განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002311730
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3976-18 29 ოქტომბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ი----- ზ------–---–ი, ვ------- ხ-----–--ე, ი---- ბ------------–---–ი
(მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - თ------ ე---–---
მოწინააღმდეგე მხარე - ე------- ბ-------ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ი---- ბ-------ე (კანონიერი წარმომადგენელი), ა-----– ლ-–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ე------- ბ-------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება და ე------- ბ-------ისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრება.
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს ზ---- ჩ-----–---–ს, მ--–---- ჯ------ს, ზ----- ბ-------ეს, ე------- ბ-------ეს დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 119 168 ლარის ოდენობით, ამასთან მოპასუხე ე------- ბ-------ის პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვროს მის მიერ მ------ ბ-------ისგან მიღებული სამკვიდრო მასის ფარგლებში.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეები 22.08.2014წ. დადგენილებებით ცნობილნი არიან დაზარალებულად დანაშაულის ჩადენაზე გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. მოპასუხეთა ქმედებებით მოსარჩელეებს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. აღნიშნულ დანაშაულზე მოპასუხეებს ზ---- ჩ-----–---–ს, მ--–---- ჯ------ს, ზ----- ბ-------ეს და აწ გარდაცვლილ მ------ ბ-------ეს, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს 2005 წლის 03 ნოემბერს დაბადებული ე------- ბ-------ე, წარედგინათ ბრალი.
ზ---- ჩ-----–---–მა, მ--–---- ჯ------მ და ზ----- ბ-------ემ სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული, წერილობით დაადასტურეს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და 07.04.2015წ. დადგენილებით გაფორმდა განრიდება. დადგენილებით მოსარჩელეებისთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 119 168 ლარი. მ------ ბ-------ემ უარი განაცხადა დანაშაულის აღიარებაზე და მის მიმართ საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. 2015 წლის 06 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მ------ ბ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენის თანახმად, მოსარჩელეებს მიადგათ 119 168 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. მიყენებული ზიანის ოდენობა დადგენილ იქნა ასევე 24.05.2016წ. აუდიტორული დასკვნით.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. ი----- ზ------–---–ის, ვ------- ხ-----–--ის და ი---- ბ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ზ---- ჩ-----–---–ს, მ--–---- ჯ------ს და ზ----- ბ-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ 119 168 ლარის გადახდა იოზეს ზ------–---–ის, ვ------- ხ-----–--ისა და ი---- ბ------------–---–ის სასარგებლოდ;
3. ი----- ზ------–---–ის, ვ------- ხ-----–--ის და ი---- ბ------------–---–ის სარჩელი ე------- ბ-------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;
4.1. 2014 წლის 22 აგვისტოს დადგენილებებით ი----- ზ------–---–ი, ვ------- ხ-----–--ე და ი---- ბ------------–---–ი ცნობილ იქნენ დაზარალებულებად.
4.2. მოსარჩელეთა თანხმობით ბრალდებულების ზ----- ბ-------ის, ზ---- ჩხიკვიშვლის და მ--–---- ჯ-----ის მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2015 წლის 07 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების საფუძვლით შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
4.3. 04.03.2015წ. ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით ზ---- ჩ-----–---–მა სისხლის სამართლის საქმის განრიდებით შეწყვეტის შემთხვევაში იკისრა პასუხიმგებლობა მოსარჩელეების წინაშე სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი პირადი სახსრებიდან და ქონებიდან მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე.
4.4. 04.03.2015წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით მ--–---- ჯ------მ იკისრა პასუხისმგებლობა შპს ,,ქ------–-------------–---------’-ს’ და მისი პარტნიორებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომლის ოდენობაც დადგენილი იქნება საზოგადოებაში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად. ამავე განცხადებით მან ასევე დაადასტურა თანხმობა, როგორც საბიუჯეტო დავალიანების, ასევე საზოგადოებაზე და პარტნიორებზე მიყენებული ზიანის დადგენის შემთხვევაში ეტაპობრივ გადახდაზე შპს ,,ქ------–-------------–--------ში’’ მისი კუთვნილი დივიდენდების ხარჯზე ან ერთიანად, მისი კუთვნილი წილის და/ან საზოგადოების ქონების გასხვისების შემთხვევაში.
4.5. 26.11.2015წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ზ----- ბ-------ემ იკისრა პასუხისმგებლობა შპს ,,ქ------–-------------–---------ს’’ და მისი პარტნიორებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც დადგენილი იქნება საზოგადოებაში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად. ამავე განცხადებით მან ასევე დაადასტურა თანხმობა, როგორც საბიუჯეტო დავალიანების, ასევე საზოგადოებაზე და პარტნიორებზე მიყენებული ზიანის დადგენის შემთხვევაში ეტაპობრივ გადახდაზე შპს ,,ქ------–-------------–--------ში’’ მისი კუთვნილი დივიდენდების ხარჯზე ან ერთიანად, მისი კუთვნილი წილის და/ან საზოგადოების ქონების გასხვისების შემთხვევაში.
4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 06.07.2015წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით N1-------- მ------ ბ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ამავე განაჩენის თანახმად, მ------ ბ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4.7. 0---------წ. დაბადებული ე------- ბ-------ე არის 2016 წლის 26 სექტემბერს გარდაცვლილი მ------ ბ-------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი. 2017 წლის 03 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ე------- ბ-------ემ მიიღო მ------ ბ-------ის სამკვიდრო. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ ქონებაზე სრულად - სამკვიდროში შემავალ აქტივებსა და პასივებზე (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში).
4.8. მოსარჩელეთა მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია 2016 წლის 24 მაისის შპს ,,ი--------------ს’’ აუდიტორული მოკვლევა (საექსპერტო დასკვნა). დასკვნის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე ჩაატარა საგამოძიებო სამუშაოები, მათ შორის დაკითხა უფროსი აუდიტორი ი----- დ---–-------ე და დაზარალებულად ცნო მოსარჩელეები. პროკურატურამ საბოლოოდ დააზუსტა მათ მიერ მიუღებელი თანხა დივიდენდების სახით და იგი განსაზღვრა 119 168 ლარის ოდენობით. წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში მითითებულია, რომ თანახმად პროკურატურის 2015 წლის 07 აპრილის დადგენილებისა, შპს ,,ქ------–-ს’’ პარტნიორების მიერ 2008-2011 წლებში მიუღებელი დივიდენდების ჯამური თანხა შეადგენს 119 168 ლარს. ამასთან მითითებულია, რომ შპს ,,ი--------------ს’’ მიერ დადასტურებულ იქნა პარტნიორებზე მიყენებული ზარალის ოდენობა, რის შემდეგადაც დადგინდა, რომ მ--–---- ჯ-----ის, ზ---- ჩ-----–---–ის, ზ----- ბ-------ისა და მ------ ბ-------ის მიერ შპს ,,ქ------–-------------–---------ს’’ პარტნიორებზე: ი---- ბ------------–---–ზე, ი----- ზ------–---–ზე და ვ------- ხ-----–--ეზე 2008-2011 წლებში მიუღებელი დივიდენდების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა 119 168 ლარი.
მართალია, აუდიტორული მოკვლევა ჩატარებულია მოსარჩელე ი---- ბ------------–---–ის მომართვის საფუძველზე, მაგრამ სასამართლოს შეფასებით აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს წარმოდგენილი დასკვნის გაუზიარებლობის საფუძველი. ვინაიდან, დასკვნაში მითითებულია, რომ მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში აუდიტორული დასკვნა ეყრდნობა არა რომელიმე სუბიექტური მხარის (განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებულ) მონაცემებს, არამედ პროკურატურის - სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დაზუსტებულ ინფორმაციას. ამასთანავე, დასკვნა შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ მიყენებული ზარალის ოდენობა დადასტურებულია თავად შპს ,,ი--------------ს’’ მიერ. მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ 2011 წლის 13 მაისის შპს ,,კ------------ის’’ მიერ შედგენილ აუდიტორულ დასკვნა არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ზიანის ოდენობის თაობაზე, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მოპასუხეთა პოზიცია ზიანის ოდენობასთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2008-2011 წლებში მიუღებელი დივიდენდების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობაა 119 168 ლარი.
4.9. რაც შეეხება მოპასუხე ე------- ბ-------ის პასუხისმგებლობას, სასამართლოს მიაჩნია რომ მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სამართლებრივად შესაფასებელია ის გარემოება, თუ რამდენად შეიძლება გავრცელდეს მასზე როგორც მ------ ბ-------ის უფლებამონაცვლეზე მამკვიდრებლის მიერ ჩადენილი დანაშაულიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არინ მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორის და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. შესაბამისად, ამ მოწესრიგების საფუძველზე სამკვიდროში არ შედის ისეთი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათის გამო მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს: საალიმენტო უფლებები და მოვალეობები, პენსიის მიღების უფლება, მამკვიდრებლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება (ზიანისანაზღაურების იმ თანხის გარდა, რომელიც მამკვიდრებელს სიცოცხლეში უნდა მიეღო და სხვა). შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ მემკვიდრე ვერ გახდება მამკვიდრებლის პირადი ხასიათის ქონებრივი უფლებების და მოვალეობების მატარებელი, ვინაიდან ისინი არ შედიან სამკვიდროში და ამ უფლებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნაზე პასუხისმგებელი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს და განსახილველ შემთხვევაში ხაზგასასმელია სწორედ ის გარემოება, რომ მიყენებული ზიანი გამოწვეულია მამკვიდრებლის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შედეგად. დანაშაულის ჩადენის შედეგადმიყენებული ზიანის ანაზღაურება კი ამა თუ იმ პირის პირადი ხასიათის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებაა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მამკვიდრებლის პირადი ხასიათის ქონებრივი უფლებაა სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლიდან გამომდინარე და იგი არ შედის სამკვიდრო ქონებაში, შესაბამისად კრედიტორის დაკმაყოფილების ვალდებულება არ გადადის მემკვიდრეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხე ე------- ბ-------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება ე------- ბ-------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება და ე------- ბ-------ისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრება.
5.1. მ------ ბ-------ე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 06.07.2015წ. განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მ------ ბ-------ე გარდაიცვალა 26.09.2016წ.. 2017 წლის 3 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მისმა შვილმა, ე------- ბ-------ემ, სრულად მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო.
5.2. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორის და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. სასამართლო ასეთ გამონაკლისად მიიჩნია ასევე დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და დასახელებული მუხლის არასწორი ინტერპრეტაციით ჩათვალა, რომ ეს ისეთი მოვალეობაა, რაც მემკვიდრეობით არ გადადის. დანაშაულიდან გამომდინარე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები მიღებული სამკვიდროს (აქტივების) ფარგლებში გადადის მის მემკვიდრეებზე და ექვემდებარება მათ მიერ ანაზღაურებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის 22.08.2014წ. დადგენილებებით ი----- ზ------–---–ი, ვ------- ხ-----–--ე და ი---- ბ------------–---–ი (შემდგომში „მოსარჩელეები“) ცნობილ იქნენ დაზარალებულებად (ტ.1, ს.ფ.14-19).
8. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 07.04.2015წ. დადგენილებით ბრალდებულების: ზ----- ბ-------ის, ზ---- ჩ-----–---–ის და მ--–---- ჯ-----ის მიმართ, მოსარჩელეთა თანხმობით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების საფუძვლით შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა (ტ.1, ს.ფ.21-24). მათ იკისრეს ვალდებულება მოსარჩელეებისთვის აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი (ტ.1, ს. ფ. 34-36).
9. 0---------წ. დაბადებული ე------- ბ-------ე არის 26.09.2016წ. გარდაცვლილი მ------ ბ-------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი, რომელმაც 03.04.2017წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობით სრულად მიიღო მამის სამკვიდრო ქონება. მემკვიდრეობა გაიხსნა სამკვიდრო ქონებაზე სრულად - სამკვიდროში შემავალ აქტივებსა და პასივებზე (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) (ტ.1, ს.ფ.41, 37-40).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ზ---- ჩ-----–---–ს, მ--–---- ჯ------ს და ზ----- ბ-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ 119 168 ლარის გადახდა ი----- ზ------–---–ის, ვ------- ხ-----–--ისა და ი---- ბ------------–---–ის სასარგებლოდ.
- სარჩელი ე------- ბ-------ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ------ ბ-------ის უფლებამონაცვლის (მოპასუხის) მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ეს ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისთვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).
12. სამოქალაქო კოდექსის 1484–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.
ამ მოწესრიგების საფუძველზე სამკვიდროში არ შედის ისეთი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათის გამო მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს: საალიმენტო უფლებები და მოვალეობები, პენსიის მიღების უფლება, მამკვიდრებლის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება (ზიანის ანაზღაურების იმ თანხის გარდა, რომელიც მამკვიდრებელს სიცოცხლეში უნდა მიეღო) და სხვა (სსკ-ის 1328-ე მუხლი).
მემკვიდრეობის სამართალში, რომელიც მემკვიდრეობითი უფლებამონაცვლეობის უნივერსალურობის პრინციპს ეფუძნება, დასახელებული ნორმა, სხვებთან ერთად (მაგ. 1310-ე მუხლი - უღირსი მემკვიდრე; 1363-ე მუხლი - ანდერძის საიდუმლოება; 1484-ე მუხლი - მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორთა წინაშე) დაცვითი ფუნქციის მატარებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამემკვიდრეო სამართლებრივ ურთიერთობებში მამკვიდრებლის ჩანაცვლებით ამ უკანასკნელის უფლება-მოვალეობებს მემკვიდრე ღებულობს და მხოლოდ ისეთი უფლება-მოვალეობებისაგან იქნება თავისუფალი, რაც ცალსახად და არაორაზროვნად მამკვიდრებლის პირადი უფლების (ვალდებულების) ხასიათიდან გამომდინარეობდა, მხოლოდ მისი მონაწილეობით იყო განხორციელებადი ან მისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნული კი სამემკვიდრეო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების სამართლებრივ და ზნეობრივ დაცვით მნიშვნელობაზე მიუთითებს (იხ.: სუსგ. ას- 650-616-2015, 26.07.2017წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ სამართალურთიერთობაში, რომლითაც მოთხოვნილია მამკვიდრებლის მიერ მოსარჩელეებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, დასაშვებია მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობა და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა (ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის), მემკვიდრე ვალდებულია დააკმაყოფილოს კრედიტორთა ინტერესები სამკვიდროს სახით მიღებული აქტივის ფარგლებში.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 06.07.2015წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენის თანახმად მ------ ბ-------ისთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატებოდა შემდეგში: „...მ--–---- ჯ-----ის, ზ---- ჩ-----–---–ის, ზ----- ბ-------ის და მ------ ბ-------ისთვის, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელებისა და დამფუძნებლებისთვის ცნობილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმები, რომელთა ბოროტად გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა პარტნიორთა (მოსარჩელეთა)... მოტყუება და მათთვის ქონებრივი ზიანის მიყენება. 2008 წელს მ--–---- ჯ------მ, ზ---- ჩ-----–---–მა, ზ----- ბ-------ემ და მ------ ბ-------ემ საზოგადოების სხვა დამფუძნებელთა მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების მიყენების მიზნით, განიზრახეს შპს „ქ------–-------------–---------ს“ ტერიტორიაზე სხვადასხვა პირთა დახმარებით ცრუმაგიერ საწარმოთა დაფუძნება, მათზე შპს „ქ------–-------------–---------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების - საოფისე ფართების საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებ ფასად იჯარით გაცემა, ამ გზით შპს „ქ------–-------------–---------ს“ მისაღები და შემდგომში დივიდენდის სახით პარტნიორთა შორის გასანაწილებელი შემოსავლის შემცირება, ხოლო ცრუმაგიერ პირთა მიერ მიღებული შემოსავლის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. ამ მიზნით მ--–---- ჯ-----ის, ზ---- ჩ-----–---–ის, ზ----- ბ-------ის და მ------ ბ-------ის მიერ, მათთან კავშირში მყოფი სხვადასხვა პირთა დახმარებით 2008-2010 წლებში დაფუძნებული იქნა : შპს „ტ-----------ი“, შპს „ზ---------“, შპს „ტ---------------ი“, შპს „ე--------“, შპს „ა-------------I“. დაფუძნების შემდეგ აღნიშნულ ფირმებთან დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საბაზრო ფასზე დაბალ ფასად გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები შპს „ქ------–-------------–---------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ, რის შემდგომაც ხსენებული ფირმების მიერ უკვე საბაზრო ფასებში ხდებოდა უძრავი ქონების გაქირავება, რითაც იღებდნენ გაუმართლებლად დიდი შემოსავალს და მ--–---- ჯ------, ზ---- ჩ-----–---–ი, ზ----- და მ------ ბ-------ეები ურთიერთშორის ინაწილებდნენ. ამ გზით მოსარჩელეებს მიადგათ 119 168 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი“. სახელმწიფო ბრალდებამ მ------ ბ-------ის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ტ.1, ს.ფ. 25-27).
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 06.07.2015წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით:
- მ------ ბ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
- მ------ ბ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტ.1, ს.ფ. 25-29).
სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით.
შესაბამისად, დადგენილია, რომ მ------ ბ-------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, თუმცა გამართლდა იმ ნაწილში, რომლითაც ბრალდება მას ედავებოდა აღნიშნული ქმედების დიდი ოდენობით ჩადენის ფაქტს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განაჩენი გამოტანილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ და იგი არ შეიცავს დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების აღწერას. განაჩენის დასაბუთება შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იმსჯელა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ თითოეულ ბრალდებაზე და მიღებული გადაწყვეტილებით იგი დამნაშავედ ცნო მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ამდენად, მართალია, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დგინდება მ------ ბ-------ის მიერ ჯგუფთან ერთად მოსარჩელეებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა ამავე განაჩენით გამოირიცხება მოსარჩელეებისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი ადგენს ამ თავის მიზნებისთვის ტერმინთა მნიშვნელობას (იხ.: ე.წ. შენიშვნა), კერძოდ:
კოდექსის ამ თავში (თავი XXV, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, მუხ. 177-1891) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ამდენად, დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, თუ ზიანი აღემატება 150 ლარს.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალში შესული განაჩენით მ------ ბ-------ეს ბრალად შეერაცხა მხოლოდ ჯგუფის მიერ მოსარჩელეებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა გამართლდა დიდი ოდენობით ქმედების ჩადენაში და განაჩენით არ დგინდება კონკრეტულად რა ოდენობის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირად იქნა ცნობილი იგი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, თუ კონკრეტულად რა ოდენობის ზიანი მიადგა მოსარჩელეებს უშუალოდ მ------ ბ-------ის ქმედებით, ეკისრებათ მოსარჩელეებს, რომლებსაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და ასეთის არსებობაზე არც მიუთითებენ. აპელანტების (მოსარჩელეები) წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დამდგარ ზიანში კონკრეტულად მ------ ბ-------ის წილობრივი მონაწილეობის განმსაზღვრელი მტკიცებულების წარმოდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია და თუ მივიჩნევთ, რომ დიდი ოდენობის მაკვალიფიცირებელი ოდენობა 10 000 ლარის ზევით თანხაა, სასამართლომ უნდა ივარაუდოს, რომ ეს ზიანი შეიძლება შეადგენდეს 10 000 ლარს (22.10.2019წ. სხდომის ოქმი 14:37:37- 14:38:44).
ამდენად, მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელ მინიმალურ ზიანზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ზიანის მ------ ბ-------ის მიერ მიყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა უნდა დადგინდეს შესაბამისი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი მინიმალური ზღვარის გათვალისწინებით, კერძოდ, მ------ ბ-------ის მიერ მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს 151 ლარით.
მ------ ბ-------ის უფლებამონაცვლე მოპასუხის სოლიდარული პასუხისმგებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული 119 168 ლარიდან უნდა განისაზღვროს 151 ლარით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი----- ზ------–---–ის, ვ------- ხ-----–--ის, ი---- ბ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2018წ. გადაწყვეტილება ე------- ბ-------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ე------- ბ-------ეს ზ---- ჩ-----–---–ისთვის, მ--–---- ჯ-----ისთვის და ზ----- ბ-------ისთვის დაკისრებული 119 168 ლარიდან სოლიდარულად დაეკისროს 151 ლარის გადახდა ი----- ზ------–---–ის, ვ------- ხ-----–--ისა და ი---- ბ------------–---–ის სასარგებლოდ.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი