განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119003034545
საქმე №1/ბ-786-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------–--ე;
გამართლებული: ს---------–---ია, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, მცხოვრები: ა--–-- რაიონი, სოფელი გ---–------ი (მონაწილოების გარეშე);
ადვოკატი: თ-------–-----;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს---------–---იამ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს---------–---ია და ფ----------------ე, დაახლოებით, ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს---------–---იამ, ს-----------ში, დ--------–-ში, რ-------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების - თ------------------ისა და ნ-----–-----------------ის თანდასწრებით, ხელის სახისა და ტანის არეში რამდენიმეჯერ დარტყმით, სცემა ფ----------------ეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ს-----------ში მდებარე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს---------–---ია ფ----------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო, ს---------–---იას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით: ს---------–---ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ს---------–---იას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში; გამართლებულ ს---------–---იას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს---------–---იას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–--ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ს---------–---იას დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულების პოზიციისა, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ს---------–---იამ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
დაცვის მახარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებული ს---------–---იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------–-----მ ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ს---------–---იას უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს---------–---აის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს---------–---ია წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება როგორც მეუღლე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ს---------–---იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამაშავედ და განმარტა, რომ იგი მეუღლესთან ს-----------------ესთან, მამასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს ა--–-- რაიონის სოფელ გ---–------ში. დაახლოებით 2 წლის წინ, მას მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ფ----------------ესთან, 2018 წლის ბოლოდან კი უკვე შეწყვიტა მასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ თავად ფ----------------ე სთხოვდა მას ურთიერთობის გაგრძელებას, რისი წინააღმდეგიც იყო. მას ფ----------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დამუქრებია ამ უკანასკნელს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის დ--------–-შში, თ------------------------ში. დაზარალებული ფ----------------ე არის მისი მეუღლის ნათესავი. ს---------–---ია და ფ----------------ე დროებით ცხოვრობდნენ ერთად, ფ----------------ის სახლში, რომელიც მისი სახლიდან მოშორებით მდებარეობს. ს------ ფ----------------ესთან რამდენიმე დღე რჩებოდა ხოლმე და შემდეგ ისევ ბრუნდებოდა თავის ოჯახში. ფ----------------ემ მოგვიანებით უამბო მას, რომ მან და ს---------–---იამ იჩხუბეს და დაშორდნენ. სხვა რაიმე გარემოება მათი ურთიერთობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
მოწმე ზ--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ კანონიერი წარმომადგენლისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით მოხდა არასრულწლოვნების, თათია და ნ-----–-----------------ეების, გამოკითხვა, სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება მის მიერ ჩატარებული არ ყოფილა.
მოწმე გ----------–--–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 17 მაისს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რა დროსაც გამოკითხული იქნა დაზარალებული ფ----------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 14 მაისს ს---------–---იასთან მოუვიდა შელაპარაკება, რაზედაც განაწყენებულმა ს---------–---იამ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ყოველივეს კი შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით ფ----------------ეს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გაიცა შესაბამისი დასკვნა. 2017 წლის 17 მაისს ქ.ს-----------ში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით, ს---------–---ია შეხვდა ფ----------------ეს, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გააკეთა შესაბამისი შეტყობინება 112-ში. ფ----------------ის გამოკითხვის შემდეგ მოხდა ს---------–---იას დაკავება ა--–-- რაიონის სოფელ გ---–------ში.
მოწმე ნ---------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 17 მაისს შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, იგი გაწევრიანებული იქნა საგამოძიებო ჯგუფში. მოცემულ საქმეზე მის მიერ მოხდა მოწმე ს-----------------ის გამოკითხვა, ასევე მის მიერ ბრალდებულ ს---------–---იას წარედგინა ბრალი შსს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მოხდა ამ უკანასკნელის ბრალდებულის სახით გამოკითხვა, რა დროსაც ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ბრალი, ასევე ბრალდებულისთვის გადაცემული იქნა მტკიცებულებები და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
მოწმეებმა: გ---–-------------ემ, ლ--–-------–--მ და ე-–-------------ამ განმარტეს, რომ ისინი ცხოვრობენ ა--–-- რაიონის სოფელ მ-----ში. 2019 წლის 17 მაისს მგზავრობდნენ სამარშუტო ტაქსით, რომელშიც ასევე იმყოფებოდა ს---------–---ია მეუღლესთან და შვილთან ერთად, რა დროსაც ავტომანქანასთან მივიდა მათთვის უცნობი ქალბატონი, რომელიც ს---------–---იას მისამართით ყვიროდა ,,ჩამოეთრიე დაბლაო’’. ამის შემდეგ ს------ ჩავიდა სამარშუტო ტაქსიდან, თუ რა მოხდა ამ უკანასკნელსა და იმ ქალბატონს შორის მათთვის უცნობია.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფ----------------ემ განმარტა, რომ იგი ამჟამად ცხოვრობს ქ.ს-----------ში, რ-------–--ის ქუჩის 11-ში, არასრულწლოვან შვილებთან ერთად. დაახლოებით 2 წელია, რაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ს---------–---იასთან, რომელსაც მეუღლედ მიიჩნევდა. იგი მათთან ცხოვრობდა, თუმცა, პერიოდულად მიდიოდა თავის სახლში, სადაც ცხოვრობდა მისი მამა, მეუღლე ს-----------------ე და შვილი ლ-------–---ია. 2019 წლის 14 მაისს ს---------–---იას უსაყვედურა თუ რატომ მიიღო საჩუქრად მისი მეუღლისაგან სათვალე და მობილური ტელეფონი, აღნიშნულზე გაბრაზებულმა ს---------–---იამ მას 2-3 ჯერ ხელი დაარტყა სახის არეში, რასაც შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილი თ------------------ე, აღნიშნული დარტყმის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია, როდესაც ს------ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მას არ შეშინებია, რადგან იცოდა, რომ ვერაფერს დაუშავებდა. ამის შემდეგ იგი წავიდა სამსახურში, ხოლო უკან დაბრუნებულს ს---------–---ია აღარ დახვედრია. რამდენიმე დღის შემდეგ მას მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა და სთხოვდა პლასტიკური ბარათის დაბრუნებას, რაზედაც ს------ს პასუხი არ გაუცია. მან იცოდა რომ 17 მაისს იგი უნდა მისულიყო პრობაციის ბიუროში, სადაც დახვდა ს---------–---იას, რომელიც იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. მან უშვერი სიტყვებით მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხოფა, იგი სთხოვდა ს---------–---იას რომ გაჰყოლოდა და დაეწერა ხელწერილი, რომ აღარ ჩავიდოდა მათთან დ--------–-ში და არ შეავიწროვებდა მას, რაზედაც ს---------–---იამ უარი უთხრა.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა თ------------------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს დედასთან, ფ----------------ესთან და ძმასთან ერთად, სამტრედიის რაიონის დ--------–-შში. მათთან ერთად ცხოვრობდა მისი დედის მეგობარი, კ--- (ს------) ხ-–---ია. რომელიც დედასთან ჩხუბობდა ხოლმე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, კ---მ მის დედას, ფ----------------ეს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ფ------მ კ---ს უთხრა, რომ ეტკინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–---–---------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე მოცემულ საქმეზე საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი წერილის საფუძველზე, მსხვერპლთან, ფ----------------ესთან გასაუბრების შემდეგ, მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, მოძალადე ს---------–---ის მიმართ, ამ უკანასკნელს განემარტა შემაკავებელი ორდერის არსი, მნიშვნელობა და უფლებები, რომლის ასლიც ს---------–---იას ჩაბარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
პირველი ინსტანციის სასამაღთლოს გასაჩივრებულ განაჩენში სწორად არის მითითებული, რომ ვინაიდან, დაზარალებულმა ფ----------------ემ განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმისას მას ტკივილი არ განუცდია, მანვე აჩვენა, რომ ს---------–---იას მიერ დამუქრებისას ამ მუქარის განხორციელების შიში მას არ განუცდია, შესაბამისად, სასამართლომ არ შეიძლება დამაჯერებელ მტკიცებულებად მიიღოს არასრულწლოვანი მოწმე თ------------------ის (დაზარალებულის შვილი) ჩვენება იმის თაობაზე, რომ ს---------–---იას მიერ განხორციელებული ძალადობისას, მისმა დედამ (დაზარალებული ფ----------------ე) ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო, რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ფ----------------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ამასთანავე, საეჭვოა მის მიერ ექსპერტისათვის, შემოწმებისას, გაცხადებული ინფორმაცია, თითქოსდა ს---------–---იამ მას საწოლში წოლის დროს თავისა და გვერდის არეში დაარტყა ხელი.
ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდების შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელი იყო მიზეზობრივი კავშირის დადგენა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ მოქმედებასა და შედეგს - ტკივილს შორის, რაც საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი ვერ იქნა. პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს პირის ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტკივილი, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე. ხოლო, რაც შეეხება ს---------–---იას მიმართ მუქარის ნაწილში წარდგენილ ბრალდებას, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მუქარა თავისი შინაარსით, დამოუკიდებელი სახის დანაშაულია, იგი მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნებას წარმოადგენს, რა დროსაც, დამუქრების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პირის დაშინებაა, რა დროსაც, აუცილებელია არა მხოლოდ მუქარის განხორციელება, არამედ ასევე, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ გარემოების დასადგენად, აუცილებელია გამოკვლეული იქნეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური გარემოება, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავისა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, რაც საშუალებას მისცემს სასამართლოს დაადგინოს, კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობის საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში, კი თავად დაზარალებულმა ფ----------------ემ განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმისას მას ტკივილი არ განუცდია, მანვე აჩვენა, რომ ს---------–---იას მიერ დამუქრებისას ამ მუქარის განხორციელების შიში მას არ განუცდია. აღნიშნულის გათვალისწინებით, განაჩენში დასაბუთებულად არის ახსნილი, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), მით უფრო, როდესაც თავად ს---------–---ია უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. აქედან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამ პირის ბრალეულობაში.
ამ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება, არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც, ასევე, დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
შესაბამისად, ვინაიდან, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ს---------–---ია სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ს---------–---იას მიმართ, არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი, ს---------–---იას მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ს---------–---ია ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
4.გამართლებულ ს---------–---იას განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5.ს---------–---იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია;
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/