განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
330100119002978753
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002978753

საქმე №1ბ/1582-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: შ------------–---ს

მსჯავრდებულის: გ-------------ის

ადვოკატის: თ--------–-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ გ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ.------–--–-----------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------–-------–--------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით და 128-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად მათი მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შესაძლებლობა არ ჰქონდათ მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, როდესაც მიმტოვებელს ევალებოდა მათზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 23:55 საათზე, ქ-------–--–---------------ის გამზირზე, გ-------------ემ, რომელიც მთვრალ მდომარეობაში მყოფი მართავდა ,,ნ----ის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით E------, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის დანართი N2 ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე, გადაკვეთა გზის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს, სადაც დაეჯახა ,,ო---–ის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით N------, რომელსაც მართავდა რ----–---------ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, რ----–---------ა და ავტომობილ ,,ო---–ის“ მგზავრი ე------------- ადგილზე გარდაიცვალნენ. გ-------------ემ, რომელსაც ევალებოდა შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ რ----–---------ასა და ე-------------ზე ზრუნვა, შეეძლო მათი დახმარება, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და განსაცდელში მიატოვა დაზარალებულები, რომელთაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით:

 

გ-------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილზე;

 

გ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

გ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 თებერვლიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა გ-------------ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა გ-------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ--------–-----ემ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო გ-------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ--------–-----ემ შუამდგომლობით ითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და უკან გათხოვნა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ-------------ე.

 

მსჯავრდებულ გ-------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--------–-----ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და უკან გათხოვნის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გ-------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ გ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მსჯავრდებულ გ-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით და 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციულად მიჩნეული ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების უფლებამონაცვლისა და მოწმეების - ნ--------------ს, დ-----------–-–---–ის, ნ-----–------------ის, გ---------------–---–ის, თ---------------ს, გ----------------ს, მ-------------ს, ლ-------------ის, გ----------------------ის, გ----------–-----–---–ის, ა---------–-------–-–---–ის, გ-------------–---–ის, ლ--------------–---–ის, გ--–----------ს, გ--–-----------–---–ის, დ---------–---–---–ის, ნ--------–------ის, ზ--------------ს, ვ-------------ს გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ-------------ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულების აღიარების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული სქემით და ფოტოილუსტრაციებით), ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №2---- დასკვნის, გ-------------ის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის შემოწმების ქვითრის, გ-------------ის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნების, ამოღებული ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმებისა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით და 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ-------------ეს დაუმძიმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის ზომა.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ-------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული დაზარალებულ მხარესთან არ არის შერიგებული და ზიანი არ არის ანაზღაურებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ შერიგება ორმხრივი აქტია და როგორც დაცვის მხარემ სააპელაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, მსჯავრდებულს ჰქონდა კომუნიკაციის მცდელობა დაზარალებულ მხარესთან და დღესაც გამოთქვამს მზადყოფნას, დაზარალებულებს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რაზეც დაზარალებული მხარე აცხადებს უარს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, გ-------------ემ როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, აგრეთვე, გ-------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-------------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელების დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ გ-------------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები მის მიერ ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ გ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ-------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილზე (2019 წლის 1 აპრილიდან მოქმედი რედაქცია);

 

გ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილიდან მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილიდან მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

გ-------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 თებერვლიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

გ-------------ის ტანსაცმელი, დალუქული 1 (ერთი) ფუთად, გარდაცვლილ ე-------------ს ტანსაცმელი, დალუქული 1 (ერთი) ფუთად, გარდაცვლილ რ----–---------ას ტანსაცმელი, დალუქული 1 (ერთი) ფუთად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ,,ნ----ი“-ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით: E------ და ,,ო---–ი“-ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით: N------ - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო 3 (სამი) ცალი კომპაქტ-დისკი დაულუქავი სახით, სამ პაკეტად, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე