განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001824605
საქმე #1ბ/722-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-------------–-–---–ის
ადვოკატის: დ-----------------ის
მსჯავრდებულის: მ--------------ის
თარჯიმნების: ი--------------ს, დ-------------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის და მსჯავრდებულ მ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ--------------ის, დაბადებულის 1987 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------–-–---–--------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,120-ე მუხლით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ-------–--–--------–-–---–--------------ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ--------------მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბიძას - მ-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ-------------მა განიცადა ტკივილი, გულმკერდში დარტყმის შედეგად წაიქცა და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის ზედაპირული ჭრილობა, კეფის არეში მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა, მარცხნივ თხემის ქსოვილებში სისხლნაჟღენთი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------------მა ჩაიდინა ოჯახის წერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ-------–--–--------–-–---–--------------ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ--------------მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბებიას - ა----------ს ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხვადასხვა არეში შემდეგი დაზიანებები: მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა, მე-7 ნეკნის მოტეხილობა, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა იდაყვის მოტეხილობის არეში, სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია სახეზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული არიან მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და თავის ტვინის შერყევა და მარცხენა საფეთქლის მოტეხილობა მიეკუთვნებიან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხს, ხოლო მე-7 ნეკნის მოტეხილობა, მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განაჩენით:
მ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდი).
მ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2017 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ მ-------------ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ--------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ მ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა და მსჯავრდებულ მ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-----------------ემ.
სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის გარდა, მსჯავრდებულ მ--------------ის დამნაშავედ ცნობა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციის მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მ--------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის სახით, აგრეთვე, მოითხოვა განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა ან მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირება. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ, აგრეთვე, განაცხადა, რომ დაზარალებულ მ-------------ის ეპიზოდში ბრალდებაში მითითება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე, არასწორია, ვინაიდან ამ მუხლის შენიშვნის მიხედვით, ბიძა არ ითვლება ოჯახის წევრად, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ--------------ი და მ-------------ი არ ეწევიან და არც ადრე ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ მ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ მ--------------ის მიმართ, ცვლილება უნდა შევიდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების (დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ. ამ ეპიზოდში ბრალდების კვალიფიკაციის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის მიხედვით, შპს ა-–---–----–---–ის სახელობის კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №9-----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ა----------ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 04.01.2017წ 18:20 სთ-ზე (გაეწერა 07.01.2017წ 13:00 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მე-7 ნეკნის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია ჰემატომა მარცხენა იდაყვის სახსრის (მოტეხილობის) არეში, სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია სახეზე (ზუსტი ლოკალიზაციის მითითების გარეშე), მარცხენა საფეთქლის ქიცვის კორტიკალური შრის ხაზოვანი რღვევა. წარმოდგენილი CD დისკების შესწავლის შედეგად დადგინდა მარცხნივ VII ნეკნის მოტეხილობა ბეჭის ხაზზე, მარცხენა იდაყვის ძვლის ოლეკრანონის სახსარშიდა მოტეხილობა, მარცხნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. თავის ტვინის შერყევა და მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობა ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 01.01.2017წ-ს. მარცხნივ მე-7 ნეკნის მოტეხილობა და მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა (ჰემატომით იდაყვის მოტეხილობის არეში) იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 01.01.2017წ-ს. სახეზე არსებული სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია (ზუსტი ლოკალიზაციის მითითების გარეშე) იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული დაზიანებების მორფოლოგიური აღწერილობის არარსებობის გამო.
ბრალდების მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას სასამართლოში გამოკვლეული, ბრალდების მხარის მტკიცებულების - ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის - შეფასებასთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს არ შეუყვანია დასაკითხ პირთა სიაში მოცემული ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი, აღნიშნული პირი (ექსპერტი ნ--------------ე) არ დაკითხულა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, ზემოხსენებული წერილობითი დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდში მ--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ (ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელ) მტკიცებულებად. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის (დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა) პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდში მსჯავრდებულ მ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს მსჯავრდებულ მ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ მ--------------ს ბიძისა და ბებიის მიმართ არ ჩაუდენია არანარირი ძალადობრივი ქმედებები, სასამართლოს გამამტუნებელი განაჩენი დაყრდნობილია მხოლოდ დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებაზე, რომელიც დაინტერესებული პირია (ბინის თაობაზე ქონებრივი დავა აქვს მ--------------თან). იმავდროულად, სააპელაციო პალატა ეთანხმება მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებას, რომ დაზარალებულ მ-------------ის ეპიზოდში ბრალდებაში მითითება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე, არასწორია. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) შენიშვნაში მითითებულია პირები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ითვლებიან ოჯახის წევრებად, რომელთა ჩამონათვალში ბიძა და ძმისშვილი (დისშვილი) მითითებული არ არიან. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მ--------------სა და მ-------------ს ასევე ვერ მოიაზრებს, როგორც საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ, ერთიან საოჯახო მეურნეობის მწარმოებელ პირებს, ვინაიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ, მართალია, მ--------------ი და მ-------------ი ცხოვრობენ ერთ ეზოში, ერთ საცხოვრებელ სახლში (მისამართზე - ქ-------–--------------–-–---–-------------), თუმცა ისინი ამ სახლში თავიანთი ოჯახებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ სხვადასხვა ოთახებში, ოთახნახევარში ცხოვრობს მ--------------ი, ხოლო 2 ოთახსა და კორიდორში - მ-------------ი (მ-------------ის ჩვენება). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ--------------ს დაზარალებულ მ-------------ის ეპიზოდში ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - მ-------------ის, დ--–------------ის, ე-------–--–---–ის (ექსპერტი), კ--------------ს (ექიმი) ჩვენებებით, სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შპს „ა-–----–----–---–ის სახელობის კლინიკის“ სტაციონარული პაციენტების - ბ-------------ისა და ა----------ის სამედიცინო ბარათებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ--------------ის მიერ აღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულმა ა----------მა სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს (შვილიშვილ მ--------------ს). სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი). პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ან მისი ოჯახის წევრის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ამ უკანასკნელისთვის სასიკეთო ჩვენების მიცემის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს (დაზარალებულის მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულება, ილუზორული მოლოდინი, რომ მოძალადე ქცევას შეიცვლის, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების შიში და სხვ.) რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ--------------ის მიერ ბებიისა და ბიძის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ჩადენა დადგენილი და დადასტურებულია დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე აჩვენა, რომ 2017 წლის 1 იანვარს, დედისგან - ა----------ისაგან შეიტყო, რომ მ------ მას ეჩხუბა. სიტუაციის გასარკვევად მივიდა მ------სთან, რომელიც ნასვამი იყო და მის (მ-------------ის) თვალწინ ა----------ს ფეხი დაარტყა, რის გამოც ასაკოვანი ა----------ი იქვე კიბესთან, ბეტონის საფარზე დაეცა. მ------მ მასაც (დაზარალებულს) დაარტყა წიხლი გულმკერდის არეში, რის გამოც დაეცა ძირს და გაითიშა. როგორ წაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, არ ახსოვს. ძირს დაცემის შედეგად თავზე ჰქონდა ჭრილობა და სისხლი მოსდიოდა, კლინიკაში დაუდგინდა ტვინის შერყევის დიაგნოზი. საავადმყოფოდან სახლში რამდენიმე დღეში დაბრუნებულს დედა - ა----------ი სახლში აღარ დახვდა, ისიც კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხელი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია ჩაუტარდა. მისმა ძმამ (მ--------------ის მამამ) არაერთხელ დაურეკა მას (დაზარალებულს) და ა----------ს, რომლებსაც სთხოვდა, არ დაეწერათ საჩივარი მ--------------ზე, მ------ს მცირეწლოვანი შვილები არ დაეტოვებინათ მამის გარეშე. იგი (დაზარალებული) ადასტურებს, რომ კონფლიქტის დღეს ოდნავ ნასვამი იყო და არა გათიშული, მანვე უარყო მ--------------ის მიერ კარის გაღების შედეგად, მოულოდნელად დაცემისა და თვითდაზიანების ფაქტი. მის (დაზარალებულის) ოჯახსა და მ--------------ს შორის იყო დავა ბინასთან დაკავშირებით, თუმცა პოლიციისადმი მიმართვისა და მ--------------ის მხილების საფუძველი გახდა არა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი ან უშუალოდ მისთვის მიყენებული დაზიანება, არამედ დედამისის - ა----------ისათვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც განსაკუთრებით გააბრაზა. დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია შპს „ა-–----–----–---–ის სახელობის კლინიკის“ სტაციონარული პაციენტების - მ-------------ისა და ა----------ის სამედიცინო დოკუმენტაციასთან, რომელშიც სრულყოფილად ასახულია ზემოხსენებული პაციენტების დიაგნოზი, მათ სხეულზე მიყენებული დაზიანებები, ჩატარებული მკურნალობა და ა.შ. აქვე მითითებულია, რომ მ-------------ისა და ა----------ის გადმოცემით, მათ აღნიშნული დაზიანებები მიიღეს შესაბამისად, ძმისშვილის და შვილიშვილის მიერ ცემის შედეგად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია და დამნაშავე პირის მიერ განხორციელებულ ქმედებას (ქმედებებს) - ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას - შედეგად უნდა მოჰყვეს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც შეფასებით კატეგორიებს განეკუთვნება. ტკივილის განცდა ძირითადად სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამდენად, ტკივილის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულ ა----------ის შეფასება არ არსებობს, თუმცა პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ, ზემოხსენებულ სამედიცინო დოკუმენტაციას, რომლის ანალიზი, დაზარალებულზე მიყენებული სხეულის დაზიანების მასშტაბი, ლოკალიზაცია პალატას ობიექტურად აძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულ მ--------------ის მიერ ბებიის, ა----------ის მიმართ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა უცილობლად გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, მ--------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებითად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას, მსჯავრდებულ მ--------------ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირების ან ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, კერძოდ, საქმეზე მტკიცებულებებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა მ--------------მა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა ახალი, განზრახი დანაშაულის ორი ეპიზოდი (სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რის გამოც სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით), ამასთან, ოჯახში ძალადობა განხორციელებულია ასაკოვანი ქალბატონის (ა----------ი დაბადებულია 1938 წელს) მიმართ - არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ--------------ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. მ--------------ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ მ--------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ მ--------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ მ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ მ--------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
მ--------------ს დაზარალებულ მ-------------ის ეპიზოდში ბრალდებიდან ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე;
მ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდი);
მ--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2017 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (დაზარალებულ მ-------------ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ--------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ მ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 2 (ორი) ცალი CD დისკი (ერთვის სს საქმეს) - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე