განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
330310017001815999
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001815999

საქმე №3ბ/2587-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

09 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნუ---------–---–ი

წარმომადგენელი - ლე---------–--ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - შო---------------–---–ი

 

მესამე პირი - ხა-------–-----ა

წარმომადგენელი - თე--------------–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ეკ--------------–--–ი

 

მესამე პირი - ფა------------–---–-ა

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1. აპელანტი - ნუ---------–---–ი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.

 

1.2. აპელანტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

 

2. მესამე პირების პოზიცია:

 

2.1. მესამე პირების - ხა-------–-----ასა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარს.

 

2.2. მესამე პირს - ფა------------–---–-ას სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნუ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 თებრევლის N37823 გადაწყვეტილება; ნუ---------–---–ს უარი ეთქვა დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ფა------------–---–-ამ 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და იძულებითი აღსრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, ვა--------–----------–-----------------1 კორპუსის მიმდებარედ მდებარე კორპუსში, პირველ სადარბაზოში, მე-5 სართულზე, ბინა N14-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 16 დეკემბერს გაცემული NA16099530-016/001 განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე თა------------–-–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დასახლება ვა--------–---------------1 კორპუსის მიმდებარედ ბინა N14, საკადასტრო კოდი: 01.19.39.002.050.01.014, შემძენი 2016 წლის 12 დეკემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ფა------------–---–-ა, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 30800 ლარად და თანხა მის მიერ გადახდილია სრულად.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 4 იანვარს მიღებული იქნა პირობითი განცხადება (განმცხადებელი: აღსრულების ეროვნული ბიურო, მესაკუთრე: თა------------–-–---–ი), რომლითაც მოთხოვნილი იქნა აკრძალვის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, დასახლება ვა--------–---------------1 კორპუსის მიმდებარედ ბინა N14, საკადასტრო კოდი: 01.19.39.002.050.01.014.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა ძალადაკარგულად, ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით დგინდებოდა, რომ ნივთი განკარგული იყო სააღსრულებო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №882016910529-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, და----–--------------–------------------1 კორპუსის მიმდებარედ ბინა N14, საკადასტრო კოდი: 01.19.39.002.050.01.014, დარეგისტრირდა ფა------------–---–-ას საკუთრების უფლება.

 

2017 წლის 30 იანვარს ნუ---------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც თავის მხრივ, გაუქმებული იყო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 თებერვლის №37823 გადაწყვეტილებით ნუ---------–---–ს უარი ეთქვა 2017 წლის 30 იანვრის N40220/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. სასამართლომ მიუთითა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტზე, მე-8, მე-9 მუხლებზე და განმარტა, უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

,,საჯარო რეესტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ხოლო მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არ არის მითითებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის’’ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელზეც რეგისტრირებული იყო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, კანონით დადგენილი წესით განიკარგა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ. სწორედ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე წარდგენილი განცხადებიდან გამომდინარე მიიღო საჯარო რეესტრმა პირობითი განცხადება და ძალადაკარგულად გამოაცხადა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული აკრძალვა, ვინაიდან ნივთი განკარგული იყო სააღსრულებო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შედეგად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-601 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 თებერვლის №37823 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 185-ე, 201-ე მუხლებზე და განმარტა, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს წერილობითი ფორმით შედგენილი ადმინისტრაციული საჩივარი. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვარს ნუ---------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მისი ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 თებერვლის №37823 გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლში. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარი თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს უფლებამოსილი იყო თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ემსჯელა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის №ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებული განმარტებებით, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული

 

სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ანსტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი... საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას და აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს, ერთის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათას რული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.“

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

4.1. ნუ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები

 

აპელანტი აღნიშნავს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო N1012017002695/3 გადაწყვეტილებით გაუქმდა სამართლებრივი შეზღუდვა უძრავ ნივთზე. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელეს თა------------–-–---–თან ჰქონდა მორიგება, რომლის საფუძველზეც თა------------–-–---–ს ნუ---------–---–ისთვის უნდა გადაეხადა დაკისრებული თანხა. მარეგისტრირებულ ორგანოს არ გამოუკვლევია, მიმდინარეობდა თუ არა მხარეთა შორის დავა, შეზღუდვის გაუქმებამ კი მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება დაუკარგა.

 

აპელანტი აღნიშნავს, საჯარო რეესტრს ფა------------–---–-ას განცხადების დარეგისტრირებისთანავე, საქმეში მესამე პირად უნდა ჩაერთო ნუ---------–---–ი, რაც არ განხორციელებულა. შედეგად დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად გამოიყენა ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები.

 

აპელანტი აღნიშნავს, მართალია, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას (სუსგ 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591(კ-15)), თუმცა არ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, განიხილოს რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება (სუსგ 02.11.2017წ. Nბს-231-227(კ-15)). ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-61 პუნქტი დისკრეციული ხასიათისაა. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, საჯარო რეესტრი არ იყო ვალდებული, განეხილა ნუ---------–---–ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და საკითხის განხილვა წარმოადგენდა სასამართლოს კომპეტენციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს საჯარო რეესტრის მიერ უძრავ ნივთზე არსებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

 

საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. იმავე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის’’ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავს ამავე ნივთზე სხვა უფლების, ვალდებულების, საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას. გამონაკლისის სახით, თუკი ნივთი გაიყიდება იძულების წესით, სააღსრულებო დაწესებულების მიერ, ახალ მესაკუთრეზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდება, მიუხედავად საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობისა. უფრო მეტიც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი წესით ქონების გასხვისება იწვევს ამავე ნივთზე რეგისტრირებული ყადაღის, განკარგვის შეზღუდვის ან აკრძალვის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელზეც რეგისტრირებული იყო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, განიკარგა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ. ამასთან, სააღსრულებო პროცედურები, სააღსრულებო ბიუროს ქმედებები, იძულებითი წესით ქონების გასხვისების შედეგად გამოცემული განკარგულება სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, მიიჩნევა, რომ სააღსრულებო ბიუროს ქმედებები კანონიერია და ქონება განიკარგა კანონიერად. ამრიგად, სწორედ კანონის შესაბამისად წარმართული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოხდა ქონების გასხვისება, ხოლო გამოცემული განკარგულება გახდა ნივთის აუქციონზე შემძენი პირის მესაკუთრედ რეგისტრაციის საფუძველი. გარდა ამისა, ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით დგინდებოდა, რომ ნივთი განკარგული იყო სააღსრულებო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, არსებობდა ამავე ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმების საფუძველი. სწორედ აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა, რომ საჯარო რეესტრმა მიიღო პირობითი განცხადება და ძალადაკარგულად გამოაცხადა უძრავ ნივთზე (ქ. თბილისში, ვა--------–----------–-----------------1 კორპუსის მიმდებარედ, ბინა N14, საკადასტრო კოდი: 01.19.39.002.050.01.014) რეგისტრირებული აკრძალვა.

 

ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმათა გათვალისწინებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სარჩელით ასევე მოთხოვნილი იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 თებერვლის №37823 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, არ იქნა განხილული იმ საფუძვლით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე აღნიშნული საჩივრდება სასამართლო წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაზე საქმეზე Nბს-408-403 (2კ-14), სადაც სასამართლოს განმარტება ეხება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს, კერძოდ, ,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებული იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთო მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი“. ასევე, ,,იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ამდენად, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას“.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-617-610(2კ-15)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული დანაწესი, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ართმევს უფლებას სზაკ-ის 178-ე მუხლის საფუძველზე განიხილოს მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე საჩივარი, თუმცა ნორმა არ ადგენს სააგენტოს მიერ საჩივრის განხილვის ვალდებულებას (სუსგ 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591(კ-15)).

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლი (მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით) არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, თუმცაღა აღნიშნული ეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას. ამრიგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლში ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება დასაშვებია და მსგავსი გადაწყვეტილება არ იქნება არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულად მიჩნეული.

 

სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიზნებისა და წინაპირობების მხედველობაში მიღებით, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია, ემსახურება მხარეთა უფლებების დაცვას და თვითკონტროლის განხორციელებას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 თებერვლის №37823 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ არღვევს კანონს და მისი გაუქმების წინაპირობები არ არსებობს. სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოცემული სადავო აქტის ბათილად ცნობისა, საჯარო რეესტრს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა არ დაევალა, რადგან სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში შეაფასა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 გადაწყვეტილების კანონიერება და იგი მართებულად იქნა ძალაში დატოვებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №102017002695/3 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, ამდენად, მისი ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 თებერვლის №37823 გადაწყვეტილებას, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო განეხილა და გადაეწყვიტა წარდგენილი საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ ეწინააღმდეგება კანონს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150-150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნუ---------–---–ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი