განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33021-0-9002824349
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 20-9 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/921--19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - გ---–---------------
მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ „ძ--–-------- კ-–---ი - წ---–-----ო“
წარმომადგენელი - მ---------------- (დირექტორი)
დავის საგანი - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლის სარჩელი ააიპ „ძ--–-------- კ-–---ი - წ---–-----ოს“ (ს/ნ N4--------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ააიპ „ძ--–-------- კ-–---ი - წ---–-----ოს“ მოსარჩელე სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისრა 3 026.31 ლარის გადახდა. მოპასუხე ააიპ „ძ--–-------- კ-–---ი-წ---–-----ო“-სგან გამოთხოვილ იქნა უკანონო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, გ-–------ მ--- მ/რ-ში მდებარე დამხმარე შენობის პირველი სართულის შესაბამისი საიჯარო ფართი (ს/კ 0-.1-.1-.0--.0--) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში და დაუბრუნდა მოსარჩელე სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლას. მოპასუხე ააიპ „ძ--–-------- კ-–---ი-წ---–-----ო“-ს მოსარჩელე სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლის სასარგებლოდ ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე პერიოდზე მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა სულ 1670 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე ხელშეშლის აღკვეთამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, როგორც ზიანის, ყოველთვიურად 417.5 ლარის ოდენობით დაკისრებასთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საიჯარო ფართის მესაკუთრე არის სახელმწიფო. აღნიშნულ უძრავ ქონებას უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი (მართლზომიერი) მფლობელი 20-4 წლიდან სარგებლობს სსიპ ქ. თბილისის N69 საჯარო სკოლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/კ 0-.1-.1-.0--.0--) (ს.ფ. 56-58)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
2.2. 20-8 წლის 23 თებერვალს სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლასა და ააიპ
„ძ--–-------- კ-–---ი - წ---–-----ოს“ შორის გაფორმდა N2 იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ხელშეკრულების საგანს“ წარმოადგენს „მეიჯარის" მიერ „მოიჯარისათვის" დროებით სარგებლობაში სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლის დამხმარე შენობის პირველ სართულზე (საკადასტრო კოდი N0-.1-.1-.0--.0--) არსებული 284.40 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გადაცემა.
ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლის ვადით.
ხელშეკრულების მიხედვით „მოიჯარემ" იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა საიჯარო ქირა თვეში 417,50 ლარის ოდენობით. თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ყოველი საანგარიშსწორებო თვის 28 რიცხვამდე.
ხელშეკრულების 8.3 მუხლის თანახმად, მეიჯარეს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვადის 3 თვით გადაცილების შემთხვევაში, რის თაობაზეც იგი ხელშეკრულების შეწყვეტამდე წერილობითი შეტყობინებას უგზავნიდა მოიჯარეს.
ხელშეკრულების 4.6. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, მოიჯარე იღებდა გაფრთხილების წერილობით ფორმას, რომლშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და შესაბამისი პირგასამტეხლოს ოდენობა (დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1.%-ის ოდენობით).
ხელშეკრულების 3.5 მუხლის მიხედვით, მოიჯარე ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ, გადაეცა მეიჯარესთვის ქონება პირვანდელ მდგომარეობაში, ასევე გადაეხადა და დაეფარა ყველა სახის გადასახადი და დავალიანება, რაც წარმოიშობოდა მისი იჯარით სარგებლობის განმავლობაში, ხოლო
3.8. მუხლის მიხედვით, გადაეხადა კომუნალური გადასახადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 23 თებერვლის N2 იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-25)
- 2018 წლის 23 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 26)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
2.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 30 მარტს მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა 507 ლარი, როგორც იჯარის თანხა და ასევე 750 ლარი, როგორც ამავე ხელშეკრუილებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალება N1 (ს.ფ. 27)
- საგადასახადო დავალება N939542 (ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
2.4. მოიჯარის - ააიპ ძ--–-------- კ-–---ი - წ---–-----ოს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რის გამოც სსიპ თბილისის N69 საჯარო სკოლის მიერ 20-8 წლის 29 აგვისტოს, ამავე წლის 24 სექტემბერს და 08 ოქტომბერს გაიგზავნა გაფრთხილების წერილი ვალდებულების შესრულების თაობაზე. მათ შორის, მოიჯარემ მიიღო გაფრთხილება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 29 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 29-30)
- 2018 წლის 24 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 38-39)
- 2018 წლის 08 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 40-41)
- გზავნილები (ს.ფ. 31-37)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
2.5. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, ჯერ მოპასუხის ააიპ ძ--–-------- კ-–---ი - წ---–-----ოს წარმომადგენლის მიერ, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ იმავე დღეს მოსარჩელის - სსიპ ქ. თბილისის N69 საჯარო სკოლის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა საიჯარო ფართში შემავალი კარის ჩამოსაკიდებელი საკეტის - ბოქლომის გარედან დამონტაჯება და კარის დამატებით ჩაკეტვა, რითაც ორივე მხარეს შეეზღუდა აღნიშნული ფართით სარგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქმეში წარმოდგენილი ფოტო-ილუსტრაცია (ს.ფ 1-7-1-9)
- მომართვა და 2018 წლის 19 ოქტომბრის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი (1-3-1-5)
- 2018 წლის 19 ოქტომბრის წერილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტს (ს.ფ. 59-
60)
- 2018 წლის 18 ოქტომბრის აქტი (ს.ფ. 61)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლომ მიაჩნია, რომ
2018 წლის 15 ოქტომბრის N2---- ბრძანებით სსიპ ქ.თბილისის N69 საჯარო სკოლის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება, რომელიც შეატყობინეს მოპასუხე მხარეს. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული 20-8 წლის 15 ოქტომბრის N2---- ბრძანება (ს.ფ. 42-43), ასევე წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 44-45).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო- ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2018 წლის 23 თებერვლის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
იმავე კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ იჯარა (ქირავნობა) წარმოადგენს გრძელვადიან ორმხრივ, კონსენსუალურ და სასყიდლიან ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე მეიჯარე (გამქირავებელი) კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს - მოიჯარეს (დამქირავებელს) დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ნივთი, მისცეს საშუალება, ისარგებლოს ამ ნივთით ხელშეკრულების ვადის განმავლობაში; ხოლო მოიჯარე (დამქირავებელი), თავის მხრივ, ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს (გამქირავებელს) ხელშეკრულებით დათქმული ქირა.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს წერილობითი სახით, სადაც ყველა არსებით პირობაზე მოხდა შეთანხმება, შესაბამისად, ხელშეკრულება არის ნამდვილი და წარმოშობს ორმხრივ უფლებებსა და მოვალეობებს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული გარიგების დადებას და მის ნამდვილობას არც მხარეები ხდიან სადაოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
იმის გათვალისწინებით, რომ იჯარის ხელშეკრულებით, პირობების დაუცველობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ოდენობა, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1.%-ის ოდენობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მოპასუხემ, სრულად უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო.
ასევე საგულისხმოა, რომ იჯარის ხელშეკრულება იყო 1 წლის ვადით დადებული და ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 417,50 ლარს. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხის მიერ გადახდილია 507 ლარი, ასევე საგარანტიო თანხა 750 ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხის მიერ მხოლოდ 2018 წლის 30 მარტს განხორცილდა გადახდები სულ 1257 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 თვის საიჯარო ქირის გადასახადს. აღნიშნულის გარდა მოპასუხეს სხვა რაიმე გადახდები არ განუხორციელებია. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხის ვალდებულებს წარმოადგენდა კომუნალური დავალიანებების გადახდები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 23 თებერვლის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს გადაუხდელ საჯარო ქირას - 2628,70 ლარსა და კომუნალურ გადასახადებს 397,61 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასტურდება 2018 წლის 08 ოქტომბრის წერილით (ს.ფ.
40-41), ასევე 2018 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებით (ს.ფ. 42-43). სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა, ასევე არ წამოდგენილა აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დავალიანების გაანგარიშებას დადასტურებულად მიიჩნევს.
ამგვარად, მოპასუხის მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის გადახდისა და პირგასამტეხლოს სახით საურავების გადახდის ვალდებულება, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობასთან, შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, 1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით, თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ- ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
წარმოდგენილი სარჩელიდან და მხარის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემობებისა და მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით, სსიპ ქ. თბილისის N69 საჯარო სკოლის მოთხოვნაა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, 2018 წლის 18 ოქტომბერს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ იჯარით აღებული ფართი დაიკეტა, მიუხედავად მოსარჩელის სურვილისა, რომ მხარეებს ერთად მოეხდინათ აღწერა მასში არსებული ნივთებისა და არსებული სიტუაციისა, ასევე დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებისა. აღნიშნულის შემდეგ კი, დაახლოებით 2-3 საათში თავად მოსარჩელე მხარის მიერ რკინის კარზე დამონტაჟებული იქნა მეორე საკეტი, რომლის გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა, რადგან მოპასუხეს მისგან მალულად და მისგან უნებართვოდ არ მოეხდინა საიჯარო ფართში არსებული ნივთების გატანა და ზიანის მიყენება.
ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკეტებით, რომლებზეც ხელი მხოლოდ ერთ მხარეს მიუწვდებოდა, მოხდა სადავო საიჯარო ფართის დაკეტვა.
ასევე უდავო გარემოებაა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრიდან დღემდე საიჯარო ფართი კვლავ ორი საკეტით არის დაკეტილი. შესაბამისად, ფართით ვერ სარგებლობს როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს ფართი და მოხდეს მოპასუხის მიერ ხელშეშლის აღკვეთა.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ითხოვს მის სასარგებლოდ მოპასუხე ააიპ „ძ--–-------- კ-–---ი-წ---–-----ო“-ს დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2018 წლის 15 ოქტომბრიდან) ხელშეშლის აღკვეთამდე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 417.5 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულება იყო 1 წლიანი, შესაბამისად, მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი იყო 2019 წლის 23 თებერვლამდე პერიოდი. შესაბამისად, 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე პერიოდზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საიჯარო ქირა 1670 ლარის ოდენობით. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 417,50 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ მოპასუხე, მოსარჩელის მსგავსად, ვერ სარგებლობდა საიჯარო ფართით. ამის მიზეზი კი, თავად მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შესასვლელ კარებზე ბოქლომის დამონტაჟება გახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ დასტურდება ზემოთ ხსენებული მეოთხე ელემენტი - ხელმყოფის გამდიდრება, რადგანაც მოპასუხეს მოსარჩელის ხარჯზე არანაირი თანხა არ დაუზოგავს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით 2019 წლის 23 თებერვლის შემდგომ პერიოდზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხისათვის 3 026.31 ლარის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გამოთხოვის ნაწილში. ხოლო, რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში, იგი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 23 თებერვალმდე პერიოდზე ანუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე პერიოდზე ყოველთვიურად 417,50 ლარის გადახდა, რაც სულ შეადგენს 1670 ლარს, ხოლო აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, გაუგებარია რატომ არ გაიზიარა სასამართლომ, რომ მას მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად კონკრეტული ოდენობის ზიანი ადგებოდა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნები ერთმანეთთან იმდენად მჭიდრო კავშირშია, რომ ერთის დაკმაყოფილება მეორის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას გამორიცხავს.
აპელანტის განმარტებით მოპასუხის მხრიდან ფართის ჩაკეტვით მას მოესპო ნივთით სარგებლობის და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. აპელანტის განმარტებით სსიპ ქ. თბილისის #69 სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ეკონომიკური შემოსავლის მიღების მიზნით იჯარით გასცემს მის სარგებლობაში არსებულს ფართებს. გათვალისწინებით იმისა, რომ სკოლაში სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე, სკოლას ფაქტობრივად ყოველთვის იჯარით აქვს გადაცემული მის სარგებლობაში არსებული ფართები კანონით გათვალისწინებული საქმიანობის, მაგ: სხვადასხვა წრეების, ბუფეტის და ა.შ. განხორციელების მიზნით. შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტით სასამართლოსთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ სკოლა აღნიშნულ ფართს იჯარით გასცემდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს ზიანის ანაზღაურების, როგორც იჯარის საგნის დაბრუნების დაყოვნების განმავლობაში დადგენილი საიჯარო ქირის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა სარჩელის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლის სარჩელის დაკმაყოფილების (რომლითაც ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ააიპ ,,ძ--–-------- კ-–--- წ---–-----ოს საიჯარო ქირის სახით დაეკისრა 3 026.31 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 1670 ლარის გადახდა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში იჯარის საგნის ააიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლისთვის დაბრუნება) ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. საკასაციო პალატის განმარტებით კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. იხ. სუსგ №ას-323-2019. 05.06.2019წ.)
ზემოაღნიშნული მსჯელობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1.-1.3 პუნქტები) გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ:
- 2018 წლის 23 თებერვალს მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანსაც მოიჯარის მიერ მეიჯარის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით საიჯარო ქირის გადახდის სანაცვლოდ ამ უკანასკნელისთვის საიჯარო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ვადა 12 თვეს, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა 417.5 ლარს შეადგენდა.
- მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა მეიჯარის ინიციატივით ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 15 ოქტომბერს მოიშალა, გარიგების ვადამდე მოშლის საფუძველს საიჯარო ქირის გადაუხდელობა წარმოადგენდა.
- საიჯარო ურთიერთობის მოშლის შემდეგ, კერძოდ, 20-8 წლის 18 ოქტომბერს ააიპ ძ--–-------- კ-–---ის წ---–-----ოს დირექტორმა საიჯარო ქონების კარზე საკეტი შეცვალა, რა დროსაც ამ უკანასკნელს ახალი საკეტის გასაღები სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლისთვის აღარ გადაუცია და უძრავი ქონებიდან არც ფართში განთავსებული ნივთები არ გაუტანია.
4.1.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საიჯარო ურთიერთობის დასრულების (მოშლის) შემდეგ საიჯარო ქონების მეიჯარისთვის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელსაც მეიჯარე მოიჯარისგან ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ოდენობით საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნებამდე პერიოდისთვის. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და დაუკმაყოფილებელ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შემდეგი სახით ჩამოაყალიბა - მოპასუხეს დაეკისროს 2019 წლის 23 თებერვლიდან (ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ერთ წლიანი ვადის დასასრული) 2019 წლის 25 სექტემბრამდე (ნივთის გადაცემის დრო) პერიოდისთვის ზიანის ანაზღაურება. აპელანტი მხარის განმარტებით ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით პერიოდის დაზუსტება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 2019 წლის 25 სექტემბერს, მხარეთა შეთანხმებით გაიხსნა საიჯარო ქონება, რა დროსაც ფაქტების კონსტატაციის გზით აღწერილი და გატანილი იქნა ფართში არსებული მოიჯარის ნივთები, შესაბამისად, 2019 წლის 25 სექტემბრიდან, საიჯარო ქონებაზე მოიპოვა მისი განკარგვის სრული შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
ზემოხსენებული ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ შემდეგი სამართლებრივი წანამძღვრები არსებობდეს: (ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; (ბ) დამთავრებული უნდა იყოს საიჯარო ურთიერთობა; (გ) მოიჯარის მიერ დაყოვნებული უნდა იყოს საიჯარო ქონების მეიჯარისთვის დაბრუნება.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნორმით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი წინაპირობა განხორციელებულია, კერძოდ: (ა) მხარეთა შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება; (ბ) საიჯარო ურთიერთობა დამთავრებულია მეიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლით; (გ) მოიჯარის მიერ დაყოვნებულია საიჯარო ქონების დაბრუნება, რაც თავის მხრივ საკმარისია ქონების დაბრუნების დაყოვნებისთვის დათქმული საიჯარო ქირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი იჯარით გაცემული ქონების დაბრუნების დაყოვნებისთვის საიჯარო ქირა ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 25 სექტემბრამდე, ანუ ქონების მეიჯარისთვის დაბრუნებამდე, უდავოა, რომ ყოველთვიურ საიჯარო ქირას 417,5 ლარი წარმოადგენდა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებულ 1670 ლართან ერთად (2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი საიჯარო ქირის სახით 2019 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 25 სექტემბრამდე (ქონების დაბრუნებამდე) დამატებით უნდა დაეკისროს 2922 (417.5 * 7 = 2922) ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ 2019 წლის 25 სექტემბრამდე, ანუ მხარეთა შეთანხმებით საიჯარო ქონების კარზე მოპასუხის მიერ დადებული ბოქლომის გაღებამდე, ფაქტების კონსტატაციის გზით ნივთების აღწერამდე და მის გატანამდე, მეიჯარეს ხელს არ უშლიდა ნივთის თავისუფლად გამოყენებაში. პალატა შენიშნავს, რომ იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოიჯარის მიერ იჯარის ფართზე ბოქლომის დადების მიუხედავად, რა დროსაც მეიჯარისთვის გადაცემული არ ყოფილა გასაღები და საიჯარო ქონებიდან გატანილი არ ყოფილა არც მოიჯარის ნივთები, მეიჯარე მაინც ახერხებდა ნივთით სარგებლობას, მათ შორის ფართის იჯარით გაცემას და შემოსავლის მიღებას მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მისი მტკიცების საგანში შემავალი ზემოაღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მისი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია. მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ ზეპირი განცხადება კი, რომ მიუხედავად მის მიერ ქონების დაბრუნების დაყოვნებისა (გარიგების ვადამდე მოშლის შემდეგ კარზე ბოქლომის დადება, გასაღებისმეიჯარისთვის გადაუცემლობა, იჯარის ფართიდან ნივთების არ გატანა), მეიჯარის ფართით სარგებლობაში ხელი არ შეშლია, გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და მხოლოდ მისი ზეპირი განცხადება, თუ იგი რელევანტური მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ტესტს ვერ ლახავს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1ლი და მე-2 პუნქტების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო სასამარტლო შეცვლის გადაწყვეტიელბას ან გამოიტანხ ახალ გადაწყვეტიელბას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა და საბოლოოდ მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად შესაბამისად მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელე აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან რამდენადაც დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 11 618 ლარს (1670 +2922 + 3026 = 7618; 7618 + 4000 = 11618), სარჩელზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს 348,54 ლარს. მოსარჩელის მიერ კი სარჩელზე ჯამში გადახდილია 541 ლარი. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასაგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 348,54 ლარის გადახდა, ხოლო ზედმეტად გადახილი თანხა მოსარჩელეს 192,46 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან. ასევე, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში (2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტიელბის სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტი) გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და 2-ე პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
4. 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდზე მოპასუხე ააიპ ძ--–-------- კ-–---ი-წ---–-----ოს მოსარჩელე სსიპ ქ.თბილისის #69 საჯარო სკოლის სასარგებლოდ ზიანის სახით დაეკისროს 2922 ლარის გადახდა;
5. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ააიპ ძ--–-------- კ-–--- წ---–-----ოს სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა;
6. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ააიპ ძ--–-------- კ-–--- წ---–-----ოს სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისროს 348,54 ლარის გადახდა;
7. სსიპ ქალაქ თბილისის #69 საჯარო სკოლას სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახ. ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 192,46 (ასოთხმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით.
8. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური