განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119003175821
საქმე №1/ბ-778-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ--------ს ძე ჩ-----ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: სამტრედიის რაიონი, სოფელი დ---–-------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ჩ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- ჩ-----მ, 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, სამტრედია, დ---–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის 1--------- წელს დაბადებული გ------- ჩ-----ს თანდასწრებით ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ბ--–- ჩ------–---–ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დ----- ჩ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ მ--–--- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ----- ჩ-----ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი; ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი დ----- ჩ-----ს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. საქმის განხილვისას დაზარალებულმა ბ--–- ჩ------–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ, მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დ----- ჩ-----ს სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეიკრიბა და სასამართლოს წარედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გამართლებულ დ----- ჩ-----ს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- ჩ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ბ--–- ჩ------–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის დ----- ჩ-----ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მოწმე ზვიად თ------ე, რომლის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულმა ბ--–- ჩ------–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 08:00 სათზე, დ----- ჩ-----მ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილები.
რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეების - გ------- ჩ-----ს, ბ-------- ჩ-----ს, რ--------- მალაზონიას, ია ბ---–----ის, ნ--- ჩ-----ს, ნ------- ჩ-----ს ჩვენებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მიხეილ ჭელიძის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ბ--–- ჩ------–---–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის - დ----- ჩ-----ს წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია დ----- ჩ-----ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმე გამომძიებელ ზვიად თ------ის ჩვენებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ ის კონფლიქტის თვითმხილველი მოწმე არ არის, მას არ დაუნახავს დ----- ჩ-----ს მიერ განხორციელებული ძალადობა და გადმოსცემს დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიწოდებულ ინფორმაციას, მაშინ, როდესაც სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულ ბ--–- ჩ------–---–ს მომხდართან დაკავშირებით ჩვენება არ მიუცია.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და უდაოდ მიჩნეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ბ--–- ჩ------–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, არ შეიცავენ დ----- ჩ-----ს ბრალდების დადასტურების და უარყოფისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, როდესაც საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და რაც იძლევა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, განსახილველ შემთხვევაში კი აღნიშნული სახეზე არ არის. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- ჩ-----ს ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ჩ-----ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ----- ჩ-----ს ბრალეულობაში, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დ----- ჩ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
დ----- ჩ----- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
დ----- ჩ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ე------ კ------–--ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---ში მდებარე უძრავ ქონებას (ზონა - ლანჩხუთი 27, სექტორი - სუფსა 15, კვარტალი 41, ნაკვეთი 411 ს---------------) - 5000 ლარის ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
გამართლებულ დ----- ჩ-----ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე