განაჩენი

სისხლის სამართლის 18.11.2019
საქმის ნომერი
330100119003114344
ინსტანცია
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119003114344, №1ბ/1726-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - გ------- ნ-------ის ძე ჩ-----–-–---–ი - დაბადებული 19---–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–------–------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

 

თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და საქმის გარემოებებს, რომლის მიხედვითაც, გ------- ჩ-----–-–---–ის მხრიდან განხორციელებული მუქარა არ იყო პირველი შემთხვევა და იგი დაზარალებულს, ამ უკანასკნელის განმარტებით, წარსულშიც დამუქრებია. ასევე, მათ შორის არსებული კონფლიქტი ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით არ არის მოგვარებული, რაც საშიშროების შემცველია დაზარალებულისათვის (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარის პოზიცია სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. შესაგებელი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ჩ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მ--- გ-----–---–ი გ------- ჩ-----–-–---–თან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2019 წლის 25 ივნისს, გ------- ჩ-----–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--- გ-----–---–ს, კერძოდ, დაურეკა მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე და უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, თავს მოაჭრიდა ან მანქანას დააჯახებდა და არ აცოცხლებდა. მ--- გ-----–---–მა, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ქ------–--–------–-----------------------ში, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, გ------- ჩ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გ------- ჩ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 27 ივნისიდან - 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და განაჩენის გამოცხადებისას გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ჩ-----–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----- ყ---–-----–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული - მ--- გ-----–---–o და გ------- ჩ-----–-–---–ი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2019 წლის 25 ივნისს მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გ------- ჩ-----–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეული აქვს ბრალდებულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის თანახმად - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, ამ ნაწილში პალატას ასევე დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება უპირობოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით გ------- ჩ-----–-–---–ს განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც აღიარა და გულწრფელად მოინანია, არ იყო ნასამართლობის მქონე. აღნიშნული გარემოებები საკმარისია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით გ------- ჩ-----–-–---–მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.

 

გასათვალისწინებელია გ------- ჩ-----–-–---–ის პატიმრობიდან გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არსებული პერიოდი. გ------- ჩ-----–-–---–ი გათავისუფლდა 2019 წლის 23 სექტემბერს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ. გათავისუფლების შემდეგ არ წარმოდგენილა ინფორმაცია პირობითი მსჯავრის დარღვევის შესახებ. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი გ------- ჩ-----–-–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ოჯახური დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ თ----- ყ---–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი გ------- ჩ-----–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ყ---–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ჩ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

გ------- ჩ-----–-–---–ს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 27 ივნისიდან - 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე