განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
140100119002995701
ინსტანცია
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002995701

№1ბ/1967-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული: ა-–---------- ხ-------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონე, მისამართი რეგისტრაციის მიხედვით: ქ. გ-------------------------------------------–-----------------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ. გ------------–------------------.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ა-–---------- ხ-------–---–ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. აპელანტს მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ა-–---------- ხ-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. კერძოდ: ზ------------–---–ის, დ----- ჭ-------ის, ნ---- ნ------–---–ის, თ--------–-----ის, ვ--–------ ა----–--ის, მ--–---- მ----------ის ჩვენებებით, შსს გორის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მათ შორის დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას და მასზე არ ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 561აპ-15 საქმეზე მიუთითა რომ, ის არის ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა და ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, ა-–---------- ხ-------–---–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა-–---------- ხ-------–---–ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 აპრილს, 13:20 საათზე, გ----–--------–------------------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ა-–---------- ხ-------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ----- გ------–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად თ----- გ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-–---------- ხ-------–---–ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- გ------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

მოწმე ნ--- გ------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილი თ----- გ------–---–ი ორი დღე სახლში არ ყოფილა. როდესაც გამოჩნდა, იყო მთვრალი და აგრესიული, რადგან სახლის კარი დაკეტილი დახვდა. მას თვალზე ნაკაწრი ეტყობოდა. ა-–---------- ხ-------–---–მა და ნ--- გ------–---–მა იგი დააწვინეს და თვითონ სამზარეულოში გავიდნენ, რა დროსაც თ-----მ პოლიციაში დარეკა. ა-–---------- ხ-------–---–ს მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბოლო პერიოდში თ----- გ------–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლს და მთვრალი რასაც ამბობდა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ზ------------–---–მა და დ----- ჭ-------ემ განმარტეს, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე დააკავეს ა-–---------- ხ-------–---–ი. ექსპერტმა ნ---- ნ------–---–მა დაადასტურა, რომ ჩაატარა ა-–---------- ხ-------–---–ის ნარკოლოგიური შემოწმება. მოწმე თ--------–-----ემ განმარტა, რომ დაკითხა დაზარალებული და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმე ვ--–------ ა----–--ემ განმარტა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტმა მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

 

წერილობითი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 12 აპრილს, 17:45 საათზე თ----- გ------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ--–---- მ----------მა.

 

ა-–---------- ხ-------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა-–---------- ხ-------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, ა-–---------- ხ-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

 

აპელანტის პოზიციას, რომ საქმეზე მოპოვებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ კი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თ----- გ------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებს, ა-–---------- ხ-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ა-–---------- ხ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 13 აპრილს ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თ----- გ------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ოქმის შესაბამისად, თ----- გ------–---–ის თანდასწრებით წაკითხულ იქნა მისი გამოკითხვის ოქმი, რომელსაც დაეთანხმა და შემდეგ მიუთითა გამოკითხვის ოქმში მითითებულ ადგილებზე და გარემოებებზე. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი წარმოადგენს თ----- გ------–---–ის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის შემოწმებას, საგამოძიებო ექსპერიმენტის და გამოკითხვის ოქმის შინაარსი ერთგვაროვანია და მიღებულია ერთი წყაროსგან. ასეთ შემთხვევაში კი მისი ცალკე მტკიცებულებად მიღება, როდესაც მოწმე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, არღვევს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სააპელაციო პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 561აპ-15 განაჩენის შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საკასაციო პალატამ 561აპ-15 საქმეზე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ შემთხვევა, რომელზეც აღნიშნულ განაჩენში მსჯელობდა საკასაციო პალატა, ეხებოდა რამდენადმე განსხვავებულ ვითარებას. კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პირებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ქმედების ჩასადენად. ქმედების ვითარების აღდგენა, გამოყენებული ხერხის დემონსტრირებით კი განსხვავდება ინფორმაციის ადგილზე შემოწმებისაგან, რასაც თ----- გ------–---–თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ჰქონდა ადგილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ა-–---------- ხ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რაიმე კვალი ან ნივთი, რაც შესაძლოა წარდგენილ ბრალდებასთან ყოფილიყო კავშირში, არ ყოფილა ამოღებული. დათვალიერების ოქმში არსებული, დაზარალებულად ცნობილი პირის განმარტება ძალადობის თაობაზე კი წარმოადგენს, იგივე შინაარის ინფორმაციას, რაც თ----- გ------–---–მა მიაწოდა გამოძიებას გამოკითხვის დროს და მისი დამოუკიდებელ მტკიცებულებად გამოყენება, მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასევე არღვევს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმეები ზ------------–---–ი და დ----- ჭ-------ე მონაწილეობას იღებდნენ ა-–---------- ხ-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავებაში და ჩვენებას იძლევიან დაკავების ირგვლივ. მოწმე ვ--–------ ა----–--ე როგორც ექსპერტ-კრიმინალისტი მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში, მოწმე თ--------–-----ე კი წარმოადგენდა საქმის გამომძიებელს. ისინი არ არიან თვითმხილველები და ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას თ----- გ------–---–ისგან, მათი ჩვენებები ირიბია, ამასთან თ----- გ------–---–მა სასამართლოში არ დაადასტურა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თ----- გ------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ამასთან არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, თუმცა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დაზიანებები მიყენებული იქნა ა-–---------- ხ-------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. პირიქით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ნაჭდევთან დაკავშირებით, გამოძიების დასაწყისშივე განმარტეს თ----- გ------–---–მა და მოწმე ნ--- გ------–---–მა, რომ დაზიანება ქუთუთოზე თ----- გ------–---–მა მიიღო შემთხვევით, ნათესავთან სტუმრად ყოფნის დროს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა-–---------- ხ-------–---–ის ბრალეულობას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-–---------- ხ-------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------- ხ-------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ა-–---------- ხ-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ ხორგუაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ ხორგუაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ა-–---------- ხ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-–---------- ხ-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-–---------- ხ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ა-–---------- ხ-------–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე