განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
330210018002672906
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002672906

საქმე №2ბ/1510-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - მ-------------ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ----–-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ-----------ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ---------------ი

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების რეალიზაციის გზით

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მ-----------ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე მ-------------ის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ბ-------------–----–--------------------, სართული N-----------, ს/კ N-----------------------, საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მოსარჩელე მ-----------ას და მოპასუხე მ-------------ისათვის მიკუთვნება უძრავ ქონებაში მათი კუთვნილი წილის პროპორციულად (მ-------------ეს მიეკუთვნოს ამონაგები თანხიდან 1/2 ნაწილი, ხოლო მ-----------ას ასევე მიეკუთვნოს ამონაგები თანხიდან 1/2 ნაწილი).

 

2. მ-----------ა სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ბ-------------–----–--------------------, ბინა N-------------–----, ს/კ N-----------------------, საკუთრების უფლებით თანაბარწილად ეკუთვნით მოსარჩელე მ-----------ას და მოპასუხე მ-------------ეს. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა, მოპასუხე არ აძლევს მოსარჩელეს საშუალებას ისარგებლოს თავისი უძრავი ქონებით. მოპასუხე მხარემ ასევე უარი განაცხადა უძრავ ქონებაში ექსპერტის შეშვებაზე საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით.

 

3. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მ-------------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების საფუძველი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს არ ეზღუდება უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება. დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მან ექსპერტს არ მისცა საექსპერტო დასკვნის მომზადების საშუალება. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია საზიარო საგნის გაყოფით.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ-----------ას სარჩელი მოპასუხე მ-------------ის მიმართ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მ-----------ას და მ-------------ის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, თბილისი, ბ-------------–----–--------------------, სართული N-----------, ს/კ N-----------------------, საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მოსარჩელე მ-----------ას და მოპასუხე მ-------------ეს მიეკუთვნათ უძრავ ქონებაში მათი კუთვნილი წილის პროპორციულად, კერძოდ, მ-------------ეს მიეკუთვნა ამონაგები თანხიდან 1/2 ნაწილი, ხოლო მ-----------ას ასევე მიეკუთვნა ამონაგები თანხიდან 1/2 ნაწილი.

 

5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----------ას და მ--------------ის სახელზე საერთო თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ბ-------------–----–--------------------, სართული N----------- (ს/კ N-----------------------), საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელი იყო.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ №ას-39-39-2016, 01.03.2016წ.; №ას-222-212-2016, 05.10.2016წ.) და არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის არაჯეროვან განხორციელებასთან მიმართებით და ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის პირობებში სარჩელის დაკმაყოფილების შეუძლებლობაზე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-----------------------------ე, რომლის თანახმად, მოპასუხემ უარი განაცხადა კუთვნილ ბინაზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი იყო, საწინააღმდეგოს დამტკიცების ვალდებულება კი მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე, 102-ე და 162.2-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხე არ იყო შეზღუდული, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით ან სხვა განკუთვნადი მტკიცებულებით გაექარწყლებინა მოსარჩელის მითითება, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნივთის ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელი იყო.

სამართლებრივი დასაბუთებისას, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ-------------ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახლი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

7. მ-------------ის სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მ-----------ას და მ-------------ის სახელზე საერთო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ბ-------------–----–--------------------, სართული N----------- (ს/კ N-----------------------), საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელი იყო. აღნიშნული გარემოება შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, რეალობას არ შეესაბამება სასამართლომ მითითება მასზედ, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა უძრავ ქონებაზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისში, ბ-------------–----–--------------------, სართული N-----------) 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ-----------ას, ხოლო 1/2 ნაწილი - მ-------------ის სახელზე (ტომი 1, ს.ფ. 14-15).

 

9. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით მ-----------ა მოითხოვდა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ბ-------------–----–--------------------, სართული N-----------, ს/კ N-----------------------, საზიარო უფლების გაუქმებას, საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მიკუთვნებას უძრავ ქონებაში მოდავე მხარეთა კუთვნილი წილების პროპორციულად, რაც თითოეულის შემთხვევაში შეადგენს 1/2 -1/2 წილს.

 

10. პალატა აღნიშნავს, რომ საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება.

 

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოდავე მხარეები იმ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან, რომელიც საზიარო უფლების ობიექტს წარმოადგენს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961.1 მუხლის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

13. ამდენად, კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა, საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეელახოს. სწორედ ამიტომ, ამავე კოდექსის 963-ე მუხლი, ნატურით გაყოფის გზით, საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

მოპასუხე სააპელაციო საჩივარში, სწორედ საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობაზე აპელირებს, რაც, მისი აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნის.

 

14. როგორც აღინიშნა, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამასთან, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

 

15. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

 

16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით, ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია – საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი). საზიარო უფლების გაუქმებისათვის ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.

 

17. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. (ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რაც ასახულია არაერთ გადაწყვეტილებაში; იხ. სუსგ ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014; სუსგ ას-1653-1550-2012, 15 აპრილი, 2013; სუსგ ას-1089-1020-2012, 8 ოქტომბერი, 2012; სუსგ ას-932-875-2012, 17 სექტემბერი, 2012 წელი; სუსგ ას-1665-1562-2012, 4 თებერვალი, 2013, სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-1148-1094-2014).

 

18. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება ვრცელდებოდეს.

 

19. განსახილველ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ სადავო უძრავი ქონება მრავალსართულიან კორპუსში მდებარეობს, ანუ იგი კომუნალური ტიპის ბინაა.

 

20. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა არ გულისხმობს უძრავი ქონების გაყოფას მხოლოდ ფაქტობრივად ფართების გათვალისწინებით. სსკ-ის 963-ე მუხლის მიზანია, გაყოფის შედეგად მიღებული ფართის ღირებულების შენარჩუნება, რაც თავისთავში მოიცავს მისი დანიშნულების და სარგებლობისათვის სრული შესაძლებლობების არსებობას, რომ იზოლირებული ბინის ცალ-ცალკე აღებულ ოთახებს არ შეიძლება დამოუკიდებელი დანიშნულება ჰქონდეთ, ვინაიდან ამგვარი ბინის ოთახები ერთმანეთთან დაკავშირებულია მიზნობრივად და მათი კავშირის შედეგი სამეურნეო დანიშნულების ერთიანი ნივთის (ბინის) არსებობას წარმოადგენს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ოთახების ფლობა არ გულისხმობს მესაკუთრეთა კუთვნილი ფართის იდენტიფიცირებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბინას გააჩნია საერთო შესასვლელი, სამზარეულო და სველი წერტილები.

 

21. სსკ-ის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით დასახელებული ნორმის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება).

 

22. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საზიარო უფლების საგანს მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინა წარმოადგენს, რომელზეც საზიარო უფლების ნატურით გაუქმება შეუძლებელია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სადავო ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა დადგინდებოდა, რადგან სადავო ქონება მრავალბინიან სახლში მდებარე ბინას წარმოადგენს, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მისი ნატურით გაყოფა შეუძლებელია.

 

23. ზემოაღნიშნული გარემოება მოსარჩელეს სსკ-ის 964-ე მუხლის საფუძველზე საზიარო უფლების რეალიზაციითა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა შორის საკუთრებაში არსებული წილების შესაბამისად განაწილების მოთხოვნის უფლებას წამოუშობს.

 

24. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

25. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

 

26. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე საზიარო უფლების გაუქმებას აუქციონზე გაყიდვის გზით მოითხოვდა, სწორედ მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ საზიარო საგნის გაყოფა ნატურით შეუძლებელი იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთი დაძლია, ვინაიდან დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ქონება მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინაა, რომლის ნატურით გაყოფა, მისი კომუნალური ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ ხდება. ამ პირობებში, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო ბინის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა რეალურად არსებობდა.

 

27. ამასთან, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-----------------------------ე, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ უარი განაცხადა უძრავ ქონებაზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია (თანასაკუთრებაში არსებულ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების შეუძლებლობა ამ ნივთის ნატურით გაყოფის გზით) დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცების ვალდებულება გადადის მოპასუხეზე, რომელმაც ვერ დაძლია მისი მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ წარუდგინა დადასტურებულად მიჩნეული ამ ფაქტობრივი გარემოების უარმყოფელი მტკიცებულება.

 

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მ-------------ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

29. აპელანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი