განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1302-0--9002829989
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/3945-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - თამთა ოთარაშვილი
აპელანტი - თ----- ბ------ე
წარმომადგენელი - მ--------ი
მოწინააღმდეგე მხარე - ზ---- ბ------ე
წარმომადგენელი - ე--------------------
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით თ----- ბ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით, თ----- ბ------ემ თავის ძმას ზ---- ბ------ეს აჩუქა ქ. ხ-–----–-, შ--–-------------------–--- N7-ში მდებარე 72.4 კვ.მ. ფართის ბინა საკადასტრო კოდით: #6------------------. უძრავ ნივთზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.2--22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. მოსარჩელის განმარტებით, ზ---- ბ------ემ უმადურობა გამოიჩინა, როგორც მჩუქებლის, ასევე მხარეთა დედის მიმართ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით; 525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
მოცემულ შემთხვევაში, თ----- ბ------ემ თავისი უძრავი ნივთი ზ---- ბ------ეს აჩუქა და მასზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა (სფ.19-22,); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები; 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება მაშინ გაჩუქებული ნივთი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს; მოსარჩელე აღნიშნავს, ზ---- ბ------ეს ბინა აჩუქა იმ პირობით, რომ ეპატრონა, მოევლო მხარეთა დედისათვის მ----- ბ------ისათვის (იხ. სარჩელი; 2019 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი: 16:22:05-16:22:30; 17:53:25-17:53:35; 2019 წლის 2- მარტის სხდომის ოქმი: 14:24:26 -14:24:50). იგივე დაადასტურა მ----- ბ------ემაც (იხ.2019 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი:16:58:25-16:58:35);
მოსარჩელის განმარტებით, კონფლიქტია მხარეთა დედას მ----- ბ------ეს და ზ---- ბ------ის მეუღლეს შორის, რძალმა მ----- ბ------ეს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუარესა და ის, იძულებული გახდა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო, ზ---- ბ------ემ, იმის მაგივრად, რომ ურთიერთობა მოეგვარებინა მათ შორის, უმადურობა გამოიჩინა, მოსარჩელის, მისი დედის მიმართ და უთანხმოებაშია მოსარჩელესთან (იხ. 2019 წლის 2- მარტის სხდომის ოქმი: 14:27:27-14:27:37); მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ კონფლიქტური დამოკიდებულებაა ზ---- ბ------ის მეუღლესა და დედას, მ----- ბ------ეს შორის. ამ მიზეზით, მოპასუხის მეუღლე ლ--–- ღ----–--ეც იყო სახლიდან წასული და თავის დედასთან ცხოვრობდა, ზ---- ბ------ე, პერიოდულად, საზღვარგარეთ დადის სამუშაოდ. მისი განმარტებით, სადავო ბინაში, ერთი ოთახი, ახლაც გამოყოფილია მ----- ბ------ისათვის. ბინის გასაღებიც აქვს. მას შეუძლია დაბრუნდეს და იქ იცხოვროს; მოწმეები კონფლიქტის ინიციატორად როგორც მ----- ბ------ეზე, ისე ლ--–- ღ----–--ეზე მიუთითებენ; მოსარჩელემ წარმოადგინა 2018 წელს, მ----- ბ------ის პოლიციისადმი მიმართვის საფუძველზე შედგენილი მასალები, რომლის მიხედვით, მ----- ბ------ე ადასტურებს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ბინის ჩუქებას იმ პირობით, ზ---- ბ------ე და მისი მეუღლე მასზე იზრუნებდნენ, თუმცა, რძალი არ ყიდულობს მისთვის მედიკამენტებს, შვილი ყურადღებას არ აქცევს (ს.ფ.25-32); წარმოდგენილ მასალებს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ ,,112-ში" მ----- ბ------ის შეტყობინება (ს.ფ.29), რაც არის მ----- ბ------ესა და თვითონ მოპასუხეს შორის კონფლიქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, - არც შეტყობინების შინაარსი მიუთითებს კონფლიქტზე და მ----- ბ------ემაც განუმარტა პოლიციას, რომ აღნიშნულით, უბნის ინსპექტორს შეატყობინა საზღვარგარეთიდან ზ---- ბ------ის დაბრუნების შესახებ (ს.ფ.30);
სასამართლომ მიიჩნია, რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტი, თუნდაც ინიციატორი მოპასუხის მეუღლე იყოს, არ არის ზ---- ბ------ის მიერ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლში ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებული დიდი უმადურობის გამოჩენა; თვითონ მოსარჩელეც მიუთითებს დასაჩუქრებულის მხოლოდ უმადურობაზე და არა - სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დიდი უმადურობის გამოჩენაზე. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ჩუქების გაუქმების საფუძველია მხოლოდ დიდი უმადურობის გამოჩენა, რაზეც მოსარჩელეს არ მიუთითებია და მხოლოდ მოპასუხის მხრიდან უმადურობას აღნიშნავს;
გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქება უსასყიდლოა და ამ ხელშეკრულების რაიმე პირობით დადება ამ ნორმას ეწინააღმდეგება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა, 2015 წლის 20 მაისის N ას-325-310-2015 განჩინებით, დაეთანხმა ამავე ტიპის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას: - ,,სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას მისი უსასყიდლო ხასიათი წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლობა არ ნიშნავს ჩუქებისას რაიმე პირობის საერთოდ გაუთვალისწინებლობას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირობა შეიძლება ეხებოდეს საჩუქრად მიღებული ქონების სარგებლობის ან მართვის წესს, მაგალითად, მჩუქებელმა დასაჩუქრებული დაავალდებულოს, რომ ნაჩუქარი სახლის ერთი ოთახი დატოვოს კონკრეტული პირის სარგებლობაში. დასაჩუქრებულის მხრიდან სწორედ ამ პირობის შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი“.
ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების დადება ისეთი პირობის დათქმით, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს - დედის მოვლა, ეწინააღმდეგება ჩუქების ხელშეკრულების დამახასიათებელ თვისებებს, რის გამოც, მითითებული საფუძვლით – დასაჩუქრებულის მხრიდან პირობის შეუსრულებლობის გამო, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ჩუქების სანაცვლოდ რაიმე პირობის დათქმა დადასტურდა და არც - მოსარჩელის მიერ მითითებული, დასაჩუქრებულის მიერ უმადურობის და მით უმეტეს, დიდი უმადურობის გამოჩენა (რაზეც მოსარჩელე თვითონაც არ მიუთითებს). მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის, საკმარისი არ არის ამ გარემოებების დადასტურებულად მიჩნევისათვის; თუნდაც დადასტურებული იყოს, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება რომ მოპასუხე, იმის ნაცვლად, რომ თავის დედასა და მეუღლეს შორის კონფლიქტი მოეგვარებინა, დედასთან უთანხმოებაშია, არ არის ჩუქების გაუქმების სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული, მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის დიდი უმადურობა; არ დადგინდა ჩუქების გაუქმების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა; თუმცა მოსარჩელე არ მოითხოვს გაჩუქებულ ნივთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით - რომ ჩუქების შემდეგ თ----- ბ------ე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი ან თავის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, სასამართლო აღნიშნავს, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე მ----- ბ------ისთვის ჩუქების საგნით სარგებლობაში ხელშეშლის არ არსებობის შესახებ უთითებდა, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მ----- ბ------ეს არ აქვს წვდომა სადავო უძრავ ქონებასთან.
3.2. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ---- ბ------ისთვის უძრავი ნივთის ჩუქებას გარკვეული მორალური დანიშნულება გააჩნდა, კერძოდ, ზ---- ბ------ეს უნდა ეპატრონა მოსარჩელის დედისთვის, ჩუქების საგანშიც სწორედ მასთან ერთად უნდა ეცხოვრა, რაც არ შეასრულა მოპასუხემ, უფრო მეტიც, მოპასუხემ თავისი ქმედებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით მ----- ბ------ე აიძულა, რომ საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- უდავოა, რომ მოსარჩელე თ----- ბ------ე და მოპასუხე ზ---- ბ------ე და-ძმა არიან.
- 2015 წლის 10 თებერვალს, მოსარჩელე თ----- ბ------ეს და მოპასუხე ზ---- ბ------ეს შორის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, თ----- ბ------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №6-.0-.2-.2--.01.0--, საკუთრების უფლებით მოპასუხე ზ---- ბ------ის სახელზე აღირიცხა (ს.ფ. 19-20).
- 2019 წლის 01 თებერვალს თ----- ბ------ემ ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
4.1.2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დასაჩუქრებული მოპასუხე მძიმე შეურაცხყოფას აყენებს ან დიდ უმადურობას იჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამჩუქებელი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებას მიიჩნევს („ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ“). მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დასაჩუქრებულმა დიდი უმადურობა გამოიჩინა, რაც მისი ახლო ნათესავის - დედისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში გამოიხატა, კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ მოპასუხეს ეპატრონა ხანდაზმული დედისთვის, ეს უკანასკნელი იძულებული გახადა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მით უფრო მაშინ, როცა მათ შორის ახლო ნათესაური კავშირია, მაგრამ ამგვარი ვალდებულება, არ გულისხმობს დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას მხოლოდ გამჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაა მოთხოვნილი, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული წინაპირობების დადგენა, კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნამდვილად ჰქონდა, თუ არა, ადგილი დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლინებას ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას დამსაჩუქრებლის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების შეფასება შეფასებითი კატეგორიაა, შესაბამისად მაშინაც კი, თუ საქმეში ხსენებული მოპყრობის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, მათი დადგენა შესაძლებელია საქმეში არსებულ მასალათა სრული და ობიექტური გამოკვლევისა და არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღების გზით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის დავებში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
4.1.2.1. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად სარჩელში მითითებული გარემოების, კერძოდ, მოპასუხის მიერ მოსარჩელის ოჯახის წევრის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები.
სააპელაციო სასამართლო მის მიერ საკვლევ გარემოებას მიკუთვნებული ფაქტების დადგენის მიზნით ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხული პირების მოწმეების ჩვენებებს. 2019 წლის 13 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმე მ----- ბ------ე დაიკითხა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე სწორედ ამ უკანასკნელისთვის, როგორც მისი ახლო ნათესავისთვის (დედა) მძიმე შეურაცხყოფის მიყენებაზე მითითებით ითხოვდა 2015 წლის 10 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას. მოწმის განმარტებით თ----- ბ------ეს და ზ---- ბ------ეს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ზ---- ბ------ე მეუღლესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდნენ ხოლმე... ზ---- ბ------ესთან ურთიერთობა 2018 წლის აპრილიდან გაუფუჭდა, მიზეზი მისთვის საცხოვრებელი პირობების გაუარესება იყო, რა დროსაც ზ---- ბ------ის მეუღლე სახლში არსებული ნივთებით სარგებლობას უშლიდა, ბოლოს კი ამ უკანასკნელმა საცხოვრებელ ბინაში ცენტრალური გათბობაც გათიშა, რაც ბინაში ცხოვრების შესაძლებლობას გამორიცხავდა.. მოწმის განმარტებით მასსა და ზ----ს მეუღლეს შორის კონფლიქტური შემთხვევები ხშირად ხდებოდა, რის შესახებაც შვილს ხშირად არც უყვებოდა, არ უნდოდა, რომ მას ოჯახი დანგრეოდა.. შვილზე ვერ იტყვის რამეს, შვილი მას საჭმელ-სასმელს ყოველთვის სთავაზობდა, თუმცა რძალი უქმნიდა პრობლემას.. (16:58:37; 16:57:20) კითხვაზე რატომ დატოვა ზ---- ბ------ის მეუღლემ სადავო საცხოვრებელი ბინა მანამდე სანამ მ----- ბ------ე თავად დატოვებდა ბინას: მოწმემ განმარტა, რომ ცუდი ამინდი იყო, ბინა ვეღარ თბებოდა და ზ----ს მეუღლე ბავშვთან ერთად დედამ მის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, თავად კი გათბობის გათიშვიდან ერთ კვირაში, 2018 წლის 20 ოქტომბერს დატოვა ბინა.. მოწმის მითითებით მის მიერ სადავო ბინის დატოვების დროს ზ---- ბ------ე საქართველოში არ იმყოფებოდა, ის 2018 წლის აპრილიდან თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ იყო წასული, საქართველოში კი 2018 წლის დეკემბერში დაბრუნდა.. მოწმის მითითებით სათანადო ზრუნვას, ყურადღების მიქცევის ვერ გრძნობდა, ვერ იხსენებს, რომ მისთვის 20 ლარი მაინც მიეცათ... ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ღ----–--ემ, რომელიც ზ---- ბ------ის დეიდაა (მ----- ბ------ის და) განმარტა, რომ ზ----მ დედას შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მასზე ფიზიკურად შეხებაში გამოიხატა..
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 22 ოქტომბრის განცხადებით ირკვევა, რომ მ----- ბ------ემ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა. პოლიციის სახელზე შედგენილ ზემოაღნიშნულ განცხადებაში მისი ავტორი უთითებდა, რომ შვილის (ზ---- ბ------ე) და მისი მეუღლის მხრიდან მას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ პოლიციასთან საუბარში მ----- ბ------ემ მის შვილებს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებაზე, შვილის - ზ---- ბ------ის მიერ მისთვის მეუღლის მხრიდან მოვლის დაპირებაზე და შვილის საქართველოში არ ყოფნის პირობებში რძლის (ზ---- ბ------ის მეუღლე) მიერ ამ ვალდებულების (მასზე ზრუნვა) სათანადოდ შეუსრულებლობაზე მიუთითა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ----- ბ------ემ პოლიციას 2----–-–-----------------აც მიმართა. საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2----–-–----------------- შედგენილი გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ მ----- ბ------ემ შვილთან - ზ---- ბ------ესთან საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე მიუთითა. კერძოდ, აღნიშნა, რომ შვილი სათანადოდ არ უვლის და სურს, რომ ბინა უკან დაუბრუნოს. მანვე დაამატა, რომ პოლიციისთვის მიმართვის მიზანს უბნის ინსპექტორისთვის შვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
4.1.2.2. საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმებით, მოწმეთა ჩვენებების, თავად მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება ფაქტი მასზედ, რომ ზ---- ბ------ის მხრიდან დიდ უმადურობას და მჩუქებლის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხული მ----- ბ------ის ჩვენებაზე. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე ზ---- ბ------ესთან გაფორებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, სწორედ მ----- ბ------ისთვის, როგორც მისი ახლო ნათესავისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე მითითებით მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით შენიშნავს, რომ თავად მოწმე მ----- ბ------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული განმარტებიდან და ამ უკანასკნელის მიერ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ცალსახად არ იკვეთება ზ---- ბ------ის რომელ ქმედებას აღიქვამს ის შეურაცხყოფად. უფრო მეტიც, საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მ----- ბ------ემ სადავო საცხოვრებელი ბინა ზ---- ბ------ესთან კონფლიქტის ნიადაგზე დატოვა. პირიქით, თავად მ----- ბ------ის განმარტებიდან ირკვევა, რომ მან საცხოვრებელ ბინა გათბობის გათიშვიდან ერთ კვირაში 2018 წლის 20 ოქტომბერს დატოვა. ზ---- ბ------ის მეუღლის მიერ საცხოვრებელ ბინაში გათბობის განგებ გათიშვასთან მიმართებით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მ----- ბ------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ზ---- ბ------ის მცირეწლოვანი შვილის და მეუღლის ამ უკანასკნელის დედის მიერ მის ბინაში გადაყვანის მიზეზად მოწმე ამინდის გაუარესებასა და ბინაში არსებული სიცივის შესახებ უთითებს. (იხ. 13.03.2019წ. სხდომის ოქმი 17:0-:03-17:0-:13) მოწმის აღნიშნული განმარტების პირობებში, გაუგებარი რჩება რატომ უნდა გაეთიშა ზ---- ბ------ის მეუღლეს განგებ გათბობა იმ ბინაში სადაც თავად მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, საინტერესოა ისიც, რომ მოწმე 2018 წლის ოქტომბრის თვეში ბინიდან მის წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ზ---- ბ------ის მეუღლის და შვილის წასვლის მიზეზად არა მათ შორის კონფლიქტზე, არამედ ბინაში გათბობის არ არსებობაზე უთითებს. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოწმედ დაკითხული მ----- ბ------ე სასამართლოში მიცემული განმარტების მსგავსად შიდა ქართლის პოლიციისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში ყურადღებას იმ ფაქტებზე ამახვილებდა, რომ ზ---- ბ------ის მეუღლე მასზე ზრუნვის შესახებ ნაკისრ ვალდებულებას სათანადოდ არ ასრულებდა, რის გამოც მას ზ---- ბ------ისთვის ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნება სურდა. მოწმე მ----- ბ------ის ჩვენების და ამ უკანასკნელის მიერ პოლიციისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების, მათი ლოგიკური, შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის და პოლიციისთვის მიცემულ განმარტებებში მ----- ბ------ის მიერ მითითებული ფაქტები არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და მჩუქებლისთვის ქონების უკან გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას გაამართლებდა. კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტი მასზედ, რომ ზ---- ბ------ე დის ან დედის მიმართ დიდ უმადურობას იჩენდა ან მძიმე შეურაცყოფას აყენებდა მათ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმის ჩვენება, ახსნა-განმარტები), რომელზე მითითებითაც მოსარჩელე მხარე ჩუქების გაუქმებას მოითხოვდა, მიუთითებს არა დასაჩუქრებულის უმადურობაზე ან ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელის ან მისი ახლო ნათესავის შეურაცხყოფაზე, არამედ ზ---- ბ------ის საზღვარგარეთ სამუშაოდ ყოფნის პერიოდში მოსარჩელის დედას და მოპასუხის მეუღლეს, რძალ-დედამთილს შორის წარმოშობილ კონფლიქტზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე შეუთანხმებლობაზე, რაც არამცდაარამც არ ქმნის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისთვის სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას. სააპელაციო სასამართლო დამატებით შენიშნავს, რომ მართალია მოწმე ლ--–- ღ----–--ემ ზ---- ბ------ის მიერ მ----- ბ------ის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის შესახებ თავად მ----- ბ------ეს არ მიუთითებია, ამასთან უდავოა, რომ მოწმე თავად ამ ფაქტს არ შესწრებია სადავო გარემოების დადგენის და შეფასების მიზნით პალატა ლ--–- ღ----–--ის ჩვენებას ვერ გაიზიარებს.
სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ემტკიცებინა დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან/და დიდი უმადურობის გამოვლინების შესახებ. საგულისხმოა ხაზგასმით აღინიშნოს კიდევ ერთხელ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარის ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე ორი მოწმე დაიკითხა, რომელთაგან ერთ-ერთი იმ პირს წარმოადგენდა, რომლის მიმართ გამოჩენილ მძიმე შეურაცხყოფაზე მითითებითაც მოსარჩელე ჩუქების გაუქმებას მოითხოვდა. მართალია მოწმემ თავის ჩვენებაში ოჯახში კონფლიქტის არსებობაზე მიუთითა, თუმცა მან კონკრეტულად ვერ შეძლო იმაზე მითითება ზ---- ბ------ის რომელ ქმედებას აღიქვამდა შეურაცხყოფად, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ისევე როგორც პოლიციისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში მან ძირითად იმაზე ისაუბრა, რომ საზღვარგარეთ შვილის სამუშაოდ ყოფნის პერიოდში რძალ-დედამთილს შორის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი ხდებოდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენება, მოწმის მიერ პოლიციისთვის მიცემული ახსნა-განმარტებები) სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად სააპელაციო პალატას არ შეექმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოპასუხე მხარე დის ან დედის (მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის) მიმართ მართლაც დიდ უმადურობას იჩენდა და მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ----- ბ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური