განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2019
საქმის ნომერი
160210016001488556
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210016001488556

საქმე №2ბ/5214-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ვ----– ი------------ი

 

წარმომადგენელი - გ------------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ------ა ი------------ა

წარმომადგენელი - ო-----------------–---ი

 

დავის საგანი - მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილებში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოსარჩელე ნ------ა ი------------ა და მოპასუხე ვ----– ი------------ი 1984 წლის 15 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: რ----- ი------------ი, ა---- ი------------ი და ლ---- ი------------ა.

 

2. 2013 წლიდან მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

3. 2000 წლის 30 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ვ----– ი------------მა მემკვიდრეობით მიიღო აწ გარდაცვლილი მამის მუსა ი------------ის სამკვიდრო ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.მ--------–ი, ნ-----ის ქ. N3, სამი საცხოვრებელი ოთახით, რომლის სასარგებლო ფართობი შეადგენდა 71.35 კვ.მ-ს, საცხოვრებელი ფართობი - 57.05 კვ.მ-ს, დამხმარე ფართობი - 14.3 კვ.მ-ს, სამეურნეო ფართობი - 23 კვ.მ-ს.

 

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 03 ოქტომბრის სხდომაზე აღიარებულ იქნა ვ----– ი------------ის საკუთრების უფლება, ქ. მ--------–ში, ნ-----ის ქ. N3-ში მდებარე 2451,495 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ფართობზე და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. 2008 წლის 03 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №505 მოწმობით ვ----– ი------------მა საკუთრებაში აღირიცხა ქ. მ--------–ში, ნ-----ის ქ.N3-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით: 2451,495 კვ.მ., განაშენიანების ფართობი: 280 კვ.მ.

 

5. 2011 წლის 04 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ვ----– ი------------ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. მ--------–ი, ნ-----ის ქ. N3, საკადასტრო კოდით: 8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2451.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართი: 280 კვ.მ.. საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენდა 2008 წლის 03 ოქტომბრის N505 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

6. ვ----– ი------------მა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 342 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2014 წლის 14 ივლისს აჩუქა მის ძმას ზ----- ი------------ს. 2016 წლის 22 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ვ----– ი------------ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. მ--------–ი, ნ-----ის ქუჩა, ჩიხი N2, N3, საკადასტრო კოდით: 8-----------, ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2109.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1. საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს 2008 წლის 03 ოქტომბრის N505 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

7. 2005 წლის 09 ივნისს ვ----– ი------------ის სახელზე დარეგისტრირდა სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - ,,მ-------------–------”, სანომრე ნიშანი - W-----, გამოშვების წელი - 1992, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - თეთრი, ტექ. პასპორტი - H--------.

 

8. ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ------ა ი------------ამ და მოპასუხე ვ----– ი------------ის მიმართ მოითხოვა ვ----– ი------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. მ--------–ი, ნ-----ის ქუჩა, ჩიხი N2, N3-ში, საკადასტრო კოდით 8-----------, ½ წილზე ნ------ა ი------------ას მესაკუთრედ ცნობა; ვ----– ი------------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების, მარკა, მოდელი - ,,მ-------------–------”, სანომრე ნიშანი - W------, გამოშვების წელი - 1992, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - თეთრი, ტექ. პასპორტი - H--------, ½ წილის თანამესაკუთრედ ნ------ა ი------------ას ცნობა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15);

 

8.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, ნ------ა ი------------ა და ვ----– ი------------ი, 1984 წლის 15 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ სამი შვილი: რ----- ი------------ი, ა---- ი------------ი და ლ---- ი------------ა. 2013 წლამდე მხარეები ცხოვრობდნენ ქ. მ--------–ში, ნ-----ის ქუჩა, ჩიხი 2, №3-ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ვ----– ი------------ის მამას მუსა ი------------ს. მოპასუხის მამა გარდაიცვალა 2000 წლის 12 თებერვალს. 2000 წლის 30 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ვ----– ი------------მა მემკვიდრეობით მიიღო საცხოვრებელი სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გარეშე. 2008 წლის 27 აგვისტოს, ვ----– ი------------მა განცხადებით მიმართა მ--------–-- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულში მოქმედ კომისიას და მოითხოვა 24451 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონება. 2008 წლის 03 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №505 მოწმობით, ვ----– ი------------მა საკუთრებაში მიიღო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ვ----– ი------------მა მთლიანი მიწის ნაკვეთიდან 342 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2014 წლის 14 ივლისს აჩუქა მის ძმას ზ----- ი------------ს. გარდა აღნიშნული უძრავი ქონებისა, მეუღლეებმა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, 2005 წლის 09 ივნისს შეიძინეს ,,მ-------------–---- დ” მარკის ავტომანქანა და 1992 წელს გამოშვებული თეთრი ფერის მიკროავტობუსი, აღნიშნული ავტომანქანები დარეგისტრირდა ვ----– ი------------ის სახელზე და დღეის მდგომარეობით იგი მუშაობს და იღებს ყოველდღიურ შემოსავალს. ქორწინების შემდეგ საცხოვრებელ სახლს მეუღლეებმა ერთობლივად ჩაუტარეს მიშენება და რემონტი, კერძოდ, 1993-1994 წლებში საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა მიშენება ორი მხრიდან, რის საფუძველზეც მოეწყო აივანი, აივნის ბოლოს სამზარეულო და აბაზანა. აბაზანა-სამზარეულოს ფართის გასწვრივ მეორე მხრიდან მიშენდა გრძელი ოთახი. მიშენების შედეგად საცხოვრებელ სახლს მიემატა აივანი, აბაზანა, სამზარეულო და ოთახი. მიშენების ქვემოთ სახლის უკანა მხარეს მთელ სიგრძეზე მოეწყო სარდაფის ტიპის ფართი 47,25 კვ.მ, აღნიშნულ სარდაფში განთავსდა თბილი წყლის სისტემა, წყლის ავზი და სხვა საჭირო სამეურნეო დანიშნულების მოწყობილობები. 2007-2009 წლებში საცხოვრებელ სახლს მთლიანად გამოეცვალა სახურავი, მოეწყო მანსარდი და მთლიანი სახლი, მანსარდის გარდა გარემონტდა კაპიტალურად. ვ----– ი------------ის მიერ სამკვიდროს მიღების დროს სახლის ფართობი შეადგენდა 72 კვ.მ.-ს, ხოლო ამჟამად საცხოვრებელი სახლის ფართობია 148,50 კვ.მ.. 2013 წელს ვ----– ი------------მა ნ------ა ი------------ა აიძულა სადავო სახლიდან წასულიყო. სახლიდან ასევე წავიდნენ მათი შვილები რ----- და ა---- ი------------ებიც. ვ----– ი------------ი დაოჯახდა მეორეჯერ და ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა, ნ------ა ი------------ას სხვა სახლი არ გააჩნია და ამჟამად შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით. აუდიტის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელ სახლზე ჩატარებულ გაუმჯობესებებზე გაწეულია 4900,40 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო ,,მ-------------–---- დ” მარკის ავტომანქანის ამჟამინდელი ღირებულება შეადგენს 6000 ლარს.

 

9. მოპასუხის შესაგებელი:

 

9.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ სახლზე მიშენება და დაშენება არ ჩაუტარებიათ. ერთად ცხოვრების პერიოდში საცხოვრებელ სახლს არსებითი ცვლილება არ მიუღია. მოპასუხის მითითებით, აუდიტს არ დაუდგენია უძრავი ქონების თავდაპირველი ფასი და მასზე განხორციელებული სამუშაოები. აუდიტს რაც აქვს მითითებული, აღწერილი აქვს მოსარჩელის ჩვენებით და არა საქმის მასალებით (იხ. შესაგებელი ს.ფ. 57-65).

 

9.2. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დ-----------–--–-–---–მა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ვ----– ი------------ის მამას და ვ----– ი------------მა, როგორც მამის მემკვიდრემ მიიღო აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ქონება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; 2007-2008 წლამდე რა მდგომარეობაში იყო სახლი არ დასტურდება. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ საცხოვრებელ სახლს ფართი მიემატა, არ შეესაბამება სინამდვილეს, სახლი აშენებულია 60-იან წლებში, რა დროსაც დაუზუსტებელი ფართობი იყო მითითებული, ხოლო შემდეგ დაზუსტდა. სახლს არ აქვს მიშენება, რემონტი ჩატარდა. რაც შეეხება ავტომანქანას, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი (იხ. 19.05.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

10. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ------ა ი------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ------ა ი------------ა (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნა ვ----– ი------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. მ--------–ი, ნ-----ის ქუჩა, ჩიხი 2, N3-ში, საკადასტრო კოდით 8-----------, ½ წილის მესაკუთრედ. ნ------ა ი------------ა (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნა ვ----– ი------------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი - ,,მ-------------–------”, სანომრე ნიშანი - W------, გამოშვების წელი - 1992, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - თეთრი, ტექ. პასპორტი - H--------, თანამესაკუთრედ. მოპასუხე ვ----– ი------------ს მოსარჩელე ნ------ა ი------------ას სასარგებლოდ დაეკისრა 785 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხე ვ----– ი------------ს მოსარჩელე ნ------ა ი------------ას სასარგებლოდ დაეკისრა 55 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ. მოსარჩელე ნ------ა ი------------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ო-----------------–---ის მიერ 2016 წლის 23 ივლისს 825 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 90 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–--------ი”, ბანკის კოდი: B-------, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2016 წლის 23 ივლისის №1 საგადახდო დავალება). (იხ.გადაწყვეტილება)

 

11. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ----– ი------------მა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

11.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ფაქტობრივ გარემოებად არასწორად დაადგინა გადაწყვეტილების 3.2.1 და 3.2.2 პუნქტი, თითქოსდა სადავო სახლს მემკვიდრეობის მიღების შემდეგ დაემატა ოთახები, მოხდა მისი გადაგეგმარება და მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა. თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაშიც და მოწმეების ჩვენებებში სულ სხვაგვარი ფაქტია დადგენილი, კერძოდ კი ის, რომ სადავო სახლს დაემატა ოთახები, მოხდა მისი გადაგეგმარება, მიშენდა დამხმარე ნაგებობანი 1993-94 წლებში, ხოლო მემკვიდრეობა მიიღო 2000 წელს. მოსარჩელესთან ერთად მხოლოდ სახლის სახურავის განახლება განხორციელდა და მისი ხარჯი იყო მხოლოდ 4500 ლარი, ე.ი მოხდა კოსმეტიკური ცვლილება და ამით სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

 

11.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად გადაწყვეტილების 3.1.3 და 3.1.4 პუნქტი, რომ სამკვიდრო მიიღო უფრო ნაკლები ფართის საცხოვრებელი მიწის გარეშე. სამკვიდროს გაფართოება მოხდა მისი მიღების შემდეგ და დაკანონდა ცვლილებით, მაშინ როდესაც თვითონ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაშიც, აუდიტის დასკვნაშიც და მოწმეების ჩვენებებშიც დადასტურებულია, რომ სადავო სახლს დაემატა ოთახები, მოხდა მისი გადაგეგმარება, მიშენდა დამხმარე ნაგებობანი 1993-94 წლებში.

 

11.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია. კერძოდ კი არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი, რომლის მიხედვით სამკვიდრო ქონება ითვლება მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად და არ უნდა გამოეყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე და 1168-ე მუხლები სარჩელის დასაკმაყოფილებლად, რადგან ქონება მიღებულია მემკვიდრეობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

12. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

13. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა. ამასთან, ავტომანქანის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ (აპელანტმა) ცნო სარჩელი და სადაოდ გახადა მხოლოდ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი /მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება./ სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი /საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი./ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი /მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი./საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადება /თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები./ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი /თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. /

 

14. იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სადავო უძრავი ნივთი სახეცვლილია მის პირვანდელ მდგომარეობასთან შედარებით და მოპასუხის მიერ მიღებული სამკვიდრო - საცხოვრებელი სახლი ფართობით 71.35 კვ.მ- დამატებით გაიზარდა 173 კვ.მ.-მდე. პალატას მიაჩნია, რომ დავის მართებულად გადაწყვეტისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმის გამორკვევა, სადავო უძრავი ქონება, არსებული სახით, წარმოადგენს, თუ არა მთლიანად მოპასუხის ინდივიდუალურ (როგორც მემკვიდრეობით მიღებულ) საკუთრებას, თუ ამ უძრავი ქონების რომელიმე ნაწილი შეიძლებოდა შეფასებულიყო, სსკ–ის 1158./1163–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 1 -7 პუნქტები) სადავო გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

14.1. მოსარჩელე ნ------ა ი------------ა და მოპასუხე ვ----– ი------------ი 1984 წლის 15 მაისიდან 2013 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, აღნიშნულ პერიოდში მათ ერთობლივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. მ--------–ი, ნ-----ის ქუჩა ჩიხი 2, N3.

 

14.2. 2000 წლის 30 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად ვ----– ი------------მა მემკვიდრეობით მიიღო აწ გარდაცვლილი მამის მუსა ი------------ის სამკვიდრო ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. მ--------–ი, ნ-----ის ქ. N3, სამი საცხოვრებელი ოთახით, რომლის სასარგებლო ფართობი შეადგენდა 71.35 კვ.მ-ს, აქედან საცხოვრებელი ფართობი - 57.05 კვ.მ-ს, დამხმარე ფართობი - 14.3 კვ.მ-ს. ხოლო 2008 წლის 03 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №505 მოწმობით აღიარებულ იქნა ვ----– ი------------ის საკუთრების უფლება, ქ. მ--------–ში, ნ-----ის ქ. N3-ში მდებარე 2451,495 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ფართობზე და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, 2011 წლის 04 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით, ვ----– ი------------ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. მ--------–ი, ნ-----ის ქ. N3, საკადასტრო კოდით: 8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2451.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართი: 280 კვ.მ.. ვ----– ი------------მა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 342 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2014 წლის 14 ივლისს აჩუქა მის ძმას ზ----- ი------------ს.

 

14.3. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტორული დაკვნისა და საქმიზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ, ვ----– ი------------ის მიერ სამკვიდროს მიღების დროს სახლის ფართობი შეადგენდა 71.35 კვ.მ.-ს, ხოლო ამჟამად საცხოვრებელი სახლის ფართობია 173. კვ.მ. 2007-2009 წლებში საცხოვრებელ სახლს მთლიანად გამოეცვალა სახურავი, მოეწყო მანსარდი. სადავო ქონებას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ამდენად, რადგან, საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და მოეწყო მანსარდა, გაიზარდა საცხოვრებელი ფართი გაიზარდა 2 ჯერ, მნიშვნელოვნად გაზარდა საცხოვრებელი სახლის ღირებულებაც.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-840-791-2015, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნა გათვალისწინებული. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ (იხ. სუსგ # ას-1440-1358-2012წ., 08.04.2013წ.). სსკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო 1152-ე მუხლით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლებები, ისევე, როგორც მოვალეობები, თანაბარია.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „ქვემდგომმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1163-ე, 1164, 1168-ე მუხლებით, რადგანაც დადასტურებული იყო, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გრძელდებოდა მოდავე მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში, რის შედეგადაც უძრავი ნივთის ღირებულება 6 000 ლარიდან გაიზარდა 162 900 ლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ნივთი 2004 წლის 8 ივლისიდან წარმოადგენდა პ.ფ.ის ინდივიდუალურ საკუთრებას, პ.ფ.ისა და ნ. მ.ის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში განხორციელებული მშენებლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ ნივთის ღირებულება, რის გამოც ქონება მოდავე მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა და მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სწორად მიეკუთვნა ამ ქონების სარჩელით მოთხოვნილი ნაწილი“ (იხ. სუსგ # ას- 551-523-2014, 04.03.2015წ., ასევე, იხ. სუსგ-ზე # ას-964-922-2013, 29.11.2013წ., # ას 1619-1611-2011, 16.02.2012წ.).

 

ამდენად, პალატა დადაგენილად მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ვ----– ი------------მა მოიპოვა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ხოლო საცხოვრებელი სახლი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. თუმცა, ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად იქნა გაზრდილი ვ----– ი------------ისა და ნ------ა ი------------ას რეგისტრირებულ ქორწინებაში მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, რაც მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სადავო ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმირებისათვის და დღეისათვის მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ----– ი------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

მიხეილ გოგიშვილი