განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
160100119002925125
ინსტანცია
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002925125

საქმე №1/ბ-1939-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–---------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა---–----–------------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------რს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–----------------------–----------რი. დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:

 

ა---–-------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი;

 

ა---–-------–---ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ა---–-------–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული პერიოდი - 2019 წლის 28 მარტიდან, 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.

 

ა---–-------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2019 წლის 27 მარტს დაახლოებით 17:50 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში ა---–-------–---ი შეეცადა მოეპარა დ--------------ს კუთვნილი სამი სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღირებული 2 500 (ორიათასხუთას) ლარად, რა დროსაც წასწრებული იქნა დ--------------ს, ბულბული გელაძის და ეკა ხოზრევანიძის მიერ, რის გამოც ბოლომდე ვერ განახორციელა დანაშაული, ადგილზე მიატოვა საქონელი და მიიმალა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–---------ამ. აპელანტმა მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. მხარის განმარტებით, განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლო და აშკარად ლმობიერია, არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან, სპეციფიკიდან და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა შეთანხმებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლევის გარეშე მიჩნეული იქნა უდაო მტკიცებულებად. გარდა მსჯავრდეულის აღიარებისა, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ---------------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე გ--------------–---–-----------------------------------------ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 27 მარტის ამოღების ოქმით, 2019 წლის 28 მარტის ამოცნობის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებით, 2019 წლის 29 მარტის განჩინებით საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ა---–-------–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2 500 (ორიათასხუთასი) ლარის ღირებულების დ--------------ს კუთვნილი სამი სული მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფარულად დაუფლების მცდელობის ფაქტს.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---–-------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა---–-------–---ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების თანახმად, მსჯავრდებულ ა---–-------–---ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს; ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან სახდელდადებული; დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და მის მიმართ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ა---–-------–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 63-ე მუხლებით განსაზღვრული რეგულაციები და დაადგინა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა---–-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

ა---–-------–---ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა---–-------–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი - 2019 წლის 28 მარტიდან, 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავდებულის - ა---–-------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ა---–-------–---ის მიმართ შეფაარდებული აღკევთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი 5 000 (ხუთი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ვ--–--------–---ს (პ/ნ1----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცება:

 

მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს- ა---–-------–---ს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე