განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119002802130
საქმე №1/ბ-826-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ნ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჭიათურის რაიონი, სოფელი ხ------ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- ნ--------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 ივნისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------ში მცხოვრები ი----- ნ--------ე, ამავე სოფელში მცხოვრებ ძმის შვილს – ა--–-- ნ--------ეს, გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, ა--–-- ნ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით ი----- ნ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის, ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის, NX18513, გარეჩახმახიანი სანადირო თოფი.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულ ი----- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ----- ო-----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი ი----- ნ--------ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი; გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სასამართლომ კრიტიკის გარეშე გაიზიარა დაზარალებულ ა--–-- ნ--------ის და მისი ოჯახის წევრების და ახლობლების ჩვენებები, რომ მსჯავრდებული ემუქრებოდა ა--–-- ნ--------ეს სიცოცხლის მოსპობით და სათანადოდ არ შეაფასა სხვა მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, პოლიციელთა ჩვენებები. ი----- ნ--------ეს მუქარა არ განუხორციელებია, ეს იყო გაფრთხილება, რომ ა--–-- ნ--------ეს არ განეხორციელებინა მის მფლობელობაში ნებართვის გარეშე შესვლა და მის მიმართ რაიმე ძალადობა. ი----- ნ--------ის ქმედებაში არ არის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯვარდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი----- ნ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ა--–-- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით. სანამ ცოლის მოსაყვანად წავიდოდა, უნდა მიეხედა ღორისთვის, რომელიც დაბმული ჰყავდა გზის მახლობლად, ი.ნ--------ის სახლთან ახლოს. როდესაც წავიდა, გზაში დაინახა, რომ სადაც ღორი იყო დაბმული და იდგა ე.წ. "სანაკელე ყუთი", ყუთს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. როდესაც გაიქცა ყუთისკენ, დაინახა ი----- ნ--------ე, რომელსაც ხელში მომარჯვებული ჰქონდა თოფი და დაუძახა არ მისულიყო თორემ ესროდა, დახოცავდა და მოკლავდა ყველას. აღნიშნულზე შეჩერდა, ნაბიჯებით უკან დაიხია, რა დროსაც, ი-----მა ორჯერ გაისროლა მისი მიმართულებით, შეშინდა, შებრუნდა და წავიდა სახლისკენ. როდესაც სახლს მიუახლოვდა, გაიგო მესამე გასროლის ხმა. ასევე, გაიგო საფანტის მოხვედრის ხმა სახლის კედლებზე. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ი----- ნ--------ე დაინახა თოფით ხელში, მას შეშლილი სახე ჰქონდა, პირიდან "დუჟი" სდიოდა, იძახდა "გესვრით, უნდა დაგხოცოთ, მოგკლათ ყველაო, არ მოხვიდე თორე გესვრიო". ი-----ის სიტყვების შეეშინდა და შეჩერდა, დაიხია უკან და შემდეგ წავიდა სახლისკენ.
მოწმე მ---- ნ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, შვილთან ა--–-- ნ--------ესთან და შვილიშვილთან ერთად. ა--–--ი გავიდა გარეთ, ღორის მისახედად. რამდენიმე ხანში თვითონაც გავიდა გარეთ და გაიგო გასროლის ხმა. წავიდა ა--–--ის მიმართულებით, რა დროსაც გაიგო ი----- ნ--------ის ხმა, რომელიც იძახდა - "ჩემს შვილებს მტერს არ დაუტოვებო". გზაში შეხვდა ა--–--ი, რომელმაც უთხრა, რომ ი-----ი ისროდა თოფს. მოწმის განმარტებით, როდესაც გარეთ გავიდა, გაიგო სამი გასროლის ხმა, ასევე, ი----- ნ--------ის ხმა, რომელიც იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით. იძახდა "დაგხოცავთ ყველას, ცოცხლებს არ დაგტოვებთო". უშუალოდ მას, ი-----ი არ უნახავს, თუმცა ხმაზე იცნო და ა--–--მაც უთხრა, რომ ი-----ი ისროდა თოფს.
მოწმე გ--------ი ნ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 ივნისს იმყოფებოდა ტყეში, ფიჩხის შესაგროვებლად და როდესაც ბრუნდებოდა სახლში, გაიგო თოფის გასროლის ხმა. დაინახა ი----- ნ--------ე, რომელსაც ხელში თოფი ეჭირა, ა--–-- ნ--------ის სახელს ახსენებდა, ილანძღებოდა, იგინებოდა და იძახდა სიტყვებს "ამოგწყვიტავთ, მოგკლავთ". როგორც ა--–--ისგან იცის, როდესაც პირუტყვის ასაშვებად მივიდა, ი-----მა ისროლა თოფი.
მოწმე ბ----- ჩ------ის განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობდა ჭიათურის რაიონული სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად საქმის გამოძიების დროს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო ი----- ნ--------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები.
მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ც------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ალ.დოლიძესთან, ბ.დ--------ესთან და ი.ნ--------ესთან ერთად მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა და ერთ ცალი ე.წ. "პიჟი". ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე. შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჯ---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლად. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა და ერთი ცალი ე.წ. "პიჟი". შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ა--–--, გ--------ი და მ---- ნ--------ეები.
მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ლ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ი----- ნ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, ამოიღო თოფი, დანიშნა ექსპერტიზები და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო ა.ნ--------ეს და გამოკითხა.
საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების გ------- შ--–-----ის, ა-–---------- დ-----ის და ბ----- დ--------ის დაკითხვა.
2017 წლის 1 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ი----- ლ-----ის მიერ, ი----- ნ--------ისგან ამოღებული იქნა ტოზის ფირმის, ორლულიანი სანადირო, 16 კალიბრის თოფი, რომლის კონდახის ნომერია XI 8513-59, ცევიოს ნომერია XI 8513-59, ხოლო ლულის ნომერია X 18513-59.
2017 წლის 2 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------ში, ნ--------ეების უბანში და წარმოადგენს ნ--------ეების უბანში გამავალი საუბნო გზის მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიას დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ი----- ნ--------ის საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც შემოღობილია ქვებითა და ხის ტოტებით. აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცირე ზომის ე.წ. ღელე, მინდვრიანი ფერდობი და ი----- ნ--------ის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ი----- ნ--------ემ მიუთითა საუბნო ეზოდან მარჯვენა მხარეს დაახლოებით 2 მეტრში დაგდებული ხისგან შეჭედილ ყუთზე, რომელიც დამწვარია სანახევროდ და განმარტა რომ 2017 წლის 1 ივნისს, მან ცეცხლი წაუკიდა და დაწვა აღნიშნული ხის ყუთი. აგრეთვე ი----- ნ--------ემ მიუთითა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ადგილზე, სადაც მინდორში დაგდებულია ერთი ცალი მომწვანო ფერის პლასტმასის გარსიანი სანადირო თოფის გასროლილი მასრა და ერთი ცალი მონაცისფრო ფერის გასროლილი მასრის ე.წ. „პიჟი“ და განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივნისს, მან მითითებული ადგილიდან მოახდინა თავისი კუთვნილი სანადირო თოფიდან ორი გასროლა ჰაერში, როდესაც თავისი ძმისშვილი ა--–-- ნ--------ე იმყოფებოდა ე.წ. ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა მომწვანო ფერის პლასტმასის გარსიანი ერთი ცალი გასროლილი მასრა და მონაცრისფრო ფერის გასროლილი მასრის ერთი ცალი ე.წ. „პიჟი“, რაც მოთავსდა და დაილუქა სპეციალურ FCI –399604 პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოხდა ფოტოგადაღება.
იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ი----- ნ--------ეს რეგისტრირებული აქვს - თოფი ცეცხლსასროლი, TOZ BM (ნომრით a.c.X 18513-59, b.X18513).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი: 1. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო N X18513 თოფი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
16 კალიბრის სანადირო ვაზნის ერთი ცალი პლასტმასის კორპუსიანი მასრა გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 16 კალიბრის ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო N X18513 თოფის მარჯვენა ლულიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს, იარაღის აღრიცხვის განყოფილების 2017 წლის 19 ივნისის NMIA 0 17 01453220 მიმართვით დასტურდება, რომ 16 კალიბრის, "ТОЗ-БМ" მოდელის N a.c.X 18513 b.X 18513 თოფი, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია - ი----- ი---------ს ძე ნ--------ის (დაბ: 1--------- წელს, პ/ნ 5----------) სახელზე.
2017 წლის 1 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ა--–-- ნ--------ემ გამომძიებელს აჩვენა ადგილები, საიდანაც მან დაინახა ი----- ნ--------ე, რომელსაც ხელში მომარჯვებული ჰქონდა თოფი. ასევე, აჩვენა ადგილი, სადაც გაიგო ორი, ხოლო შემდეგ მესამე გასროლის ხმა. აჩვენა ადგილები, სადაც დაბმული ჰყავდა ღორი და როგორ დაბრუნდა შემდეგ უკან, სახლში.
2017 წლის 18 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ი----- ნ--------ემ გამომძიებელს აჩვენა ადგილები, სადაც დილის საათებში მას და ა--–-- ნ--------ეს მოუვიდა შეკამათება. ასევე, აჩვენა ადგილი, სადაც განთავსებული იყო ე.წ. "სანაკელე ყუთი". ასევე, აჩვენა ადგილები, სადაც დაჯდა თოფით ხელში ეზოში და დაელოდა როდის მივიდოდა ყუთის მეპატრონე ადგილზე. ასევე, ადგილები, თუ სად იდგა როდესაც დაინახა მისკენ მიმავალი ა--–-- ნ--------ე და ის ადგილი, საიდანაც დაუძახა რომ არ შესულიყო, შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
2017 წლის 18 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მ---- ნ--------ემ გამომძიებელს აჩვენა ადგილები სადაც გაემართა მისი შვილი 2017 წლის 1 ივნისს. ასევე, ადგილი, სადაც მან გაიგო გასროლის ორი ხმა, ხოლო შემდეგ მესამე გასროლა. სადაც შეხვდა შეშინებულ შვილს ა--–-- ნ--------ეს.
2017 წლის 18 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე გ--------ი ნ--------ემ გამომძიებელს აჩვენა ადგილები სადაც მოძრაობდა 2017 წლის 1 ივნისს და გაიგო სამი გასროლის ხმა. ასევე, აჩვენა ადგილი, სადაც მან დაინახა ი----- ნ--------ე, რომელსაც ხელში ეჭირა თოფი, იგინებოდა, ახსენებდა ა--–-- ნ--------ის სახელს და იყო გაბრაზებული.
მსჯავრდებულმა ი----- ნ--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივნისს, ცხენით წავიდა რაჭაში, ნათესავებთან. თან ჰქონდა იარაღიც. როდესაც უკან დაბრუნდა და სასაფლაოსთან გაიარა, გაიგო მისი ძმის ხმა, რომელიც ძაღლს ეძახდა. აღნიშნულზე შელაპარაკდა მასთან. როდესაც სახლში მივიდა, დაინახა, რომ ე.წ. "სანაკელე ყუთი", რომელიც სხვა ადგილზე იდგა, მიახლოებული იყო მის ჭიშკართან. გავიდა, აიღო ასანთი და წაუკიდა ცეცხლი, აინტერესებდა ვისი იყო. შევიდა ეზოში, დაჯდა ქვაზე, იარაღი გვერდით მოიდო და დაელოდა ყუთის მეპატრონის გამოჩენას. როდესაც ცეცხლი აალდა ჰაერში, ძმის თეიმურაზ ნ--------ის სახლიდან გაიგო ხალხის ხმა, ორი ქალის და სამი კაცის "არა მე გამიშვიო". გაიხედა და დაინახა ა--–-- ნ--------ე, რომელიც გულზე იბრახუნებდა ხელებს და ეუბნებოდა მას "ამას რო ჩავაქრობ, შენ დაგინთებ ცეცხლს გვერდებშიო". როდესაც დაინახა მისკენ მიმავალი ა--–--ი, დაუძახა "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, არ შემოხვიდე, შეინარჩუნე სიცოცხლეო". როდესაც მიხვდა, რომ ა--–--ი არ ჩერდებოდა და შევიდოდა მის ეზოში, აიღო იარაღი და გაისროლა ჰაერში ორჯერ. გასროლის შემდეგ, ა--–--ი შებრუნდა უკან და ჩაიკეცა. მსჯავრდებულის განმარტებით, ა--–--ის ნათქვამი სიტყვები "ამას რო ჩავაქრობ, შენ დაგინთებ ცეცხლს გვერდებში" აღიქვა რეალურად, რომ ა--–--ი მას სცემდა. სწორედ ამიტომ, გაფრთხილების მიზნით მოახდინა გასროლა ჰაერში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა განზრახი დანაშაულია.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი----- ნ--------ის გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, რომ მისი ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან მსჯავრდებულის განმარტებები არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მრტკიცებულებათა ერთობლიობას, სასამართლოს მხედველობაში აქვს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები.
პალატა კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას დაზარალებულ ა--–-- ნ--------ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 1 ივნისს, როდესაც წავიდა ღორის ასაშვებად, დაინახა ი----- ნ--------ე რომელსაც შეშლილი სახე ჰქონდა, პირიდან "დუჟი" სდიოდა, ხელში თოფი ეჭირა და იძახდა სიტყვებს "გესვრით, უნდა დაგხოცოთ, მოგკლათ ყველაო, არ მოხვიდე თორე გესვრიო". მოწმე მ---- ნ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გარეთ გასვლის შემდეგ, გაიგო გასროლის ხმა, წავიდა შვილის მიმართულებით, რა დროსაც მას გზაში შემოხვდა შეშინებული ა--–-- ნ--------ე, რომელმაც უთხრა, რომ ი----- ნ--------ე ისროდა თოფს, ასევე, გარეთ ყოფნის დროს, გაიგო ი-----ის ყვირილის, ლანძღვა- გინების ხმა და სიტყვები "დაგხოცავთ, ცოცხლებს არ დაგტოვებთ". მოწმე გ--------ი ნ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ როდესაც ბრუნდებოდა სახლში, გაიგო თოფის გასროლის ხმა. დაინახა ი----- ნ--------ე, რომელსაც ხელში თოფი ეჭირა, ა--–-- ნ--------ის სახელს ახსენებდა, ილანძღებოდა, იგინებოდა და იძახდა სიტყვებს "ამოგწყვიტავთ, მოგკლავთო’’. პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს თვით მსჯავრდებულ ი----- ნ--------ის ჩვენებას, კერძოდ, მან განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივნისს ა--–-- ნ--------ეს მიმართა, "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, არ შემოხვიდე, შეინარჩუნე სიცოცხლეო" და თოფი გაისროლა ორჯერ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებული და მოწმეები დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერენ ი----- ნ--------ის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია, თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრით რაიმე ახალი გარემოება ან არგუმენტი, რაც ი----- ნ--------ის უდანაშაულობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ ი----- ნ--------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ი----- ნ--------ის გამართლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი----- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ----- ო-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი ი----- ნ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ი----- ნ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ი----- ნ--------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის, ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის, NX18513, გარეჩახმახიანი სანადირო თოფი (რომელიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში);
ი----- ნ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: მომწვანო ფერის, პლასტმასის ერთი ცალი გასროლილი მასრა და მონაცრისფრო ფერის, გასროლილი მასრის ერთი ცალი ე.წ. „პიჟი“, რომლებიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე