განაჩენი

სისხლის სამართლის 08.12.2019
საქმის ნომერი
330100119002882192
ინსტანცია
თარიღი
08.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119002882192-1ბ/1060-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---–--–---–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: დ-------------------------------------- დაბადებული 19---–-–----- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------–-----------------------------------------------------

 

ადვოკატი: ნ-----–-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი;

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა.

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი.

 

დისპოზიცია:ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია:ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წელი; დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–-----------მ და თბილისის პროკურატურის პროკურორმა გი---–--–---–-–---–---

 

მსჯავრდებულ დ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–-----------მ მოითხოვა ცვლილება შევიდეს განაჩენში და დ-------------ეს განესაზღვროს უფრო მსუბუქი სასჯელი, ხოლო ბრალდების მხარემ ითხოვა მსჯავრდებულ დ-------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

დ-------------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ-------------ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი 6 ცალი ვაზნა, რომლებიც, ასევე, მართლსაწინააღმდგოდ შეინახა დაუდგენელ ადგილას.

 

დ-------------ე დარწმუნებული იყო, რომ მეუღლე ო-–----------–----ალატობდა და ინტიმური კავშირი ჰქონდა მის ბავშვობის მეგობართან და მეჯვარესთან, მათსავე კორპუსში მცხოვრებ ნი----–-----–-–--–--ლთან, რის გამოც ამ უკანასკნელის მიმართ განეწყო შურისძიების გრძნობით და განიზრახა მისი მოკვლა.

 

2018 წლის 26 ნოემბერს დ-------------ე შეიარაღდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტითა და საბრძოლო მასალით და საცხოვრებელ კორპუსთან, რომელიც მდებარეობს თბილისში, მუ----------------------------------- დაელოდა ნი----–-----–-–--–--ლის მისვლას. დაახლოებით 01:50 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნი----–-----–-–--–--ლი, მეგობრებთან მ-----–------------–-------------------------–------------------–-------–---–---- ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, დაბრუნდა საცხოვრებელ კორპუსთან. მ-----–------–---–-- ავტომანქანა გააჩერა დ-------------------------- N1 კორპუსებს შორის. მანქანიდან გადმოვიდნენ ზემოთ დასახელებული პირები და გაჩერდნენ იქვე. დ-------------ემ შენიშნა რა მათი ყოფნა კორპუსების მიმდებარედ, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი და მიუახლოვდა მათ, ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა ნი----–-----–-–--–--ლისკენ და განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინა გასროლები მისი მიმართულებით, სროლის შედეგად ნი----–-----–-–--–--ლმა მიიღი ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის არეში და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. სროლის დროს იქვე მყოფმა გ-------------ლაძემ დ-------------ეს უთხრა, თუ რას აკეთებდა, რა დროსაც დ--------------ემ მასაც ესროლა ფეხის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ნი----–-----–-–--–--ლი და გ-------------ლაძე გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, ნ-----–------–-–--–---–-- მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გ-------------ლაძემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ-------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მსჯავრდებულ დ-------------ის, დაზარალებულ გ-------------ლაძის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ-----------–--ის, მოწმეების: ნ---------------–---–------------------–-–---–------------------–----------------–--------–---–------------–-----–-------------------------------–----------–---------------------–-----------–-------------–------–---–-------–----------–------------------------------------------------------–-–-------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმებით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ბალისტიკური ექსპერტიზის N2095/ბ და N3/ბ დასკვნებით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000645819 დასკვნით; ნივთიერებათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N000654419 დასკვნით; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N001056219 დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის N008129818 და N002828719 დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

 

განზრახ მკვლელობის ჩადენისას აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. მკვლელობა მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით. დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის;

 

,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს 2006 წლის 23 იანვრის კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონის თანახმად არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. მსჯავრდებულის ქმედების შეფასებისას, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დ-------------ემ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით და ტარებით საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ უშიშროებას, ასევე დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ამასთან შეიარაღდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტითა და საბრძოლო მასალით და საცხოვრებელ კორპუსთან, დაელოდა ნი----–-----–-–--–--ლის მისვლას. ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა ნი----–-----–-–--–--ლისკენ და განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინა გასროლები მისი მიმართულებით, სროლის შედეგად ნი----–-----–-–--–--ლმა მიიღი ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის არეში, დ-------------ემ ასევე იქვე მყოფი გ-------------ლაძესაც ესროლა ფეხის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნი----–-----–-–--–--ლი და გ-------------ლაძე გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, ნი----–-----–-–--–--ლი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გ-------------ლაძემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

პალატა განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ’’ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა; ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს,თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება (შეძენის ან შენახვის) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა, შეინახა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებელს. ,,იარაღის შესახებ’’ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება, ხოლო იარაღით მოსარგებლე კი პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურეობრივ მოვალეობათა შესასრულებლად;

 

იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ. ამასთან იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებად უნდა დაკვალიფიცირდეს შემთხვევა, როცა იარაღს ატარებს პირი, ვისაც არ აქვს იარაღის ტარების უფლება, იარაღის უკანონო შენახვა და ტარება წარმოადგენს დენად დანაშაულს.

 

ამასთან დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ობიექტურ მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ-------------ის ქმედებამ გამოიწვია გ-------------ლაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების, ასევე განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, რაც ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, მსჯავრდებულ დ-------------ის, დაზარალებულ გ-------------ლაძის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ-----------–--ის, მოწმეების: ნ---------------–---–------------------–-–---–------------------–----------------–--------–---–------------–-----–-------------------------------–----------–---------------------–-----------–-------------–------–---–-------–----------–------------------------------------------------------–-–-------------- გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ამოღების ოქმებს; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს; ბალისტიკური ექსპერტიზის N2095/ბ და N3/ბ დასკვნებს, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000645819 დასკვნას; ნივთიერებათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N000654419 დასკვნას; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N001056219 დასკვნას; სამედიცინო ექსპერტიზის N008129818 და N002828719 დასკვნას. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ-------------ის მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ დ-------------ის მხილების კუთხით წარდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულ დ-------------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

დ-------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დ-------------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ამასთან ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას დ-------------ეს განესაზღვროს უფრო მსუბუქი სასჯელი;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.

 

პალატა მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაც გავლენას მოახდენდა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის ხასიათზე, ხარისხზე და ახასიათებდა მის პიროვნებას, მოცემულ შემთხვევაში მართალია მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა პალატის მიერ შეფასებული და გათვალისწინებული იქნა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, შეფასებული იქნა გარემოებები რომელიც გავლენას ახდენდა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის ხასიათზე (მკვლელობის ჩადენა საჯარო ადგილზე), ხარისხზე და ახასიათებდა მის პიროვნებას და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ-------------ის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა პალატის აზრით სასჯელი სამართლიანია და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან დ-------------ეს ჩადენილი აქვს რამდენიმე დამოუკიდებელი დანაშაული, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტი, მჭიდით, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; გარდაცვლილ ნი----–-----–-–--–--ლის ტანსაცმელი და ნივთები გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ-----------–--ეს; სუნის, ნერწყვის და ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და მასრებიდან, ნი----–-----–-–--–--ლის გვამიდან აღებული უცხო სხეული, დაქტილობარათები, 2 ცალი კბილის ჯაგრისი და 6 ცალი მასრა განადგურდეს; სამედიცინო დოკუმენტაცია და დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ დ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–------------ა და თბილისის პროკურატურის პროკურორ გ---–--–---–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.დ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108-ე მუხლით, 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 120-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 5 (ხუთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ--------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით, 5 (ხუთი) წლით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

4. დ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 27 ნოემბრიდან.

 

5. დ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტი, მჭიდით, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; გარდაცვლილ ნი----–-----–-–--–--ლის ტანსაცმელი და ნივთები გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ-----------–--ეს; სუნის, ნერწყვის და ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და მასრებიდან, ნი----–-----–-–--–--ლის გვამიდან აღებული უცხო სხეული, დაქტილობარათები, 2 ცალი კბილის ჯაგრისი და 6 ცალი მასრა განადგურდეს; სამედიცინო დოკუმენტაცია და დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას:

 

8. განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ.თეთრაული

 

ვ. მრელაშვილი