განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
010142219700098404
ინსტანცია
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010142219700098404

საქმე № 1აგ/150-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

9 იანვარი, 2020 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე, გიორგი ჩუბინიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლ---- კ-----–----, ზ----- კ-------–--ე

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული (სასჯელმოხდილი):

ი-----–- კ-------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–- თბილისში, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები, თბილისი, მ---------------------------

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის, 1996 წლის 24 მაისის, განაჩენით ი-----–- კ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 19. 190-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, მეორე ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 190-ე მუხლის მეორე ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით, ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება დახვრეტა (ქონების კონფისკაციით);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება დახვრეტა (აქაც და ზემოთ ყველგან იგულისხმება სისხლის სამართლის კოდექსის 1999 წლამდე მოქმედი რედაქცია);.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის N--- ბრძანებულებით, სასჯელის განსაკუთრებული ზომის სიკვდილის დასჯის გაუქმების გამო, ი-----–- კ-------–--ეს შეეცვალა სასჯელი და განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამ სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ 2002 წლის 29 მარტს, კვლავ ჩაიდინა დანაშაული. აღნიშნულისათვის ი-----–- კ-------–--ის მიმართ, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ, 2003 წლის 25 თებერვლის, გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. ი-----–- კ-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361 მუხლით და შეეფარდა ჯარიმა 25 დღიური ანაზღაურება 2 ლარის ოდენობით, სულ 50 ლარის გადახდა. ამავე განაჩენით, ი-----–- კ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოსახდელი სასჯელი 13 წლის 4 თვის და 25 დღის ვადით და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლის, 4 თვის და 25 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ამ განაჩენით, ი-----–- კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხვონა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ცვლილება შევიდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს, 2003 წლის 25 თებერვლის, განაჩენში.

ი-----–- კ-------–--ე გამართლდა სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ი-----–- კ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით და სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით მიესაჯა ჯარიმა 25 დღიური ანაზღაურება 2 ლარის ოდენობით, სულ 50 ლარის გადახდა. სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----–- კ-------–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვთა 3 წლის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის 60-ე მუხლის საფუძველზე დაემატა დარჩენილი მოუხდელი სასჯელი 12 წელი, 3 თვე და 28 დღე და საბოლოოდ ი-----–- კ-------–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წელი, 3 თვე და 28 დღე.

ამ განაჩენით, ი-----–- კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 23 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2005 წლის 13 იანვრის, განჩინებით მსჯავრდებულ ი-----–- კ-------–--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 23 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–- კ-------–--ის მიმართ გაუქმდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მისი ბრალდების თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით, 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

დამატებითი გამოძიების ჩატარების შემდეგ, საქმე კვლავ განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი-----–- კ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით და სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა 500 ლარის ოდენობით 250 (ორასორმოცდაათი) დღიური ანაზრაურებით, დღიური ანაზღაურება 2 (ორი) ლარის ოდენობით. სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სასჯელთა ერთობლიობის წესით ი-----–- კ-------–--ეს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 1996 წლის 24 მაისის, განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ი-----–- კ-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან - 2002 წლის 29 მარტიდან, და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის დადგენილებით ამ განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი-----–- კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა, 2015 წლის 29 სექტემბერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით, შეიცვალა ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის, 1996 წლის 24 მაისის, განაჩენი ი-----–- კ-------–--ის მიმართ, კერძოდ: მისი ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 19. 190-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე. 339-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე და მსჯავრდებულ ი-----–- კ-------–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2008 წლის 20 თებერვლის, განჩინებით მსჯავრდებულ ი-----–- კ-------–--ის საჩივარი დაკმაყოფილდა. აღმოიფხვრა ი-----–- კ-------–--ის მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და მის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა: თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2006 წლის 12 აპრილის, განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–- კ-------–--ისთვის მისჯილ 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ი-----–- კ-------–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2008 წლის 3 დეკემბრის, განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–- კ-------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

ი-----–- კ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით და სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ინსტანციის განაჩენის დადგენის დროისთვის მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (პირველი ინსტანციის განაჩენის დადგენის დროისთვის მოქმედი რედაქცია) უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სასჯელთა ერთობლიობის წესით ი-----–- კ-------–--ეს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისი განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად (პირველი ინსტანციის განაჩენის დადგენის დროისთვის მოქმედი რედაქცია), განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ი-----–- კ-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2015 წლის 29 სექტემბერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2009 წლის 3 აპრილის, განჩინებით უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი-----–- კ-------–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყო პირველი ინსტანციის განაჩენის მიღების დღიდან 2006 წლის 12 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი-----–- კ-------–--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

ი-----–- კ-------–--ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდების ნაწილში. ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი-----–- კ-------–--ე საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდა.

ი-----–- კ-------–--ეს, საქართველოს სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი-----–- კ-------–--ეს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი-----–- კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 12 აპრილიდან.

მხარეთა პოზიცია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სასჯელმოხდილმა ი-----–- კ-------–--ემ. მან სასამართლოს წარმოუდგინა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს, 2019 წლის 28 მარტის, საბოლოო გადაწყვეტილება - საქმეზე ,,კ-------–--ე საქართველოს წინააღმდეგ“, რაც განხილული იქნა მისი საჩივრის საფუძველზე. ი-----–- კ-------–--ემ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფიძველზე, ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2009 წლის 3 აპრილის, განჩინების უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ, გაუქმება (რაც წარმოადგენს ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს), ასევე ცვლილების შეტანა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2009 წლის 7 აპრილის, განჩინებაში, სასჯელის ათვლის თარიღთან მიმართებით. ამავდროულად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხვნის განმარტება, რათა შესაძლებლობა მიეცეს აინაზღაუროს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ზიანი ადმინისტრაციული/სამოქალაქო წესით.

ი-----–- კ-------–--ემ, წერილობით საჩივარში და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოთხოვნა დაასაბუთა რამდენიმე გარემოებაზე მითითებით. როგორც აპელანტმა აღნიშნა სააპელაციო სასამართლომ შეგნებულად გაასწორა უზუსტობა, რათა საკასაციო სასამართლოს მიერ, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების ეს გადაწყვეტილებები იყო მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება, დაახლოებით ოთხი წლის ვადით, ყოველგვარი ბრალდების წაყენებისა და გასამართლების გარეშე. ამ გადაწყვეტილებებმა უკანონოდ დაამძიმე მისი სამართლებრივი მდგომარეობა და ეს რომ ასეა, აპელანტის აზრით, ამას ადასტურებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2008 წლის 20 თებერვლის, განჩინება.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა საჩივარს, აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2009 წლის 3 აპრილის, განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2009 წლის 7 აპრილის, განჩინება გამოტანილია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების, ან თუნდაც ცვლილებების შეტანის საფუძველი.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებები, გააანალიზა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი რიგში პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეფასდა საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გასაჩივრებულ განჩინებებში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განჩინების გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას, ბრალდების ყველა ეპიზოდში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტი ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ვადის ათვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სადავოდ არ ხდის დამნაშავედ ცნობის შესახებ, ასევე სასჯელის დანიშვნის შესახებ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას და არ უთითებს რაიმე ისეთი ახლად გამოვლევლენილ გარემოებაზე, რაც ამ გადაწყვეტილებების რევიზიის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა, საჩივრის გადაწყვეტისას უდავო მოცემულობად იღებს იმ გარემოებებს, რომ: ი-----–- კ-------–--ის მიმართ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დადგა 2006 წლის 12 აპრილს; ეს განაჩენი გასაჩივრდა ჯერ სააპელაციო, შემდეგ საკასაციო წესით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2009 წლის 7 აპრილის, განჩინებით საბოლოოდ ი-----–- კ-------–--ეს, საქართველოს სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი-----–- კ-------–--ეს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ფარგლებს და შესაბამისად პალატის მიერ გადასაწყვეტ საკითხს წამოადგენს მხოლოდ ის გარემოება, სწორად მოიქცნენ თუ არა ზემდგომი სასამართლოები, როდესაც დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლის თარიღად დაადგინეს არა დანაშაულის ჩადენის დღე - 2002 წლის 29 მარტი, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღე - 2006 წლის 12 აპრილი.

სადავო არაა ის გარემოება, რომ სასჯელის მოხდის ვადის, 2002 წლის 29 მარტიდან, ათვლა დაცვის მხარისათვის სასარგებლო იყო. ასეთ შემთხვევაში დანიშნულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ის გაცილებით ადრე მოიხდიდა. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების მიღებისას პალატა მხოლოდ ამ გარემოებას ვერ დაეყრდნობა. საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონით. დაცვის მხარის სურვილი და ინტერესი კი შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის კანონს არ ეწინააღმდეგება.

განსახილველ შემთხვევაში, დაწყებული პირველი ინსტანციის სასამართლოდან, ვიდრე უზენაეს სასამართლომდე, ყველა ინსტანციამ, ახალი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნა სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც ნაწილობრივ დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. პალატა ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, რამდენადაც აპელანტი სწორედ ამ განაჩენით დადგენილ ვადის ათვლის თარიღს მიიჩნევს სწორად. განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დამატებოდა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრება მოხდა, ამ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს ნორმა ადგენდა, რომ „განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.“ ამ დროისათვის არსებული რეალობა იყო შემდეგი: ი-----–- კ-------–--ეს წინა განაჩენით დანიშნული ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 1995 წლის 24 აგვისტოდან. 2006 წლის 12 აპრილს, განაჩენის გამოტანისას ამ სასჯელიდან მოსახდელი ჰქონდა 9 წელი, ოთხი თვე და რამდენიმე დღე. ამ ვადიდან ნაწილი - 9 წელი დაუმატა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელ. ისმის კითხვა, თუ ამ სასამართლოს, განაჩენის გამოტანის დროისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა სურდა, ამ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე რა უშლიდა ხელს? ახალ სასჯელს რატომ არ დაუმატა 9 წლის ნაცვლად მაგალითად შვიდი, ან ხუთი? დასკვნა ცალსახაა, სასამართლომ დანიშნა ის სასჯელი რაც გადაწყვიტა.

რაც შეეხება სასჯელის მოხდის ვადას, სახეზეა შემდეგი მოცემულობა. 2006 წლის 12 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და დაადგინა, რომ აპელანტს სასჯელად დაენიშნა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელის მოხდა დაწყებული არ იყო. ამავე სასჯელს დაემატა სხვა განაჩენით მოსახდელი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და სულ გამოვიდა 13 წელი და 6 თვე, სრულიად მოსახდელი სასჯელი. ამ შემთხვევაშიც ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ უნდა უნდა დაწყებულიყო ამ სასჯელის მოხდა ოთხ წელზე და 6 თვეზე მეტი ხნით ადრე, თუ არა უზუსტობის გამო. არანაირი კანონის ნორმა, სამართლებრივი საფუძველი ამისათვის არ არსებობდა.

აღნიშნულის შესახებ, ანალოგიური დავის შეფასებისას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2009 წლის 20 იანვრის განჩინებაში, განმარტა შემდეგი: მართალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, 2006 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 60-ე მუხლი ამოღებული იქნა, მაგრამ მისი დებულებები არ გაუქმებულა და მათ თავი მოიყარეს, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში, რომლითაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე მოწესრიგებული იყო დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესები.

შესაბამისად, ამ საქმეში საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეკრებისას, სწორად გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის დებულებები. ამავე დროს საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის საწინააღმდეგო მოსაზრება და აღნიშნა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებული სხვადსხვა სსისხლის სამართლის საქმეებზე დანიშნულ სასჯელებს იხდიდეს ერთდროულად (იგულისხმება სასჯელი დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სახით), ვინაიდან ამ მოსაზრების გასამყარებლად არავითარი სამართლებრივი არგუმენტი და საფუძველი არ არსებობს. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მოთხოვნა თავისი არსით სწორედ ასეთია. მისთვის 2002 წლის 29 მარტიდან სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიშნავდა სწორედ იმას, რომ ამ დღიდან, 2006 წლის 12 აპრილამდე ერთდროულად იხდიდა სასჯელს ორი სხვადასხვა დანაშაულისათვის. ეს კი წარმოადგენდა სწორედ იმ უზუსტობას, რაც გასწორდა ზემდგომი სასამართლოების მიერ.

პალატა განმარტავს, რომ არასწორია აპელანტის მითითება, თითქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2009 წლის 7 აპრილის, განჩინება, სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის ამავე სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებასთან. ამ საკითხის შინაარსობრივი მხარე შემდეგია: აპელანტმა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა მისთვის, 1995 წელს ჩადენილი (პირობითად პირველი) დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეცვლილიყო 15 წლით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა საჩივარი და 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა იგი. ამ დრისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო 2006 წლის 12 აპრილის (პირობითად მეორე დანაშაულის ჩადენისათვის) განაჩენი. მიუხედავად ამისა, 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით, უზენაეს სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2006 წლის 12 აპრილის, განაჩენზე - შესაბამისად არ უმსჯელია არც სასჯელების შეკრებაზე და არც მისი მოხდის ვადის ათვლის თარიღზე.

შემდგომში აპელანტმა კვლავ მიმართა საჩივრით უზენაეს სასამართლოს. ამჯერად საჩივრის მოთხოვნა იყო, უზენაესი სასამართლოს, 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში უზუსტობის აღმოფხვრა და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი, 2006 წლის 12 აპრილის, (პირობითად მეორე დანაშაულის ჩადენისათვის) განაჩენის ასახვა სასჯელის შეკრების და მისი ვადის ათვლის კუთხით.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ, ეს საჩივარიც დააკმაყოფილა. ეს განჩინება წარმოადგენს დასახელებული - 2007 წლის 20 თებერვლის განჩინების განუყოფელ ნაწილს და სხვა საკითხებთან ერთად დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყოს 2002 წლის 29 მარტიდან. აღნიშნული მოცემულობა აღებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2006 წლის 12 აპრილის, განაჩენიდან. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამ დრისათვის ხსენებული განაჩენი არ იყო საბოლოო. ის გასაჩივრებული იყო ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში, სადაც განხილვა დასრულდა მხოლოდ 2008 წლის 3 დეკემბერს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის და სასჯელის ვადის ბოლო განაჩენის მიღების დღიდან ათვლის შესახებ მიიღო კიდევ უფრო გვიან - 2009 წლის 3 აპრილს. შესაბამისად, 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების გამოტანისას, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა სასჯელის ვადის ათვლის თარიღის შეცვლის შესახებ და ამიტომ ვერ აისახა ეს ფაქტი განჩინებაში. ამავე დროს, 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების გამოტანისას, საქართველოს უზენაესი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი თვითონ ემსჯელა ამ უზუსტობაზე, რამდენადაც ჯერ ერთი - ეს არ წარმოადგენდა მისთვის წარდგენილი საჩივრის საგანს და მეორე, განაჩენი, რომელიც უზუსტობას შეიცავდა არ იყო საბოლოო, იყო გასაჩივრებული და მასში არსებული უზუსტობების შესახებ უნდა ემსჯელათ შესაბამის სასამართლოებს. ამრიგად, როგორც აღინიშნა, 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების გამოტანისას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოცემულობით, რომელიც თავის მხრივ არ იყო საბოლოო. შესაბამისად, აპელანტს იმთავითვე ჰქონდა შესაძლებლობა ევარაუდა, რომ სამართლებრივად არსებობდა 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების შეცვლის შესაძლებლობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვიდრე 2002 წლის 29 მარტს ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე (პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2006 წლის 12 აპრილის, განაჩენი) სამართალწარმოება საბოლოოდ არ დასრულდებოდა, სამართლებრივი თვალსაზრისით, არსებობდა შესაძლებლობა სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღის შეცვლისაც. ამდენად, მტკიცება იმისა, რომ ეს საკითხი საბოლოო გახადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2008 წლის 20 თებერვლის, განჩინებამ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

ამავე საკითზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება „კ-------–--ე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი N--------- რომელიც საბოლოო გახდა 2019 წლის 28 ივნისს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მომჩივანმა სასამართლოს განუცხადა, რომ „2010 წლის 29 სექტემბრის შემდეგ მისი დაკავება მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მიერ 2008 წლის 20 თებერვალს დანიშნული სასჯელი, რომლის თანახმადაც ათვლის თარიღად განისაზღვრა მეორე დანაშაულის ჩადენის თარიღი, ამოწურული იყო. ის აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა ამ თარიღის შემდეგ წარმოადგენდა სსსკ-ის 540-ე მუხლის დარღვევას, რომელიც კრძალავდა მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას, პროკურატურის მხრიდან საჩივრის არარსებობის პირობებში. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მისი პატიმრობა გახანგრძლივდა იმ პროცედურის საფუძველზე, რომელიც არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლს, ვინაიდან შეუძლებელი გახდა შესწორებული განჩინება გამხდარიყო სასამართლო შესწავლის საგანი (იხ. გადაწყვეტილება - პუნქტი 44).

საპირისპიროდ „მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის პატიმრობა შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ (a) პუნქტს. კერძოდ, მომჩივნის წინააღმდეგ მიღებული წინა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიუთითებდნენ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღს, რომელიც აშკარად მცდარი იყო და მოცემული პერიოდისთვის ჯერ არ იყო ძალაში შესული, შესწორდა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 3 აპრილს ეროვნული კანონმდებლობისა და პროცედურის შესაბამისად, რომელიც უცვლელი დატოვა უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 7 აპრილის დასაბუთებული განჩინებით (იხ. გადაწყვეტილება - პუნქტი 45).

თავის მხრივ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საჩივრის განხილვისას განმარტა შემდეგი: „ევროპული სასამართლოს მიზანია, დაადგინოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღში შეტანილმა წინა ცვლილებამ იმ პროცედურის ფარგლებში, რომელიც უკვე დადგინდა, რომ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლს (იხილეთ პარაგრაფები 35-40 და 44 ზემოთ), გამოიწვია თუ არა, აგრეთვე, კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „კანონიერების“ მოთხოვნის დარღვევა (იხ. გადაწყვეტილება - პუნქტი 49)“.

„ მაშინ, როდესაც მომჩივანი აცხადებდა, რომ უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით განისაზღვრა მისი გათავისუფლების კონკრეტული თარიღი, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 აპრილის შესწორებული სააპელაციო განჩინების მიღებამდე შეიცვალა მომჩივნის გათავისუფლების თარიღი, რადგან ინდივიდუალური სასჯელების ხანგრძლივობა რამდენჯერმე შეიცვალა. უზენაესი სასამართლოს, 2008 წლის 20 თებერვლის, განჩინება მიღებული იქნა მაშინ, როდესაც სააპელაციო წესით მომჩივნის მეორე მსჯავრდებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის დასაბუთებული განჩინებით, ასევე შემცირდა მომჩივნის სასჯელის მთლიანი ხანგრძლივობა (იხ. გადაწყვეტილება - პუნქტი 50)“.

„ განსახილველ საკითხს წარმოადგენს ის, იყო თუ არა „კანონიერი“ მომჩივნის პატიმრობა, რომელიც რეალურად გახანგრძლივდა მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის ცვლილებით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის არგუმენტს, რომ პროკურატურის მხრიდან საჩივრის არარსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა სსსკ-ის 540-ე მუხლის reformatio in peius პრინციპის დარღვევას. თუმცა მომჩივნის არგუმენტის სიძლიერე დამოკიდებულია სხვა სამართლებრივ საკითხზე. კერძოდ, ეროვნული კანონიერებისა და სსსკ-ის 540-ე მუხლის გამოყენების საკითხი დაკავშირებულია კითხვასთან, იყო თუ არა ეროვნული სასამართლოს მიერ მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებული უზუსტობა აშკარა, ხოლო ცვლილების შეტანა – მოსალოდნელი და მოცემული პერიოდისთვის ძალაში მყოფი კანონითა და პრაქტიკით დაშვებული, თუ ცვლილების შეტანა ამ თვალსაზრისით გასცდა კანონის ფარგლებს (იხ. გადაწყვეტილება - პუნქტი 51)“.

„ ამ თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მოქმედებდა მომჩივნის მიერ მეორე დანაშაულის ჩადენისას, მკაფიოდ არ განსაზღვრავდა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღს. მეორე მხრივ, როგორც ირკვევა, შემდგომი ცვლილება ირიბად ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლს, 2006 წლის 29 დეკემბერს შესული ცვლილებებით, რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრა, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს, 2009 წლის 20 იანვრის, განჩინებას სხვა საქმეზე, რომელშიც დაზუსტებულია, რომ კოდექსის 59-ე მუხლს შესაძლოა ჰქონოდა უკუძალის ეფექტი. ეს განჩინება წინ უსწრებდა ორივეს – ცვლილებების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განჩინებასა და უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის საბოლოო განჩინებას. ამრიგად, მაშინ, როცა საკითხი განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებული კანონის განჭვრეტადობაზე ეროვნული სასამართლოების მიერ არ იქნა განხილული, ცვლილების შეტანას, როგორც ჩანს, მოჰყვა სხვა საქმეში უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება. ასეთ გარემოებებში, სასამართლოს არ შეუძლია იმსჯელოს მომჩივნის 2010 წლის 29 სექტემბრის შემდგომი პატიმრობის კანონიერებაზე, რომლის შესახებ ბრძანება გაიცა უზენაესი სასამართლოს მიერ კანონისა და მოცემული პერიოდისთვის მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ მომჩივნის პატიმრობა ex facie არღვევდა ეროვნულ კანონმდებლობას (იხ. გადაწყვეტილება - პუნქტი 52)“.

პალატა უთითებს, განსახილველი საჩივარი სააპელაციო სასამართლოს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დარღვევა არ დაუდგენია, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სასჯელმოხდილის ი-----–- კ-------–--ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2009 წლის 3 აპრილის, განჩინების (რაც წარმოადგენს ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს), გაუქმების; საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2009 წლის 7 აპრილის, განჩინებაში, სასჯელის ათვლის თარიღთან მიმართებით ცვლილების შეტანის; ასევე მისთვის მისი კანონიერი უფლების განმარტების მოთხოვნით, რომ უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული/სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2009 წლის 3 აპრილის, განჩინება (რაც წარმოადგენს ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს), ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2009 წლის 7 აპრილის, განჩინება - მათ შორის სასჯელის მოხდის ვადის ათვლის ნაწილშიც.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

გოჩა ჯეირანაშვილი