განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210017002175942
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002175942

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7389-18 23 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - რ----- ხ------------ი

 

წარმომადგენელი - მ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ------- ხ------------ი

 

წარმომადგენელი - გ------- ა-------–---–-

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოში რ----- ხ------------მა ვ------- ხ------------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და უსაფუძვლო გამდიდრების მოტივით 26 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება რ----- ხ------------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 10 მარტამდე ქ. თბილისში, ა----------------------- #0-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი რ----- ხ------------ის საკუთრებას წარმოადგენდა (ს.ფ 17-18).

 

6. 2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ----- ხ------------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ნაწილი ვ------- (26 კვ.მ) და მ-----– ხ------------ებზე (20 კვ.მ) გაასხვისა, ხოლო, მის საკუთრებად საცხოვრებელი ფართი 22 კვ.მ, აღირიცხა (ს.ფ 19-20).

 

7. 2017 წლის 24 აგვისტოს რ----- ხ------------ს, ვ------- ხ------------ს, მ-----– ხ------------სა (სამივე მათგანი გარიგებაში ი----- ხ------------ის მიერ არიან წარმოდგენილნი) და ნ----–------ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. #0--------------. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების წილი, რომელიც რეგისტრირებული იყო რ----- ხ------------ის, ვ------- ხ------------ისა და მ-----– ხ------------ის სახელზე გასხვისდა. ნასყიდობის საგნის ღირებულება 245 000 ლარით განისაზღვრა (ს.ფ 21-23, 24-33).

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად, რ----- ხ------------ს თანხის კუთვნილი ნაწილი არ მიუღია.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანა სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში მდგომარეობს თუ, რის საფუძველზე, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ იურიდიულ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოძიებული ნორმა (ან ნორმები) უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა და იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ დადგინდეს ნორმის წინაპირობები (მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა), რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საბოლოოდ, სასამართლომ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. პროცესის მონაწილე მხარე კი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ, ვალდებულია, სულ მცირე, მიუთითოს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ადგენს. აქედან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს.

 

თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს არ მიეკუთვნება და მისი დადება შესაძლებელია, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი ფორმით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ მასზედ, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს თვეში, მოპასუხემ მამას შესთავაზა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაყიდვა და მიღებული თანხის წილების შესაბამისად განაწილება. მოსარჩელემ და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ხ------------მა მიუთითეს, რომ უძრავი ქონების გაყიდვის ინიციატივა სწორედ მოპასუხის მხრიდან მომდინარეობდა, როდესაც თანამესაკუთრეები აღნიშნულ შეთავაზებას დაეთანხმნენ, ის ქონების შემძენის ძიებას შეუდგა. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ----–------- რომელიც გასხვისებული ქონების მყიდველი იყო, აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას ვ------- ხ------------თან აწარმოებდა, სწორედ მასთან შეათანხმა, როგორც ქონების ფასი, ასევე მისი გადახდის ფორმაც. სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე ვ------- ხ------------ს ქონების გასასხვისებლად სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება არ უარყვია.

 

განვითარებული მსჯელობა სასამართლოს უქმნის ვარაუდს მასზედ, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი დავალების ხელშეკრულება დაიდო. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მინდობილი მესაკუთრე/რწმუნებული ვალდებული იყო, მისთვის დავალებული (მინდობილი) მოქმედება კეთილსინდისიერად შეესრულებინა.

 

საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან 22 კვ.მ რ----- ხ------------ს, 26 კვ.მ ვ------- ხ------------ს, ხოლო, 20 კვ.მ მ-----– ხ------------ს ეკუთვნოდათ (ს.ფ. 20). ასევე უდავო გარემოებაა, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ნ--- წ-----ზე გასხვისდა (ს.ფ. 21-24). აღნიშნული ქმედება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლისა, ყველა თანამესაკუთრის მიერ, საკუთარი წილის პროპორციულად, ქონების საფასურის მიღების პრეზუმფციას წარმოშობს. საქმის განხილვისას მოპასუხე მხარეს არ უარყვია, რომ შემძენმა ქონების საფასური გადაიხადა, მან შედავება განახორციელა მხოლოდ იმ ნაწილში, რომ მას ქონების სრული საფასური არ მიუღია, გასხვისების შედეგად მიიღო მხოლოდ თავისი და მისი შვილის (მ-----– ხ------------ის) წილი, რომელიც იმავე დღეს საბანკო ანგარიშზე განათავსა და რაც ჯამში 80 000 აშშ დოლარს შეადგენდა (ს.ფ. 146).

 

აღნიშნულ შედავებას სააპელაციო პალატა შემდეგი დასაბუთების გამო უსაფუძვლოდ მიიჩნევს: საქმეში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონება 245 000 ლარად გასხვისდა, რაც 2017 წლის 24 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 102 510 აშშ დოლარს შეადგენდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ გასხვისებული ქონება 68 კვ.მ იყო, რაც ნიშნავს, რომ ერთი კვადრატულის ღირებულება 1507,5 აშშ დოლარს შეადგენდა. თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემების გათვალისწინებით რ----- ხ------------ს - 33 165,4 აშშ დოლარი, ვ------- ხ------------ს 39 195 აშშ დოლარი, ხოლო, მ-----– ხ------------ს 30 150 აშშ დოლარი უნდა მიეღოთ. იმ შემთხვევაშიც თუ გავითვალისწინებდით მოპასუხის შედავებას მასზედ, რომ საბანკო ანგარიშზე იმავე დღეს განთავსებული 80 000 აშშ დოლარი მისი და თავისი შვილის წილს წარმოადგენდა, ანგარიშზე განთავსებულ და მისაღებ წილს შორის სხვაობა 10 655 აშშ დოლარს შეადგენს (39 195+30 150 = 69 345; 80 000 - 69 345= 10 655). იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხე მხარესაც არ უარყვია ნასყიდობის საფასურის, გასხვისების დღესვე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საბანკო სერვისის საშუალებით, ანგარიშზე თანხის შეტანა, სააპელაციო პალატისთვის გაურკვეველი რჩება მიღებულ თანხასა და ანგარიშზე განთავსებულ თანხას შორის არსებული საკმაოდ სოლიდური სხვაობა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ნ--- წ------ ჩვენებას, რომლის თანახმად, მან უძრავი ქონება 85 000 აშშ დოლარად შეიძინა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში 245 000 ლარის მითითება კი, იმ მიზნით მოხდა, რომ შესყიდული ქონება სარემონტო იყო და სამომავლოდ გასაწევი ხარჯიც შესასყიდ საფასურში შეიყვანა, რათა შემდგომ მას როგორც ინდ. მეწარმეს აუდიტის ჩატარება არ დასჭირვებოდა. ვინაიდან ნასყიდობის საგნის საფასურის დადგენა განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს, პალატა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მიზნებისთვის, მაინც განავითარებს მსჯელობას და გამოიკვლევს ასეთ შემთხვევაში ვ------- ხ------------ისა და მისი შვილი მ-----– ხ------------ის წილობრივი მონაცემი, მის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხის ჯამის იდენტური ხომ არ იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ სადავო ქონება 85 000 აშშ დოლარად გაიყიდა, აღნიშნული ნიშნავს, რომ ერთი კვადრატულის ღირებულება 1250 აშშ დოლარს შეადგენდა (85 000/68=1250), ასეთ შემთხვევაში თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემების გათვალისწინებით, რ----- ხ------------ს 27 500 აშშ დოლარი, ვ------- ხ------------ს 32 500 აშშ დოლარი, ხოლო, მ-----– ხ------------ს 25 000 აშშ დოლარი უნდა მიეღოთ. შესაბამისად, მოპასუხე თავისი შვილის წილთან ერთად ჯამში 57 500 აშშ დოლარს მიიღებდა (25 000+ 32 500 = 57 500) რაც საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხაზე 22 500 აშშ დოლარით ნაკლებია. ამ მიმართებითაც, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, ნასყიდობის საგნის საფასურის მიღებისთანავე, ანგარიშზე ბევრად მეტი თანხა როგორ განათავსა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის ზეპირი მოსმენის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მყიდველმა ნ--- წ-----მ დეტალურად განმარტა, თუ რატომ მოხდა მის მიერ ნასყიდობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა. კერძოდ მან მიუთითა, რომ მოლაპარაკებას ვ------- ხ------------თან აწარმოებდა, მან მყიდველს სთხოვა ხელშეკრულების გაფორმებისას თანხა ნაღდი ფულით გადაეცა, ვინაიდან მამა, რომელიც ამავე დროს თანამესაკუთრეს წარმოადგენდა, საბანკო გადარიცხვებსა და ოპერაციებში ვერ ერკვეოდა და თუ თანხას არ ნახავდა, შესაძლებელია, ქონების გასხვისებაზე უარი განეცხადებინა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მდებარე საბანკო დაწესებულებიდან ქონების საფასური გამოიტანა და ვ------- ხ------------ს გადასცა, რომელმაც პროცედურების დასრულების შემდგომ თანხა ანგარიშზე შეიტანა. მოწმის ჩვენების თანახმად, მან ადგილზევე გამოთქვა გულისწყრომა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან თანხის საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, მას განაღდების საკომისიოს გადახდა აღარ მოუწევდა. ზემოაღნიშნული არცერთი აპელირება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მის გასაბათილებლად რელევანტური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

ხსენებული მტკიცებულებებისა და ფაქტების განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქონების გასხვისების შედეგად, ვ------- ხ------------მა ნასყიდობის საფასური სრულად მიიღო.

 

სააპელაციო პალატა, საქმის ყოველმხრივი შესწავლა-ანალიზის მიზნებიდან გამომდინარე, აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს სამივე თანამესაკუთრეს ი----- ხ------------ი წარმოადგენდა და ხელშეკრულებასაც სწორედ ის აწერს ხელს, თუმცა პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება მოპასუხისთვის თანხის დაკისრების გამომრიცხველი გარემოება ვერ გახდება. სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. ასეთ დროს დამხმარე პირთა ჩართვა დაშვებულია. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხული ი----- ხ------------ისა და ნ--- წ------ ჩვენებებს, სადაც მათ განმარტეს, რომ რ----- და ვ------- ხ------------ებმა ქართულად წერა კითხვა არ იციან, რის გამოც აუცილებელი გახდა საჯარო რეესტრთან მდებარე სანოტარო ბიუროში ი----- ხ------------ზე (რ----- ხ------------ის შვილი და ვ------- ხ------------ის და) მინდობილობის გაცემა. მოწმის ჩვენებას ამყარებს საქმის მასალებში წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მინდობილობები, რომლებიც ნამდვილად 2017 წლის 27 აგვისტოს ქ. თბილისში, მ------------------ მდებარე სანოტარო ბიუროში დამოწმდა (ს.ფ. 26-34). პალატის აზრით, აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულ ყველა ელემენტს აკმაყოფილებს და ვ------- ხ------------ისთვის ზეპირი დავალების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების გაქარწყლების საფუძველს არ ქმნის.

 

9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

 

საკასაციო პალატის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მოსარჩელემ ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი უნდა ამტკიცოს, ხოლო, მოპასუხემ - ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც შესრულებას გამორიცხავს ან მას შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას აძლევს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე რ----- ხ------------მა წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ იგი გასხვისებული ქონების თანამესაკუთრე იყო. ამასთან, სასამართლოზე იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, სარჩელში მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ვ------- ხ------------თან დავალების ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისთვის ყველა ელემენტს აკმაყოფილებს.

 

ასეთ პირობებში, მოპასუხე მხარეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმოდგენა ევალებოდა, კერძოდ, უპირველესად მას უნდა ემტკიცებინა, რომ უძრავი ქონების გასხვისების ინიციატივა, რომელსაც მამა/თანამესაკუთრე დასთანხმდა, მისგან არ მომდინარეობდა, ასევე უნდა დაედასტურებინა, რომ მყიდველის მოძიებაში და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას იგი რ----- ხ------------ის მინდობით არ მოქმედებდა. ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, მას სასამართლოსთვის უნდა შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ ნასყიდობის საფასურის შესაბამისი წილი მოსარჩელეს გადასცა, ან უნდა ედასტურებინა, რომ მოსარჩელესთან, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრესთან მიაღწია შეთანხმებას, რომლითაც იგი თავის უფლებას ვ------- ხ------------ის სასარგებლოდ თმობდა. არცერთი ზემოაღნიშნული მტკიცება მოპასუხეს არ განუხორციელებია. მან მარტივი შესაგებლის წარდგენით დაიცვა თავი და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა, რომ საჯარო რეესტრში მან მხოლოდ თავისი წილი თანხა მიიღო და თანამესაკუთრისთვის არაფერი ჰქონდა გადასახდელი. ამგვარი შედავების პირობებში, რომელიც არცერთი რელევანტური მტკიცებულებით არ არის გამყარებული და რომელსაც საქმის მასალებში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია ლოგიკურად არ ებმის, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია.

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ვ------- ხ------------ს რ----- ხ------------ის სასარგებლოდ 26 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის დანაწესით თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოვალეა მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას წარმოშობს.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველმა ნასყიდობის ფასი სრულად გადაიხადა, ამ პირობებში და წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, არსებობს პრეზუმფცია, რომ ვ------- ხ------------მა ნასყიდობის საფასური სრულად მიიღო. საქმის მასალებში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიაციიდან ამონაგები კუთვნილი წილი რ----- ხ------------ს გადაეცა.

 

2018 წლის 03 ოქტომბერს მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და მოპასუხისთვის 26 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლისა, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით მოპასუხის ანგარიშზე სწორედ 80 000 აშშ დოლარის განთავსება დასტურდება, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ----- ხ------------ის წილობრივი მონაცემის გათვალისწინებით მოპასუხემ უსაფუძვლოდ სწორედ 26 000 აშშ დოლარი მიიღო, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა სააპელაციო პალატას რ----- ხ------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაზიარების საფუძველს აძლევს. ამიტომ, პალატა ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივარი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5 407,24 ლარის ოდენობით, ვ------- ხ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ----- ხ------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. რ----- ხ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. ვ------- ხ------------ს რ----- ხ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 26 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

5. ვ------- ხ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისროს 5 407,24 ლარის გადახდის ვალდებულება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე