განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
330100119003018297
ინსტანცია
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003018297

საქმე №1ბ/1724-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ---------------–ის მიმართ, დაბადებულის 2--- წლის 09 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ვერცხლის ქუჩა №38, ბინა №4-ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ჭ---------–--------------------–--------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

თ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ---------------–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ---------------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

მანვე ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 19 აპრილს, თ---------------–ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №010994, რომლითაც თ---------------–ს აეკრძალა დედასთან - ი------------–---სთან, თბილისი, ჭ---------–--------------------–--------ში მდებარე საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ი------------–--- შესაძლოა იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, თ---------------–მა 2019 წლის 20 აპრილს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, დაახლოებით 07:00 საათიდან 09:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თ---------------–ი მივიდა თბილისი, ჭ---------–--------------------–--------ში მდებარე ი------------–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

 

თ---------------–ი თბილისში, ბ------–--------------------–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2019 წლის იანვრიდან, 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა მეუღლეს - თ---------------ეს, რომელიც შეურაცხყოფის მიყენების და დამცირების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე განიცდიდა ტანჯვას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა დამძიმების კუთხით და თ---------------–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და თ---------------–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა მსჯავრდებულის ქმედების არათანაზომიერი სასჯელი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს დამძიმებისკენ. აპელანტის აზრით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა თ---------------–ის ქმედებების ხასიათი, ქმედების განხორციელების მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტი, რის გამოც თ---------------–ის მიმართ უნდა განისაზღვროს უფრო მკაცრი - მისი ქმედების თანაზომიერი სასჯელი. სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არათუ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, არამედ პირს შესაძლოა კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ უბიძგოს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სასჯელის განსაზღვრით დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სამართლიანობის პრინციპი.

აპელანტის აზრით, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშობა სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. მუხლის სანქციით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი დანაშაულები, მსხვერპლის მიმართ საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის შედეგად გამოწვეული დასჯის სურვილით, არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ წამახალისებელიც კი იქნება მსჯავრდებულისათვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისაკენ. აპელანტის განმარტებით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული.

სწორედ ამ გარემოებების გამო მიიჩნია ბრალდების მხარემ თ---------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქად მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ და შედეგად სასჯელის ზომად გამოყენებულ იქნა პირობითი მსჯავრი.

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა მსჯავრდებულ თ---------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც----------–--------მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებით, დაზარალებულების - ი------------–--ის და თ---------------ის, მოწმეების - გ-----------------–ის, გ----------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ თ---------------–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ასევე, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ---------------–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში ოჯახის წევრის მიმართ, დანაშულის სიმრავლე, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებიდან მსჯავრდებულის აღიარება და გულწრფელი სინანული, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, მის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის ფაქტი, დაზარალებულების ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები მათი მსჯავრდებულთან შერიგებისა და პრეტენზიის არქონის თაობაზე, თ---------------–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას, შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ თ---------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

აპელანტი მიუთითებს თ---------------–ისათვის დანიშნული სასჯელის არასამართლიანობაზე და განმარტავს, რომ პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რასაც პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, თ---------------–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი თ---------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

თ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

თ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ---------------–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 20 აპრილიდან - 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

მსჯავრდებულ თ---------------–ს - ოჯახური ძალადობის ჩამდენ პირს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით თ---------------–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე