განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
080100119002971321
ინსტანცია
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119002971321

საქმე №1/ბ-788-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, ე------ ვ----–--ის ძე ფ------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ხ------–-;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების დადგენილების მიხედვით ე------ ფ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში მდებარე სახლში, ე------ ფ------ემ იძალადა არასრულწლოვან შვილზე ჯ--- ფ------ეზე. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე------ ფ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი და ე------ ფ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ე------ ფ------ის მიმართ არის დაუსაბუთებელი. კერძოდ, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს იმაში, რომ ე------ ფ------ემ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

მსჯავრდებულის ადვოკატმა პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა, რომ უარი ეთქვას აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე------ ფ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა ჯ--- ფ------ემ (ე------ ფ------ის შვილი), ასევე მოწმე გიული ლაფერაშვილმა (ე------ ფ------ის მეუღლე) გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმე ა-–---------- ქ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 აპრილს შემოვიდა შეტყობინება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში. შეტყობინების ავტორი იყო ნ--- შ---–--ე, მისი თქმით ის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ს-----------–---ს“ დირექტორი, რომელსაც დაუკავშირდა ჯ--- ფ------ე, რომელიც მისი ბენეფიციარი იყო. ჯ--- ფ------ემ მას უთხრა, რომ მამამისმა ე------ ფ------ემ მასზე იძალადა - „სიგარეტი მომაწვაო და მცემაო“. აჩვენა სისხლიანი ხელი და სახე. როგორც ქალბატონი აცხადებდა, ეს არაერთხელ მომხდარა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ოჯახური ძალადობის მუხლით. ა-–---------- ქ------მ მოიყვანა არასრულწლოვანი ბავშვი გამოსაკითხად სამმართველოში, მას დაენიშნა საპროცესო წარმომადგენელი, ბავშვმა იგივე დაადასტურა. ამის შემდეგ უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა თ---------- ნ------ამ დააკავა ე------ ფ------ე. ის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში იქნა შემოყვანილი, მას განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები და მისი დაკავების შესახებ აცნობა მის მეუღლეს გიული ლაფერაშვილს, რომელმაც დაადასტურა ძალადობის ფაქტი.

 

მოწმე თ---------- ნ------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა წყალტუბოს სოფელ ხომულში. საქმის ვითარების გარკვევის შემდეგ მოხდა ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება, რის შემდეგაც წამოიყვანეს პოლიციაში მეუღლე და ბავშვი დაკითხვის მიზნით. ამის შემდეგ მიიღო დავალება, რომ მისულიყო ე------ ფ------ის სახლში, რათა დაეკავებინა ე------ ფ------ე და შეედგინა დაკავების ოქმი. დაკავებამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში.

 

ე------ ფ------ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 10 აპრილს 04:42 სთ-ზე წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში, თავის საცხოვრებელ სახლში.

 

ე------ ფ------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ე------ ფ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ჯ--- ფ------ემ, ასევე, მოწმემ გიული ლაფერაშილმა ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ე------ ფ------ის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ე------ ფ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის აპრილის თვეში ე------ ფ------ემ იძალადა შვილზე ჯ--- ფ------ეზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულზე ძალადობის კვალის დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლებს, პალატა აღნიშნავს, რომ ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე------ ფ------ის ბრალდების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე------ ფ------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ე------ ფ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ე------ ფ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ე------ ფ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულ ე------ ფ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე