განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119002800339-1ბ/1340-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ-------------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ა-–---------–----------------------------------------------------- დაბადებული 1----–-–------------–ს, პორტუგალიის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები პორტუგალიაში, ქ--–-------------------------–----------–--
ადვოკატი: თ-------------
თარჯიმანი: მ-------------–-
კვალიფიკაცია:საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა;
სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წელი:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–---------–----------------------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------------მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–---------–----------------------------- და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------------მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მსჯავრდებულ ა-–---------–----------------------------- მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმამდე.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ალ---------–---------------------------------რალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა;
სასამართლომ დაადგინა :
ა-–---------–-----------------------------, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2522,87029 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა:
გამომძიებელ ა--–-------------ვის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულ იქნა ა-–---------–----------------------------, რომლის პირად ჩხრეკაში, მასთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ნ------------------------------------–- და თარჯიმანი. მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. ადგილზე შეადგინეს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები და დაადასტურეს ხელმოწერებით, რაზეც მსჯავრდებულს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაკავების საფუძველი გახდა ის, რომ მებაჟეების მიერ მისი ბარგიდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება.ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს ა-–---------–----------------------------- პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით მოწმეებმა დავით ჩხენკელმა და ნუგზარ კვასტიანმა.
2018 წლის 4 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N3345/სქ-N3832/ქრ დასკვნის თანახმად, ა-–----------–-----------------------------ს ჩემოდნის დათვალიერებისას ამოღებული, ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში მოთავსებული მოთეთრო ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით 2979,65 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით 2522,87 გრამს;
ბარგის დათვალიერების ოქმის თანახმად, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა ა-–---------–----------------------------- სამგზავრო ჩემოდნის დათვალიერების შედეგად, რასაც, თარჯიმნის მეშვეობით, გაეცნო ბრალდებული, არ გამოუთქვამს არანაირი შენიშვნა და დაადასტურა ხელმოწერით. არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს მას სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველ ოქმებზე, რომლებსაც, ასევე, გაცნობილია თარჯიმნის მეშვეობით და დადასტურებული აქვს თავისი ხელმოწერებით.
ა-–---------–----------------------------- კუთვნილ სამგზავრო ჩემოდანში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის ფაქტს ადასტურებენ დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები - მოწმეების: ბ------------–----------------–------------------------–---–---–-- გამოკითხვის ოქმები; მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N69001/208 ოქმი და ამოღების ოქმი, რომლებიც წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს ა-–---------–----------------------------- მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტის დასადასტურებლად.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), გარდა სამგზავრო ჩემოდანში მოწყობილი სპეციალური სამალავისა, ასევე, ამოღებულ იქნა ა-–---------–----------------------------- ხელთარსებული შავი ფერის ზურგჩანთაში მოთავსებული საფულიდან, კერძოდ, მასში აღმოჩნდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომლის კედლებზეც აღინიშნებოდა მოთეთრო ფერის ფხვიერი გრანულები, რაც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს, ასევე, ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით 0,000292 გრამს. ამდენად, მსჯავრდებულ ა-–---------–----------------------------- საფულესა და ჩემოდანში აღმოჩენილ იქნა ერთიდაიმავე სახეობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებები, რაც, ზემოთ უკვე განხილულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, უტყუარად ადასტურებს ამოღებული ნივთიერებების ა-–---------–-----------------------------ადმი კუთვნილებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ა-–---------–----------------------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ა-–---------–----------------------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;ხოლო ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე.
ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი).
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჯ‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანას წარმოადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.
მითითებული კანონის სია N2 განსაზღვრავს ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს, სადაც 35-ე ნომრად მითითებულია კოკაინი, რომლის განსაკუთრებით დიდ ოდენობად, დანართი N2-ის მიხედვით, ითვლება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების ნებისმიერი ოდენობა 6 გრამს ზემოთ. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ა-–---------–----------------------------- ჩემოდნის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) წონა შეადგენს 2522,87 გრამს, ე.ი. განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო მისსავე საფულეში აღმოჩენილ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) წონა შეადგენს 0,000292 გრამს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა-–---------–----------------------------- მიერ ჩადენილი ქმედების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, მგზავრის ბარგის/ ხელბარგის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული მტკიცებულებები თანხვედრილია ერთმანეთთან, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა, რომ ა-–---------–-----------------------------, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2522,87029 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულ ა-–---------–----------------------------- ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა;
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–---------–----------------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქ/პ თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მიუთითა რომ ა-–---------–----------------------------- განესაზღვროს უფრო მსუბუქი სასჯელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხის მგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------–----------------------------- პასუხისმგებლობის გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს: ა-–---------–----------------------------- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა-–---------–----------------------------- სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
ამასთან პალატა მიუთითებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
პალატას მიაჩნია, რომ ა-–---------–----------------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ ა-–---------–---------------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---------–----------------------------- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად - ამოღებული დოკუმენტაცია, ფულადი თანხა და პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ნარკოტიკული საშუალება - კოკაინის მარილი და შესაფუთი მასალა, ასევე, ჩემოდანი სპეციალური სამალავით განადგურდეს, ხოლო კომპიუტერული დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ა-–---------–----------------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის თამარ გაბოძის სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება:
3. ა-–---------–---------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---------–----------------------------- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
4.ა-–---------–----------------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 3 დეკემბრიდან.
5.ა-–---------–----------------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია:
6.ა-–---------–-----------------------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ამოღებული დოკუმენტაცია, ფულადი თანხა და პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ნარკოტიკული საშუალება - კოკაინის მარილი და შესაფუთი მასალა, ასევე, ჩემოდანი სპეციალური სამალავით განადგურდეს, ხოლო კომპიუტერული დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ხ. კიკილაშვილი
ვ. მრელაშვილი