განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.09.2019
საქმის ნომერი
050310018002774462
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002774462

საქმე N3/ბ-285-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი – ე-----------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ე--------------ი

წარმომადგენელი – მ---------------–ი

 

დავის საგანი – შრომის სტაჟის დადგენა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ე--------------ის სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2018 წლის 20 დეკემბერს ე--------------მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ქ.მახარაძის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში 1987-1995 წლებში ე-------------ას უწყვეტად მუშად მუშაობის დადგენა;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, 1975 წელს მუშაობა დაიწყო ოზურგეთის, ყოფილი მახარაძის, ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში მუშად, სადაც იმუშავა 1994 წლის ჩათვლით. საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მიმართა გურიის რეგიონალურ არქივს და მოითხოვა სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობის მომზადება-გაცემა. მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - გურიის რეგიონალურ არქივში დაცული ბრძანების წიგნისა და პირადი ბარათის ჩანაწერებით დასტურდება, რომ მახარაძის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში მუშაობდა 1975 წლიდან 1986 წლამდე, რაც შეხება დანარჩენ წლებს -1987-1994, არქივში არ ინახება.

 

მოსარჩელის განმარტებით, არიან მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ მის (ე-------------ის) მუშაობას მახარაძის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში. ეს ის მოწმეებია, რომლებმაც მასთან ერთად დაიწყეს მუშაობა და მასთან ერთად დაასრულეს ფაბრიკაში მუშაობა.

 

მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა, ამასთან აღნიშნა, რომ სამხარეო ცენტრი იყო არასათანადო მოპასუხე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ე-------------ას წარმომადგენლის მ---------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა, რომ ე--------------ა 1987 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა მახარაძის ძაფსაგრეხ ქარხანაში მუშად.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. საარქივო ჩანაწერის მიხედვით, მოსარჩელე 1975 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა ფაბრიკაში, თუმცა მუშაობის სტაჟი შემდგომ წლებში არ დასტურდება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, შრომითი სტაჟის დადგენა უკავშირდება შრომის უფლებებს, რომლებიც აღიარებული და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებით. „სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია: „ნებისმიერი პოლიტიკა უწინარეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნეს მოსახლეობის კეთილდღეობა და განვითარება, აგრეთვე ხელი შეუწყოს მის სწრაფვას სოციალური პროგრესისაკენ". ამ პოლიტიკის მნიშნელოვანი გამოხატულებაა ადამიანის შრომითი უფლებების დაცვა. ადამიანის შრომითი უფლების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე.

 

აღიარებითი სარჩელის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის ინტერესი დავის საგანზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე ედავება მას უფლებაში, რომ თუ ასეთი დავა არ გადაწყდა მოსარჩელის უფლება შეიძლება დაირღვეს. ამ მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე აღიარებითი სარჩელი შეიძლება დაკავშირებული იყოს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნასთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს დაენიშნოს პენსია.

 

პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს არეგულირებს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს განსაზღვრავს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/ საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-2 მუხლის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მართებულად აღძრა სარჩელი სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, ვინაიდან აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას მომავალში პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა, შესბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. 140-ე მუხლით მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებად უნდა გაზიარებულიყო მოწმეების მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებები, ასევე საარქივო ცნობა, ბრძანებები მუშა-მოსამსახურეთა მოძრაობის შესახებ.

 

სასამართლოს განმარტებით, ,,შრომითი და სადაზღვეო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის №321/ნ ბრძანებიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული. აღნიშნული ბრძანების თანახმად, სათანადო დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მუშაობის სტაჟი დადგინდეს ორი მოწმის ჩვენებით. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა.გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მოწმეები მუშაობდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ დაწესებულებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ ე-------------ას სარჩელი საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამრთლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელში იურიდიული ინტერესი არ არის დასაბუთებული. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ინკვიზიციურად იურიდიული ინტერესის დასაბუთება სცდება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს.

 

აპელანტის განმარტებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ - ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის პირველი მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

სარჩელის აღძვრის მომენტში მოსარჩელე მხარე იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

ამდენად, მოსარჩელე ე-------------ას მიმართ არ ვრცელდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველის კანონით დადგენილი მოთხოვნები და სასამართლოს აღნიშნული კანონი არ უნდა გამოეყენებინა;

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №46/ნ ბრძანება მიღებულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ისევე როგორც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველის კანონი, ასევე მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება ე-------------ას მიმართ.

 

რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი მოპასუხედ. „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N46/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაინტერესებული პირი ვალდებულია ამავე ბრძანების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სპციალიური მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) შრომის წიგნაკი; ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები; გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი; დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები; ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობი ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ; ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე; ზ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ; თ) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს.

 

აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემის უფლება სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს. თუ სარჩელის აღძვრის დროისათვის აღარ არსებობს სამუშაო ადგილი, რომელიც შეძლებდა შესაბამისი დოკუმენტის დადგენას, მოსარჩელეს უნდა დაედგინა მისი უფლებამონაცვლე და აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მიემართა მის მიმართ.

სოციალური მომსახურების სააგენტო ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე. რაც არ გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა მივიჩნიოთ ყველა გაუქმებული დაწესებულების უფლებამონაცვლედ, რომელიც დაადასტურებდა პირის მუშაობის სტაჟს.

 

3.1.3. აპელანტის მსჯელობით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ მოწმეთა ჩვენებები, რადგან შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის N321/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი საბუთები და შეუძლებელია მათი მიღება სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) შედეგად მათი განადგურების გამო, შრომითი სტაჟი დგინდება: ა) ორი ან მეტი მოწმის ჩვენების საფუძველზე შემდეგი წესით: ა.ა) მოწმეთა ჩვენებით სტაჟის დადგენისათვის მოქალაქე განცხადებით მიმართავს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პენსიის დამნიშნავ ორგანოს და მიუთითებს მოწმეების ვინაობას და მისამართს; ა.ბ) ერთ-ერთმა მოწმემ მაინც, საბუთებით უნდა დაადასტუროს განმცხადებელთან ერთად ერთ დაწესებულებაში (წარმოებაში, კოლმეურნეობაში და ა.შ.) ერთობლივი მუშაობის ფაქტი და დრო; ა.გ) თუ ორივე მოწმე მუშაობდა განმცხადებლის მიერ მითითებულ დაწესებულებაში (წარმოებაში, კოლმეურნეობაში და ა.შ.), საჭიროა ორივე მათგანმა დოკუმენტით დაადასტუროს თავისი მუშაობის ფაქტი და დრო; ა.დ) თუ ერთი მოწმე დაადასტურებს განმცხადებლის მუშაობის უფრო ხანგრძლივ პერიოდს, ვიდრე მეორე, დადგენილად ჩაითვლება მხოლოდ ის პერიოდი, რომელსაც ორივე მოწმე დაადასტურებს; ა.ე) მოწმეთა ჩვენების საფუძველზე პენსიის დანიშვნისათვის დანაკლისი შრომითი სტაჟი დგინდება იმ შემთხვევებში, როცა საჭირო სტაჟის ნახევარი მაინც დადასტურებულია დოკუმენტებით.

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე მოწმეთა ჩვენების მტკიცებულებად მიჩნევისთვის საჭიროა კუმულაციური პირობა - მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი საბუთები და შეუძლებელია მათი მიღება სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) შედეგად მათი განადგურების გამო. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება შეუძლებელი არის სტიქიური უბედურების გამო.

 

ამდენად რაიონულ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის N321/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

მოცემულ შემთხვევაში აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომლის თანახმად მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. მოცემული სახის სარჩელებთან მიმართებაში პროცესუალური კანონმდებლობით დაწესებულია დასაშვებობის წინაპირობები (ასკ-ის 25.2), კერძოდ, სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გაირკვეს სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, კანონიერი ინტერესი გამოხატული უნდა იყოს პირის მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. აღიარებით სარჩელში იურიდიული ინტერესი მიმართულია გარკვეული სამართალურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადასტურებაზე - რა უფლების დასაცავად მიმართა მოსარჩელემ სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ე--------------ა ამჟამად არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, სადაც პენსიის დანიშვნის მიზნით, შრომის სტაჟის დასადგენად სჭირდება საბუთი იმის შესახებ, რომ 1987 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა ქ.მახარაძის (ამჟამად ოზურგეთი) ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში მუშად, რისი დადგენა საარქივო ცნობით სრულყოფილად ვერ შეძლო, ამდენად მოითხოვა სასამართლო წესით ამ ფაქტის აღიარება. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.

 

პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’, რომლის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-2 მუხლის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

პალატის აზრით, იმ პირობებში, როდესაც ამჟამად არ არსებობს მახარაძის აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხი ფაბრიკა, ამასთან მისი უფლებამონაცვლეც დადგენილი არ არის, მოსარჩელის საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის პერიოდში არსებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარების უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს სწორედ აპელანტი წარმოადგენს, ამდენად პალატის მოსაზრებით საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა - მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

რაც შეეხება აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლიანობას, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გარდა მოსარჩელის განმარტებისა, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების, ისე ,,შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის N321/ნ ბრძანების მოთხოვნებთან, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი საბუთები და შეუძლებელია მათი მიღება სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) შედეგად მათი განადგურების გამო, შრომითი სტაჟი დგინდება:

ორი ან მეტი მოწმის ჩვენების საფუძველზე შემდეგი წესით:

ა.ა) მოწმეთა ჩვენებით სტაჟის დადგენისათვის მოქალაქე განცხადებით მიმართავს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პენსიის დამნიშნავ ორგანოს და მიუთითებს მოწმეების ვინაობას და მისამართს;

ა.ბ) ერთ-ერთმა მოწმემ მაინც, საბუთებით უნდა დაადასტუროს განმცხადებელთან ერთად ერთ დაწესებულებაში (წარმოებაში, კოლმეურნეობაში და ა.შ.) ერთობლივი მუშაობის ფაქტი და დრო;

ა.გ) თუ ორივე მოწმე მუშაობდა განმცხადებლის მიერ მითითებულ დაწესებულებაში (წარმოებაში, კოლმეურნეობაში და ა.შ.), საჭიროა ორივე მათგანმა დოკუმენტით დაადასტუროს თავისი მუშაობის ფაქტი და დრო;

ა.დ) თუ ერთი მოწმე დაადასტურებს განმცხადებლის მუშაობის უფრო ხანგრძლივ პერიოდს, ვიდრე მეორე, დადგენილად ჩაითვლება მხოლოდ ის პერიოდი, რომელსაც ორივე მოწმე დაადასტურებს;

ა.ე) მოწმეთა ჩვენების საფუძველზე პენსიის დანიშვნისათვის დანაკლისი შრომითი სტაჟი დგინდება იმ შემთხვევებში, როცა საჭირო სტაჟის ნახევარი მაინც დადასტურებულია დოკუმენტებით.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეები ასაღიარებელ პერიოდში მუშაობდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ დაწესებულებაში. ისიც დადგენილია, რომ გურიის რეგიონალურ არქივში დაცული ბრძანების წიგნისა და პირადი ბარათის ჩანაწერებით დასტურდება მახარაძის (ამჟამად ოზურგეთი) აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში მოსარჩელის საქმიანობა 1975 წლიდან 1986 წლამდე. რაც შეხება დანარჩენ წლებს -1987-1994, ამ პერიოდის მონაცემები არქივში არ ინახება, რაც პალატის მოსაზრებით, არ უნდა იქნეს გამოყენებული მოსარჩელის შრომის უფლების უგელვებელყოფის წინაპირობად იმ საფუძვლით, რომ საარქივო მასალების დაცვის ვალდებულება არა მოსარჩელის, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება გრამატიკული ანუ სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე მოცემულ ურთიერთობაზე ,,შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის N321/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის გაუვრცელებლობის შესახებ. კერძოდ:

 

პალატა განმარტავს, რომ როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევის სავალდებულო წესს ადგენს, ამით იგულისხმება განსაზღვრული მიზნის მიღწევის სურვილი. კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. კანონის განმარტებისას უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული ხასიათის განმარტებით ვერ მიიღწევა. განმარტებისათვის ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით, არ უნდა მოხდეს მისი სიტყვა-სიტყვითი განმარტება. ნორმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მისი ადგილი ნორმატიულ სისტემაში, სხვა ნორმებთან ლოგიკური ურთიერთკავშირი.

 

მოცემულ შემთხვევაში ,,შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის N321/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვებში - ,,სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა)’’ - ამ ნორმატიული აქტის მიზნებისთვის საუბარია არა მხოლოდ ბუნებრივ მოვლენაზე, არამედ დაუძლეველ ძალაზე, ანუ ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ობიექტურად გამოირიცხება მოსარჩელის ბრალეულობა მტკიცებულების მოპოვების თვალსაზრისით როგორც მოსარჩელის კონტროლს დაუქვემდებარებელი მოვლენა, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესის სისტემური თუ თელეოლოგიური განმარტება არ იძლევა აპელანტის მიერ შემოთავაზებული შინაარსით მისი წაკითხვის შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის

გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე