაიცა ა---–-----ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 2-------------ის დასკვნის საფუძველზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ე-–------ ბ-–------–მა, მ--- გ------–---–მა და ბ------ი ა-------–---–მა აღნიშნეს, რომ ისინი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ა---–-----ის მუნიციპალიტეტში და არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მათი განმარტებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა ა---–-----ის მუნიციპალიტეტში და მას თითქმის ყოველდღიურად ხედავდნენ.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ა---–-----ის მუნიციპალიტეტში მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ც---–- მ--–--------ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 1------------ის №0-------- ბრძანება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც---–- მ--–--------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207- ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული საკანონმდებლო აქტებით. შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ ბათილად ცნო „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 1------------ის №0-------- ბრძანება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც---–- მ--–--------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა, ზიანის სახით, მიუღებელი დევნილი შემწეობის ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ ც---–- მ--–--------ს საცხოვრებელ მისამართად (სამოქალაქო რეესტრის ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით) 2008 წლის ნოემბრის თვემდე უფიქსირდება მისამართი : ქ. თბილისი, ნ. ქ------–---–ის ქ. N--- 2008 წლის 04 აპრილს აღებული აქვს პირადობის მოწმობა თითებული მისამართით. მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 25 ნოემბერს აიღო პირადობის მოწმობა შემდეგი მისამართით : ა---–-----ი ი. ჭ--------- ქ. N-
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია“. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს“. კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს“.
ზემოხსენებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე აპელანტი ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი - პირის პიროვნების დამადასტურებელი უმთავრესი დოკუმენტი ადასტურებს, ც---–- მ--–--------ისთვის 2008 წლის ომამდე საცხოვრებელი ადგილი იყო თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98-ე ბრძანებით დამტკიცებული წესის 14-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად „პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი . . .“.
ც---–- მ--–--------ის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული პირადი ნომრით დგინდება, რომ მისი პირადი ნომერი იწყება ციფრებით „01“ - რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის - ქალაქ თბილისის კოდს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ხსენებული პირადობის მოწმობის გაცემის მომენტისათვის, მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ, ც---–- მ--–--------ი მიჩნეულ იქნა ქალაქ თბილისის მაცხოვრებლად. ამასთან, მას, მოქმედი ნორმატივების თანახმად, მისამართი არ შეუცვლია 2008 წლის ომამდე.
რაც შეეხება ც---–- მ--–--------ის მიერ წარმოდგენილ ა---–-----ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 2-------------ის N 780 დასკვნას, აპელანტი აღნიშნავს, რომ საყოველთაოდ ცნობილი და დადგენილი გარემოება, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილმა მუნიციპალიტეტებმა ვერ მოახერხეს მუნიციპალიტეტების დოკუმენტაციის ევაკუაცია. შესაბამისად, ვერ მოხერხდა საკომლო წიგნებისა თუ სხვა პირველადი დოკუმენტაციის გამოტანა, რომელიც დაადასტურებს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ამა თუ იმ პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მიუხედავად ამგვარი დოკუმენტაციის არარსებობისა, მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ უწევთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემა. ვინაიდან მათ ხელთ არ აქვთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება უწევთ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა პირთა ზეპირი მეხსიერების გამოყენებით. ეს კი საკმაოდ არასარწმუნოს ხდის ამგვარ ინფორმაციას. მითუმეტეს, ზემოხსენებული კომისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლებისგან, რომელთაგან თითოეული ნაკლებად, ან საერთოდ არ იცნობს სხვა სოფლის მუდმივ თუ არამუდმივ მაცხოვრებლებს. შესაბამისად, სახეზეა ამგვარი მოცემულობა, რომ კომისიის დასკვნას ხელს აწერენ პირები, რომელთათვისაც სტატუსის მაძიებელი პირის არსებობის თაობაზე ზოგჯერ მხოლოდ საკითხის განხილვის დროს გახდა ცნობილი. ამ გარემოების გამო, ზემოხსენებული დასკვნები ხასიათდება ძალიან დაბალი სარწმუნოობით და დამაჯერებლობით. მითუმეტეს, რომ ამგვარ დასკვნებში არ არის დასაბუთებული, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით, რა ხასიათის კვლევისა და რა კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მივიდა კომისია ამგვარ დასკვნამდე.
ამ მოსაზრების სარწმუნოობას ადასტურებს მუნიციპალიტეტებისა და კომისიების მიერ ერთსა და იმავე პირებზე გაცემული დასკვნების ურთერთგამომრიცხავი შინაარსი. არაერთია შემთხვევები, როდესაც პირებს დევნილის სტატუსი მიენიჭათ მუნიციპალიტეტების ინფორმაციის საფუძველზე, შემდგომში, იმავე მუნიციპალიტეტის საწინააღმდეგო ინფორმაციის საფუძველზე, იმავე პირისათვის მოხდა სტატუსის ჩამორთმევა, შემდეგში კი იმავე მუნიციპალიტეტმა იმავე პირზე კვლავ დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი. ამგვარი შემთხვევები არაერთია.
ზემოხსენებული გარემოებების გამო, ეს დასკვნები ხასიათდება სარწმუნოობის ძალიან დაბალი ხარისხით და ისინი გაზიარებულ არ უნდა იქნას, რადგან წინააღმდეგობაში მოდიან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული და გამოკვლეული სხვა, მაღალი სანდოობის მქონე მტიცებულებებთან, მაგალითად ა---–-----ის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 2-------------ის N7------- წერილთან, სადაც უშუალოდ, ა---–-----ის რწმუნებულზე დაყრდნობით, ა---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ ადასტურებს ც---–- მ--–--------ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ა---–-----ში 2008 წლის აგვისტომდე. ასევე, ზეპირი სხდომის ოქმში და სამინისტროში ჩატარებული გამოკითხვის კითხვარში გადმოცემულ ინფორმაციებთან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხევვაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით, განმარტებულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი.
განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს სადავო აქტი მომზადებული და გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის შედეგადაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ არსებობს აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები და სასარჩელო მოთხოვები უსაფუძვლოა.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო ოკუპირებული ტერიტორია.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, რამდენად აკმაყოფილებს მოსარჩელე დევნილის სტატუსის აღდგენის და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების საფუძვლები, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამასთანავე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად/აღსადგენად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი 2009 წლის 2-------დან იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და დევნილობამდე, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული იყო დაბა ა---–-----ი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 2---------ს ბრძანებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნული ბრძანება მხარემ სადავო გახადა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-------–ის ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7-----------ს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით გამოკითხა ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის მეზობლად მცხოვრები პირი, რომელმაც განმარტა, რომ ც---–- მ--–--------ს იცნობს და 2008 წლამდე მას მუდმივად არ უცხოვრია ქ. თბილისში, ქ------–---–ის ქუჩაზე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოთ მითითებული ინფორმაცია არა თუ გამორიცხავს მოსარჩელის ა---–-----ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, არამედ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს მას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს მხოლოდ პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს და განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.
პალატა ა---–-----ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–-----ის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 5---------ის ცნობის თანახმად, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ა---–-----ში. ამასთან, აღნიშნული ცნობა გაიცა ა---–-----ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 2-------------ის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ე-–------ ბ-–------–მა, მ--- გ------–---–მა და ბ------ი ა-------–---–მა აღნიშნეს, რომ ისინი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ა---–-----ის მუნიციპალიტეტში და არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მათი განმარტებით, მოსარჩელე ც---–- მ--–--------ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა ა---–-----ის მუნიციპალიტეტში და მას თითქმის ყოველდღიურად ხედავდნენ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ც---–- მ--–--------ის ა---–-----ის მუნიციპალიტეტში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად გასაჩივრებული აქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების საფუძველზე, ასევე არსებობდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მოთხოვნას მიუღებელი შემწეობის გადახდის დავალების თაობაზე, პალატა მიუთითებს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ''ვ'' ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის შემწეობა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. ამავე ნორმის მე-4 პუნქტის მიხედვით, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე: ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა; ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატა იზიარებს, რომ მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი დევნილის სტატუსის შეწყვეტითა და დევნილთათვის განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობის მიუღებლობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული მოთხოვნა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან მიუღებელი დევნილის შემწეობის დაკისრების თაობაზე;
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი