განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100119003171076
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003171076

საქმე №1ბ/1907-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის პროკურატურის თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–----- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ო----------–---- მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გ-–----------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ო----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ო----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ო----------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ო----------–--- წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 2015 წლიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერ შეურცხყოფას აყენებდა მეუღლეს, თ------------------–-, ლანძღავდა, აგინებდა, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:20 საათზე, თბილისში, ნ------------------------ის მიმდებარედ, ო----------–---მ, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, თ------------------–-, კერძოდ, ხელი მოუჭირა სახეზე, დაქაჩა თმა და დასვა ძირს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ო----------–---- ქმედებით თ------------------–- მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ც-------–---–-----, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ო----------–----ათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ო----------–---- მიერ განხორციელებულ ქმედებას, ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი - მსუბუქი სასჯელი. აპელანტის აზრით, ო----------–---- პიროვნების შეფასების ასპექტში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ამასთან, ოჯახში ჩადენილი ძალადობები ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელებულია, არაერთი მათგანი დასრულებულა სავალალო შედეგით. საკმაოდ გავრცელებულ ხასიათს ატარებს მოძალადე ქმრებისაგან მათ მეუღლეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები. აპელანტს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა იმისათვის, რომ დაიცვას მოძალადე ქმრების მსხვერპლი მეუღლეები, რომლებსაც ყოველ ჯერზე შესაძლოა უფრო მძიმე ზიანი მიადგეთ. გამომდინარე აქედან, აპელანტის აზრით, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება ერთგვარი პრევენციაა მომავალში მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ ო----------–---- მიმართ შეფარდებული სასჯელი მსუბუქი და შესაბამისად, არათანაზომიერია მის მიერ ჩადენილი ქმედების. ამგვარი მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გ----------------–---–-ს, ბ-------------ს, ნ---------–---ს, თ------------------–--, ლ----------- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ო----------–---მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ო----------–---- ქმედების კვალიფიკაციას, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ამასთან, განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის ძირითად უფლებებში მკაცრი ჩარევა სასჯელის მეშვეობით, უნდა მოხდეს სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის ძირითად პრინციპებთან მიმართებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს ო----------–---- მიერ ჩადენილი დანაშაულის აღწერილობას და იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რაც გახდა კიდეც სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და შემდგომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. აპელანტი არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. აპელანტის მითითება ოჯახში ძალადობრივი დანაშაულის გახშირებასა და მსჯავრდებულისაგან მომდინარე საფრთხეებზე, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც გახდებოდა ო----------–----ათვის სასჯელის დამძიმების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ო----------–---- მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულ თ------------------–- მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავთ საერთო შვილი და დაზარალებული ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, ო----------–---ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი ო----------–---- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–----- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ო----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ო----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ო----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 ივლისიდან 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ო----------–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი „აიფონი“, შავი ფერის ყურსასმენები, ო----------–---- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ერთი ცალი ბანკის პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი რკინის გასაღები და ფულადი თანხა - ერთი ცალი ერთ ლარიანი, ერთი ცალი ორმოცდაათ თეთრიანი და ერთი ცალი ოც თეთრიანი რკინის ხურდა ფული, რაც ინახება თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩა №38-ში მდებარე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე