განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2019
საქმის ნომერი
330100119003187718
ინსტანცია
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119003187718, №1ბ/1842-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - დ---- გ---ს ასული ჭ----------ე, დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–-------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სასჯელი:

 

ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და დ---- ჭ----------ის მიმართ კანონით განსაზღვრული ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენით დაკისრებული ჯარიმა არის განსაკუთრებით დიდი ოდენობის, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აპირებს სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, დანაშაულის ჩადენა ძირითადად განპირობებული იყო არცოდნით, მისთვის არავის განუმარტავს, რომ აუცილებელი იყო გადამხდელად რეგისტრაცია. გარდა ამისა, იმავე ქმედებისთვის სახელმწიფომ უკვე განუსაზღვრა ჯარიმის გადახდა, რაც დასტურდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოქმით (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ---- ჭ----------ემ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ---- ჭ----------ემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დ---- ჭ----------ე 2016 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას დ---- ჭ----------ე ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. დ---- ჭ----------ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 8 000 აშშ დოლარი და 86 500 ლარი, რაზეც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა შესაბამისი კურსით 17455,48 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, დ---- ჭ----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 3290,08 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით, დ---- ჭ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამავე განაჩენით, ი----- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ---- ჭ----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (მოწმეების: ი-–-----–-------–-----------–---------–------------------------------–---–-----------------------–---–---------------------------------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ადასტურებენ მსჯავრდებულ დ---- ჭ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ დ---- ჭ----------ის მიერ განხორციელებული იყო სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი ნაწილით გათვალისწინებული მართლზომიერი ქმედება რეგისტრაციის გარეშე, პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მოცემულ შემთხვევაში თავად დ---- ჭ----------ე ადასტურებს, რომ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე. დაურეგისტრირებელმა საქმიანობამ კი აღნიშნული ქმედება გადააქცია არაკანონიერად და შედეგის გათვალისწინებით მოექცა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად სფეროში.

 

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ აღნიშნული ქმედებისთვის დ---- ჭ----------ეს სახელმწიფომ უკვე განუსაზღვრა სასჯელის ზომად ჯარიმა, არასწორია. სასჯელი ინიშნება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, არის ფულადი გადასახდელი, რომლის ოდენობას სასამართლო ადგენს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით და რომელიც არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე დარიცხულ ჯარიმას ან ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ---- ჭ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ---- ჭ----------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მინიმალურ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, წარმოადგენს საფრთხეს იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას და სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც არაა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ან სხვაგვარ შეზღუდვასთან. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნულს სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში დ---- ჭ----------ემ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებით მიიღო სარგებელი (შესაბამისი კურსით) 17455,48 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 3290,08 ლარის ოდენობით.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის (ჯარიმის) შემცირებაზე. წარმოდგენილი ცნობის ასლით არ დასტურდება ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევა. დ---- ჭ----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასევე ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის. ის გარემოება, რომ დ---- ჭ----------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ იყო ნასამართლობის მქონე და სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის სახით - ჯარიმით (5 000 ლარის ოდენობით). პალატას მიაჩნია, რომ დ---- ჭ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ---- ჭ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი დ---- ჭ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ---- ჭ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ დ---- ჭ----------ის მიმართ სასჯელი სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

მსჯავრდებულ დ---- ჭ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გირაოს თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, დ---- ჭ----------ის (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს: თ---–--–--------------–---–-----------------------------–-----------------------------------------------------------------------------------

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე