განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003165150
საქმე №1/ბ-764-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- თ-------ს ძე მ------ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქობულეთი, სოფელი ლ-----;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ---- მ-----ემ ჩაიდინა:
1.1 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებლობა;
1.2 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1 2019 წლის 25 ივლისს, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ კ---- მ------ს მიმართ 30 დღის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ, ყოფილი მეუღლის ს------- გ--------ის, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამსოყენებით, ასევე იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.
მიუხედავად ამისა, 2019 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, კ---- მ-----ე მივიდა ქ. ქობულეთში, კ----–-–---–ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც ს------- გ--------ე იმყოფებოდა, რითაც დაარღვია N------ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.2 2019 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. ქობულეთში, კ----–-–---–ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ კ---- მ-----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, ყოფილ მეუღლეს, ს------- გ--------ეს, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ს------- გ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით კ---- მ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კ---- მ-----ეს საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ კ---- მ-----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ---- მ------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის გაცილებით მსუბუქი და შეუსაბამო მის მიერ შესრულებას.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ---- მ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ კ---- მ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ს------- გ--------ის, მარინა ნემსაძის, სალომე ნემსაძის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ კ---- მ------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ კ---- მ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ კ---- მ-----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი პალატას მიაჩნია სამართლიანად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი კ---- მ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
კ---- მ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით;
სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ---- მ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
კ---- მ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე