განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119003183748
საქმე №1/ბ-833-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ------------ე
მსჯავრდებული: ნ--------------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, თ--------ის მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: თ--------ი, ქალაქი ბ---------------ი, ჯ-------–------------------, კორპუსი 7, ბინა 4, ფაქტობრივად მცხოვრები: ბ------------–--------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------მა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ--------------მა 2018 წლის მაისის და ივნისის თვეებში უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, კერძოდ, ლ--–--–-------ას ფოტოსურთები, რომელთა ნაწილზე ლ--–--–-------ა გამოსახული იყო შიშველ მდგომარეობაში და ასევე ფოტოები, რომლებზეც ლ--–--–-------ა გადაღებული იყო თავად ნ--------------თან ერთად სხვადასხვა მდგომარეობაში. აღნიშნულის შემდეგ, ნ--------------ი, ასევე, უკანონოდ ინახავდა ზემოაღნიშნულ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და 2018 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში უკანონოდ გამოიყენა, გაავრცელა და სატელეფონო აპლიკაციების საშუალებით გადაუგზავნა ლ--–--–-------ას მეუღლეს - ლ-–-----–-----ს და თანამშრომლებს: გ--–----–-----–---–ს, ქ---------------–------–---–ს და ს--–--------------ეს, რითაც ლ--–--–-------ას, სხვების თვალში მორალური რეპუტაციის შელახვით და ოჯახში შექმნილი პრობლემებით, მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო, ნ--------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, ნ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ნ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. დადგინდა, რომ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
დადგინდა, რომ ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგი წესით: დაზარალებულ ლ--–---–-------ას მიერ წარმოდგენილი 2 ცალი ლაზერული დისკი, მოწმე გ--–----–-----–---–ის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის განყოფილებაში, შენახული იქნას მოცემულ საქმესთან ერთად სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. მსჯავრდებულ ნ--------------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ნ--------------ს. დაზარალებულ ლ--–---–-------ასაგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის განყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ--–--–-------ას.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------ემ და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ--------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ნ--------------ის ქმედებებში იკვეთებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები. მსჯავრდებულისთვის შემაფერხებელ გარემოებად არ აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ჰყავდა ოჯახი. მეტიც, მან სწორედ ლ--–--–-------ას მეუღლეს გაუგზავნა ფოტოსურათები, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყოლოდა და მსჯავრდებულისთვის ყოველივე აღნიშნული მარტივად განჭვრეტადი იყო. ბრალდების მხარის მითითებით, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ადასტურებს მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ მომეტებულ საფრთხეს, რასაც სახელმწიფოდან მკაცრი მიდგომა უნდა მოჰყვეს, რათა აღსრულდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: დაზარალებული ლ--–--–-------ას, მოწმეების: გ--–----–-----–---–ის, ლ-–-----–-----ის, ნ-----------ის, ს--–--------------ის და ჟ--–--------------ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ნ--------------ის აღიარებითი ჩვენებით, გ--–----–-----–---–ის მიერ წარდგენილი შეტყობინებების და ფოტოსურათების ამონაბეჭდებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ--------------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ნ--------------ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
ნ--------------ი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აგრეთვე ნასამართლეობის არმქონეა და ჰყავს სამი შვილი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ--------------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რადგანაც მსჯავრდებულის მიმართ, განაჩენით დანიშნული ჯარიმის ოდენობა, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი, ნ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი, ნ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3. ნ--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.მსჯავრდებულ ნ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
5.მსჯავრდებულ ნ--------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ნაწილში, განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყდეს შემდეგი წესით:
- დაზარალებულ ლ--–--–-------ას მიერ წარმოდგენილი 2 ცალი ლაზერული დისკი, მოწმე გ--–----–-----–---–ის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის განყოფილებაში - შენახული იქნას მოცემულ საქმესთან ერთად სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- მსჯავრდებულ ნ--------------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ნ--------------ს.
- დაზარალებულ ლ--–---–-------ასაგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ--–--–-------ას.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/