განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003216806
საქმე N1ბ/2036-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა
მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის, მისი ადვოკატების - მ----------------------–--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ბ------ ჯ----–----- ქ-------ის (დაბადებულის 1----–-–----------------------–-, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, პირადი №5----------, ნასამართლევის, მცხოვრების: გ----–----------–---–---------–-- მიმართ, დანაშაულებისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ ქ-------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი), აგრეთვე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მათ შორის - ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“უკანონო შეძენა-შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის მარტში, გ----–----------–---–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ბ------ ქ-------მა მეუღლეს - ს------- გ--------ს, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და ასევე რამდენჯერმე ფეხი ამოარტყა ფეხში, რის შედეგად ს------- გ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2019 წლის 19 აგვისტოს, საღამოს, გ----–---–--------------------ში მდებარე ს------- გ--------ის საცხოვრებელ სახლში, ბ------ ქ-------მა, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეს - ს------- გ--------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად ს------- გ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე დროს, ბ------ ქ-------ი ყოფილ მეუღლეს დაემუქრა მისი მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რაც გაიგონა იქვე მყოფმა ს------- გ--------ის მშობელმა - ქ----- გ--------მა, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2014 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისის თვემდე ბ------ ქ-------ი მეუღლეს ს------- გ--------ს, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას, რადგან იყო ქალი და ,,ყველა ნაბიჯი“ უნდა შეეთანხმებინა მასთან, რის შედეგად ს------- გ--------მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;
ბ------ ქ-------მა დაუდგენელ დროს, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 163,62 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა”, რაც 2019 წლის 21 აგვისტოს ამოიღეს გ----–---–------–-----------–--–----------–ი მდებარე დ----- მ----–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, ბ------ ქ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მარტის ეპიზოდი, 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) –1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით-1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით-ჯარიმა-3 000 (სამი ათასი) ლარი;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ------ ქ-------ს საბოლოოდ განესაზღვრა 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობის დრო - 2019 წლის 21 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით;
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ------ ქ-------მა, მისმა ადვოკატებმა - მ------ ნ--------------–-----------------
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ------ ქ-------ი არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელს. აპელანტი განმარტავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, ვინაიდან მის 4 წლის შვილს, მამის დაპატიმრებით, შეექმნა ფსიქოლოგიური პრობლემები, ასევე დაზარალებული შეურიგდა, რის დასადასტურებელად წარდგენილი იქნა ნოტარიალური ცნობა. მან მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა უზრუნველყო დადგენილ ვადაში, განაჩენის გამოტანამდე დაკავებული იყო შვილის აღზრდით და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. მისი პატიმრობაში ყოფნით ოჯახს შეექმნა პრობლემები, კერძოდ, მეუღლე მუშაობდა მათ მფლობელობაში არსებულ ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიაში, თავად კი უვლიდა ბავშვს. მისი პატიმრობის გამო მეუღლე ვეღარ მუშაობს და ბავშვს კვლავ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის ადვოკატები - მ------ ნ-------------–------------იძე ითხოვენ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტებს მიაჩნიათ, რომ განაჩენი არ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენში ბ------ ქ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად მითითებულია, რომ მან ფიზიკური ძალადობა ჩაიდინა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ბ------ ქ-------ი 2019 წლის 19 აგვისტოს ყოფილ მეუღლესთან მისული იყო შესარიგებლად, რასაც ადასტურებენ ს------- გ--------ი და მოწმეები. თავად ბ------ ქ-------მა პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტი გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ იგი სთხოვდა ს------- გ--------ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაბრუნებას, რომელიც დატვირთული იყო ბანკში იპოთეკით. რაც შეეხება ბ------ ქ-------ის ნასამართლობებს, საქმეში წარმოდგენილია ბ------ ქ----–---–-ს განაჩენი, რომელიც არ ეკუთვნის მსჯავრდებულს, არ არის დადგენილი, რომ ბ------ ქ-------ი და ბ------ ქ----–---–- ერთიდაიგივე პირია, ამას ადასტურებს ბრალდების მხარის მტკიცებულება, კერძოდ, სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობა, იმის თაობაზე, რომ ბ------ ქ-------ს სახელი ან/და გვარი არ შეუცვლია. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლო კი ამ გარემოებას ხსნის იმით, რომ ბ------ ქ-------ი უცხო ქვეყვნის მოქალაქეა და მსჯელობს მსჯავრდებულის საზიანოდ, მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესი კანონის-კონსტიტუციის საფუძველზე ყოველგავრი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ საქმეში არსებული განაჩენები ეკუთვნის ბ------ ქ-------ს. საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არა დადგენილი მსაჯვრდებულის ნასამართლობები წარსულში, მიუხედავად ამისა სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ რეციდივზე. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ განაჩენი არ არის სამართლიანი, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ბ------ ქ-------ი არ არის ნასამართლევი, მის მიმართ ოჯახურ დანაშაულზე შემაკავებელი ორდერიც კი არ არის გამოტანილი, მას სურდა ოჯახის აღდგენა და მას შემდგომ, რაც გათავისუფლდა პატიმრობიდან მოახერხა კიდეც. მათი ოჯახი დღეის მდგომარეობით აღდგენილია, კონფლიქტი აღმოფხრილია და მსჯავრდებული ზრდის მის ერთადერთ მცირეწლოვან შვილს, რომელიც განსაკუთრებულად მიჯაჭვულია მამაზე. აღნიშნული დაადასტურეს დაზარალებულებმა ს------- გ--------მა და ქ----- გ--------მა. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას. მან მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა უზრუნველყო დადგენილ ვადაში, განაჩენის გამოტანამდე დაკავებული იყო შვილის აღზრდით და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ სასჯელისა და პასუგისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების ნაწილში, კერძოდ, დაცვის მხარე არ ეთანხმება განაჩენით დადგენილ ბ------ ქ-------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის მოტივსა და მსჯავრდებულის წარსულ ნასამართლობებს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველით ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მოტივსა და ბ------ ქ-------ის ნასამართლობის შესახებ და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის, მისი ადვოკატების - მ----------------------–--------------ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ბ------ ქ-------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ს------- გ--------ის, თ----- გ--------ის, ქ----- გ--------ის, ი----------ის, გ--------–------–-–---–-----------------–--–---–-----------------–----–---–-------------------–-------------–---–--------------------------------–------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური, სასაქონლო, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიოქლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ------ ქ-------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი), აგრეთვე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მათ შორის - ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა.
საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს დამამძიმებელ გარეომოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესამისი დანაშაულისათვის.
მხარეები წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმდნენ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები სრული მოცულობით მიიჩნიეს არასადავოდ, შესაბამისად, მათ შეიძინეს პრეიუდიციული მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, რომ მხარეები არ ხდიდნენ აღნიშნულ მტიცებულებებში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებს სადავოდ, მათ შორის დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებულ გარემოებებს, რომ ბ------ ქ-------ი, 2014 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისის თვემდე, მეუღლეს ს------- გ--------ს, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, რადგან იყო ქალი და ,,ყველა ნაბიჯი“ უნდა შეეთანხმებინა მასთან, ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის მარტში და 2019 წლის 19 აგვისტოს ბ------ ქ-------მა დაზარალებულზე - ს------- გ--------ზე, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, იძალადა ფიზიკურად.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ ბ------ ქ-------მა 2019 წლის 19 აგვისტოს ყოფილ მეუღლეზე ძალადობისას კონფლიქტის მოტივი იყო დაზარალებულთან შერიგების სურვილი და მათ შორის არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემები, ვინაიდან მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში ბ------ ქ-------ის მიერ ბრალის აღიარებით (აღნიშნული საკითხი მსჯავრდებულს არც თავის სააპელაციო საჩივარში გაუხდია სადავოდ) დასტურდება, რომ ბ------ ქ-------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, სისტემატური შეურაცხყოფა (2014 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისის თვემდე), რამაც გამოიწვია ს------- გ--------ის ტანჯვა და ფიზიკური ძალადობა (2018 წლის მარტსა და 2019 წლის 19 აგვისტოს), რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის ს------- გ--------ის და მოწმეების: თ----- გ--------ის, ქ----- გ--------ის, ი----------ის გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ ბ------ ქ-------ი დაზარალებულ ს------- გ--------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას, რაც იწვევდა მსხვერპლის ტანჯვას. ამონარიდი დაზარალებულ ს------- გ--------ის 2019 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვის ოქმიდან ,,...ბ------ი მასთან თანაცხოვრების პერიოდში ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას...“, ,,...სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი ხდებოდა ყოველ დღე...“, ,,...იგი ყველა კონფლიქტის დროს ამბობდა, რომ მე ვიყავი ქალი, ჩემი ყველა გადადგმული ნაბიჯი უნდა შემეთანხმებინა მასთან...“,,თმების თრევით გამიყვანა სასტუმრო ოთახში და მეუბნებოდა წავსულიყავი მისი სახლიდან, ვინაიდან მას არ სურდა ჩემთან ცხოვრება თუ მას არ დავუჯერებდი...“ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით კი დასტურდება, რომ ბ------ ქ-------ის მოქმედებების გამო, ს------- გ--------მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ს------- გ--------ს 2019 წლის 20 აგვისტოს, 12 საათსა და 25 წუთზე, აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებული და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ 2019 წლის 19 აგვისტოს თარიღს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზირებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას, რომ ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ბ------ ქ-------ს სახელი ან/და გვარი არ შეუცვლია, არ შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული მისი წარსული ნასამართლობები. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბ------ ქ-------მა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ამასთან, ბ------ ქ-------მა უარყო წარსული ნასამართლობა. საქმის მასალების მიხედვით, ირკვევა რომ ბ------ ქ-------ის წარსული ნასამართლობების თაობაზე ცნობილი იყო მისი ახლობლებისთვისაც, რაც მითითებულია მოწმეთა ი----------ის და ქ----- გ--------ის გამოკითხვის ოქმებში (რაც მხარეთა მიერ არ გახდა სადავოდ). დაზარალებულმა ქ----- გ--------მა ბ------ ქ-------ის მუქარა რეალურად სწორედ მისი წარსულში ნასამართლობების გათვალისწინებით აღიქვა. ამონარიდი მოწმე ქ----- გ--------ის 2019 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვის ოქმიდან: ,,...იგი ჩემს შვილს დაემუქრა მშობლები უნდა დაგიხოცო, ჯერ დედაშენი უნდა მოვკლა, მერე მამაშენიო. მე მისი ამ მუქარის ზედმეტად შემეშინდა, რადგან იგი არის წარსულში რამოდენიმეჯერ ნასამართლევი და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი...“. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინებაში არაერთხელაა საუბარი ბ------ ქ-------ის წარსულ ნასამართლობებზე, რაც სასმართლომ დადგენილად მიიჩნია, დაცვის მხარეს კი აღნიშნული განჩინება სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში გორის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ბ------ ქ-------ის ნასამართლობასთან დაკავშირებით, ის რომ იგი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვისაც, კერძოდ: საქმეში არსებული სასამართლოს გადაწყვეტილებებით ბ------ ჯ----–----- ქ----–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------–-, მცხოვრების გ----–----------–---–---------–-- დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ბ------ ქ----–---–- მსჯავრდებულია სსკ-ის 19,108-ე მუხლით - მკვლელობის მცდელობისათვის და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენითა და 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობითა და ამნისტიის გამოყენებით ბ------ ქ----–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი გათავისუფლდა 2013 წლის 12 ივნისს, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ. ამრიგად, წინა განაჩენებში აღნიშნული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, ადგილი, საცხოვრებელი მისამართი), გარდა გვარისა, ზუსტად ემთხვევა ბ------ ქ-------ის მონაცემებს. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, ბ------ ქ-------ი და ბ------ ქ----–---–- ერთი და იგივე პირია. ამასვე ადასტურებს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ფოტოსურათიანი ცნობის ასლიც. ბ------ ქ-------ი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რის გამოც მისი გვარის შეცვლის თაობაზე საქართველოში ინფორმაცია არ არსებობს.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაც და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე იარაღის გამოყენებით, ან იარაღის გამოყენების მუქარით (მოცემულ შემთხვევაში დანის გამოყენებით) ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ბ------ ქ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით.
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ბ------ ქ-------ს სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო ბ------ ქ-------ის მიმართ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას ასევე დაცულია 531 მუხლის 1,2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ბ------ ქ-------მა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ, არის კარგი მამა და ზრუნავს თავის 4 წლის შვილზე, რის გამოც არსებობდა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების საფუძვლები. პალატა აღნიშნულ არგუმენტებს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.
სააპელაციო პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ბ------ ქ-------მა დაზარალებულის მიმართ არაერთხელ განხორციელა ძალადობა. ასევე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას. უდავო მტკიცებულებებით - დაზარალებულების და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბ------ ქ-------მა არაერთხელ იძალადა მსხვერპლზე, ს------- გ--------ზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. ასევე გასათვალისწინებელია დამნაშავე პირის დამოკიდებულება ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელიც მას კონტროლს აკარგინებდა საკუთარ ქცევებზე და ხდებოდა ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის საფუძველი, გონივრულად მიუთითებს ოჯახში ამ კატეგორიის დანაშაულის გაგრძელების რისკებზე.
ამ ფონზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულების პოზიციის მიუხედავად, რომლის თანახმად ისინი შეურიგდნენ და პრეტენზია არ გააჩნიათ ბ------ ქ-------ის მიმართ, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ს------- გ--------ის ნოტარიალურად დამოწმებული 2019 წლის 12 სექტემბრის განცხადება, რომლის მიხედვით, იგი შერიგებულია ბ------ ქ-------თან და პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპატამენტში გამოკვლევა ს------- გ--------ს ჩაუტარადა 2019 წლის 18 სექტემბერს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გასაუბრებისას გამოსაკვლევმა პირმა ს------- გ--------მა გადასცა, რომ ,,... დიდი ხანი ვითმინე, მაგრამ უკვე გაუსაძლისი იყო.. რომ გამოვა არ ვიცი რა იქნება. მაქვს მოლოდინი, შიში ქუჩაში არ დამხვდეს...“
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ,,OPUZ V. TURKEY „- ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 13 იანვარს დაზარალებულმა ს------- გ--------მა წარმოადგინა განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ შერიგებულია ბ------ ქ-------თან, პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მისი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ბ------ ქ-------ს შეეცვალოს საპატიმრო სასჯელი და იგი დაუბრუნდეს ოჯახს, ვინაიდან მათ საერთო 4 წლის შვილს, მამის დაპატიმრების გამო, შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვს ესაჭიროება როგორც დედის, ასევე მამის მზრუნველობა. განცხადებას ერთვის არასრულწლოვნის მიმართ 2019 წლის 18 დეკემბრის ფსიქოლოგის შეფასება და 2019 წლის 17 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N100.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ბ------ ქ-------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, დაზარალებულებთან შერიგებულია, არის მზრუნველი მამა, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ბ------ ქ-------ის აღიარება, მონანიება და მისი ოჯახური მდგომარეობა, ის რომ კარგი მამაა, მის მიმართ დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ და ბ------ ქ-------ის მიმართ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, კერძოდ, პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის სახით დაუნიშნა შესაბამისი მუხლის სანქციის გათვალისწინებული მინიმუმი, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრებისას გამოიყენა სასაჯელთა შთანთქმის პრინციპი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის მოტივსა ფიზიკური ძალადობის სიმძაფრეზე, კერძოდ, მის მიერ მსხვერპლისთვის სხეულზე მრავალჯერადი დარტყმების მიყენების ფაქტს, დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობაზე, ჩადენილია ძალადობის 3, ხოლო მუქარის 2 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში, მსხვერპლთა სიმრავლეზე, მუქარა განხორციელდა 2 პირის მიმართ, დანაშაულის ხერხსა და მასშტაბზე, ფიზიკური ძალადობის თითოეულ ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში, ხელებით და ფეხებით, მოძალადის ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულებაზე, რაც ხდება მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის და მუქარის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ბ------ ქ-------ის ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ბ------ ქ-------------- დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ბ------ ქ-------------- დანაშაულთა ერთობლიობით 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ამასთან, სააპელაციო პლატა აღნიშნავას, რომ მართალია, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბ------ ქ-------ს, როგორც საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდებულს უნდა ჩამორთმეოდა ზ/აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები შესაბამისი ვადით, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, ხოლო ამავე კოდექსის 298-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საასმართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარი არ წარმოადგინა, შესაგებელში კი ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ დაამძიმებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი ბ------ ქ-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ------ ქ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის, მისი ადვოკატების - მ----------------------–--------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ბ------ ქ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მარტის ეპიზოდი, 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) –1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით-ჯარიმა-3 000 (სამი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ბ------ ქ-------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო -2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,ნისან ტიდა“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო- ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი