განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
190100119003116976
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003116976

საქმე №1ბ/1802-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ლ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გარდაბნის რაიონის ს------–-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ლ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

ლ--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 18 ივნისს, საღამოს საათებში, გარდაბნის რაიონის ს------–-------------ში, ლ--------------ემ საცხოვრებელ სახლში, დედას, გ---–--------------ეს, ყელზე მოუჭირა ორივე ხელი, რა დროსაც გ---–--------------ეს სუნთქვა შეეკრა და იგრძნო ფიზიკური ტკივილი, მოქაჩა თმები, ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ესროლა სკამი, რომელიც მოარტყა მარცხენა ხელში, მოკიდა მხრებში ხელები და თავი რამდენჯერმე დაარტყმევინა საწოლს. ლ--------------ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გ---–--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერებისა და დასაბუთებულობის მოთხოვნებს, თუმცა არასამართლიანია, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აპელანტის მითითებით, განაჩენის სამართლიანობის კომპონენტი გულისხმობს დანიშნული სასჯელის შესაბამისობას მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა ლ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი. მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული არასაპატიმრო ხასიათის სასჯელის გამოყენების პირობებში, არ იქნება შესრულებული სასჯელის ზოგადი მიზნები. აპელანტის აზრით, ლ--------------ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის პირობებში, არ არის გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, ოჯახური ძალადობის დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროება და სახელმწიფოებრივი ინტერესები, ჩადენილი დანაშაულის ინტენსივობა და ხასიათი, პირველ რიგში კი, დაზარალებულის ინტერესი, იცხოვროს მშვიდ გარემოში. ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების - ფიზიკური ძალადობის ხასიათიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე, თავად დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათის ღრმა ანალიზის შედეგად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის მიღწევას.

აპელანტმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება, აგრეთვე ოჯახის მარჩენლად ყოფნა არ წარმოადგენს მყარ არგუმენტს, რათა გამოყენებულ იქნეს ნაკლებად მკაცრი სასჯელის ზომა. სასჯელის ინსტიტუტი და მიზნები გულისხმობს, რომ აღდგეს სამართლიანობა, დაზარალებულებს გაუჩნდეთ დაცულობის განცდა, თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაული და მოხდეს დამნაშავის რესოციალიზაცია - მსჯავრდებულმა მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე აიღოს პასუხისმგებლობა, გაიაზროს ოჯახში ძალადობის დანაშაულის მომტანი შედეგი, დაფიქრდეს მის ქმედებებზე, განიმსჭვალოს კანონის პატივისცემით, რითაც ხელი შეეწყობა მის რესოციალიზაციას. აპელანტის აზრით, ზემოაღნიშნული შედეგებისა და მიზნების გარანტი ვერ იქნება მსჯავრდებულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, ვინაიდან ეს არის ოჯახში ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე არაადეკვატური პასუხის გაცემა. აპელანტის განმარტებით, ოჯახში ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს ადეკვატური ზომები ოჯახური ძალადობის დანაშაულის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ--------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ლ--------------ის აღიარებით, მოწმეების - გ---–--------------ის, ნ-----–------------ის, ხ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთით, ლ--------------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ--------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, დანაშულის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ლ--------------ის ქმედების კვალიფიკაციას, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები დაზარალებულის მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლების დაცულობასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ იგი შერიგებულია მსჯავრდებულთან, არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად. გასათვალისწინებელია, რომ ლ--------------ეს დანიშნული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისთვის მსჯავრად შერაცხული მუხლი ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს განაჩენის საუარესოდ შებრუნებისათვის რაიმე სახის დასაბუთებულ პრეტენზიას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რა ლ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ის ფაქტი, რომ მან გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, რომელიც შერიგებულია ბრალდებულთან, მას დაუნიშნა ისეთი სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ლ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენი ლ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად. ლ--------------ეს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

ლ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ლ--------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 18 ივნისიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით.

 

”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმროსასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სკამი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება საქართველოს შსს გარდაბნის რ-ნული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე