განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
330210017001815881
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001815881

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2317-18 20 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ი-----–- ი------–---–ი

 

წარმომადგენელი - ს-------------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ-- ჩ------ი

 

წარმომადგენელი - ნ----------–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ი-----–- ი------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ-- ჩ------ის მიმართ სარჩელი აღძრა მან 2005 წლის 17 ნოემბერს ვ-–-------- ი------–---–ის მიერ გაცემული მინდობილობისა და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე 2006 წლის 17 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოსარჩელის მემკვიდრედ ცნობა და გ-- ჩ------ის უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი ბინის, მდებარე: ქ. თბილისი, ა-----–--------–-------------------–-, გამოთხოვა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ი-----–- ი------–---–მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2005 წლის 17 ნოემბერს, ვ-–-------- ი------–---–მა მინდობილობის საფუძველზე გ-- ჩ------ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს მფლობელობასა და სარგებლობაში ქ. თბილისში, ა-----–--------–-- გ------------–--------------------, გადასცა. ამასთან, მინდობილ მესაკუთრეს მიანიჭა უფლება საცხოვრებელი სახლი საკუთარ სახელზე გადაეფორმებინა (ტომი I, ს.ფ. 24-25).

 

6. 2006 წლის 17 აპრილს, გ-- ჩ------მა, როგორც ვ-–-------- ი------–---–ის წარმომადგენელმა გაყიდა, ხოლო გ-- ჩ------მა, 23 000 ლარად, ქ. თბილისში ა-----–--------–-- გ------------–--------------------, იყიდა (ტომი I, ს.ფ. 28-30).

 

7. ვ-–-------- ი------–---–ი 2005 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა (ტომი I, ს.ფ. 42).

 

8. გ------ ი------–---–ი ვ-–-------- ი------–---–ის შვილია (ტომი I, ს.ფ. 45).

 

9. გ------ ი------–---–ი 2010 წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა (ტომი I, ს.ფ. 43).

 

10. ი-----–- ი------–---–ი გ------ ი------–---–ის შვილია (ტომი I, ს.ფ. 44).

 

11. 2014 წლის 30 იანვარს, ი-----–- ი------–---–ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა, რომლის მიხედვითაც, ი-----–- ი------–---–ი გ------ ი------–---–ის მემკვიდრეს წარმოადგენს, რომელმაც გ------ ი------–---–ის დანაშთი ქონება მდებარე, რუსთავი, ხ--–---------------------------- კორპუსი N5, ბინა N56, მიიღო (ტომი I, ს.ფ. 19-21).

 

12. ქ. თბილისში, ა-----–--------–-- გ------- N87-ში მდებარე N56 ბინის მესაკუთრე გ-- ჩ------ია (ტომი I, ს.ფ. 15-16).

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ი-----–- ი------–---–ს წარმოდგენილი სარჩელის მიმართ ნამდვილი (ეფექტური შედეგის მომტანი) იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი სწორედ აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნით იქნება მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი ინტერესი მიღწეული. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. თუმცა, მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობის პირობებში აღიარებითი სარჩელის დაუშვებლობის განმაპირობებელი ძირითადი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო შედეგისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა სამომავლო სასარჩელო წარმოებისათვის საფუძვლის შექმნისაკენ, რაც, სამომავლოდ შეიძლება გაიმართოს ან არა, ანუ მხარემ სამომავლოდ მიკუთვნების მოთხოვნა შეიძლება შეინარჩუნოს ან არა, რამაც შედეგობრივად შეიძლება იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს ისეთი აღიარებითი მოთხოვნა, რომლის განხორციელების (მიკუთვნების) ინტერესი მხარეს აღარ ჰქონდეს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“. ერთ-ერთ საქმეზე კი, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.

 

როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება, რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელით მხარე ცდილობს მისი ბაბუის მიერ გაცემული მინდობილობისა და მის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად აღიარებას, ასევე სადავო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობას, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოსარჩელის მამის - გ------ ი------–---–ის მიერ ვ-–-------- ი------–---–ის სამკვიდროს მიღების ფაქტის შესწავლას შეუდგება.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება სამკვიდროს მიღებად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ხოლო 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას უკავშირდება. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება შეასრულოს. სამკვიდროს მიღების წესი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დადგენილი, რომლის მიხედვითაც, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მამის - გ------ ი------–---–ის მიერ ვ-–-------- ი------–---–ის სამკვიდროს მიღების ფაქტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, კერძოდ, არ დგინდება, რომ გ------მა ნოტარიუსს გარდაცვლილი მამის სამკვიდროს მისაღებად მიმართა. რაც შეეხება ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტს, საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „თ--–----“ მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ 2007 წლიდან სადავო უძრავ ქონებაზე ელექტროენერგიის გადამხდელ აბონენტად გ-- ჩ------ი აღირიცხა. ასევე, 2005 წლის 17 ნოემბერს ვ-–-------- ი------–---–მა გ-- ჩ------ის სახელზე მინდობილობა გასცა, რომლითაც მისი კუთვნილი პენსიის აღების უფლება მიენიჭა. რაც შეეხება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს მ--------–------–---–--ა და ლ--–--------–---- ჩვენებებს, რომელთა თანახმად, ვ-–-------- ი------–---–მა შვილს - გ------ ი------–---–ს მისი განზრახვის შესახებ მასზედ, რომ საცხოვრებელი ბინა გ-- ჩ------ს გადასცემოდა სიცოცხლეშივე გააცნო, რაზედაც, გ------ ი------–---–ს პრეტენზია არ გამოუთქვამს და დაეთანხმა. საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული გ-- ჩ------ის პირადობის მოწმობით დადგენილია, რომ ვ-–--------ის გარდაცვალების შემდეგ სადავო ბინაში მოპასუხე თავისი ოჯახით ცხოვრობდა, რაც გ------ის მიერ სადავო ბინის ფაქტობრივი დაუფლების ფაქტს გამორიცხავს.

 

რაც შეეხება აპელანტის შედავებას მასზედ, რომ გ------ ი------–---–ი სოფელ ყ-----–- მამამისის საკუთრებაში არსებულ ქონებას დაეუფლა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ სამკვიდროს ნაწილის მიღებით მან სამკვიდრო სრულად მიიღო, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს. უპირველესად ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული საარქივო ცნობიდან და ტექინვენტარიზაციის არქივის ცნობიდან ირკვევა, რომ ვ-–-------- ი------–---–ს სადავოდ გამხდარი ქონების გარდა სხვა საკუთრება არ გააჩნდა. ამავე ორგანოდან გაცემული ცნობით დგინდება, რომ ყაზბეგში, სოფელ ყ-----–- ვ-–-------- ი------–---–ის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება, რის გამოც ცნობა-დახასიათების გაცემაზე უარი ეთქვათ. ასევე, საქმეზე მოწმეთ დაკითხულმა ვ--–------ ი------–---–მა მიუთითა, რომ სოფელ ყ-----–- მდებარე უძრავი ქონება საგვარეულო სახლს წარმოადგენს და დღემდე არავის საკუთრება არაა. აღნიშნული სახლის საზღაური მოწმის მამამ გადაიხადა, თუმცა ქონების მის სახელზე აღრიცხვა დღემდე არ მომხდარა. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობას, რომელსაც ხელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი აწერს და რომელშიც მითითებულია, რომ გარდაცვლილი ვ-–-------- ი------–---–ი ყაზბეგში, სოფ. ყ-----–- კერძო სახლის ¼ ნაწილს ფლობდა გაზიარებული ვერ იქნება, როგორც მითითებული ფაქტის დასამტკიცებლად არაგანკუთვნადი მტკიცებულება.

 

აღნიშნულთან მიმართებით, პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ არის უფლებამოსილი მოსახლეობის მიერ უძრავი ქონების საკუთრების ან/და მფლობელობის დამადასტურებელი ცნობები გასცეს და ნაკლებსავარაუდოა, რომ მას ასეთი ინფორმაცია სოფლის ყველა მკვიდრზე შეიძლება გააჩნდეს, თუმცა ამ პირობებშიც კი, ვინაიდან ცნობაში მითითებული არ არის, რომ გარდაცვლილ პირს ხსენებულ ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნდა, დაუდასტურებელი სახის მფლობელობა (მართლზომიერი/არამართლზომიერი) ხსენებული საკუთრების სამკვიდრო მასაში შესვლას ვერ გამოიწვევდა. ამასთანავე, საქმეში არსებული სამკვიდრო მოწმობით N--------- დგინდება, რომ მოსარჩელემ მამის - გ------ ი------–---–ის სამკვიდრო სრულად მიიღო, რომელშიც ქ. რუსთავში მდებარე უძრავი ქონება შედის და მასში სადავო უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში ნახსენები არ არის. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილი არქივის ცნობიდან ირკვევა, რომ საკომლო წიგნის სულ ბოლო ჩანაწერით 1976-1979 წწ. გარდაცვლილი ვ-–-------- ი------–---–ი კომლის წევრს არ წარმოადგენდა. ასევე, ვა---–---------- ძე ი------–---–ის კომლი და ქონება არქივში რეგისტრირებული საერთოდ არ არის.

 

აგრეთვე, საქმის მასალებში გ------ ი------–---–ის მიერ მამის წიგნებისა და მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რაც პალატას შესაძლებლობას ართმევს ეს გარემოება, მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე გაიზიაროს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა). შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გ------ ი------–---–ის მიერ საკვიდროს დაუფლების ფაქტი არ დასტურდება, მოსარჩელე, ასევე, ვერ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მამას ასეთი ნება გააჩნდა, სურდა სამკვიდროს დაუფლებოდა და იგი მისად დაგულვებულად მიეჩნია, ანუ როგორც საკუთარი ისე განეკარგა.

 

თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილისა, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ვინაიდან საქმის მასალებით გ------ ი------–---–ის მიერ მისი მამის სამკვიდროს დაუფლების ფაქტი არ დგინდება, აღნიშნული ნიშნავს, რომ მამკვიდრებლის შვილიშვილს - ი-----–- ი------–---–ს დავის საგნის მიმართ დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავოდ გამხდარი გარიგებები ბათილად იქნება ცნობილი მან შესაძლებელია ქონება საკუთარ სახელზე ვერ დაირეგისტრიროს, რადგან სადავო ქონების დაუფლების ფაქტი სახეზე არაა, შესაბამისად გადაწყვეტილება შეიძლება აღუსრულებელი დარჩეს.

 

15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამავდროულად ხანდაზმულიცაა.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა მოითხოვოს. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც მოთხოვნის უფლება წარმოიშვა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე გამორიცხოს. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას უწყობს ხელს; ბ) ინარჩუნებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.

 

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით სპობს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა მოითხოვოს. ამ ვადის გაცდენა კი ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას გულისხმობს. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას კარგავს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე, საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად მიიჩნევა. კერძოდ, გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება გამოიწვიოს, რაც, საბოლოო ჯამში, სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას გაართულებს. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, ასევე სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი გაიზრდება. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

 

ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადები რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ გამხდარი გარიგებების გაუქმებას, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგებებს, ითხოვს. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მატერიალური უფლების შეცილების ვადა მხოლოდ საცილო გარიგებებზე ვრცელდება. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან სახეზეა გასაჩივრებული გარიგებების ბათილად ცნობა მათი კანონთან წინააღმდეგობის გამო და რომელზეც შეცილების ვადა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არაა, მის მიმართ ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა უნდა იქნეს გამოყენებული.

 

ვინაიდან მოპასუხის მიერ, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ასევე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი იქნა წარდგენილი, ამიტომ პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს სამართლებრივი შეფასება მისცეს.

 

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს აღნიშნული გარემოებების შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადის დაწყების ობიექტურ საფუძველთან მიმართებით სააპელაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში გარიგების ბათილობას ითხოვს პირი, რომელიც სადავოდ გამხდარი გარიგების მხარე არ არის, არსებობს პრეზუმფცია, რომ ასეთმა პირმა შეიძლება არაფერი იცოდეს სადავო გარიგების არსებობის თაობაზე და, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში ვერც მისი ბათილობა მოითხოვოს. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის უმთავრესი ყურადღება ხანდაზმულობის ვადის დენის სუბიექტურ ფარგლებს უნდა დაეთმოს, ანუ იმას თუ ნებისმიერ გონიერ ადამიანს, მყოფს მოსარჩელის მდგომარეობაში, როდის უნდა გაეგო ან შეეძლო შეეტყო სადავო გარიგების გაფორმების შესახებ.

 

საქმეზე წარმოდგენილ მოწმეთა - მ--------–------–---–--ა და ლ--–--------–---- ჩვენებებით დადგენილია, რომ ვ-–-------- ი------–---–მა შვილს - გ------ ი------–---–ს სიცოცხლეშივე გააცნო მისი განზრახვის შესახებ საცხოვრებელი ბინა გ-- ჩ------ს გადასცემოდა, რაზედაც, გ------ ი------–---–ს პრეტენზია არ გამოუთქვამს და მამის ნებას დაეთანხმა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით აიხსნება მამკვიდრებელ ვ-–-------- ი------–---–ის ნება სამკვიდრო არა გ------ ი------–---–ისთვის, არამედ გ-- ჩ------ისთვის დაეტოვებინა, კერძოდ, წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სიცოცხლეში ვ-–-------- ი------–---–ზე გ-- ჩ------ი მზრუნველობდა, სადავო ბინაში ელექტრო ენერგიის გადამხდელ აბონენტად იგი იყო დარეგისტრირებული, მასვე ჰქონდა მინდობილობით გადაცემული ვ-–-------- ი------–---–ის საპენსიო ანგარიშიდან თანხის განკარგვის უფლება, ასევე, გარდაცვალების მომენტში მას სწორედ გ-- ჩ------ი ახლდა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ-- ჩ------მა არა მხოლოდ ვ-–-------- ი------–---–ის დაკრძალვის, ორმოცისა და სხვა სარიტუალო პროცესის ხარჯები, არამედ გარდაცვლილის მეუღლის დაკრძალვისა და სასაფლაოს შეძენის ხარჯებიც გაიღო. სწორედ აღნიშნული გარემოებები ამყარებს სასამართლოს რწმენას მასზედ, რომ გ------ ი------–---–მა სამკვიდრო არ მიიღო და მასზე არც პრეტენზია განუცხადებია, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო მამის ნების შესახებ. შესაბამისად, ი-----–- ი------–---–ისთვის, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანისთვის, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სადავო გარიგების გაფორმების შესახებ ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების გ-- ჩ------ის სახელზე აღრიცხვის დროს უნდა გამხდარიყო, რაც 2006 წლის 28 აპრილით თარიღდება. წესით, მას აღნიშნულ ბინაზე არსებული ინტერესის მიმართ მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინა.

 

აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ის ფაქტიც, რომ სადავო ბინა ვ-–-------- ი------–---–ს მის მეორე მეუღლესთან ერთად ჰქონდა შეძენილი. შესაბამისად, ობიექტურად, არც გ------ ი------–---–ს და არც ი-----–- ი------–---–ს სამკვიდროს, სრულად, მათ სახელზე, გადასვლის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდათ. ამიტომაც, იმ შემთხვევაში თუ, ი-----–- ი------–---–ს სადავო ბინასთან მიმართებით რეალური ინტერესი გააჩნდა მას მეტი სამართლებრივი წინდახედულობით მოქმედების ვალდებულება გააჩნდა, რაც მას არ განუხორციელებია.

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტთან მიმართებით განვითარებული ვრცელი მსჯელობის შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო გარიგებასთან მიმართებით მოთხოვნის ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა 2016 წლის 28 აპრილს ამოიწურა, სარჩელი კი, 2017 წლის 22 თებერვალსაა შემოტანილი, რაც მისი ხანდაზმულად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის.

 

16. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობა და მოსარჩელის დავის საგნისადმი იურიდიული ინტერესის არარსებობა მოპასუხე მხარეს უნდა ემტკიცებინა. აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილია, ცნობები საჯარო რეესტრის არქივიდან და ტექინვენტარიზაციის ბიუროდან, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ვ-–-------- ი------–---–ის მიერ მოპასუხეზე გაცემული მინდობილობები, მოპასუხის მიერ მამკვიდრებელსა და მის მეუღლეზე გაწეული მზრუნველობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ელექტროენერგიის გადამხდელ აბონენტად მოპასუხის რეგისტრაციის ცნობა, გ------ ი------–---–ისა და ვ-–-------- ი------–---–ის გარდაცვალების მოწმობები. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად საქმეზე გამოძახებულ იქნენ მოწმეები.

 

რაც შეეხება მოსარჩელეს, მის მიერ წარმოდგენილი სარჩელი, მითითებული ფაქტები და სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტება, ასევე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ვერ აქარწყლებს იმ საერთო სამართლებრივ სურათს, რომელიც მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებათა ერთობლიობამ სასამართლოს შეუქმნა.

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 920 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი-----–- ი------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 22 აპრილს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

4. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გაცხადებაზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ალანია თამარ ზამბახიძე