განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
820100119003218743
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119003218743

საქმე №1/ბ-800-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ------–----ე;

 

მსჯავრდებული: ა-----–-------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------------------–------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-----–-------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნულის გამო, ა-----–-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით: ა-----–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; გაუქმდა მსჯავრდებულ ა-----–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო და დადგინდა, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს გ-----------–---ეს; ა-----–-------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 31 აგვისტოდან 2019 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით. დადგინდა, რომ საქმეზე დართული დისკი დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: ა-----–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-----–-------ემ იცოდა, რომ მის ძმას მ-------------ეს გააჩნდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რისთვისაც არ აძლევდა საშუალებას ეცხოვრა მამისეულ სახლში და სტუმრად მოსულიყო მათთან, რის გამოც ხშირი შელაპარაკება და ურთიერთ კამათი ჰქონდათ ერთმანეთში. ა-----–-------ე მ-------------ეს, თავისი სექსუალური ფუნქციიდან და შეხედულებიდან გამომდინარე, იხსენიებდა აუგად, მის მიმართ გამოთქვამდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს და მასთან კამათისას თუ საუბრისას ამახვილებდა ყურადღებას განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე, მის ფუნქციაზე, ტრადიციულ როლზე საზოგადოებასა და ოჯახში. უარყოფდა მის უფლებებს და ჰქონდა სურვილი, რომ გაეკონტროლებინა თავისი ძმის ცხოვრების წესი. ყურადღებას ამახვილებდა მ-------------ის - კაცის - როლის თავისებურებებზე და მიუღებლად მიაჩნდა მისი ძმის განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, ურთიერთობა პარტნიორ მამაკაცებთან. ა-----–-------ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით გამოხატავდა შეუწყნარებლობას მ-------------ის თავისუფალი ცხოვრების წესზე, რაც მიუღებელი იყო ამდაგვარი დამოკიდებულება მ-------------ისათვის, რისთვისაც მიატოვა მამისეული სახლი, ა-----–-------ესთან ერთად ცხოვრება და საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან. ა-----–-------ისათვის მიუღებელი იყო მისი ძმის განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რისთვისაც 2017 წლის სექტემბრის თვიდან, მას შემდგომ, როცა გაიგო ა-----–-------ემ, რომ მ-------------ეს გააჩნდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, 2018 წლის მარტის თვემდე, ვიდრე მ-------------ე არ გახდებოდა იძულებული, რომ გადასულიყო საცხოვრებლად სხვაგან, ქალაქ ბ------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, ლანძღავდა, ხაზს უსვამდა მის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას და ამცირებდა, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, ასევე ა-----–-------ემ, სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ ბ------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სტუმრად მოსულ მ-------------ეს, კერძოდ: უწოდა სალანძღავი სიტყვები, გამოთქვა უკმაყოფილება მის ცხოვრების წესზე, მოიხსენია აუგად თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და მოთხოვა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, რის შემდგომ უბიძგა, მოქაჩა ტანზე და მუშტი დაარტყა ერთხელ მარცხენა მხარეს ნეკნების არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, მიიღო დაზიანებები.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ------–----ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ა-----–-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ თვით მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ განხორციელებული დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ა-----–-------ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ ა-----–-------ის აღიარებითი ჩვენებით; ც---–--------ის, ნ-------–-–---–ის, მ----------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-----–-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა-----–-------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ა-----–-------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კანონთან კონფლიქტში არა ყოფილა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო დანიშნული სასჯელი სწორად ჩათვალა პირობითად, რითაც, მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა, გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და ამისათვის საკმარისია გამოსაცდელ ვადაში დაწესებული სხვა მოვალეობების შესრულებაც. შესაბამისად, პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ა-----–-------ისათვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-----–-------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, ა-----–-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, ა-----–-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ა-----–-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4.მსჯავრდებულ ა-----–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს - გ-----------–---ეს.

 

5.ა-----–-------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 31 აგვისტოდან 2019 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით;

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე დართული დისკი დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/