განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2019
საქმის ნომერი
330100118002494980
ინსტანცია
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002494980

საქმე №1ბ/1715-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------–-–--–--ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ე---------ე კ----–-ა, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ---–-----–-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–---–------------------------------------ში;

 

ადვოკატი - დ---------------ე;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2) საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 4 მაისს თ---–--–----------------ში ე---------ე კ----–-ამ ურთიერთშელაპარაკებისას ნ---- ს------ს და მ------ი რ-----ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ნ---- ს------ს ყელისა და გულმკერდის არეში ჩამოკაწრა, რითიც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ------ი რ-----ას თავისა და სახის არეში დაარტყა მუშტი, რითიც ამ უკანასკნელმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ე---------ე კ----–-ა ნ---- ს------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით: ე---------ე კ----–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ე---------ე კ----–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ე---------ე კ----–-ამ, ასევე ბრალდების მხარემ - თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–--------ამ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან კონფლიქტის მიზეზი გახდა მას და დაზარალებულებს შორის წლების მანძილზე მიმდინარე სამოქალაქო დავა, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით. შესაბამისად, დაზარალებულები წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეს და არ არის სარწმუნო მათი ჩვენებების შინაარსი, რაც რეალურად წარმოადგენს შურისძიებას და არა ფაქტების ობიექტურ აღწერას.

დაცვის მხარის პოზიციით, შმთხვევის დღეს ე---------ე კ----–-ა წარმოადგენდა მ------ი რ-----ას მიერ განხორციელებული აგსრესიული თავდასხმის ობიექტს, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მისი ჯანმრთელობა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კი მისი ადეკვატური რეაქცია - თავდამსხმელისათვის ხელის დარტყმა არ უნდა შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. დაცვის მხარემ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამასთან, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა, რადგან სასამართლომ ე---------ე კ----–-ას მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, სრულად არ გაითვალისწინა ე---------ე კ----–-ას მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივი ხასიათი, რაც მომავალშიც დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მომეტებული საფრთხის არსებობაზე მიუთითებს. სასჯელის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე სათანადო ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში კი გამოყენებული სასჯელი მისი ნაკლები სიმკაცრის გამო ვერ უზრუნველყოფს მომავალში მსჯავრდებულის სათანადო ქცევას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

დაზარალებულმა მ------ი რ-----ამ განმარტა, რომ რამდენიმე წელია, იცნობს ე---------ე კ----–-ას. მასთან დაპირისპირების მიზეზია ბინა, რომელიც ეკუთვნოდა მის სიდედრს და რომელშიც ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. შემთხვევის დღეს მისი მეუღლე - ნ---- ს------ გავიდა ეზოში და გაემართა საპირფარეშოსკენ. თავად ფანჯარასთან იდგა და დაინახა, რომ სახლიდან გამოვიდნენ რ---------------ძე და ე---------ე კ----–-ა. რ---------------ძემ ე---------ე კ----–-ას გადასცა ჩაქუჩი. ის კი მოღერებული ჩაქუჩით წავიდა მისი მეუღლისკენ. ჩაქუჩის დარტყმამდე შეძლო ე---------ე კ----–-ასთან მისვლა და მოქნეულ ჩაქუჩს ხელი დაუხვედრა, რის გამოც მიიღო დაზიანება. მეორე მოქნევის დროს კი ჩაქუჩს სტაცა ხელი, თუმცა რ---------------ძე ცდილობდა ჩაქუჩის წართმევას. გაწევ-გამოწევაში თავი ვერ შეიკავა და ძირს დაეცა. წაქცეულს ე---------ე კ----–-ა სახეში ურტყამდა ხელებს, ხოლო რ---------------ძე ცდილობდა ჩაქუჩის წართმევას. ასეთ მდგომარეობაში ადგომას ვერ ახერხებდა. ამიტომ დასახმარებლად მივიდა მისი მეუღლე ნ---- ს------, რომელიც მანამდე კონფლიქტში არ ერეოდა. ე---------ე კ----–-ამ მასაც დაარტყა ხელი. როდესაც მოახერხა ფეხზე წამოდგომა, ე---------ე კ----–-ამ სახეში კიდევ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც იგრძნო ტკივილი. ე---------ე კ----–-ასათვის წართმეული ჩაქუჩი მეუღლეს გადასცა და სთხოვა, საპატრულო პოლიცია გამოეძახა. ე---------ე კ----–-ა ამ დროს მის მეუღლეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ ,,ტვინს გაასხმევინებდა“. ე---------ე კ----–-ას ქმედების შედეგად დაუზიანდა ხელი, რომელზეც დასჭირდა ხანგძლივი მკურნალობა. ასევე, დაზიანება მიიღო კეფასთან, მარცხენა ლოყაზე და ნიკაპთან.

 

დაზარალებულმა ნ---- ს------მ განმარტა, რომ ე---------ე კ----–-ასთან და მის ოჯახთან კონფლიქტი დაიწყო წლების წინ საცხოვრებელი ბინის თაობაზე, რომელთან დაკავშირებითაც სამოქალაქო დავა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 2016 წლის 4 მაისს, დაახლოებით 10:00 საათისთვის სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან მ------ი რ-----ასთან ერთად. გავიდა ეზოში ონკანთან, რა დროსაც უკნიდან მოესმა ხმა: ,,შე გათახსირებულო, მე შენ გიჩვენებ სეირსო“. მიიხედა და დაინახა ე---------ე კ----–-ა, რომელსაც ხელში ეჭირა ჩაქუჩი და მისკენ მიემართებოდა. მას უკან მიჰყვებოდა რ---------------ძე. ე---------ე კ----–-ამ მოუქნია ჩაქუჩი, რომელიც მის დასახმარებლად მისულ მეუღლეს მ------ი რ-----ას მოხვდა მარჯვენა ხელზე. როდესაც ე---------ე კ----–-ამ მეორედ დააპირა ჩაქუჩის დარტმა, მისმა მეუღლემ მარცხენა ხელი სტაცა ჩაქუჩის ტარს და არ მისცა დარტყმის საშუალება. ჩხუბში ჩაერთო რ---------------ძეც და ორივე ცდილობდა მ------ი რ-----ას მოშორებას, რა დროსაც მოახერხეს და იგი მიწაზე წააქციეს. წაქცეულ მეუღლეს ე---------ე კ----–-ამ ხელი ჩაარტყა სახეში. როდესაც მეუღლის დასახმარებლად მივიდა, ე---------ე კ----–-ამ ჩაქუჩს ხელი გაუშვა, ჩამოკაწრა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები კისრისა და გულმკერდის არეში. ამ დროს მ------ი რ-----ამ მოახერხა რ---------------ძისგან გათავისუფლება და ფეხზე წამოდგომა, ჩაქუჩი მას გადასცა. მან კი იგი სახლში შეიტანა და დარეკა საპატრულო პოლიციაში.

 

ნ---- ს------მ ასევე აჩვენა, რომ კ----–-ძეების ოჯახის მხრიდან წლების განმავლობაში გრძელდებოდა მათ მიმართ მუქარა - თუ კანონით ვერ წაართმევდნენ სახლს, მაშინ გაუსწორდებოდნენ „სვანური წესით". შემთხვევის დღეს ე---------ე კ----–-ა ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით - „ტვინის გასხმევინებით“, რაც აღიქვა რეალურად, ვინაიდან მუქარას წინ უსწრებდა მისთვის ჩაქუჩის ჩარტყმის მცდელობა და რომ არა მეუღლის დახმარება, რა მოხდებოდა, არავინ იცის.

 

მოწმე ვ--------–----ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ჩუღურეთის მიმართულების მე-2 ოცეულში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 4 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას მეწყვილე ანა ურთმელიძესთან ერთად, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება 9-----------ზე კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ 2 ქალბატონი, მათ შორის - ე---------ე კ----–-ა, მეორე ქალბატონის სახელი არ ახსოვს, ასევე ადგილზე იმყოფებოდა ერთი მამაკაცი. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ კონფლიქტის წამოწყებაში და ვინაიდან იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, გამოიძახა საგამოძიებო ჯგუფი.

 

მოწმე ნ-----–---------–-–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში და შემოესმა ხმაური. გავიდა ეზოში და დაინახა საპატრულო პოლიციის მანქანები და პოლიციის თანამშრომლები. მათგან შეიტყო, რომ ჩხუბი მოსვლიათ მ------ი რ-----ას, ნ---- ს------ს და ე---------ე კ----–-ას. მ------ი რ-----ასთვის ე---------ე კ----–-ას ჩაურტყამს ჩაქუჩი, რის გამოც მას მარჯვენა ხელი ჰქონდა ჩალურჯებული. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ეზოდან წლების განმავლობაში ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმა მათ შორის ბინასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო.

 

მოწმე რ---------------ძემ აჩვენა, რომ შემტხვევის დღეს ე---------ე კ----–-ას ათხოვა ჩაქუჩი, შემდეგ კი სახლში შევიდა და კონფლიქტის დაწყებას არ შესწრებია, თუმცა ხმაურზე გავიდა ეზოში და დაინახა, რომ მ------ი რ-----ამ ე---------ე კ----–-ას ხელი გადაუტრიალა და ჩაქუჩი წაართვა.

 

2016 წლის 4 მაისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, 9----------- N7-ში მდებარე მ------ი რ-----ას საცხოვრებელ სახლიდან ამოღებული იქნა ხის ტარიანი ჩაქუჩი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 23 მაისის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით 2016 წლის 4 მაისს მოქ. ნ---- ს------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების და ნაკაწრის სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 23 მაისის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ პირადი შემოწმებით 2016 წლის 4 მაისს მ------ი რ-----ას მარჯვენა ხელის მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა შესიებული უბანი, სახის მიდამოში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების სახით, კერძოდ: ლოყის მიდამოში მარცხნივ აღინიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით 0,2X0,2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნებოდა ნიკაპის მიდამოში მარცხნივ, ზომით 0.3X0,2 სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.

 

ე---------ე კ----–-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს საერთო სარგებლობის საპირფარეშოს კარი დახვდა ბოქლომით ჩაკეტილი, რის გამოც რ---------------ძეს გამოართვა ჩაქუჩი და 3-4-ჯერ დაარტყა ბოქლომს, მაგრამ ვერ გატეხა. ამ დროს ზურგიდან მიუახლოვდა მ------ი რ-----ა, რომელმაც ძლიერად დაქაჩა, გადაუგრიხა ხელი და წაართვა ჩაქუჩი, ხოლო შემდეგ მიახეთქა რ---------------ძის სახლის კედელს. ამ დროს იტკინა მარცხენა მხარი, რომელიც დიდხანს სტკიოდა. მას არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია დაზარალებულთათვის და არც დამუქრებია, იგი მხოლოდ თავს იცავდა.

 

სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ გიორგი გიუნაშვილი (გამომძიებელი) და ბაჩანა კვარაცხელია (გამომძიებელი), რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მ------ი რ-----ა, ნ---- ს------, ე---------ე კ----–-ა და რ---------------ძე. აქედან, რ---------------ძემ განმარტა, რომ ე---------ე კ----–-ას თხოვნის საფუძველზე გადასცა ჩაქუჩი, შემდეგ კი სახლში შევიდა და კონფლიქტს არ შესწრებია, თუმცა ხმაურზე გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მ------ი რ-----ამ ე---------ე კ----–-ას ხელი გადაუტრიალა და ჩაქუჩი წაართვა. ამდენად, რ---------------ძის განმარტებით, იგი არც კონფლიქტის დასაწყისს შესწრებია და არც მის გაგრძელებას, შესაბამისად მისი ჩვენება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო პალატა უშუალოდ შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით ამ ჩვენებას სიღმისეულად არ მიმოიხილავს.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ეჭვქვეშ არ აყენებს დაზარალებულების ჩვენებებს შემთხვევის ადგილზე რ---------------ძის ყოფნასთან და კონფლიქტში მის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე დასძენს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13). ამდენად, ვინაიდან სასამართლო იხილავს ე---------ე კ----–-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება მ------ი რ-----ას ცემას და ნ---- ს------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რ---------------ძის კონფლიქტში შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მსჯელობა იქნებოდა ბრალდების ფარგლების გაცდენა და ახალი ბრალდების ფორმულირება, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენით დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებსა და მსჯავრდებულს შორის არსებობდა ხანგრძლივი კონფლიქტური ურთიერთობა, მეტად კრიტიკულად შეაფასა დაზარალებულების მ------ი რ-----ას და ნ---- ს------ს ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ამხელდნენ ე---------ე კ----–-ას დანაშაულის ჩადენაში და მიაჩნია, რომ დაზარალებულთა ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის რაიმე წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ დადგენილა. ორივე დაზარალებული კონფლიქტის დაწყების, განვითარების, ასევე მათი და მსჯავრდებულის მოქმედებების აღწერასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. ორივე დაზარალებულმა ცალსახად დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს ნ---- ს------ გავიდა ეზოში, სადაც მას თავს დაესხა ე---------ე კ----–-ა, რომელიც შეიარაღებული იყო ჩაქუჩით და სწორედ მ------ი რ-----ამ შეაჩერა მისი მეუღლისთვის მოქნეულ ჩაქუჩი, რომელიც ხელში მოხვდა და მიიღო დაზიანება. ორივე დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია იმასთან დაკავშირებით, რომ ე---------ე კ----–-ამ ხელმეორედაც მოიქნია ჩაქუჩი, რა დროსაც, გაწეული წინააღმდეგობის გამო მ------ი რ-----ა მიწაზე დაეცა, ხოლო ე---------ე კ----–-ამ სახეში დაარტყა ხელი. მ------ი რ-----ას დასახმარებლად მისულ ნ---- ს------ს კი გულ-მკერდი ჩამოკაწრა. ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შემთხვევიდან დაზარალებულების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია ხანგრძლივი დრო და არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებულებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები და იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ დაზარალებულები შესაძლოა, ცრუობენ, მითუმეტეს, რომ დაზარალებულები საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს, რომლებიც ზედმიწევნით ემთხვევა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს. კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 23 მაისის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2016 წლის 4 მაისს ნ---- ს------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების და ნაკაწრის სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა ყოფილიყო რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 23 მაისის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ 2016 წლის 4 მაისს მ------ი რ-----ას სახის მიდამოში აღინიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების სახით. კერძოდ: ლოყის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით 0,2X0,2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნებოდა ნიკაპის მიდამოში მარცხნივ ზომით 0.3X0,2 სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით.

 

დაზარალებულების მ------ი რ-----ას და ნ---- ს------ს ჩვენებები ასევე ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს ნ---- ს------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილშიც, ვინაიდან ორივე დაზარალებულმა ცალსახად დაადასტურა, რომ ე---------ე კ----–-ამ ნ---- ს------ს უთხრა, რომ ,,ტვინს გაასხმევინებდა“. სააპელაციო პალატა ერთობლიობაში აფასებს ე---------ე კ----–-ას ქცევას და მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს - იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის დროს ე---------ე კ----–-ას ნამდვილად ეკავა ხელში ჩაქუჩი (რასაც არც თავად უარყოფს) და სწორედ ჩაქუჩით შეიარაღებული დაემუქრა ნ---- ს------ს, „ტვინს გაგასხმევინებო“, არ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს დაზარალებულის მტკიცება, რომ ნ---- ს------მ მუქარა რეალურად აღიქვა.

 

რაც შეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე---------ე კ----–-ა იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა. ხელყოფა იმწუთიერი და რეალური უნდა იყოს, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით უნდა იყოს გამოწვეული, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება №593აპ-15).

 

აუცილებელი მოგერიების უფლება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლში, რომლის თანახმად მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამასთან, ორივე აუცილებელი თავდაცვისა და აუცილებელი დახმარების პირობებში მომგერიებელს აქვს უფლება, დაზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა. აუცილებელი მოგერიების მართლზომიერებისას აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ა) ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ბ) იმწუთიერი და რეალური გ) მოგერიება უნდა იყოს რელევანტური და დ) სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.

 

სააპელაციო პალატამ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობისთვის სავალდებულო თითოეული კრიტერიუმი განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმის ჭრილში და მივიდა დასკვნამდე, რომ ე---------ე კ----–-ა ცალსახად არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზარალებულების ჩვენებებით ცალსახად დადგენილია, რომ ე---------ე კ----–-ას თავდასხმას წინ არ უსწრებდა მ------ი რ-----ას და ნ---- ს------ს მხრიდან რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მეტიც ე---------ე კ----–-ა თავად დაესხა თავს ნ---- ს------ს და ცდილობდა მისთვის ჩაქუჩის ჩარტყმას. საყურადღებოა, რომ არც თავად ე---------ე კ----–-ა უარყოფს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის დროს მას თან ჰქონდა ჩაქუჩი (თუმცა შედარებით მომცრო ზომის და არა ის, რომელიც ამოღებულია), რაც ასევე უტყუარად არის დადასტურებული რ---------------ძის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ თავად გადასცა ე---------ე კ----–-ას ჩაქუჩი და მოგვიანებით დაინახა, როგორ წაართვა ეს ჩაქუჩი ხელიდან მ------ი რ-----ამ ე---------ე კ----–-ას. ამდენად, რ---------------ძის ჩვენებითაც დგინდება, რომ მთელი კონფლიქტის განმავლობაში ე---------ე კ----–-ას თან ჰქონდა ჩაქუჩი, რომლითაც, დაზარალებულების განმარტებით, თავს ესხმოდა მათ, ხოლო მ------ი რ-----ა და ნ---- ს------ შიშველი ხელებით ცდილობდნენ გამკლავებას. საყურადღებოა, რომ ე---------ე კ----–-ამ ერთი მხრივ ჩაქუჩი რამდენჯერმე მოუქნია ნ---- ს------ს, რომელიც მოიგერია საშველად მისულმა მ------ი რ-----ამ, რის შედეგადაც ხელზე მიიღო დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული ექსპერტის დასკვნით, ხოლო ნ---- ს------ს, რომელიც შეეცადა, დახმარებოდა მეუღლეს, გულ-მკერდი ჩამოკაწრა, რაც ასევე დადასტურებულია ექსპერტის დასკვნით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ე---------ე კ----–-ა პირველი დაესხა თავს ნ---- ს------ს, იყო ჩაქუჩით შეიარაღებული და აგრესიული, იმუქრებოდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ორივე დაზარალებულს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზაიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ე---------ე კ----–-ა იმყოფებოდა თავდაცვით პოზიციაში, ვინაიდან საწინააღმდეგო დადასტურდა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის დარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე - სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ე---------ე კ----–-ამ ნ---- ს------ს და მ------ი რ-----ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითიც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, სახეზეა დანაშაულის - ცემის შემადგენლობის არსებობისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო სამართლებრივი ნიშანი, რისი მხედველობაში მიღებითაც ე---------ე კ----–-ა დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი, კერძოდ:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.

 

ე---------ე კ----–-ას მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2016 წლის 4 მაისს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ე---------ე კ----–-ას ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება, განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე---------ე კ----–-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ---- ს------ს, ჩაქუჩით შეიარაღებულმა უთხრა, რომ ,,ტვინს გაასხმევინებდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც ე---------ე კ----–-ა დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე---------ე კ----–-ას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე---------ე კ----–-ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლითაც ე---------ე კ----–-ას დაედო მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ურთიერთშელაპარაკება, რასაც წინ უსწრებდა საყოფაცხოვრებო კონფლიქტი), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ე---------ე კ----–-ამ იძალადა დაზარალებულებზე როგორც ფიზიკურად, ასევე სიტყვიერად), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, დაზარალებულებისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი და აღეძრა მათში შიში), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ასევე იმ გარემოებას, რომ არის ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა, ინციდენტის შედეგად თავადაც მიიღო სხეულის დაზიანებები, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა. მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ დანაშაულების ჩადენის შემდეგ დღემდე გასულია სამ წელიწადზე მეტი დრო, თუმცა ამ ხნის მანძილზე არ გამოვლენილა ე---------ე კ----–-ას მხრიდან მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედების ჩადენა მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის გამომწვევი საფუძველი - მათ შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა მათივე განმარტებით, დღემდე გრძელდება. ამდენად, არ უნდა იქნას გაზიარებული ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე - ჯარიმა თავისი ნაკლები სიმკაცრის გამო ვერ უზრუნველყოფს მომავალში მსჯავრდებულის სათანადო ქცევას, ვერ განმსჭვალავს მას მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ე---------ე კ----–-ას მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით სასჯელის - ჯარიმის ოდენობად განისაზღვროს თითოეული დანაშაულისთვის 1000-1000 ლარი, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე---------ე კ----–-ას და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე---------ე კ----–-ას მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ე---------ე კ----–-ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და ე---------ე კ----–-ას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

პერანგის და ჩაქუჩის ბედი, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, გადაწყდეს ე---------ე კ----–-ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას; კომპიუტერული დისკი შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე