განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003142266
საქმე № 1 ბ/1894-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე
მ--–---- დ-------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- რეგისტრირებული: ს--------------------------–---------–----–----------------–-------------------–--–-------------–-.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---- დ-------ემ ჩაიდინა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი)
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივნისს, თბილისში, ნ----ს პ------–--–-------- N1--–ი, მ--–---- დ-------ე ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- მ-------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაემუქრა მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–- მ-------–---–მა აღიქვა რეალურად.
2019 წლის 3 ივლისს თბილისში, ნ----ს პ------–--–-------- N1--–ი, მ--–---- დ-------ე, ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ--–- მ-------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაემუქრა მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–- მ-------–---–მა აღიქვა რეალურად.
2019 წლის 7 ივლისს თბილისში, ნ----ს პ------–--–-------- N1--–ი, მ--–---- დ-------ე ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- მ-------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დანით დაემუქრა მშობლების და მისი სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–- მ-------–---–მა აღიქვა რეალურად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 7 ივლისს, თბილისში, ნ----ს პ------–--–-------- N1--–ი, მ--–---- დ-------ე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ--–- მ-------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–- მ-------–---–მა აღიქვა რეალურად.
ამასთან სასამართლომ მ--–---- დ-------ე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ------- შ---------მ.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 21 ოქტომბრის, განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა სრულად ბრალად შერაცხულ დანაშაულის ყველა ეპიზოდის ჩადენაში და მისთვის მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საჩივრის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაზარალებულის ჩვენებით და პატრულ ინსექტორების გ------- ნ------ისა და მ----- გ------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ 2019 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიზოდების ჩადენის ფაქტი. მათ შორის დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მ--–---- დ-------ემ, 2019 წლის 12 ივნისს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად; ანალოგიური განმეორდა 2019 წლის 3 ივლისს. პატრულ ისნპექტორთა ჩვენებების თანახმად, 2019 წლის 7 ივლისს, ოჯახურის ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ სტრესულ და შეშინებულ მდგომარეობაში მყოფი ლ--–- მ-------–---–ი, რომელიც ითხოვდა შველას და მიუთითებდა მის მეუღლეზე, რომელიც ემუქრებოდა მას დანით ხელში და რომელიც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარესაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ----- გ------–---–მა აჩვენა, რომ არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. 2019 წლის 7 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რადიოსადგურიდან მიიღეს გამოძახება ოჯახური კონფლიქტის გამო, ის გ------- ნ------ესთან ერთად გავიდა მისამართზე, სადაც მათ დახვდათ შემაშფოთებელი სიტუაცია, ქალბატონი ტიროდა, რომელმაც პოლიციის თანამშრომელებს მიუთითა მის მეუღლეზე - მ--–---- დ-------ეზე და განმარტა, რომ იგი დანით ხელში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში, ხელში ეკავა სამზარეულოს დანა, იყო აგრესიული ცოლის მიმართ, პოლიციის მოწოდების მიუხედავად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. დაზარალებულს სიმთვრალე არ ეტყობოდა.
ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე პატრულ- ინსპექტორმა გ------- ნ------ემ.
მოწმე რ----- მ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, შეტყობინების საფუძველზე, მუქარის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მან გამოკითხა დაზარალებული ლ--–- მ-------–---–ი და ბრალი წაუყენა მ--–---- დ-------ეს. დაზარალებულს ვიზუალურად ალკოჰოლური ზემოქმედება არ ეტყობოდა, დაზარალებულისათვის არ უკითხავს მშობლები ჰყავდა თუ არა.
მოწმე ი----- ს-----–--ემ განმარტა, რომ არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი. ამ საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო რ----- მ---------ე, მან გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში გაუწია დახმარება, კერძოდ დაკითხა ბრალდებულის დამკავებელი პატრული და მისი მეწყვილე.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (7.07.2019) მიხედვით ბრალდებულ მ--–---- დ-------ის პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა შავტარიანი დანა.
ალკოჰოლური შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით (7.07.2019) მ--–---- დ-------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
ექსპერტიზის N2----–- დასკვნის თანახმად დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
დაზარალებულ ლ--–- მ-------–---–ის, 2019 წლის 8 ივლისის, გამოკითხვი ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ მ--–---- დ-------ე სისტემატურად სვამდა და დაზარალებულის მიმართ აგრესიას გამოხატავდა. რამდენჯერაც დააპირა სახლიდან წასვლა, იმდენჯერვე დაემუქრა მშობლების მოკვლით, რასაც ყოველთვის რეალურად აღიქვამდა. კერძოდ მისი მეუღლე დაემუქრა 2019 წლის 12 ივნისს და 3 ივლისს რაც მან აღიქვა რეალურად. რაც შეეხება 2019 წლის 7 ივლისის ეპიზოდს, იგი იმყოფებოდა სახლში, მსჯავრდებული მივიდა ნასვამი და ექცეოდა აგრესიულად, კერძოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამაზე დაზარალებული ბრაზდებოდა, თუმცა აღნიშნული მასში სულიერ ტანჯვას არ იწვევდა. მან უთხრა მსჯავრდებულს, რომ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას არ შეწყვეტდა, სახლიდან წავიდოდა, რაზედაც მსჯავრდებულმა აიღო მაგიდაზე განთავსებული სამზარეულოს დანა, მიუახლოვდა მას და ყელის გამოჭრით დაემუქრა. მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობამ და მის ხელში დანის დანახვამ, დაზარალებულში გამოიწვია მუქარის რეალურად აღქმის საფუძველი. ლ--–- მ-------–---–ი დარწმუნებული იყო, რომ თუ რამეს არ მოიმოქმედებდა, მ--–---- დ-------ე მუქარას სისრულეში მოიყვანდა. ამიტომ შეძლო, დაუსხლტა მსჯავრდებულს, ჩაიკეტა აბაზანაში და დარეკა 112-ში. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რამოდენიმე წუთში მოვიდა, რომლებსაც მოახსენა მომხდარის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით მსჯავრდებულს არც პოლიციის თანამშრომლების მოერიდა და მათი თანდასწრებითაც ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისივე ჩვენებით სხვა დროს პოლიციისთვის არ მიუმართავს, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა არც ყოფილა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებათა ერთმანეთთან შეთანხმება ნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ისინი თანმხვედრი შინაარსით ერთმანეთს უნდა ავსებდნენ. აშკარა მტკიცებულელები კი ნიშნავს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლო რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გარდა ამისა პალატა უთითებს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ამავე დროს პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ განსახილველი ბრალდება მოიცავს დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, მითითებული სტანდარტით, უნდა დადასტურდეს ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ცალკ-ცალკე. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნობილია 2019 წლის 12 ივნისის და 2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდებში, რასაც ასაჩივრებს ბრალდების მხარე.
იმ საკითხის შეფასებისას, არსებობს თუ არა ამ ეპიზოდებში მ--–---- დ-------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
როგორც დანაშაულის საკანონმდებლო განმარტება მიგვითითებს, ქმედების განხორციელების ფორმა, კონკრეტულად კი იმ სიკეთის რაობა, რომლის ხელყოფაც დაზარალებულში მნიშვნელოვნად არასასიამოვნო განცდას იწვევს, ალტენატიულია. ასეთი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. თუ ბრალდება დაადასტურებს, რომ მუქარა ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთის მიმართ იყო ჩადენილი, განსახილველი დანაშაული სახეზეა. რაც შეეხება განხორციელებული ქმედების აღქმას, ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად დგას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან ჩამოთვლილ სიკეთეთაგან ერთ-ერთის დაზიანებით, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ ნიშნის - როგორც ფაქტობრივი გარემოების არსებობას ალტერნატივა არ აქვს. მისი არსებობა, ისევე როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, უნდა დასტურდებოდეს ზემოთ აღწერილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო, სავსებით სამართლიანად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია მ--–---- დ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, 2019 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიზოდებში, მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ ეპიზოდებთან მიმართებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულია უდავოდ მიჩნეული დაზარალებულ ლ--–- მ-------–---–ის ჩვენება. მხოლოდ ეს ერთადერთი მტკიცებულება მიუთითებს მსჯავრდებულზე, როგორც მითითებულ ეპიზოდებში, საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირზე. არცერთი სხვა მოწმის ჩვენება თუ წერილობითი მტკიცებულება, თავისი შინაარსით არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც არ ეხება მ--–---- დ-------ის მიერ, 2019 წლის 12 ივნისს, ან 2019 წლის 3 ივლისს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებას. მათ შორის ეს მტკიცებულებები ბუნებრივია არ შეცავს დაზარალებულად ცნობილი პირის მხრიდან მუქარის რეალურად აღქმა-არ აღქმის შესახებ ინფორმაციას.
როგორც აღინიშნა, ბრალდების თითოეულ ეპიზოდში პირის დამნაშავედ ცნობისათვის, საჭიროა მის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა. თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა დადგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ერთობლიობა კი ნიშნავს სიმრავლეს ანუ რამდენიმეს - არანაკლებ ორ მტკიცებულებას. განსახილველ შემთხვევაში ასეთი სიმრავლე არ გვაქვს. როგორც 2019 წლის 12 ივნისის, ისე 2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდების მიმართ არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება. ცალკე აღებული მხოლოდ ეს გარემოებაც, უკვე შეიძლება გახდეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებამ უნდა დაადსტუროს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდების დადგენილების მიხედვით, მსჯავრდებულის ქმედება, ბრალდების სამივე ეპიზოდში მის მიერ დაზარალებულის მშობლების მოკვლის მუქარაში გამოიხატებოდა. მხოლოდ 2019 წლის 7 ივლისის ეპიზოდში დაიმუქრა მსჯავრდებული მშობლებთან ერთად დაზარალებულის მოკვლითაც. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაზარალებულს მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა მწოლიარე ავადმყოფი. საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა, მოწმე რ----- მ---------ემ კი, რომელმაც გამოძიების ეტაპზე უშუალოდ გამოკითხა დაზარალებული, სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ დაზარალებულისთვის არ უკითხავს, ჰყავდა თუ არა მას მშობლები. ანუ ბრალდებას იმის გარკვევაც კი არ უცდია, ცოცხლები იყვნენ თუ არა ის პირები, ვის მიმართ მოკვლის მუქარასაც მსჯავრდებულს ედავება 2019 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიზოდებში. შესაბამისად, არ არის გამოკვლეული და უტყუარად დადგენილი ქმედების შემადგენლობისთვის საჭირო ისეთი აუცილებელი კომპონენტი, როგორიცაა გარკვევა იმისა გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში იმას ვისაც ემუქრებიან.
გარდა ამისა პალატა განმარტავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, მისი შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლებელია აფიქრებინოს, რომ დაზარალებული მიკერძოებულია ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. როგორც აღინიშნა, 2018 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიზოდებთად დაკავშირებით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არსებობს. თუმცა ეს ჩვენებაც, განსახილველ ეპიზოდებთან მიმართებაში, უაღრესად მწირი და შინაარსობრივად არაფრის მომცემია. ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით დაზარალებული მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული დაემუქრა მშობლების მოკვლით და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თუმცა ბრალდებას არც კი უცდია გაერკვია მუქარის კონკრეტიკა - რა ფორმით გამოიხატა მუქარა, რას უპირებდა მსჯავრდებული პოტენციურ მსხვერპლს, რა იარაღით, როდის და სხვა. აღნიშნული არსებითად მნიშვნელოვანია რამეთუ მტკიცებულებების შეფასება უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით ეფუძნება სწორედ ჩვენების შინაარსს.
პალატა განმარტავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა რაოდენობრივი სიმცირე, ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენის მიხედვით, საქმეზე სადაც ერთადერთი თვითმხილველი იყო დაზარალებული, საკასაციო პალატამ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და აღნიშნა შემდეგი: „განსახილველი დანაშაული თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ“. ითვალისწინებს რა აღნიშნულს, პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რათა სასამართლომ შეძლოს დასახელებულ განაჩენში მითითებული ტესტით დაზარალებულის ჩვენების შეფასება, საჭიროა მას (სასამართლოს) წარედგინოს ასეთი ჩვენება. განსახილველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიზოდებთად დაკავშირებით დაზარალებული საერთოდ გამოკითხული არ არის. დაფისირდა მხოლოდ შემდეგი სიტყვები: დამემუქრა მშობლების მოკვლით და გამიჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ მეტისმეტად მწირი ინფორმაციის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ის სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია. საქმე ისაა, რომ ამ მოცემულობით, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი სახეზე არაა. ეს მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მიერ გამოკვლეული და დადგენილი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა მუქარის რეალურად აღქმა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში პროკურორის მიერ შემთხვევის დღეს, ადგილზე მისული პოლიციელების მ----- გ------–---–ის და გ------- ნ------ის ჩვენებებზე აპელირებას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ მხოლოდ 2019 წლის 7 ივლისს განვითრებულ მოვლენებს, რაშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მ--–---- დ-------ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. 2019 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით კი ამ მოწმეებს ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შედეგად პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--–---- დ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 3 ივნისისა და 12 ივლისის ეპიზოდებში), რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი მ--–---- დ-------ის მიმართ უნდა დარჩეს ძალაში.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მითითებულის გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს მ--–---- დ-------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა. ასევე ის გარემოება, რომ დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა გამოსაცდელი ვადა.
საქართველოს სსკ 521-ე მუხლის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ--–---- დ-------ემ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებითი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ კი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის განსაზღვრა და მას უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, მ--–---- დ-------ეს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამავე მუხლის თანახმად, მასვე უნდა დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი, მ--–---- დ-------ის მიმართ.
მ--–---- დ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ--–---- დ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
მ--–---- დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 7 ივლისიდან 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, მ--–---- დ-------ეს აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მსჯავრდებულს, დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი