განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001007205
საქმე №1ბ/600-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - მ-----------------–----ს
ადვოკატების - მ-------–--------–-ს, ს--–-----------–--ის, რ-------------ის
გამართლებულების - გ---------–------ს, გ---------------–--ის, ა-–------------–-------ის
მონაწილეობით,გამართლებულ - გ--------------------ის მონაწილეობის გარეშე (გარდაცვლილია)
საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მ-----------------–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------–------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრაციის ადგილის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გ-–--------------–-------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით;
გ--------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------------------------------------------------- (გარდაცვლილი), დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით;
გ---------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ა-----–--------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა-–------------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------–------ს, გ--------------------ეს, გ---------------–--ეს და ა-–------------–-------ს ბრალი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელება.
მათ მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ---------–------მ 2013-2015 წლებში, ვებ გვერდზე „geoterrents.com“-ზე მის მიერ რეგისტრირებულ მომხმარებლის სახელზე „blakops2“-ზე უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა პორნოგრაფიის შემცველი მასალები მომხმარებლისთვის ვიდეო და ფოტო ფაილების ჩვენება შეთავაზებული გადმოწერის რეჟიმში. აღნიშნულით მან უკანონოდ გაავრცელა მის მომხმარებლის სახელზე განთავსებული პორნოგრაფიული ხასიათის მასალა.
გ--------------------ე მის სახელზე რეგისტრირებულ ვებ გვერდებზე „Vnebebi.com“, ,,Sexvideoebi.com“, ,,Bozbanda.com“, ,,Pornovideoebi.com“ და ,,Qartuliseqsebi.com“-ზე 2011 წლიდან 2015 წლამდე უკანონოდ ტვირთავდა პორნოგრაფიული ხასიათის მასალებს. გ--------------------ეს მომხმარებლისთვის ვიდეო და ფოტო ფაილების ჩვენება შეთავაზებული ჰქონდა როგორც პირდაპირი (ონლაინ) ჩვენების რეჟიმში, ასევე ფაილის გადმოწერის მეშვეობით. აღნიშნულით მან უკანონოდ გაავრცელა მის ვებ საიტებზე განთავსებული პორნოგრაფიული ხასიათის მასალა. ადმინისტრატორისა და ვებ ჰოსტინგის მომხმარებლის სახელი და პაროლი ჰქონდა მას, რის გამოყენებით იგი პერიოდულად ამატებდა პორნოგრაფიის შემცველ ახალ ფოტო-ვიდეო ფაილებს.
გ---------------–--ემ 2014-2015 წლებში, ვებ გვერდზე ,,myvideo.ge“ მის მიერ რეგისტრირებულ მომხმარებლის სახელზე „Olaffrozen“-ზე უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა პორნოგრაფიის შემცველი მასალები. მომხმარებლისთვის ვიდეო და ფოტო ფაილების ჩვენება შეთავაზებული ჰქონდა საჯაროდ პირდაპირი (ონლაინ) ჩვენების რეჟიმში. აღნიშნულით მან უკანონოდ გაავრცელა პორნოგრაფიული ხასიათის მასალა. მომხმარებლის სახელი და პაროლი ჰქონდა მას, რომლის გამოყენებითაც იგი პერიოდულად ამატებდა პორნოგრაფიის შემცველ ახალ ვიდეო ფაილებს.
ა-–------------–-------მა 2014 წლის სექტემბრის თვეში შექმნა ვებ. საიტი ,,sheutave.com“, რომელზეც უკანონოდ განათავსა პორნოგრაფიული ხასიათის მასალები. მომხმარებლისთვის ვიდეო და ფოტო ფაილების ჩვენება შეთავაზებული ჰქონდა საჯაროდ პირდაპირი (ონლაინ) ჩვენების რეჟიმში, ასევე ფაილის გადაწერის მეშვეობით. აღნიშნულით მან უკანონოდ გაავრცელა მის ვებ საიტზე განთავსებული პორნოგრაფიული ხასიათის მასალა. ადმინისტრატორისა და ვებ ჰოსტინგის მომხმარებლის სახელი და პაროლი ჰქონდა მას, რომლის გამოყენებით იგი პერიოდულად ამატებდა პორნოგრაფიის შემცველ ახალ ფოტო და ვიდეო ფაილებს.
აღნიშნული ქმედებებისათვის გ---------–------ს, გ--------------------ეს, გ---------------–--ეს და ა-–------------–-------ს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით გ--------------------ე, გ---------–------, გ---------------–--ე და ა-–------------–-------ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ---------–------ს, გ--------------------ის, გ---------------–--ისა და ა-–------------–-------ის მიერ პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონო გავრცელების ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ--------------------ის, გ---------–------ს, გ---------------–--ის და ა-–------------–-------ის საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ა-–------------–-------ის, გ---------–------ს, გ---------------–--ის და გ--------------------ის მიერ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. აპელანტმა აღნიშნულის დასტურად მიუთითა მოწმე ა-–--------------------–-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის იანვარში მისთვის ცნობილი გახდა, ინტერნეტ სივრცეში ფუნქციონირებდა სხვადასხვა ვებ საიტები, რომლებზეც ხორციელდებოდა პორნოგრაფიის და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება, აღნიშნულ ვებ საიტებზე ფოტო და ვიდეო ფაილების განთავსება ხდებოდა ვებ საიტის ადმინისტრაციის მიერ. მან მოიძია ინფორმაცია აღნიშნული საიტების და მათი მფლობელების მონაცემები. მის მიერ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია რამდენიმე საიტის, მათ შორის იმ საიტების შესახებ, რომლებზეც პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებს და ფოტოებს ტვირთავდნენ გ--------------------ე, გ---------–------, გ---------------–--ე და ა-–------------–-------ი, რაც მიუთითა შესაბამის პატაკში.
აპელანტის განმარტებით, დათვალიერდა მოწმის მიერ მითითებული ვებ საიტები, საიდანაც მოხდა ვიდეოების გადმოწერა ერთი და იმავე პრინციპით. გადმოწერილ ვიდეოებზე დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რითაც დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფოტოსურათები, ვიდეორგოლები და ამ ვიდეორგოლებიდან ამოღებული ფოტოსურათები განეკუთვნება პორნოგრაფიული ხასიათის პროდუქციას, რის ირგვლივაც დაკითხულ იქნა ექსპერტი. შესაბამისად, დადგენილია, რომ დათვალიერების ჩატარების დროს ვებ გვერდებზე უკანონოდ ვრცელდებოდა პორნოგრაფიული ნაწარმოები.
გ--------------------ე, გ---------–------, გ---------------–--ე და ა-–------------–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებლად აპელანტმა ასევე მიუთითა სხვადასხვა ინტერნეტ საიტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. მისი განმარტებით, ა-–------------–-------ის თანხმობით და მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვებ საიტ sheutave.com-ის შესახებ, გ--------------------ის მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი ვებ საიტების - vnebebi.com, sexvideoebi.com, bozbanda.com, pornovideoebi.com და qartuliseqsebi.com-ის შესახებ. მასში ასახული ინფორმაციით ირკვევა მომხმარებლების სახელები და პაროლები. გ---------------–--ის მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვებ საიტ myvideo.ge-ზე მისი მომხმარებლის სახელის „Olaffrozen“-ს შესახებ. გ---------–------ს მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვებ საიტ geotorrents.com-ზე მისი მომხმარებლის სახელის „blackops2“-ის შესახებ. გ---------------–--ის და გ---------–------ს მიერ შესაბამის საიტებზე ატვირთულ ვიდეოებში ასახულია სექსუალური კავშირი, სადაც ღიად დაფიქსირებულია გენიტალიური ორგანოები.
აპელანტი ვრცლად შეეხო თავად პორნოგრაფიის განმარტებას და მიუთითა, რომ პორნოგრაფია ეს არის ნაწარმოები, ბეჭდვითი ნაწარმი თუ გამოსახულება, ელექტრონული თუ ციფრული მატარებელი - იქნება ეს კომპიუტერული პროგრამა, ფილმი, ვიდეო და ხმოვანი ფაილი, ტელე და რადიო პროდუქცია, ნებისმიერი ინფორმაციის მატარებელი საშუალება, სადაც ღიად და ნატურალისტურად არის აღწერილი ან ასახული სქესობრივი აქტი სხვადასხვა სახით და რომელსაც თავის მხრივ არ გააჩნია მხატვრულ-ესთეტიკური ან სამეცნიერო ღირებულება. ხშირ შემთხვევაში, პორნოგრაფიული ნაწარმოები ახდენს დევიანტური ქცევის, ძალადობის, აღვირახსნილობის ჩვენება-ინსპირირებას.
პორნოგრაფიის ლეგალურ თუ არალეგალურ გავრცელებასა და წარმოებასთან მიმართებით, აპელანტმა მიუთითა 1923 წელს მიღებული ჟენევის კონვენცია და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2000 წელს მიღებული ფაკულტატური პროტოკოლი. ჟენევის კონვენციით აკრძალულ იქნა და დასჯადად იქნა გამოცხადებული პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნახატის, სურათის, ბეჭდური გამოცემის, აფიშის, კინოფილმისა და სხვა პორნოგრაფიული საგნის დამზადება ან შენახვა მათი გაყიდვის ან გავრცელების მიზნით ან მათი საჯარო გამოფენის მიზნით. ასევე, პორნოგრაფიული საგნების შეტანა, გატანა, გადაზიდვა ზემოაღნიშნული მიზნებისათვის და ამა თუ იმ გზით ბრუნვაში გაშვება, პორნოგრაფიული საგნებით ვაჭრობა, მათი გავრცელება, საჯაროდ გამოფენა, ჩაბარება ან გაქირავება ხელობის სახით. განსახილველი დანაშაული ხელყოფს საზოგადოებრივ ზნეობას, დანაშაულის საგანია პორნოგრაფიული ნაწარმოები, ნაბეჭდი გამოცემა, ფოტო, კინო, ვიდეო პროდუქცია ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვადასხვა საგანი. აპელანტის განმარტებით, გაეროს კონვენციებითა და სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობით, მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფიის დეფინიციაა განსაზღვრული და არა სრულწლოვნის, რადგან, მისი აზრით, არ ჩათვალეს საჭიროდ საკანონმდებლო დონეზე მომხდარიყო პორნოგრაფიის განმარტება. ნაწარმოები მიეკუთვნება თუ არა პორნოგრაფიულს, თითოეულ შემთხვევაში გამოძიების პროცესში წყვეტს მოწვეული, სპეციალური ცოდნის მქონე ხელოვნებათმცოდნე ექსპერტი, რომელიც პორნოგრაფიულად მიიჩნევს ნაწარმოებს, თუ მას არ აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება. აპელანტის აზრით, ეს ეხება მთლიანად მუხლს და არა მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფიას. მისი მითითებით, ყველა სიტყვა, რაც გამოყენებულია სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა ნორმატიულ აქტებში ვერ განიმარტება საკანონმდებლო დონეზე.
აპელანტმა განმარტა, რომ რა არის დაუშვებელი პროდუქცია და მათ შორის პორნოგრაფია მითითებულია საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის დადგენილებაში „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. სადაც ასავე აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის, მათ შორის პორნოგრაფიული არხის განთავსების შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს მხოლოდ კოდირებული ფორმით. შესაბამისად, კანონმდებლობაში არსებობს მითითება, რომელიც უშვებს შესაძლებლობას და განმარტავს, რა არის კანონიერი, მაგალითად, მაუწყებლობის ტრანზიტით გადაცემა პორნოგრაფიული არხის არის კანონიერი, ნებისმიერი სხვა შემთხვევა არის უკანონო. აპელანტმა მიუთითა, რომ ამ ეტაპისათვის დადგენილია მხოლოდ პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელების ფორმა, თუმცა რაც შეეხება კანონიერ დამზადებას და ა. შ. განსაზღვრული არ არის, რის გამოც უალტერნატივოდ უკანონოდ ითვლება, თუმცა დაშვებულია შესაძლებლობა, რომ მოხდეს პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, რეკლამირების ან ვაჭრობის საკანონმდებლო რეგულაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის განჭვრეტადობასთან მიმართებით აპელანტმა განმარტა საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. აპელანტის აზრით, თუ საქართველოს მოქალაქემ საზღვარგარეთ, სადაც დარეგულირებულია პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების საკითხი, კანონიერად დაამზადა პორნოგრაფიული ნაწარმოები, არ დაისჯება ქართული კანონმდებლობით, ვინაიდან კანონიერად აქვს დამზადებული, შესაბამისად, 255-ე მუხლი არის განჭვრეტადი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას გ---------–------ს, გ--------------------ის, გ---------------–--ისა და ა-–------------–-------ის მიერ პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებაში, კერძოდ:
აპელანტი ბრალდების დასადასტურებლად პირველ რიგში მიუთითებს მოწმე ა-–--------------------–-ს ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წელს ინტერნეტ სივრცეში მოიძია სხვადასხვა ვებ. საიტები, რომლებზეც განთავსებული იყო სავარაუდოდ პორნოგრაფიის შემცველი მასალა, მათ შორის არასრულწლოვნების გამოსახულებით, რომლის განთავსებაც ხდებოდა საიტის ადმინისტრატორების მიერ. მის მიერ მოძიებულ იქნა ვებ. საიტების მფლობელების მონაცემები (სახელი და გვარი, იმეილი, მობილური ტელეფონი), შეადგინა პატაკი და გადასცა ხელმძღვანელობას. მოწმის განმარტებით, ვიდეოში ორ ადამიანს შორის დაუფარავ სექსუალურ ურთიერთობას, სადაც ჩანს გენიტალიები, მიიჩნევს პორნოგრაფიად. პატაკის შედგენის შემდეგ დაკითხა რამდენიმე პირი და მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში. კონკრეტულად რომელმა ბრალდებულმა რომელ ვებ. საიტზე ატვირთა ვიდეო და ფოტო მასალა მისთვის უცნობია.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ა-–--------------------–-ს მიერ მოპოვებულ იქნა იმ საიტების შესახებ ინფორმაცია, რომლებზეც პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებს და ფოტოებს ტვირთავდნენ ა-–------------–-------ი, გ---------–------, გ---------------–--ე და გ--------------------ე, კერძოდ: Pornovideoebi.com, გ--------------------ე, მცხოვრები ქ. თბილისი, ვ----------------------------------------- ელ. ფოსტა script@boom.ge ; Qartuliseqsebi.com გ--------------------ე, მცხოვრები ქ. თბილისი, ვ----------------------------------------- ელ. ფოსტა script@boom.ge ; Vnebebi.com, რომლის ჰოსტინგი განთავსებულია pop.ge-ზე, ხოლო ჰოსტინგის მფლობელია გ--------------------ე, მცხოვრები ქ. თბილისი, ვ----------------------------------------- ელ ფოსტა script@boom.ge ; Sexvideoebi.com რომლის ჰოსტინგი განთავსებულია pop.ge-ზე, ხოლო ჰოსტინგის მფლობელია გ--------------------ე, მცხოვრები ქ. თბილისი, ვ----------------------------------------- ელ. ფოსტა script@boom.ge ; Bozbanda.com, რომლის ჰოსტინგი განთავსებულია pop.ge-ზე, ხოლო ჰოსტინგის მფლობელია გ--------------------ე, მცხოვრები ქ. თბილისი, ვ------------------------------------- ელ. ფოსტა script@boom.ge ; Sleutave.com ვებ გვერდის ჰოსტინგი განთავსებულია ,,tamashi.ge-ზე“, რომლის მფლობელია ა-–------------–-------ი, ელ ფოსტა: guliver@gulivera.net; gulivera@gmail.com; mr.gulivera@gmail.com; kilergeo@gmail.com. Tamashi.ge-ს ჰოსტინგი თავის მხრივ განთავსებულია serv.ge-ზე. გარდა აღნიშნული ვებ გვერდებისა, ასევე ვებ სივრცეში ფუნქციონირებს ვებ გვერდი ,,geotorrents.com“, რომელზეც რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებლისთვის სპეციალურად არსებობს პორნოგრაფიის განყოფილება, სადაც სხვადასხვა მომხმარებლები ავრცელებენ პორნოგრაფიის შემცველ ვიდეო ფაილებს. ვებ საიტის მფლობელის ელ. ფოსტაა zurazuzi@gmail.com, ვებ საიტის DNS IP მისამართია 213.131.36.194, რომელიც რეგისტრირებულია სს სილქნეტში. ,,geotorrents.com“ ჰოსტინგი განთავსებულია ,,wanex.net“ სერვერზე სს სილქნეტის სასერვეროში. აღნიშნულ IP მისამართზე ასევე განთავსებულია მეორე ვებ საიტი geotorrents.ge, რომლის მფლობელია ზ--------------. მომხმარებლები, რომლებიც ვებ საიტზე ტვირთავენ პორნოგრაფიისა და არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შემცველ ვიდეო ფაილებს არიან: (Anonymous], narcls, Prodigy, BlackOps2, Georgian. აღნიშნული მომხმარებლების მიერ ვიდეო ფაილების განთავსება განხორციელდა 2013-2014 წლებში. ანალოგიურად ვრცელდება პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ფაილები ვებ გვერდზე ,,myvideo.ge“, ვებ საიტის მფლობელია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი, რეგ. ქ. თბილისი, კოსტავას №77-ში. ვებ საიტზე მომხმარებლები ტვირთავენ და ამით ავრცელებენ პორნოგრაფიულ და არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შემცველ ვიდეო ფაილებს. აღნიშნული მომხმარებლები არიან: ,,pikacuu, Vinnie, casting, videoebi145, Elegan TAngeL1, ა---------------- giga19971, sexygirls2, GIPOLINY, sexygirls2, eromania, MrPsix, xxxbook, Tansaqme, younglegal, FACEVIDEO, Teklaa. Teklaa, espinoza58, GAYS, BADBOY99, luka0-1999, avatar9, strato,quan1423, 1971Be, snakelover, SuicideGirls, 3252525, EroticArt, Olafrozen, sj_nika”. ამ მომხმარებლების მიერ ვიდეო ფაილების განთავსება განხორციელდა 2013-2014 წლებში.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე ზემოთ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების - დათვალიერების ოქმზე დართული დოკუმენტების უცხოენოვანებასთან დაკავშირებით, რომელთა თარგმანი ქართულ ენაზე საქმეში არ მოიპოვება და არც ამ დოკუმენტაციის დათვალიერებაში მიუღია მონაწილეობა თარჯიმანს. პალატა სრულიად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მითითებას არაქართულენოვანი დოკუმენტების მტკიცებულებით მნიშვნელობასა და მათგან წარმოებული სხვა მტკიცებულებების გაზიარების შესაძლებლობებზე და დამატებით განმარტავს, გამომდინარე იქედან, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ სწორედ აღნიშნული დოკუმენტებით დადგინდა სადავო ვებ. გვერდების მფლობელთა თუ ადმინისტრატორთა პერსონალური მონაცემები და მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი სავარაუდო პირების იდენტიფიცირება, ეს მტკიცებულებები წარმოადგენენ საწყის ბაზას მთელი სისხლის სამართლის საქმისათვის. ის ფაქტი კი, რომ მათი დართვა სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა მათი ქართულ ენაზე თარგმნის გარეშე, წარმოადგენს არსებით დარღვევას.
პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს თუ როდის შეიძლება მტკიცებულება ჩაითვალოს დაუშვებლად. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. ხოლო, ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანხმად, ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშანთვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ შეუძლებელია შეფასდეს ბრალდების მხარის ზემოთ მითითებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები - დათვალიერების ოქმზე დართული მასალები, არ არის მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სამართალწარმოების ენაზე. შესაბამისად, გაურკვეველია მათი შინაარსიც და უცნობია ამ დოკუმენტებში მითითებული ფაქტები და გარემოებები, რის გამოც არ დასტურდება მათი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. საკითხის გადაწყვეტისას ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მესამე ნაწილისა და მის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე. შესაბამისად, ვინაიდან სამართალწარმოების ენა არის ქართული, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში ყველა დოკუმენტი თუ წერილობითი მტკიცებულება წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება, როგორც მისი ავთენტიკურობა, ისე შემხებლობა მოცემულ საქმესთან.
ბრალდების მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გამოთქმული მოსაზრება, რომ მათ მიერ ინგლისურ ენაზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ვებ გვერდების მისამართები, რომელთაც ქართული შესატყვისი არ გააჩნია, მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას, ვინაიდან დათვალიერების ოქმზე დართული მასალით დასტურდება, რომ მათში ინგლისურ ენაზე მითითებულია არა მხოლოდ ვებ. გვერდების მისამართები, არამედ მათზე დატანილი ინფორმაციაც არაქართულენოვანია.
მიუხედავად ზემოთ განვითარებული მსჯელობისა, უცხოენოვან მტკიცებულებათა გაზიარების წესის შესახებ, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს შეფასება მისცეს მათგან ნაწარმოებ სხვა მტკიცებულებებს, ვინაიდან აპელანტი მათ მოიხსენიებს გ---------–------ს, გ--------------------ის, გ---------------–--ისა და ა-–------------–-------ის ბრალის დამადასტურებლად. ბრალდების მხარე ყურადღებას მიაქცევს 2015 წლის 15 და 16 იანვარს განხორციელებულ ვებ. გვერდების დათვალიერების ოქმებზე, რომელთა თანახმად, დათვალიერდა ვებ. გვერდები - pornovideoebi.com, qartuliseqsebi.com, vnebebi.com, sexvideoebi.com, bozbanda.com, sheutave.com. აღნიშნული ვებ. გვერდებიდან ჩამოტვირთულ იქნა ქალისა და მამაკაცის სექსუალური აქტისა და სავარაუდო პორნოგრაფიის ამსახველი ვიდეოები, თუმცა აღნიშნული ოქმებით არ დგინდება ამ გვერდების სრული ფუნქციური შესაძლებლობები და მათზე მასალის ატვირთვის უფლების მქონე სუბიექტები. ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად გამართლებულების მონაწილეობითა და თანხმობით განხორციელებული დათვალიერების ოქმები, რომელთა თანახმად, დათვალიერდა მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ა-–------------–-------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია ვებ გვერდის sheutave.com-ის შესახებ, გ--------------------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი DVD დისკი, ვებ საიტების vnebebi.com, sexvideoebi.com, bozbanda.com, pornovideoebi.com და qartuliseqsebi.com-ის შესახებ, გ---------------–--ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვებ საიტზე myvideo.ge-ზე მისი მომხმარებლის სახელის olaffrozen-ის შესახებ და გ---------–------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვებ საიტზე geotorrents.com, მისი მომხმარებლის სახელის blackops2-ის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ გამართლებულებმა საგამოძიებო ორგანოში წარადგინეს ელექტრონული დისკი და დოკუმენტები სადავო ვებ გვერდების ან მომხმარებლების მათთვის კუთვნილების შესახებ. მათგან, მხოლოდ გ---------------–--ემ განმარტა, რომ ვებ გვერდზე myvideo.ge ატვირთა ეროტიკული შინაარსის ვიდეო 18+ შეზღუდვის მითითებით. აღნიშნული დისკისა და დოკუმენტების დათვალიერებისას არ გამოვლენილა ამ პირთა დანაშაულებრივი შემხებლობა დასახელებულ საიტებთან.
გამომძიებლებმა - ა-–--------------------–მა, ლ---------------–---მ და გ---------------–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე, რომელთაგან ა-–--------------------–მა ინტერნეტში იპოვა კონკრეტული ვებ საიტები, რომლებზეც, მისი შეფასებით, განთავსებული იყო პორნოგრაფიული შინაარსის მასალა, მოიძია აღნიშნული ვებ საიტების ადმინისტრატორთა დემოგრაფიული მონაცემები, ხოლო გ---------------–მა და ლ---------------–---მ დაათვალიერეს ვებ. საიტები, რომლებსაც ადმინისტრირებას უწევდნენ გამართლებულები, შემთხვევითობის პრინციპით, თითოეული საიტიდან გადაწერეს რამდენიმე ვიდეო ფაილი და ფოტოსურათი, რომლებიც გადაიტანეს დისკზე და წარადგინეს ექსპერტიზაზე. საიტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებასა და გაცემასთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია კომპანია „აიტიდისის“ სისტემური ადმინისტრატორის კ-------------------------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ „myvideo.ge“ არის კომპანია „აიტიდისის“ ერთ-ერთი პროდუქტი და ის ახორციელებს მის ადმინისტრატირებას. მის მოვალეობაში შედის სასერვერო სტრუქტურისა და ინფორმაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. გამოძიების მიმართვის საფუძველზე, ხელმძღვანელობის დავალებით გასცა ინფორმაცია კონკრეტული ვიდეოფაილების ამტვირთავი იუზერების შესახებ, რომელიც ბაზაში იყო დაფიქსირებული. შეამოწმა საინტერესო იუზერის ბოლო შესვლა, განსაზღვრა თუ რომელი კომპიუტერიდან იყო შესვლა დაფიქსირებული და მათი IP მისამართები გადასცა გამოძიებას. მან დაადასტურა მის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული ინფორმაციის სისწორე. ინფორმაციასთან იმის შესახებ, თუ ვინ შევიდა, როდის და როგორ განათავსა კონკრეტული მასალა, მას წვდომა არ გააჩნია. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზით ცხადი ხდება, რომ გამომძიებლები კონკრეტული მასალის პორნოგრაფიულ პროდუქციას მიკუთვნებასთან დაკავშირებით გამოთქვამენ მხოლოდ ვარაუდს და სუბიექტურ აზრს, რომ მათ მიერ ამოღებული ვიდეოები და ფოტო მასალა წარმოადგენს პორნოგრაფიას. მათი ჩვენებებით არ დასტურდება, ვის მიერ აიტვირთა კონკრეტული ვიდეო თუ ფოტო ფაილი შესაბამის ვებ. გვერდზე. კ-------------------------ის ჩვენებით კი დადასტურებულია, მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებასა და გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი წესები, ვინაიდან, მან გამოძიებას მიაწოდა ცნობები კონკრეტული მომხმარებლების შესახებ, თუმცა ვინ შევიდა, როდის და როგორ განათავსა ინფორმაცია ვებ გვერდზე, მისთვის მიუწვდომელი ინფორმაციაა.
ბრალდების დასადასტურებლად აპელანტს მტკიცებულებად მოჰყავს საქმეზე დანიშნული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენება. 2015 წლის 12 თებერვლის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის №62-ჰ დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ფოტოსურათები, ვიდეორგოლები და ამ ვიდეორგოლებიდან ამოღებული ფოტოსურათები განეკუთვნება პორნოგრაფიული ხასიათის პროდუქციას; აღნიშნული მასალიდან ექსპერტიზაზე მოწვეული სპეციალისტის (კინომცოდნის) ი-----------------ის მითითებით ამოღებულ იქნა პორნოგრაფიული შინაარსის მატარებელი ფოტოსურათები, რომლებიც ამოიბეჭდა ფერადი პრინტერზე და წარმოდგენილია დანართის სახით; ფოტო N64, ფოტო N72, ფოტო N83, ფოტო N86, ფოტო N95, ფოტო N96, ფოტო N97, ფოტო N98, ფოტო N99, ფოტო N100, ფოტო N103, ფოტო N104, ფოტო N112, ფოტო N113, ფოტო N118, ფოტო N119, ფოტო N120, ფოტო N122, ფოტო N123-ზე, ფოტო N124, ფოტო N125, ფოტო N126, ფოტო N127, ფოტო N128 და ფოტო N129-ზე დაფიქსირებული მამრობითი და მდედრობითი სქესის პიროვნებები იმყოფებიან, სავარაუდოდ სიყმაწვილის პერიოდში - 12-დან 16-წლამდე ასაკში. ფოტო N63, ფოტო N67, ფოტო N73, ფოტო N79, ფოტო N80, ფოტო N81, ფოტო N82, ფოტო N84, ფოტო N85, ფოტო N86, ფოტო N87, ფოტო N89, ფოტო N90, ფოტო N71 ფოტო N92, ფოტო N93, ფოტო N94, ფოტო N101, ფოტო N102, ფოტო N105, ფოტო N111, ფოტო N115, ფოტო N116-ზე, ფოტო N117-ზე, ფოტო N121 დაფიქსირებული მამრობითი და მდედრობითი სქესის პიროვნებები იმყოფებიან, სავარაუდოდ 16-დან 22-წლამდე ასაკში, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული მამრობითი და მდედრობითი სქესის პიროვნებების არასრულწლოვანების დადგენა შეუძლებელია.
პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის სამართლიან მითითებაზე, რომ ნაწარმოები მიეკუთვნება თუ არა პორნოგრაფიას, თითოეულ შემთხვევაში გამოძიების პროცესში წყვეტს მოწვეული, სპეციალური ცოდნის მქონე ხელოვნებათმცოდნე ექსპერტი. მოცემულ შემთხვევაში, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტისზის დასკვნის გამცემი ექსპერტების - გ---------------–---–ისა და ი-----------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოფაილები და ფოტოსურათები იყო პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი.
გ---------------–---–ის განმარტებით, მისი ფუნქცია იყო ვიდეომასალებიდან ფოტოსურათის ამოღება და მასში აღბეჭდილი პიროვნებების სავარაუდო ასაკის განსაზღვრა. ექსპერტიზის დასკვნაში არ მიუთითებია თუ რა მეთოდით განსაზღვრა პიროვნების ასაკი, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ. მიაჩნია, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილია. ასაკის დადგენისას იხელმძღვანელა ზინინის სახელმძღვანელოთი. აღნიშნულ საკითხზე სტაჟირება გაიარა ბელორუსიაში. კონკრეტული მასალა წარმოადგენს თუ არა პორნოგრაფიას, აღნიშნული საკითხზე დასკვნის გაცემა მის კომპეტენციაში არ შედის.
ხელოვნებათმცოდნე ექსპერტ ი-----------------ის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგრამები და ფოტოსურათები არის ეროტიკული ჟანრის და რაიმე მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, არ წარმოადგენს სამეცნიერო ან სამედიცინო დანიშნულებით შექმნილ პროდუქტს. პორნოგრაფიას წარმოადგენს მასალა, რომელსაც არ აქვს მხატვრული ღირებულება, არ არის საავტორო ნაწარმოები და ნაჩვენებია ადამიანის სექსუალური ორგანოები. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო დისკები, რომლებშიც განთავსებული იყო ვიდეოგრამები და ფოტოსურათები. ტექნიკურმა სამსახურმა ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალა მოამზადა იმდაგვარად, რომ შესაძლებელი იყო მისი სრულად შესწავლა. აღნიშნულის შემდეგ ჰაბიტოსკოპებთან ერთად შეადგინა ერთობლივი დასკვნა. ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებში აღბეჭდილი იყო ჰეტეროსექსუალური აქტები, რომელსაც არ გააჩნია მხატვრული ღირებულება, მიმართულია მაყურებელზე გავლენის მოხდენისა და გარკვეული გრძნობების აღძვრისკენ. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ყველა ვიდეოფაილი შეიცავს პორნოგრაფიას. პორნოგრაფიის განმარტება მოცემულია ლექსიკონში. პორნოგრაფია არის გარკვეული ხასიათის სექსუალური სცენების არამხატვრულად გადმოცემა. რაიმე კონკრეტული ლიტერატურა, სადაც განმარტებული იქნება ტერმინი პორნოგრაფია, არ არსებობს. დასკვნა მხოლოდ მის გამოცდილებაზე დაყრდნობით გაიცა. რაიმე სახის ტრენინგი პორნოგრაფიის მიმართულებით არ გაუვლია.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მოცემულ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასა და მისი გამცემი ექსპერტების ირგვლივ და დამატებით მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება გაცემულ იქნეს ექსპერტის სუბიექტური შეხედულებებისა და მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექსპერტებმა მკაფიოდ ვერ ჩამოაყალიბეს დასკვნის მომზადებისას მათ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია და გამოყენებული ლიტერატურა, ის სტანდარტები, რომლებზე დაყრდნობითაც განსაზღვრეს მათთვის წარდგენილი მასალის პორნოგრაფიისადმი კუთვნილება.
რაც შეეხება აპელანტის მსჯელობას პორნოგრაფიის ცნებასთან დაკავშირებით, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იძლევა პორნოგრაფიის დეფინიციას, ხოლო ასეთი მასალის გავრცელებაზე იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ პორნოგრაფიული საგნის გავრცელება ნიშნავს მის გადაცემას სხვა პირებისათვის, ჩვენებას, გაჩუქებას, გაცვლას, პორნოგრაფიული შოუს ორგანიზებასა და ჩვენებას და ა. შ. ის, რომ რაიმე კონკრეტული ლიტერატურა, სადაც განმარტებული იქნება ტერმინი პორნოგრაფია, არ არსებობს, დადასტურებულია ხელოვნებათმცოდნე ექსპერტის ი-----------------ის მიერაც. პორნოგრაფიის მხოლოდ ზოგადი ცნების განსაზღვრა ვერ იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის მიზნებისათვის, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა, როგორც წესი, იძლევა დამახასიათებელი ტერმინების განმარტებებს, რომლებიც მხოლოდ ამ სფეროსთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს განსახილველი მუხლის შენიშვნაში გაკეთებული განმარტება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შესახებ, რაც ვერ გავრცელდება სრულწლოვანის შემთხვევაში, ვინაიდან, სისხლის სამართლის კოდექსი ტერმინთა თავისუფალი განმარტების საშუალებას არ იძლევა. პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პორნოგრაფიის ტერმინის ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ასეთმა მიდგომამ შესაძლებელია ბრალდებულებისათვის საზიანო განმარტებამდე მიგვიყვანოს.
ამასთან, დანაშაულის დამდგენი სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს მისი თითოეული ელემენტის ნამდვილი შინაარსისა და ფარგლების დადგენა, რათა ადრესატმა სწორად აღიქვას კანონი და მისი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს თავისი ქცევა, ამასთან, დაცული იყოს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან.
ნორმის განჭვრეტადობასთან მიმართებით, პალატა მოიხმობს საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებებში დადგენილ მიდგომებს და განმარტავს, იმისათვის რომ, მოსამართლის გადაწყვეტილება განჭვრეტადი იყოს, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, მაქსიმალურად გასაგებად დაადგინოს შესაბამისი განსაზღვრებები კანონში. საკანონმდებლო პროცესში გამოთქმული მოსაზრებები ან კრიმინალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ზოგადი მიზნები, რომელთაც ეფუძნება კანონპროექტები და რომელთა რეგლამენტაციაც კანონში არ მომხდარა, ვერ გამოდგება მოსამართლის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების გამართლებისთვის. კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას კანონმდებლისათვის, რომელიც სისხლისსამართლებრივ ნორმებს იღებს და ამავე დროს ის წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას მოსამართლისათვის, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. კანონმდებელი ვალდებულია, მოსამართლეს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს ფარგლები, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს (№1/2/384, 2 ??????, 2007 ); აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები. განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე. საკანონმდებლო რეგულირებისას, იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ უცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს (№2/3/406,408, 30 ?????????, 2008 ).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გ---------–------მ, გ--------------------ემ, გ---------------–--ემ და ა-–------------–-------მა ჩაიდინეს პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულება შედგენილია უცხო ენაზე, რამაც მტკიცებულებითი ძალა გამოაცალა მისგან ნაწარმოებ სხვა მტკიცებულებებს, თუმცა ცალ-ცალკე მათი განხილვის შემდეგაც ვერ შეიკრა მტკიცებულებათა ისეთი ჯაჭვი, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ---------–------მ, გ--------------------ემ, გ---------------–--ემ და ა-–------------–-------მა განახორციელეს პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელება.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულების დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ---------–------ს, გ--------------------ის, გ---------------–--ის და ა-–------------–-------ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მ-----------------–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ---------–------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ---------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა-–------------–-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - დისკები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე