განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ-899-19, 330310018002577567
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი- რ------------–----
აპელანტი მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ჯ----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს------- მ--------------ი
წარმომადგენელი - ნ-------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აპელანტების მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს------- მ--------------ის (პასპორტის NA--------; ს-------ის რესპუბლიკა) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 01 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის ბრძანება N8---, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თაობაზე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (საჩივარი N6----------), სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თაობაზე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნოს მოსარჩელე ს------- მ--------------ს (პასპორტის NA--------; ს-------ის რესპუბლიკაჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალება VAZ 2---- მარკის 24, სახ. ნომრით 2------.
დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილო კონტროლის ზონაში უფლებამოსილმა პირმა 2018 წლის პირველ მარტს შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N E------- ს------- მ--------------ის (პასპ. N A--------) მიმართ. ოქმში აღინიშნა: 2018 წლის 28 თებერვალს ს.გ.პ. სადახლო- საავტომობილო კონტროლის ზონაში ს-------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული VAZ-ის მარკის ავტომაქანა ს-------ში რეგისტრირებული სახელმწიფო ნომრით 2------, რომელსაც მართავდა ს-------ის მოქალაქე ს------- მ--------------ი პასპ. N A--------. მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი მათ შორის სიგარეტი, პიროვნებამ დაადეკლარირა ორი ბლოკი (400 ღერი) სიგარეტი. ეჭვის საფუძველზე მოხდა აღნიშნული ავტომანქანის დათვალიერება რის შედეგადაც გამოვლინდა არადეკლარირებული, დამალული აქციზურ მარკირებას სავალდებულო ქვემდებარე საქონელი კერძოდ სიგარეტი A----- 115 კოლოფი (2300 ღერი) სიგარეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე პიროვნება დაჯარიმდა სსკ. 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. შეფარდებული სანქცია: მუხლი 289 ნაწ.14 1000 ლარი (ფულადი ჯარიმა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის 01.03.2018 წლის (ს.გ.პ. სადახლო- საავტომობილო) N69003016238 ოქმის თანახმად, ს------- მ--------------ს (პასპ.NA--------) ჩამოერთვა A----- 115 კოლოფი და VAZ 2---- (ს.ფ. 20-21).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის N8--- ბრძანების (ს-------ის მოქალაქის ს------- მ--------------ის (პასპ. N A-------) საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე) თანახმად, ს-------ის მოქალაქე ს------- მ--------------ის (პასპ. N A-------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა(ს.ფ. 11-13).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საჩივარი N6----------), საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 14-18).
საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალების თანახმად, მოსარჩელე ს------- მ--------------ის მიერ 12.03.2018 წელს გადახდილია ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 22).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს ს.გ.პ. ,,სადახლო-საავტომობილოს" კოტროლის ზონაში ს-------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ს-------ის რესპუბლიკაში რეგისტრირებული VAZ-ის მარკის ავტომაქანა სახ. ნომრით 2------, რომელსაც მართავდა ს-------ის მოქალაქე ს------- მ--------------ი (პასპ. N 0------.) ეჭვის საფუძველზე მოხდა აღნიშნული ავტომანქანის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა არადეკლარირებული, დამალული აქციზურ მარკირებას სავალდებულო ქვემდებარე საქონელი. კერძოდ, სიგარეტი A----- 115 კოლოფი (2300 ღერი) სიგარეტი. სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N69003016238). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის N8--- ბრძანებით, ს------- მ--------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საჩივარი N6----------).
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლის საფუძველზე, პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის მოიცავს სახდელის სამ სახეს - ,,დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით", ,,საქონლის" ან/და ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას". სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული სახდელის სახე შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ალტერნატიული სახით (მხოლოდ, ,,ჯარიმა" ან მხოლოდ ,,საქონლის ჩამორთმევა" ან მხოლოდ, ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა"), აგრეთვე, კუმულატიურად, სამივე სახდელის სახის შეფარდებით (დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით და ამ საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა). ამრიგად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომის დადგენა (სანქციის შეფარდება) ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს (უფლებამოსილი პირის) დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცდა ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი".
მითითებული ,,წესის" 79.1. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულებას, შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა და სანქციის შეფარდება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის განმარტებით, ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის კუთვნილ ერთადერთ ქონებას.
პირველი ინსტანციის სასამაღთლომ განმარტა, რომ სანქცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას და გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2. ,,ლ" მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, ამ კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლი განამტკიცებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის მნიშვნელობას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადგენს რა, რომ მისი განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ განმარტა, რომ, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის დანაწესის შესაბამისად,, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის (სახდელის) ყველა ღონისძიება ერთდროულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვას. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ზემომითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საბაჟო სამართალდარვევისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სანქციის შეფარდებისას, დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იქნა განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა ალტერნატიული სახის სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მიზანი, ხოლო კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი
აპელანტის მითითებით, 2018 წლის 1 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო“ კონტროლის ზონაში ს-------ის რესპუბლიკიდან შემოვიდა VAZ-ის მარკის ავტომანქანა რომელსაც მართავდა ს-------ის მოქალაქე ს------- მ--------------ი. მებაჟე ოფიცრის შეკითხვაზე - ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მან განაცხადა რომ თან ჰქონდა 2 ბლოკი სიგარეტი (400 ღერი), ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა 115 კოლოფი (2300 ღერი) სიგარეტი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 1 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგა N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 1000 ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია არც მოსარჩელეს და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმეში სადავო გახდა მხოლოდ შეფარდებული სანქციის სიმძიმე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა სწორედ აღნიშნული ნორმების დარღვევით შეადგინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის მიერ შერჩეული სანქცია ავტომობილის ჩამორთმევის ნაწილში არის არაპროპორციული და დაუსაბუთებლად ზღუდავს პირის კანონიერ ინტერესებს.
აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოიყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ს------- მ--------------ის მიმართ მიღებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასში განსაზღვრული შესაბამისი სანქცია კანონიერია და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლს.
აპელანტის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამოიკვლიოს სამართალდარღვევის ჩადენის ის გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია სანქციის შეფარდებისათვის, შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესები და მიიღოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სანქციის შეფარდებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხს, როგორიცაა საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები. საგადასახადო პასუხისმგებლობა წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება საჯარო ქონებრივი ინტერესების აღსადგენად, წარმოშობილი ზიანის კომპენსირებისათვის, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. აპელანტი განმარტავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია პროპორციულობის პრინციპის დაცვა. შეფარდებული სანქცია არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ დაუსაბუთებლად შეზღუდოს პირის უფლებები და მიიღოს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათი, თუმცაღა სანქცია არ უნდა იყოს იმდენად მსუბუქი, რომ ვერ უზრუნველყოს სამართალდარღვევის შემდგომი პრევენცია.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შეფარდებისას ყურადღება უნდა მიექცეს არამხოლოდ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა სამართალდამრღვევის პიროვნულობა, სამართალდარღვევის საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედების განზრახულობას, ასევე შესაბამისი სამართალდარღვევის სიხშირის ზრდის ტენდენციებს და მსუბუქი სახდელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებს. აპელანტის მითითებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები. კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად. 2017 წლიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდამ განაპირობა ფასების მნიშვნელოვანი სხვაობა საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სადაც აღნიშნული საქონელი საგრძნობლად იაფია. ეს გარემოება უბიძგებს პირებს, ჩაიდინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შემოსავლების სამსახური თვლის, რომ მსუბუქი სანქცია, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო 2017 წლის ცვლილებებამდე იყენებდა აღნიშნულ შემთხვევაში ვეღარ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის პრევენციას. ასეთ მიდგომას მოჰყვა სამართალდარღვევის გახშირება, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საჯარო ინტერესებზე.
აპელანტის მითითებით, ს------- მ--------------ის მიერ საქონლის გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ჩადენილი განზრახ. მას ჰქონდა როგორც ცოდნა იმისა, რომ მისი ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, აგრეთვე ამ ქმედების ჩადენის ნება, იგი სრულად აცნობიერებდა თავისი ქმედების არსს, მის მართლსაწინააღმდეგობას და შესაძლო შედეგებს. მიუხედავად ამისა, მან შეგნებულად დაარღვია კანონი და სცადა საზღვარზე დეკლარირების გარეშე გადმოეტანა 115 კოლოფი სიგარეტი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ს------- მ--------------ს არ ჰქონია მანქანაში რაიმე სპეციალურად მოწყობილი სამალავი აღსანიშნავია, რომ მას დაუდეკლარირებელი სიგარეტი დამალული ჰქონდა ავტომანქანის კონსტრუქციის ისეთ ნაწილებში, რომელიც არ არის განკუთვნილი საქონლის შესანახად. მართალია მას არ მოუწყვია ავტომობილში დამატებითი სამალავი, თუმცაღა მან სხვა ადგილები ფაქტობრივად გამოიყენა ასეთ სამალავად, რაც არანაკლებ ართულებს შესაბამისი საქონლის აღმოჩენას.
ს------- მ--------------მა მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა უკანონოდ, მას სურდა საქართველოს ტეროტორიაზე საბაჟო კონტროლის და შესაბამისი დაბეგვრის გარეშე უკანონოდ შემოეტანა სიგარეტი, რომელიც არაკეთილსინდისიერ კონკურენციას გაუწევდა საქართველოს ტეროტორიაზე კეთილსინდისიერად მოვაჭრე მეწარმეს, რაც პირიქით, ხელს შეუშლიდა ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფო, ასევე ზოგადად საჯარო ინტერესებს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო ინტერესები აღემატება პირის კერძო ინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ამ ინტერესების დაკმაყოფილებას კანონის დარღვევით ცდილობს. შემოსავლების სამსახურმა სწორად შეაფასა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, გაითვალისწინა როგორც ქმედების სახე, ისე მისი მნიშვნელობა სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის და შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი
აპელანტის მითითებით, 2018 წლის 28 თებერვალს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში ს-------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანა ს-------ის სახ. ნომრით No2------, რომელსაც მართავდა ს-------ის მოქალაქე ს------- მ--------------ი. მებაჟე ოფიცრის შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, მათ შორის სიგარეტი, პიროვნებამ დაადეკლარირა 2 ბლოკი სიგარეტი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული დამალული აქციზური მარკირებას სავალდებულო ქვემდებარე საქონელი 115 კოლოფი სიგარეტი A-----.
სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ უფლებამოსილი პირის მიერ 1.03.2018 წელს შედგენილია N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის No290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავი რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
დადგენილია რომ 2018 წლის 28 თებერვალს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული მსუბუქი ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული 2300 ღერი სიგარეტი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ოდენობას აღემატება და ექვემდებარება დეკლარირებას და გაფორმებას. სადავო ფაქტის ამსახველი ფოტო მასალით დაფიქსირებულია დამალული საქონელი. საბაჟო დეპარტამენტის 28.06.2018 წლის No69774-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პირი პირველად არ გადაადგილდებოდა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე (8 შესვლა/გასვლა) და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები. რაც შეეხება მისთვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნას გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად.
აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას სრულად გამოიკვლია თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად. მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდადრღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციების სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება ფინანსთა სამინისტროს მართლზომიერად მიაჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, სამართალდამრღვევი დააჯარიმოს როგორც ფულადი სანქციით, ასევე დამატებით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული სანქციის სრულად გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დამატებით აღსანიშნავია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ს------- მ--------------ისთვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს მოსარჩელისთვის სანქციის შეფარდება და ავტომანქანის ჩამორთმევა განხორციელდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ. „შემოსავლების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახური არის ,,ამ კანონით შექმნილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი", ხოლო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას." ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს, რომელმაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა განახორციელა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და ამავე უფლებამოსილებით ახორციელებს მის განკარგვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალება - ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და შეუძლებელია მისი აღსრულება.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს: საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებებს და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა უმეტეს ნაწილში, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადექვატურობას.
ზაკ-ის მე-7 მუხლი ადგენს: 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ნორმის შინაარსს და თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სანქცია დაკისრებულია კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის საფუძველზე. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტები სააპელაციო საჩივრებში ვერ უთითებენ იმ გარემოებებზე, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე