განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119003079991
საქმე №1/ბ-784-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---- ვ--–----ს ძე გ--------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი კ----–---–ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ---- გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 ივნისს, საღამოს საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----–---–ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე, მ---- გ--------ემ შვილს - მ------ ჩ------ს შუშის ფინჯანი ესროლა მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც მ------ ჩ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მ---- გ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ---- გ--------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მ---- გ--------ის ბრალეულობას, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
გამართლებულ მ---- გ--------ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ---- გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულებმა მ------ ჩ------მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის, მ---- გ--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის, მეუღლის (მ---- გ--------ის) წინააღმდეგ მოწმე ვ--–---- ჩ------მ.
მოწმე შ----- მ---------ს განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლის 16 ივნისს მ------ ჩ------ს კივილზე, შეიკრიბნენ მეზობლები, მას ფეხი ჰქონდა დაზიანებული და სდიოდა სისხლი. მ------ ჩ------ს თქმით, მას რაღაც ესროლა დედამ, მ---- გ--------ემ.
მოწმე დ------- თ--------ს განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლის 16 ივნისს იმყოფებოდა სახლში, ვ--–---- ჩ------ს სახლიდან მოესმა კივილი, მ------ ტიროდა, მას ფეხიდან სდიოდა სისხლი და ამბობდა, რომ დედამ რაღაც საგანი ესროლა, ხოლო მ---- გ--------ე არ იმყოფებოდა სახლში.
მოწმე მ------ ჯ-----ს განმარტებით, 2019 წლის 16 ივნისს მოესმა ყვირილი, მივიდა მ---- გ--------ის სახლში, მ------ ჩ------ იჯდა სახლის კარებთან, ტიროდა და სისხლი სდიოდა ფეხიდან, მაგრამ მიზეზი არ უკითხავს, მისი იქ ყოფნისას მ---- გ--------ე არ უნახავს.
მოწმე რ--- ფ-----ს განმარტებით, ყვირილის ხმაზე მიირბინა მ---- გ--------ის სახლში, მ------ ჩ------ იჯდა სახლის კარებთან, ფეხი ჰქონდა სისხლიანი, კიოდა და ტიროდა, ამბობდა, რომ დედამ ესროლა ჭიქა, მ---- გ--------ე არის შვილების მიმართ ძალიან ყურადღებიანი დედა და თავისი მუშაობით შემოაქვს ოჯახში ლუკმა- პური.
მოწმე მ-----–- ხ--------ს განმარტებით, მიმდინარე წლის 16 ივნისს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან, გ-- ნ------–---–თან ერთად გამოცხადდა სოფელ კ----–---–ში, სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფებოდა მ------ ჩ------, რომელმაც განმარტა, რომ დედამისი იყო ნასვამი, ესროლა ფინჯანი და ფეხი დაუზიანა. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო სისხლისმაგვარი ლაქები და შუშის ნამსხვრევები, რომელიც ადგილზე დალუქა, შეადგინა შესაბამისი ოქმი, იმ დროს მ---- გ--------ე სახლში არ იმყოფებოდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ-- ნ------–---–მა და განმარტა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე სოფელ კ----–---–ში მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ამოიღეს შუშის ნამსხვრევები, მ------ ჩ------მ, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას მიჰყავდა რეფერალურ საავადმყოფოში, განმარტა, რომ დედამ ესროლა ფინჯანი და დაუზიანა ფეხი.
მ---- გ--------ემ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 16 ივნისს მიდიოდა სამსახურში, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ინვალიდი შვილი, რომელიც უნდა დაეტოვებინა მ------ ჩ------სთვის, ამ მიზეზით იკამათეს, მას ხელში ეჭირა ჩანთა, მეორე ხელით სვამდა წყალს და გაბრაზებულმა ფინჯანი კარებთან დაანარცხა ბეტონზე, მეორე ოთახში შორიახლოს იდგა მისი ქალიშვილი, მ------ ჩ------, ეტყობა მას ფეხზე მოხვდა ჭიქის ნამსხვრევი, ღვთის წინაშე ამბობს, რომ მას შეგნებულად არ უსვრია, ის გავიდა სახლიდან და მოკლე გზით წავიდა სამსახურში, რომ მიდიოდა ისე გაიგონა კივილი, როდესაც დაბრუნდა მ------ სასწრაფო დახმარების მანქანით იყო წაყვანილი და ერთი პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა მათ სახლში, მას ჰყავს ოთხი შვილი, მუშაობს და არჩენს ოჯახს, უვლის ორ მძიმე ავადმყოფ შვილს.
2019 წლის 16 ივნისს დათვალიერდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----–---–ში მდებარე შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ვ--–---- ჩ------ს საცხოვრებელ სახლს, რის შედეგად ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები, მინის ნამსხვრევები და ტყავის ორი ქამარი.
საქმეში წარმოდგენილი 1990 წლის 21 მაისის მ------ ჩ------ს დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლით დადასტურებულია, რომ მ------ ჩ------ არის მ---- გ--------ის შვილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2019 წლის 26 ივნისის №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ------ ჩ------ს მიმართ დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, თუმცა დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა მ------ ჩ------ს ფეხის დაზიანების ფაქტი, დაეთანხმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და არ მოითხოვა სამედიცინო ექსპერტის დაკითხვა, რადგან მიიჩნია, რომ ჭიქის ნამსხვრევის მოხვედრამ გამოიწვია დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენება, თუმცა ეს შეგნებულად და განზრახ არ გაუკეთებია.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ---- გ--------ის საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ------ ჩიტამაიამ, ასევე მოწმე ვ--–---- ჩ------მ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ---- გ--------ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ---- გ--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
საქმეზე დაკითხული მოწმეები: შ----- მ---------, დ------- თ--------, მ------ ჯ----- და რ--- ფ----- კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართალია აღნიშნულით დგინდება დაზარალებულ მ------ ჩ------ს სხეულზე დაზიანებების არსებობა, თუმცა ამ მტკიცებულებით ვერ დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანების მ---- გ--------ის მიერ მიყენების ფაქტი.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ---- გ--------ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---- გ--------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ---- გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი მ---- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ---- გ--------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი ქამარი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ------ ჩ------ს.
ნივთიერი მტკიცებულება - სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
გამართლებულ მ---- გ--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე