განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
330100118002407727
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002407727

საქმე №1ბ/1789-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ------------;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ტ--------------- (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–------------------–------------------–-);

 

ადვოკატი - ნ-----–------------;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2013 წლის 8 იანვარს, ტ--------------მა, თავისი გარდაცვლილი ძმის - ფ----------------ის მონაცემების გამოყენებითა და მისი ხელმოწერის გაყალბების გზით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისი მემკვიდრისგან მალულად, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და ფ----------------ის საკუთრებად დაარეგისტრირა მისივე კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ-------–--–----------------–------------ში. აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის 22 თებერვალს, ტ--------------მა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით და თავისი მეუღლის - ფ---------------ის, ასევე მეზობლების - მ---------------–------------------------------ის თანდასწრებით, 2013 წლის 22 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკაში მყოფი, ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა ქ-------–--–--------------–-----------------ში მდებარე ლ---------ს სანოტარო ბიუროს, სადაც მეუღლისა და მეზობლების მიერ მისი - როგორც ფ----------------ის ვინაობის დადასტურების შემდეგ, ფ----------------ის სახელით მინდობილობა მისცა ფ---------------ს - ფ----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.------–------------------–------------ში, მისი განკარგვის უფლებით.

 

ზემოაღნიშნულის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკიდან დაბრუნებულმა ტ--------------მა კვლავ მეუღლის დახმარებით, ქ-------–--–----------–---–ის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს დ-----------–---თან, ყალბი სანოტარო მინდობილობის გამოყენებით, გააფორმა ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ფ---------------მა ტ--------------ს 25 000 ლარის სანაცვლოდ მიყიდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა. საცხოვრებელ ბინაზე ოფიციალური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ტ--------------მა ქ-------–--–----------------–------------ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავის სახელზე, რითაც თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფ----------------ის კუთვნილ ქონებას, ღირებულს 100 000 ლარად. 2013 წლის 28 ოქტომბერს, ტ--------------მა ხსენებული საცხოვრებელი ბინა თავდაპირველად 9000 აშშ დოლარის სანაცვლოდ (15.075 ლარი) იპოთეკით დატვირთა, ხოლო 2013 წლის 16 დეკემბერს იპოთეკის საგნის ღირებულება გაზარდა 10 000 აშშ დოლარამდე (17085 ლარი), რაც არ დაფარა.

 

ტ---------------ს ქმედებით, დაზარალებულ მ---------------ს მიადგა დიდი ოდენობის (117085 ლარის ოდენობის) მატერიალური ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

 

ტ--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ტ--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნულმა ძირითადი სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - თ------------მ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა და უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმებისკენ.

 

დაცვის მხარის პოზიციით: პროკურორის სააპელაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სამართლიანია, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ტ---------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ტ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ტ--------------ს ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ხოლო 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (სხვისი ქონების დაუფლება) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს რეალობის განზრახ დამახინჯებით ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და განსაკუთრებით ითვალისწინებს მსჯავრდებულის ხანდაზმულ ასაკს და დანაშაულის შემდგომ ქცევას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია, რადგან დაზარალებულს დაუბრუნდა სადავო ქონება და მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტ--------------მა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩაიდინა 2013 წლის 8 იანვარს და 2013 წლის 22 თებერვალს, რა დროსაც იგი ნასამართლევი არ ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ტ--------------ს მსჯავრი დაედო 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩადენილი, ხოლო 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით - 2014 წლის 30 სექტემბერს ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულებისთვის; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ---------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესი (დანაშაულთა ერთობლიობა).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ტ---------------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, ტ---------------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა განისაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნულმა ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, კვლავ უნდა ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე და ტ---------------ს ხმის ნიმუში ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი;

 

ტ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ტ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნულმა ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

მსჯავრდებულ ტ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ტ--------------ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე და ტ---------------ს ხმის ნიმუში ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი