განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2019
საქმის ნომერი
330210016001525078
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001525078

2ბ/5078-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

წარმომადგენელი - მ------ ხ----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ----------ი“

წარმომადგენელი - გ------- თ---------ე, თ----- შ-----–ია (დირექტორი)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,ჯ----------ს’’ შორის 2013 წლის 15 მარტს დაიდო ხელშეკრულება, 8 ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და საავტორო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.

 

2.2. ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯ----------მა’’ პროფესიული უნარების, პერსონალის და ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით, იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო მომსახურების განხორციელება, შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

 

2.3. თავის მხრივ, ფონდს, როგორც დამკვეთს შესრულებული სამუშაოს მიღების სანაცვლოდ ევალებოდა აენაზღაურებინა შეთანხმებული საფასური.

 

2.4. შპს ,,ჯ----------მა’’ 15.03.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადა დასკვნა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ (ობიექტი N1 - ქ. ხ----, მ---- ს---–------ I--ის ქუჩა N21-ში რაიონული საავადმყოფო ,,ჯ---------–---ა’’), რომელშიც მითითებულია, რომ ,,ობიექტის ვიზუალურმა შემოწმებამ ცხადყო, რომ დღევანდელი მდგომარეობით შენობა მდგრადია, არავითარი მნიშვნელოვანი დაზიანება არ გააჩნია და მიზანშეწონილია მისი რეაბილიტაცია’’.

 

2.5. ასევე, შპს ,,ჯ----------მა’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მოამზადა ქ. ხ---ში მ---- ს---–------ I- ქუჩა N21-ში ყოფილი საავადმყოფოს შენობის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლისათვის რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლის განმარტებით ბარათში მიეთითა, რომ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღევანდელი მდგომარეობით შენობა კონსტრუქციულად მდგრადია და ექსპლოატაციისათვის ვარგისი. ამასთანავე, განმარტებით ბარათშივე მიეთითა, გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებაზე და გაკეთდა დათქმა, რომ პროექტში აღმოჩენილი უზუსტობა, ფაქტიურ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან რაიმე ცვლილების შეტანა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს პროექტის ავტორთან.

 

2.6. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიღებულია შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ შესრულებული სამუშაო და მის მიერ გადახდილია შესაბამისი საფასური.

2.7. მითითებული დასკვნის საფუძველზე, ფონდმა 2013 წლის 27 დეკემბერს ხელშეკრულება დადო შპს ,,ი----’’-სთან, შესწავლილ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

 

2.8. 2014 წლის 29 იანვარს სარეაბილიტაციო სამუშაოების უშუალო განმახორციელებელი შპს ,,ი----ს’’ დირექტორმა წერილობით მიმართა ფონდს და აცნობა, რომ ქ. ხ---ში, მ---- ს---–------ I--ის ქ. N21-ში მდებარე ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ნალესის მოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დარღვეულია რკ/ბეტონის და აგურის კოლონების მდგრადობა, რაც მოითხოვს სასწრაფოდ კონსტრუქტორის გადაწყვეტილებას კოლონების გამაგრებასთან დაკავშირებით. მიწერილობის ავტორმა განმარტა, რომ ისინი იძულებულები გახდნენ დროებით კოლონები გაემაგრებინათ დანგრატებით, ასევე აცნობეს, რომ სარდაფში მისასვლელი კიბეები დანგრეულია, რის გამოც სარდაფში მოხვედრა შეუძლებელია.

 

2.9. ქალაქ ხ----ს ყოფილი საავადმყოფოს შენობის დაზიანებები გამოვლენილ იქნა სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების მიმდინარეობის პერიოდში ნალესი მასალის მოხსნის შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას - 29.01.2014წ. წერილი;

 

2.10. 2014 წლის 31 იანვარს ხ----ს ობიექტის ,,ა“ ბლოკის ,,7-7“ და ,,8-8“ ღერძებს შორის ოთხივე სართულის დონეზე ჩამოინგრა არსებული კონსტრუქცია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.04.2015. ექსპერტიზის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.11. 31.01.2014წ. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევის მიზნით 2014 წლის 4 თებერვალს გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში (ხ---- და ბაღდათი) ყოფილი საავადმყოფოს შენობების რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ჯ----------ის’’ წარმომადგენლებიც.

 

შეხვედრაზე შპს ,,ჯ----------ის’’ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პროექტის მომზადებამდე კომპანიამ ჩაატარა წინასწარი კვლევები და ვიზუალური შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ როგორც ხ----ს, ასევე ბაღდათის შენობა ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, თუმცა აღინიშნა, რომ მიუხედავად ხ----ს შენობაზე ბზარების შემჩნევისა (სარდაფი - შენობის საძირკველი), მან ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩათვალა დამატებითი კვლევის ჩატარება შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, მით უმეტეს, რომ შენობის ჯდენა იმ დროისათვის არ აღინიშნებოდა. ხოლო ის, რომ ხ----ს შენობა აღმოჩნდა ავარიული ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც კედლებიდან მოიხსნა ძველი ნალესი, შემდეგ გაშიშვლებული მზიდი კედლები დასველდა, ვერ გაუძლო დატვირთვას და ჩამოინგრა. ასევე აღინიშნა, რომ პროექტით არის გათვალისწინებული გამაგრებითი სამუშაოები.

 

შეხვედრაზე პოზიცია დააფიქსირა ასევე, შპს ,,ი----ს’’ წარმომადგენელმაც, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტით გათვალისწინებული იყო მხოლოდ სარდაფის მზიდი კედლების გამაგრება ლითონის ბადით. არადა, აღნიშნული შენობის ყველა ბეტონის ნაკეთობა (საძირკველი, სარტყელი, კედელი და სხვა) არის მეტად დაბალი სიმტკიცის. ე.წ. რკ/ბეტონის სარტყელში გამოყენებულია მხოლოდ ორი ღერი არმატურა და ისიც ,,A-I’’ კლასის.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განმარტეს, რომ არსებული შენობა თავის დროზე აშენებული არის სამშენებლო ნორმებისა და წესების დიდი დარღვევით (ბეტონის სიმტკიცე, რკ/ბეტონის გადახურვის ფილების მზიდ კედლებზე თავჩამოდების მცირე ფართი და სხვ.), რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სარეაბილიტაციო ობიექტის შერჩევის დროს და საპროექტო ორგანიზაციის მიერ პროექტირების განხორციელების დროსაც. საპროექტო კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საპროექტო ორგანიზაციას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეეძლო განეხორციელებინა ბევრად უფრო სრულყოფილი კვლევა-ძიება შენობის კონსტრუქციული მდგრადობის დადგენის მიზნით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.12. 2014 წლის 10 აპრილს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, ქ. ხ---ში, მ---- ს---–------ I- ქუჩა N21-ში მდებარე ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში არსებული მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მწვავედ ავარიული. სავარაუდოდ, შენობაში მზიდი კონსტრუქციების დაზიანებათა და სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოების ერთობლიობამ შექმნა ავარიული მდგომარეობა, რამაც გამოიწვია შენობის ნაწილის ნგრევა. შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ ჩატარებული კვლევისას არ იქნა დაფიქსირებული ძირითადი დაზიანებები და, შესაბამისად, მათ მიერ შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი დასკვნა არ მოიცავს შენობის ყველა დაზიანების აღწერას. აქედან გამომდინარე, დასკვნაში არ არის მოცემული კვლევის ჩატარების დროს გამორჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების რეკომენდაციები. შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ დამუშავებული რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ასახულია მხოლოდ იმ დაზიანებების აღდგენა-გამაგრება, რომელთა დაფიქსირება მოხდა კვლევის დროს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია შენობაში რაიმე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების დაცვით.

 

სასამართლო აფასებს რა კონკრეტულ ექსპერტიზის დასკვნას, მასზე დაყრდნობით ბრალეულ პირად ვერ განიხილავს შპს ,,ჯ----------ს’’, რამეთუ თავად დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ტექნიკური პროექტის მომზადების განხორციელების ეტაპზე არ იყო დაწყებული სადემონტაჟო სამუშაოები და კედლებზე არ იყო მოხსნილი ნალესები. შესაბამისად, არ იყო თვალსაჩინო ძირითადი დაზიანებები და შენობა, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან ვიზუალურად ალბათ გამოიყურებოდა უკეთეს მდგომარეობაში. მითითებული ადასტურებს ფაქტს, რომ შპს ,,ჯ----------ს’’ განხორციელებული ვიზუალური კვლევის საფუძველზე ვერ ექნებოდა შესაძლებლობა შეემჩნია ნივთის დაზიანება. ამასთანავე, თავად დასკვნიდან არ გამომდინარეობს უშუალოდ ნგრევასთან მიმართებით შპს ,,ჯ----------ის’’ ბრალეულობა. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შენობაში მზიდი კონსტრუქციების დაზიანებათა და სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოების ერთობლიობამ შექმნა ავარიული მდგომარეობა, რამაც გამოიწვია შენობის ნაწილის ნგრევა. ამდენად, არსებულ შედეგთან მიმართებით შპს ,,ჯ----------ი’’ ვერ მიიჩნევა პასუხისმგებელ სუბიექტად შესაბამისი მიზეზობრივი კავშირის არ არსებობის გამო. ავარიული მდგომარეობის შექმნა დასკვნაში დაკავშირებულია სავარაუდო ორ განმაპირობებელ ფაქტორთა ერთობლიობასთან, კერძოდ ა) მზიდი კონსტრუქციების დაზიანება და ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოება. მართალია, დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ ჩატარებული კვლევისას არ იქნა დაფიქსირებული ძირითადი დაზიანებები და, შესაბამისად, მათ მიერ შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი დასკვნა არ მოიცავს შენობის ყველა დაზიანების აღწერას და კვლევის ჩატარების დროს გამორჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების რეკომენდაციებს, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის საკმარის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ დამუშავებული რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ასახულია მხოლოდ იმ დაზიანებების აღდგენა-გამაგრება, რომელთა დაფიქსირება მოხდა კვლევის დროს. ამდენად, ექსპერტიზის მიერ არ არის გამოვლენილი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედება, და არ არის დადგენილი, რომ შესაძლებელი იყო შენობის სარეაბილიტაციოდ ვარგისიანობის შემოწმება განხორციელებულიყო სხვა მეთოდით, გარდა იმისა, რაც გამოყენებულია შპს ,,ჯერორესეტის’’ მიერ, არამედ დასკვნაში მითითებულია შედგენილი დასკვნის არასრულყოფილობაზე, რაც შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ გამოდგება პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა უმთავრესი გარემოება, შესაძლებელი იყო თუ არა სხვა გზით განხორციელებული კვლევის საფუძველზე შემჩნევადი ყოფილიყო სამომავლო საფრთხე. გარემოება, რომ ნგრევა განხორციელდა დემონტაჟის მიმდინარეობისას აპრიორი არ ადასტურებს ფაქტს, რომ აღნიშნული ფაქტორების შემჩნევა ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა ტექნიკური პროექტის შედგენისას. ამავდროულად, საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტი, მათ შორის არც მოხმობილი ექსპერტიზის დასკვნა არ ადგენს უშუალო მიზეზობრივ კავშირს, ნგრევასა და შედგენილ ტექნიკურ პროექტს შორის. მართალია პროექტის ავტორია შპს ,,ჯ----------ი’’, თუმცა უშუალო სამუშაოებს ახორციელებდა შპს ,,ი----’’, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, შესაბამისად, დამდგარ შედეგთან მიმართებით მხოლოდ შპს ,,ჯ----------ის’’ პასუხისმგებლობის დადგომისათვის უტყუარად უნდა დგინდებოდეს კონკრეტული სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედების საფუძველზე ზიანის დადგომა, რაც არსებულ ვითარებაში არ დასტურდება.

 

2.12. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ მომზადებული დასკვნა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ სახის კვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ივარაუდება, რომ მისი შემდგენი კვლევისას მოქმედებს პროფესიული ცოდნის გამოყენებითა და კეთილსინდისიერებით. ასევე ივარაუდება, რომ დასკვნაში ასახული ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ზუსტია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დასკვნა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ მოდის შესაბამისობაში რეალობასთან, აღნიშნული აპრიორი არ წარმოშობს დასკვნის შემდგენელის პასუხისმგებლობას, რამეთუ საკითხის კვლევა ხორციელდება სხვადასხვა დაკავშირებული ფაქტორის მეშვეობით და მხოლოდ აშკარა არაკეთილსინდისიერების, ბოროტი განზრახვის, არაგულისხმიერი დამოკიდებულების ან უხეში დაუდევრობის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა ვისაუბროთ პირის პასუხისმგებლობაზე. არსებულ ვითარებაში, შპს ,,ჯ----------ის’’ მხრიდან არ დგინდება მსგავსი მიდგომა საკითხისადმი, შესაბამისად იმ ვითარებაშიც კი, თუ გავიზიარებდით მოსარჩელის მტკიცებას ნაკლიან შესრულებასთან მიმართებით, აღნიშნული ვერ გამოდგება სადავო შემთხვევაში პასუხისმგებლობის დადგომისათვის. შპს ,,ჯ----------ის’’ კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს ასევე ის გარემოება, რომ მისი მხრიდან ხაზგასმულია კვლევისას გამოყენებული ვიზუალური დათვალიერების მეთოდი, რა დროსაც შეუძლებელი იქნებოდა შინაგანი დაზიანებების აღმოჩენა. მოსარჩელის მტკიცება, რომ გამოსაყენებელი მეთოდის შერჩევა მოპასუხის, როგორც სპეციალური ცოდნის მქონე სუბიექტის დისკრეციას წარმოადგენდა ვერ განიხილება პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის საკმარის საფუძვლად, რამეთუ როგორც ზემოთ აღინიშნა შესასრულებელი მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასკვნაში ასახული ინფორმაცია სრულად არ ასახავდეს რეალურად არსებულ მოცემულობას და აღნიშნული დაკავშირებულია არა მხოლოდ მისი შემდგენელი ნებაზე, არამედ გარკვეულ პროფესიულ უნარზე და ობიექტურად სრულყოფილი შეფასების განხორციელების შესაძლებლობაზე. ამდენად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევდა მოთხოვნას გამართლებულად, თუ მოსარჩელე უზრუნველყოფდა დაედასტურებინა მოპასუხის ბოროტი განზრახვა, ან აშკარა არაკეთილსინდისიერ და არაგულისხმიერ დამოკიდებულებას შესასწავლი საკითხისადმი. ასევე, მოსარჩელეს ევალებოდა დაედასტურებინა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს შეეძლო გამოეყენებინა სხვა ტიპის კვლევა, რაც შესაძლებელს გახდიდა შემჩნეული ყოფილიყო შენობაში არსებული ფარული ნაკლოვანებები.

 

2.13. შპს ,,ჯ----------ის’’ პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით მნიშვნელოვანია ასევე შეფასდეს ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა ფარგლები.

 

15.03.2013 წლის ხელშეკრულება, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით შეიცავს შესაბამის დანართებს, კერძოდ დანართი ,,ა’’ დეტალურად განსაზღვრავს ტექნიკური დავალების საკითხებს, რომლითაც დგინდება დამკვეთისა და შემსრულებლის უფლება-მოვალეობები და შესაბამისად ხელშეკრულებით შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულები. კერძოდ, ხსენებული დანართით ტექნიკური დავალების მიზნად განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო ნაწილთან დაკავშირებული სტანდარტების, სამუშაოების მოცულობის და შინაარსის განსაზღვრა იმ მომსახურებასთან მიმართებაში, რაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციისათვის სამშენებლო და სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. კონკრეტულ დანართში ხაზგასმით აღინიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების და ზედამხედველობის სრულ მართვას და კოორდინებას ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

 

ამდენად, სასამართლო მოხმობილი გარემოებებიდან გამომდინარე შპს ,,ჯ----------ს’’ ვერ განიხილავს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე სრულად პასუხისმგებელ სუბიექტად, რამეთუ მისი მონაწილეობა არსებულ ტექნიკურ სამუშაოებში შემოიფარგლა მხოლოდ შესაბამისი პროექტის შედგენით, რომელიც თავის მხრივ მოპასუხემ განახორციელა შესაბამისი პროფესიული უნარების გამოყენებით. საგულისხმოა, რომ მოპასუხის მირ შედგენილ დასკვნასა და ტექნიკურ პროექტში მითითებულია გამოყენებული შეფასების მეთოდი და აღნიშნულია, რომ შეფასება განხორციელდა ვიზუალური შემოწმების შედეგად, რა დროსაც უდავოა, რომ არ შეიმჩნეოდა იმგვარი დაზიანება, რაც დაადასტურებდა კონკრეტული შენობის ავარიულობას. გარემოება, რომ მოპასუხის მიერ კვლევა არ განხორციელებულა სხვა მეთოდით ცნობილი იყო ასევე მოსარჩელისათვის რასთან მიმართებითაც მას პრეტენზია არ განუცხადებია, პირიქით მისი მხრიდან მიღებულია შესაბამისი შესრულება და გადახდილია საფასური. მოგვიანებით, სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელების პროცესში სადემონტაჟო სამუშაოებისას გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები, რაც ვიზუალური დათვალიერების ეტაპზე ვერ იქნებოდა თვალხილული და შესამჩნევი. სასამართლო გარკვეულწილად იზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას, დასკვნის არასრულყოფილებასთან მიმართებით, რამეთუ დგინდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნებოდა არსებული ავარიული მდგომარების კვლევის ეტაპზე შემჩნევა შესაძლებელია თავიდან აცილებული ყოფილიყო გაწეული ხარჯი, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ნგრევასთან მიმართებით უშუალოდ შპს ,,ჯ----------ის’’ ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა შეუძლებელია პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა არსებულ ზიანთან მიმართებით, რამეთუ უშუალოდ სარეაბილიტაციო საქმიანობა ხორციელდებოდა მოსარჩელის დავალების საფუძველზე მის მიერ შერჩეული სუბიექტის მიერ, შესაბამისად არსებულ შედეგთან მიმართებით მხოლოდ შპს ,,ჯ----------ის’’ პასუხისმგებლობაზე მითითება გაუმართლებელია, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ აღნიშნულზე არ არის მითითებული არც ექსპერტიზის დასკვნაში. ამასთანავე, შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ შედგენილი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ გამაგრებით სამუშაოებს და არ დასტურდება დაცულია თუ არა უშუალოდ სამუშაოს განმახორციელებელთა მიერ მითითებული დათქმა, რაც ამ მხრივაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.14. სასამართლომ მიუთითა, ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (სკ-ის 316.1.; 317.1. მუხლები). მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სკ-ის 629-ე მუხლში, კერძოდ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, ნარდობა ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომელიც, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი გარიგება, ერთი მხრივ გამოიხატება, მენარდის ვალდებულებაში - შეასრულოს შეთანხმებული სამუშაო, ხოლო მეორე მხრივ, შემკვეთის ვალდებულებაში - გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სწორედ რომ ეს ორი ვალდებულებაა ნარდობის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2. მუხლი).

 

2.15. უდავოა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და შპს ''ჯ----------ს“ შორის 2013 წლის 15 მარტს დაიდო ხელშეკრულება, 8 ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და საავტორო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. უდავოა ასევე გარემოება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯ----------მა’’ პროფესიული უნარების, პერსონალის და ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით განახორციელა ხსენებული 8 ობიექტთან მიმართებით შესაბამისი ტექნიკური დასკვნის მომზადება, მათ შორის მოპასუხის მიერ მომზადდა ქ. ხ---ში, მ---- ს---–------ I--ის ქუჩაზე მდებარე ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი დასკვნა, რის სანაცვლოდაც შემკვეთის მიერ გადახდილია შეთანხმებული საფასური.

 

2.16. სასამართლომ მიუთითა, რომ უნდა განიმარტოს, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის კი, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სკ-ს 361.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სსკ-ის 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს. სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია მისი არსებითი პირობების განსაზღვრა, ის თუ ხელშეკრულების ფარგლებში, რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მხარეებს იმ არსებითი პირობების მიხედვით, რაზეც მოხდა მხარეთა ნების (ოფერტისა და აქცეპტის) თანხვედრა და რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების დადებას (სსკ-ის 327-ე მუხლი).

 

2.17. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა ხელშეკრულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების ფაქტი, კერძოდ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მისივე მტკიცებით წარმოშობილია ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი და არაკეთილსინდისიერი შესრულების შედეგად.

 

2.18. უშუალოდ ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები არ შეიცავს ნაკლიანი შესრულებისათვის ზიანის ანაზღაურების სპეციალურ წესს, ასევე აღნიშნული საკითხი არც წარმოდგენილი ხელშეკრულებით რეგულირდება, რის გამოც საკითხი უნდა შეფასდეს სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის მომწესრიგებელი ნორმებით.

 

2.19. სსკ-ის 394.1-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 395.1-ე მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

2.20.მოხმობილი კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.

 

2.21. სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ არსებულ ვითარებაში საკითხი ვერ შეფასდება სსკ-ის 639-641-ე მუხლებიდან გამომდინარე, რამეთუ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო ეხება მომსახურების გაწევას, რომელიც მოითხოვს გარკვეული პროფესიული უნარის გამოყენების გზით გარემოების შეფასებას და შესაბამისი დასკვნის გაცემას, რაც რასაკვირველია ვერ დაექვემდებარება შესრულებული სამუშაოს ,,ნივთობრივ’’ თუ ,,უფლებრივ’’ შეფასებას, რამეთუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია არა რაიმე ნაკეთობის დამზადება, არამედ კონკრეტული მომსახურების გაწევა, რის შემდგომაც ღირებულების მატარებელია შესაბამისი დასკვნა, მისი ინფორმაციული ნაწილის თვალსაზრისით, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და არა ის დოკუმენტი, რომელშიც მატერიალური სახით გადმოცემულია შედგენილი დასკვნა თუ ტექნიკური პროექტი.

 

2.22. სსკ-ის მე-7 მუხლის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. სსკ-ის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

 

2.23. ხსენებული ნორმებიდან გამომდინარე შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ შედგენილი დასკვნა ექცევა ქონების ერთიან ცნებაში, რომელიც უფრო ფართო მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე ნივთი, რომლის შეფასებისათვის შესაძლოა გამოყენებული იქნეს მისი ,,ნივთობრვი’’ და ,,უფლებრივი’’ შესაბამისობის დადგენა შეთანხმებულ პირობებთან. რაც შეეხება, ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნასა თუ პროექტს აღნიშნული ღირებულების მატარებელია მასში ასახული ინფორმაციიდან გამომდინარე, კერძოდ განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთისათვის მნიშვნელოვანი იყო დაედგინა ექვემდებარებოდა თუ არა ობიექტი რეაბილიტაციას, რასთან დაკავშირებითაც შედგენილი პასუხი მიჩნეული უნდა იქნეს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთედ, რომლის შექმნაც მოითხოვს შესაბამისი უნარების მქონე სუბიექტთა პროფესიულ და გონებრივ შრომას. ამასთან, განვითარებული მსჯელობის პარალელურად უნდა განიმარტოს, რომ გაწეული მომსახურების ხარისხიც ექვემდებარება შეფასებას და იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა მენარდის მხრიდან აშკარა არაკეთილსინდისიერება, არაგულისხმიერი დამოკიდებულება, ბოროტი განზრახვა ან/და უხეში გაუფრთხილებლობა, რაც განაპირობებდა ზიანს აღნიშნულ წარმოშობდა მოპასუხის პასუხისმგებლობას ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით.

 

2.24. სსკ-ის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. 412-ე მუხლის შესაბამისად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა არსებულ ზიანთან მიმართებით შპს ,,ჯ----------ის’’ ბრალეულობა. უფრო მეტიც, არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ უშუალოდ მოპასუხის ქმედებას მოყვა შენობის ნგრევა, რაც მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობის საფუძვლით გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ ძველი ნალესის ჩამოყრის შემდეგ გახდა თვალსაჩინო სილიკატური აგურით აშენებულ მზიდ კედლებზე ვერტიკალური ბზარები, რომლებიც მოპასუხის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პერიოდში, ვიზუალურად არ ყოფილა თვალნათელი. მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, ისევე, როგორც შენობის დემონტაჟისას მისი ნგრევის გამო მოპასუხის ბრალი - ვერ იქნა დადასტურებული, ხოლო შენობის ჩამოქცევა, როგორც ამას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით დგინდება, გამოწვეულია მზიდი კონსტრუქციების დაზიანებათა და სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოების ერთობლიობით, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას არსებულ ზიანთან მიმართებით.

 

2.25. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი მითითება ზიანის არსებობის თაობაზე და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ წარმოშობს შპს „ჯ----------ის’’ პასუხისმგებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია უდავოა შენობის ნგრევა და შესაბამისად გაწეული ხარჯების სახით ზიანის არსებობა, თუმცა არ დასტურდება მოპასუხის პასუხისმგებლობისათვის საჭირო სხვა სავალდებულო წინაპირობები, კერძოდ მხარის ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შესაბამისად მიზეზობრივი კავშირი არსებულ შედეგთან მიმართებით, რაც საერთო ჯამში არ ქმნის მხარის პასუხისმგებლობის საფუძველს და გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის 28 აპრილს გამოცხადებული იქნა საქმეზე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოსარჩელე) შპს ჯ----------ის (მოპასუხე) წინააღმდეგ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის შესაბამისად სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტი მიუთითებს დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების მე-6 ფურცლის ბოლო აბზაცზე: ,,დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ტექნიკური პროექტის მომზადების განხორციელების ეტაპზე არ იყო დაწყებული და კედლებზე არ იყო მოხსნილი ნალესები. შესაბამისად არ იყო თვალსაჩინო ძირითადი დაზიანებები და შენობა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან ვიზუალურად ალბათ გამოიყურებოდა უკეთეს მდგომარეობაში. მითითებული ადასტურებს ფაქტს, რომ შპს "ჯ----------ს" განხორციელებული ვიზუალური კვლევის საფუძველზე ვერ ექნებოდა შესაძლებლობა შეემჩნია ნივთის დაზიანება’’ და განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს შეფასებისგან განსხვავებით ბევრად მკაცრია, ექსპერტიზის დასკვნის ამ ამონარდშიც ექსპერტი უშვებს მხოლოდ ალბათობას, რომ შენობა შეიძლება, როგორც შიგნიდან ასევე, გარედან ვიზუალურად უკეთ გამოიყურებოდა. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია, რომ შპს "ჯეორესესტის" მიერ ჩატარებული კვლევისას არ იქნა დაფიქსირებული ძირითადი დაზიანებები. აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს შპს "ჯ----------ის" ბრალეულობას. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში დაშვებულია ალბათობა, რომ შპს "ჯ----------ის" მიერ შენობის შეფასების პროცესში ვიზუალურად შენობა შესაძლებელი იყო, უკეთ გამოიყურებოდა, ამიტომ მას ვიზუალური კვლევის საფუძველზე ვერ ექნებოდა შესაძლებლობა შეემჩნია ნივთის დაზიანება. აპელანტს მიაჩნია, რომ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, უპერველეს ყოვლისა იმიტომ რომ შპს "ჯ----------თან" გაფორმებული ხელშეკრულების დანართი ა: ტექნიკური დავალების შესაბამისად პირველი ეტაპის ამოცანას წარმოადგენდა სიაში მოცემული, მათ შორის ხ----ს ყოფილი საავადმყოფოს, შენობის საწყისი შეფასების უზრუნველყოფა, შენობის სტრუქტურული მდგომარეობის და რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის კუთხით (ტექნიკური დავალება გვ. 2). იმ შემთხვევაში თუ შენობა ცუდათ იქნებოდა დაზიანებული მას ამოიღებდნენ პროექტიდან (ტექნიკური დავალება გვ. 3, მე-3 აბზაცი). ასევე, დავალებაში არსად არ არის მითითებული ვიზუალური კვლევა, არამედ დაყენებულია მხოლოდ მოთხოვნა, რომ მოხდეს შენობების შეფასება საინჟინრო კუთხით და მათი ინსპექტირება, ვინაიდან შესაძლებელი ყოფილიყო აღნიშნული შენობების სამომავლოდ რეაბილიტირება. აღნიშნულს შპს "ჯ----------ი" რა მეთოდით უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული, შესაბამისად იმაზე აპელირება, რომ შპს "ჯ----------ს" განხორციელებული ვიზუალური კვლევის საფუძველზე ვერ ექნებოდა შესაძლებლობა შეემჩნია ნივთის დაზიანება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან იგი თუ შესაბამის სვეტებზე ნალესს მოხსნიდა აუცილებლად შეამჩნევდა შენობის არსებით დაზიანებას, აპელანტის მოსაზრებით ეს ცალსახად ბრალეული ქმედებაა, რომელიც განხორციელბულია ყველაზე მცირე გაუფრთხილებელი, უხეში დაუდევრობის ფორმით.

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ არსებულ შედეგთან მიმართებით შპს "ჯ----------ი" ვერ მიიჩნევა პასუხისმგებელ სუბიექტად შესაბამისი მიზეზობრივი კავშირის არ არსებობის გამო. გასაგებია ის მსჯელობა, რომ მზიდი კონსტრუქციის დაზიანება და სარეაბილიტაციო სამუშაოები უშუალოდ არ უწარმოებია შპს "ჯ----------ს", მაგრამ სწორედ მის სახელშეკრულებო დავალებას პირველ ეტაპზე შეადგენდა ამ ერთობლიობის დადგენა, ინსპექტირება შენობის, რამდენად გაუძლებდა შენობა რეაბილიტაციას და როგორ უნდა მომხდარიყო მისი გამაგრება. საექსპერტო დასკვნა პირდაპირ და ცალსახად მიუთითებს, რომ ჩატარებული კვლევისას არ იქნა დაფიქსირებული ძირითადი დაზიანებები და შესაბამისად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი დასკვნა არ მოიცავს შენობის ყველა დაზიანების აღწერას, აქედან გამომდინარე დასკვნაში არ არის მოცემული კვლევის ჩატარების დროს გამორჩენილი დაზიანებათა დაკავშირებით გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების რეკომენდაციები. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის ხსენებული ნაწილი პირდაპირ და უშუალოდ მიუთითებს შპს "ჯ----------ის" მიერ გაკეთებულ არაჯეროვან, ნაკლოვან შეფასებასა და დამდგარ შედეგს, ნგრევას, შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირზე. აპელანტი მიუთითებს სასამართლოს შეფასებაზე, რომ იგი იზიარებს ფონდის პოზიციას დასკვნის არასრულყოფილებასთან დაკავშირებით, რამეთუ დგინდება რომ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნებოდა არსებული ავარიული მდგომარეობის კვლევის ეტაპზე შემჩნევა შესაძლებელია თავიდან აცილებული ყოფილიყო გაწეული ხარჯი.

 

3.3. აპელანტი მიუთითებს გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულების ტექნიკური დავალება ცალსახად ასახავს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს შენობათა შერჩევა და თითოეულ შენობაზე ანგარიშის ცალკე მომზადება და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე შენობა ცუდად არის დაზიანებული ამოიღება კონტრაქტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ეტაპი "მეტ-ნაკლებად ზუსტი" შენობის აღწერა კი არ უნდა წარმოედგინა არამედ მაღალი პასუხისმგებლობით და მაქსიმალური პროფესიონალიზმით უნდა შეერჩია შპს "ჯ----------ს" შენობები, გაეკეთებინა შენობების დაზიანებების ზუსტი აღწერა და შემდგომში განხორციელებინა მისი სარეაბილიტაციო - კონსტრუქციული პროექტის შედგენა, რაც უდავოდ მის მიერ არ არის შესრულებული აღნიშნულს ადასტურებს, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა როგორც ექსპერტიზის დასკვნა ასევე, ამ ფაქტს გვერდი ვერ აუარა თავად სასამართლომაც. სწორედ სადაო დასკვნის არასრულფასოვანი შედგენა პირდაპირ ადასტურებს შპს "ჯ----------ის" არაკეთილსინდისიერ ქმედებას, კერძოდ მას ვიზუალური დათვალიერების გარდა ბაზარზე არსებული სხვა მეთოდი, რომ გამოეყენებინა, თუნდაც მზიდი კონსტრუქციების ნაწილში ნალესი ჩამოეშალა, იგი უდაოდ შენიშნავდა შენობის არავარგისიანობას, რაც თავიდან ააცილებდა შენობის ნგრევით გამოწვეულ ხარჯებს. აღნიშნული ქმედება კი მისი მხრიდან წარმოადგენს ყველაზე მცირე უხეშ დაუდევრობას და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების აშკარა არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ შესრულებას, ვინაიდან არასრულფასოვანი დასკვნის საფუძველზე შპს "ჯ----------მა" შენობების სარეაბილიტაციო ნუსხაში დატოვა არავარგისი ზონის ყოფილი საავადმყოფოს შენობა და პირველადი არასრულფასოვანი დასკვნიდან გამომდინარე მის მიერ შემდგომში ხელშკრულების მე-2 ეტაპზე გაკეთებული პროექტიც არასრულფასოვანი აღმოჩნდა, რასაც მოწმობს ასევე ექსპერტიზის დასკვნაც" ვინაიდან რეაბილიტაციის კონსტრუქციულ პროექტს საფუძვლად ედო შპს "ჯ----------ის" მიერ შენობაზე ჩატარებული კვლევის შედეგი, რომელშიც არ არის აღწერილი მზიდი კონსტრუქციების დაზიანებათა ზუსტი სურათი, პროექტში არ არის გათვალისწინებული დაზიანებული კონსტრუქციების გამაგრება, შესაბამისად კონსტრუქციული პროექტის შემოწმება არ არის გამართლებული" ანუ ექსპერტიზამ არც კი შეამოწმა სადაო შენობისათვის გაკეთებული სარეაბილიტაციო პროექტი, ვინაიდან პირველადი მონაცემები იყო არასრულფასოვანი. ეს ყოველივე კი ცალსახად მოწმობს შპს "ჯ----------თან" გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ შესრულებაზე.

 

3.4. აპელანტი განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების დამკვეთი, რომელიც ყიდულობს სპეციალურ საექსპერტო მომსახურებას შენობის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შემდგომში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალური სახის სამშენებლო - სარეაბილიტაციო პროექტის შექმნისათვის, არ არის ვალდებული გააჩნდეს სპეციალური ცოდნა თუ რა ტიპის მეთოდების გამოყენებით მიღწეული უნდა იყოს ხელშეკრულებით გასაზღვრული ვალდებულებები, დასახული მიზანი. აპელანტი მიუთითებს ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ გატარებულ მსჯელობაზე, რომ "ნებისმიერი სახის კვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება მოითხოვს შესაბამის ცოდნას და ივარაუდება, რომ მისი შემდგენი კვლევისას მოქმედებს პროფესიული ცოდნის გამოყენებითა და კეთილსინდისიერებით", შესაბამისად წარმოდგენილი ვიზუალური მეთოდით ჩატარებული დასკვნის არ მიღების, პრეტენზიის დაფიქსირების და თანხის არ გადახდის გარემოება ხელშეკრულების განხორციელების პერიოდში არ იყო. დასკვნის არასრულფასოვნება და შესაბამისად შპს "ჯ----------ის" არაჯეროვანი და არაკეთილსინდისიერი ხელშეკრულების შესრულება ნათელი გახდა მხოლოდ შენობის ნგრევის და საექსპერტო დასკვნის შემდეგ.

 

3.5. აპელანტი მიუთითებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.8 პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნულს ნაწილობრივ ეთანხმება, რომ შენობის შეფასება ინფორმაციული თვალსაზრისით იყო ღირებული, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად იგი მატერიალიზირდა დასკვნაში შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და შემდგომ უკვე სარეაბილიტაციო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში. სკ-ის 394 მუხლის ფარგლებში აშკარაა და სახეზეა ამ კონკრეტული მუხლით დაწესებული მოთხოვნის წინაპირობები, კერძოდ ვალდებულების დარღვევა - შენობის შემდგომი რეაბილიტაციისათვის ვარგისად შეფასება, იმ ვითარებაში როდესაც შენობის მზიდ კედლებს გააჩნდა საგანგაშო დაზიანებები და ამ მნიშვნელოვანი გარემოების გამოტოვებით სარეაბილიტაციო კონსტრუქციული პროექტის შექმნა, აშკარად სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ასევე, ნაკლოვანი შეფასება და კონსტრუქციული პროექტი, რასაც ცალსახად ადასტურებს საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ შპს "ჯ----------ის" მიერ გაწეული მომსახურება არაჯეროვანია. დამდგარი ზიანი გამოწვეულია შენობის ნგრევით, რაც ციფრებში წარმოადგენს ფუჭად გადახდილ თანხებს პროექტის დამზადებისათვის - 53 058.88 ლარს და დემონტაჟში გადახდილ თანხას - 207 163.69 ლარს, ხოლო რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ ზიანს შორის თავად გადაწყვეტილებაშიც არის აღიარებული რომ სრულფასოვანი დასკვნის შემთხვევაში ნგრევა თავიდან იქნებოდა აცილებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა ორმხრივი, ხელშეკრულებაა, რომელიც ერთი მხრივ გამოიხატება მენარდის ვალდებულებაში - შეასრულოს შეთანხმებული სამუშაო, ხოლო მეორე მხრივ, შემკვეთის ვალდებულებაში - გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნული პირობებია ნარდობის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2. მუხლი).

 

მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო სხვადასხვა შინაარსის შეიძლება იყოს: არამატერიალურ-ქონებრივი სიკეთის შექმნა ასევე შეიძლება იყოს ნარდობის ურთიერთობის შედეგი

 

მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შექმნას გულისხმობს თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს და გარდა ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმებისა, მასზე უნდა გავრცელდეს ასევე ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები).

 

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (გადაწყვეტილება (№ას-223-215-2013), მომსახურების ხელშეკრულებაზე ვრცელდება ნარდობის მარეგულირებელი ნორმები, როგორც ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთისათვის მნიშვნელოვანი იყო დაედგინა ექვემდებარებოდა თუ არა ობიექტი რეაბილიტაციას, რასთან დაკავშირებითაც შედგენილი პასუხი მიჩნეული უნდა იქნეს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთედ, რომლის შექმნაც მოითხოვს შესაბამისი უნარების მქონე სუბიექტთა პროფესიულ და გონებრივ შრომას. გაწეული მომსახურების ხარისხიც ექვემდებარება შეფასებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა ხელშეკრულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების ფაქტი, კერძოდ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მისივე მტკიცებით წარმოშობილია ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი და არაკეთილსინდისიერი შესრულების შედეგად.

 

უშუალოდ ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები არ შეიცავს ნაკლიანი შესრულებისათვის ზიანის ანაზღაურების სპეციალურ წესს, ასევე აღნიშნული საკითხი არც წარმოდგენილი ხელშეკრულებით რეგულირდება, რის გამოც საკითხი უნდა შეფასდეს სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის მომწესრიგებელი ნორმებით.

 

სსკ-ის 394.1-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 395.1-ე მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სსკ-ის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. 412-ე მუხლის შესაბამისად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვული ზიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი

 

სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მიყენებული ზიანი შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდაც გამოირიცხოს, თუ დადასტურდება, რომ ზიანის დადგომაში დაზარალებულის ბრალი უფრო მეტია, ვიდრე მოვალის.

 

4.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,ჯ----------ს’’ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2013 წლის 15 მარტს დაიდო ხელშეკრულება, 8 ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და საავტორო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯ----------მა’’ პროფესიული უნარების, პერსონალის და ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით, იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო მომსახურების განხორციელება, შეთანხმებული პირობების შესაბამისად და დამკვეთს შესრულებული სამუშაოს მიღების სანაცვლოდ ევალებოდა აენაზღაურებინა შეთანხმებული საფასური

 

4.2.2.უდავოა, რომ შპს ,,ჯ----------ს“ ევალებოდა ხ----ს ყოფილი საავადმყოფოს საინჟინრო კვლევა, რათა მომხდარიყო შენობის სარეაბილიტაციოდ ვარგისიანობის დადგენა. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდებოდა, რომ შენობა დაზიანებულია შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდებოდა. შპს ,,ჯ----------მა’’ 15.03.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადა დასკვნა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ (ობიექტი N1 - ქ. ხ----, მ---- ს---–------ I--ის ქუჩა N21-ში რაიონული საავადმყოფო ,,ჯ---------–---ა’’), რომელშიც მითითებულია, რომ ,,ობიექტის ვიზუალურმა შემოწმებამ ცხადყო, რომ დღევანდელი მდგომარეობით შენობა მდგრადია, არავითარი მნიშვნელოვანი დაზიანება არ გააჩნია და მიზანშეწონილია მისი რეაბილიტაცია’’ (იხ. ტომი I, ს.ფ 25-54).

 

4.2.3. შპს ,,ჯ----------მა’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მოამზადა ქ. ხ---ში მ---- ს---–------ I- ქუჩა N21-ში ყოფილი საავადმყოფოს შენობის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლისათვის რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლის განმარტებით ბარათში მიეთითა, რომ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღევანდელი მდგომარეობით შენობა კონსტრუქციულად მდგრადია და ექსპლოატაციისათვის ვარგისი. ამასთანავე, განმარტებით ბარათშივე მიეთითა გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებაზე და გაკეთდა დათქმა, რომ პროექტში აღმოჩენილი უზუსტობა, ფაქტიურ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან რაიმე ცვლილების შეტანა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს პროექტის ავტორთან.

 

4.2.4. უდავოა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიღებულია შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ შესრულებული სამუშაო და მის მიერ გადახდილია შესაბამისი საფასური. ფონდმა 2013 წლის 27 დეკემბერს ხელშეკრულება დადო შპს ,,ი----’’-სთან, შესწავლილ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით (იხ. ტომი I, ს.ფ. 59-64).

 

4.2.5. დადგენილია, რომ 2014 წლის 29 იანვარს სარეაბილიტაციო სამუშაოების უშუალო განმახორციელებელი შპს ,,ი----ს’’ დირექტორმა წერილობით მიმართა ფონდს და აცნობა, რომ ქ. ხ---ში, მ---- ს---–------ I--ის ქ. N21-ში მდებარე ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ნალესის მოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დარღვეულია რკ/ბეტონის და აგურის კოლონების მდგრადობა, რაც მოითხოვს სასწრაფოდ კონსტრუქტორის გადაწყვეტილებას კოლონების გამაგრებასთან დაკავშირებით. მიწერილობის ავტორმა განმარტა, რომ ისინი იძულებულები გახდნენ დროებით კოლონები გაემაგრებინათ დანგრატებით, ასევე აცნობეს, რომ სარდაფში მისასვლელი კიბეები დანგრეულია, რის გამოც სარდაფში მოხვედრა შეუძლებელია (იხ.იხ. ტომი I, ს.ფ. 65).

 

4.2.6. ქალაქ ხ----ს ყოფილი საავადმყოფოს შენობის დაზიანებები გამოვლენილ იქნა სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების მიმდინარეობის პერიოდში ნალესი მასალის მოხსნის შემდგომ. 2015 წლის 17 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის #002101615 თანახმად, დადგენილია, რომ 2014 წლის 31 იანვარს ხ----ს ობიექტის ,,ა“ ბლოკის ,,7-7“ და ,,8-8“ ღერძებს შორის ოთხივე სართულის დონეზე ჩამოინგრა არსებული კონსტრუქცია. (იხ. ტომი I, ს.ფ 77);

 

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ჯ----------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა შემდეგში:

მხარეთა შორის არსებული15.03.2013 წლის ხელშეკრულების მიხედვით უნდა მომხდარიყო შენობათა შერჩევა და თითოეულ შენობაზე ანგარიშის ცალკე მომზადება და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე შენობა ძალიან არის დაზიანებული ამოიღება კონტრაქტიდან. 15.03.2013 წლის ხელშეკრულება, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით შეიცავს შესაბამის დანართებს, კერძოდ დანართი ,,ა’’ დეტალურად განსაზღვრავს ტექნიკური დავალების საკითხებს, რომლითაც დგინდება დამკვეთისა და შემსრულებლის უფლება-მოვალეობები და შესაბამისად ხელშეკრულებით შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულები. კერძოდ, ხსენებული დანართით ტექნიკური დავალების მიზნად განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო ნაწილთან დაკავშირებული სტანდარტების, სამუშაოების მოცულობის და შინაარსის განსაზღვრა იმ მომსახურებასთან მიმართებაში, რაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციისათვის სამშენებლო და სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

 

შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ ჩატარებული კვლევისას არ დაფიქსირებულა ძირითადი დაზიანებები და მათ მიერ შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი დასკვნა არ მოიცავს შენობის არსებული დაზიანების აღწერას და კვლევის ჩატარების დროს გამორჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების რეკომენდაციებს, რის გაკეთებაც მას ევალებოდა. შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ დამუშავებული რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ასახულია მხოლოდ იმ დაზიანებების აღდგენა-გამაგრება, რომელთა დაფიქსირება მოხდა კვლევის დროს. მოპასუხის მიერ მომზადებული დასკვნა შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ იყო ობიექტის სრულყოფილი შესწავლის შედეგი და არ ასახვდა ყველა რისკს, რაც შენობის რეკონსტრუქციას შეიძლება მოყოლოდა.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას, მოპასუხის დასკვნის არასრულყოფილებასთან მიმართებით. დგინდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნებოდა არსებული ავარიული მდგომარების კვლევის ეტაპზე შემჩნევა შესაძლებელია თავიდან აცილებული ყოფილიყო გაწეული ხარჯი.

 

2014 წლის 10 აპრილის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით ქ. ხ---ში, მ---- ს---–------ I- ქუჩა N21-ში მდებარე ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც მწვავედ ავარიული. სავარაუდოდ, შენობაში მზიდი კონსტრუქციების დაზიანებათა და სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოების ერთობლიობამ შექმნა ავარიული მდგომარეობა, რამაც გამოიწვია შენობის ნაწილის ნგრევა. შენობა აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში. შენობის აშენების დროს დარღვეულია სეისმური მოთხოვნები: შენობის ნაკვეთურის სიგრძე აღემატება დასაშვებს: აგურის წყობაში არ არის მოწყობილი არმატურის კარკასები: განივ კედლებს შორის მანძილი აღემატება დასაშვებს. ვიზუალური დათვალიერების შედეგად შენობაში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის ხარვეზები და დაზიანებები. მზიდ კედლებში გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის აგური (წითელი, გამომწვარი თიხის, თეთრი სილიკატური). ლოკალურ ადგილებში რკინაბეტონის ზღუდარების ჩამოდება მინიმუმზე ნაკლებია. მზიდ კედლებში ღიობების ზონაში გაჩენილია ვერტიკალური ბზარები, რაც მეტყველებს კედლის დაბალ სიმტკიცეზე. წინა ფასადზე, ატმოსფერული ნალექებისაგან დაუცველობის გამო კედლები დასველებულია და გაჯერებულია წყლით. ლოკალურ ზონებში რკინაბეტონის სარტყლები ძლიერ დაზიანებულია, გამოფიტულია ბეტონი და მუშა არმატურები კოროზირებულია. ზემოაღნიშნული ხარვეზები და დაზიანებები მთლიანობაში ქმნიან ავარიულ მდგომარეობას. შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ ჩატარებული კვლევისას არ იქნა დაფიქსირებული ძირითადი დაზიანებები და შესაბამისად მათ მიერ შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი დასკვნა არ მოიცავს შენობის ყველა დაზიანების აღწერას. აქედან გამომდინარე, დასკვნაში არ არის მოცემული კვლევის ჩატარების დროს გამორჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების რეკომენდაციები. შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ დამუშავებული რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ასახულია მხოლოდ იმ დაზიანებების აღდგენა-გამაგრება, რომელთა დაფიქსირება მოხდა კვლევის დროს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია შენობაში რაიმე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების დაცვით.

 

აშკარაა რომ შპს "ჯ----------ის" მიერ ჩატარებული კვლევისას არ იქნა დაფიქსირებული ძირითადი დაზიანებები. აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს შპს "ჯ----------ის" ბრალეულობას. ავარიული მდგომარეობის შექმნა დასკვნაში დაკავშირებულია სავარაუდო ორ განმაპირობებელ ფაქტორთა ერთობლიობასთან, კერძოდ ა) მზიდი კონსტრუქციების დაზიანება და ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოება.

 

31.01.2014წ. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევის მიზნით 2014 წლის 4 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე შპს ,,ჯ----------ის’’ წარმომადგენელეთა განმარტებით, რომ პროექტის მომზადებამდე კომპანიამ ჩაატარა წინასწარი კვლევები და ვიზუალური შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ როგორც ხ----ს, ასევე ბაღდათის შენობა ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, თუმცა აღინიშნა, რომ მიუხედავად ხ----ს შენობაზე ბზარების შემჩნევისა (სარდაფი - შენობის საძირკველი), მან ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩათვალა დამატებითი კვლევის ჩატარება შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, მით უმეტეს, რომ შენობის ჯდენა იმ დროისათვის არ აღინიშნებოდა. ხოლო ის, რომ ხ----ს შენობა აღმოჩნდა ავარიული ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც კედლებიდან მოიხსნა ძველი ნალესი, შემდეგ გაშიშვლებული მზიდი კედლები დასველდა, ვერ გაუძლო დატვირთვას და ჩამოინგრა. ასევე აღინიშნა, რომ პროექტით არის გათვალისწინებული გამაგრებითი სამუშაოები.

 

შეხვედრაზე პოზიცია დააფიქსირა ასევე, შპს ,,ი----ს’’ წარმომადგენელმაც, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტით გათვალისწინებული იყო მხოლოდ სარდაფის მზიდი კედლების გამაგრება ლითონის ბადით. არადა, აღნიშნული შენობის ყველა ბეტონის ნაკეთობა (საძირკველი, სარტყელი, კედელი და სხვა) არის მეტად დაბალი სიმტკიცის. ე.წ. რკ/ბეტონის სარტყელში გამოყენებულია მხოლოდ ორი ღერი არმატურა და ისიც ,,A-I’’ კლასის.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებაში არ არის მოთხოვნილი ვიზუალური კვლევა, არამედ დაყენებულია მოთხოვნა, რომ მოხდეს შენობების შეფასება საინჟინრო კუთხით და მათი ინსპექტირება, ვინაიდან შესაძლებელი ყოფილიყო აღნიშნული შენობების სამომავლოდ რეაბილიტირება. აღნიშნულს შპს "ჯ----------ი" რა მეთოდით უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული, შესაბამისად იმაზე აპელირება, რომ შპს "ჯ----------ს" განხორციელებული ვიზუალური კვლევის საფუძველზე ვერ ექნებოდა შესაძლებლობა შეემჩნია ნივთის დაზიანება არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის,რომ მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯ----------მა’’ პროფესიული უნარების, პერსონალის და ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით, იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო მომსახურების განხორციელება შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

 

პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ კვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ივარაუდება, რომ მისი შემდგენი კვლევისას მოქმედებს პროფესიული ცოდნის გამოყენებითა და კეთილსინდისიერებით. ასევე ივარაუდება, რომ დასკვნაში ასახული ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ზუსტია. ნარდობის ხელშეკრულების დამკვეთი, რომელიც ყიდულობს სპეციალურ საექსპერტო მომსახურებას შენობის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შემდგომში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალური სახის სამშენებლო -სარეაბილიტაციო პროექტის შექმნისათვის, არ არის ვალდებული გააჩნდეს სპეციალური ცოდნა თუ რა ტიპის მეთოდების გამოყენებით უნდა იყოს მიღწეული ხელშეკრულებით გასაზღვრული ვალდებულებები, დასახული მიზანი.

 

ამასთან, პალატის აზრით დგინდება მოსარჩელის უყურადღებო, გაუფრთხილებელი და წინდაუხედავი დამოკიდებულება პროექტის მომზადების განხორციელების პროცესში.

 

დგინდება, რომ შემკვეთმა ყოველგვარი შემოწმების და შესაწავლის გარეშე მიიღო შემსრულებლის მიერ ვიზუალური დათვალიერების მეთოდით შედგენილი დასკვნა. პალატა თვლის, რომ შემკვეთს ევალებოდა გაცილებით მეტი ყურადღების და წინდახედულობის გამოჩენა, როგორც ტექნიკური დავალების შედგენისას ასევე შესრულებულო სამუშაოს შედეგების შეფასებისას, რადგან აშკარა იყო, რომ შპს ,,ჯ----------ს“ არ ჰქონდა შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სათანადო კვლევა ჩატარებული.

 

ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ კვლევა არ განხორციელებულა სხვა მეთოდით ცნობილი იყო, ასევე, მოსარჩელისათვის, რასთან მიმართებითაც მას პრეტენზია არ განუცხადებია, პირიქით მისი მხრიდან გადახდილია საფასური.

 

სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს.

 

პალატა თვლის რომ მხარეთა ბრალი პროექტის მომზადებაში გადახდილი თანხის სახით ზიანის (53.058.88 ლარი) დადგომაში თანაბარწილად უნდა უნდა შეფასდეს და ზიანის ანაზღაურებაც ამ პრინციპით უნდა მოხდეს.

 

რაც შეეხება შენობის დემონტაჟში გადახდილ თანხას, შპს ,,ინსთან“ ურთიერთობას და მასთან დადებული ხელშეკრულებით განცდილ ზიანს, პალატა თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ავარიული მდგომარეობის შექმნა ექსპერტიზის დასკვნაში დაკავშირებულია სავარაუდო ორ განმაპირობებელ ფაქტორთა ერთობლიობასთან, კერძოდ ა) მზიდი კონსტრუქციების დაზიანება და ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოება.

 

უშუალოდ სამუშაოები ხორციელდებოდა მოსარჩელის კონტრაქტორი შპს ,,ი----ს’’ მიერ, რაც ასუსტებს მოპასუხის შესაძლებლობას განახორციელოს პირდაპირი კონტროლი მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამავე დანართით ცალსახად არის აღნიშნული მუნიციპალური განვითარების ფონდის მოვალეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისა და ზედამხედველობის სრულ მართვასა და კოორდინებასთან დაკავშირებით.

 

კონსულტანტს ევალებოდა შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების რეგულარული კონტროლის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სამუშაოების შესაბამისობა საბოლოოდ დამტკიცებულ დეტალურ ტექნიკურ პროექტთან, ნახაზებთან და სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფდა პროექტის განხორციელებას. უდავოა, რომ დამკვეთის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი კონსულტანტის მონაწილეობა სარეაბილიტაციო სამუშაოებში კონსულტირების მიზნით. რითაც სამუშაოების წარმოებისას მიღებული ზიანის რისკი მან თავის თავზე აიღო.

 

შპს ,,ჯ----------ის“ განმარტებით ბარათშივე მითითებული იყო გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებაზე და გაკეთდა დათქმა, რომ პროექტში აღმოჩენილი უზუსტობა, ფაქტიურ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან რაიმე ცვლილების შეტანა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს პროექტის ავტორთან. შპს ,,ჯ----------ის’’ მიერ შედგენილი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ გამაგრებით სამუშაოებს და არ დასტურდება დაცულია თუ არა უშუალოდ სამუშაოს განმახორციელებელთა მიერ მითითებული დათქმა, რაც ამ მხრივაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას.

 

მართალია, პროექტის ავტორია შპს ,,ჯ----------ი’’, თუმცა უშუალო სამუშაოებს ახორციელებდა შპს ,,ი----’’, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, შესაბამისად, დამდგარ შედეგთან მიმართებით შპს ,,ჯ----------ის’’ პასუხისმგებლობის დადგომისათვის უტყუარად უნდა დგინდებოდეს კონკრეტული სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედების საფუძველზე ზიანის დადგომა, რაც არსებულ ვითარებაში არ დასტურდება.

 

ამასთან, დაუსაბუთებელია მოპასუხის ბრალი იმ გარემოებებში, როდესაც სამუშაოთა უპერსპექტივობა გამოიკვეთა რეაბილიტაციის დასაწყისში. დაუსაბუთებელია რატომ იქნა გადახდილი დემონტაჟის სრული თანხა ან ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლება ვის ინტერესებში შედიოდა ან იყო თუა არა აუცულებელი აღნიშნული ხარჯების გაწევა. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ დგინდება მოპასუხის ბრალი დემონტაჟში გადახდილი თანხის სახით განცდილი ზიანის დადგომაში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჯ----------ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ 1857 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. შპს „ჯ----------ს“ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ დაეკისროს 26 529,44 ლარის გადახდა.

 

5. შპს „ჯ----------ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ 1857 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

დიანა ბერეკაშვილი