განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.01.2020
საქმის ნომერი
010316619003294266
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010316619003294266 (3/ბ-01-20 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი---- ჩ------ე (პ/ნ 6----------)

სხდომაზე არ გამოცხადდა

 

მესამე პირი - რ--------- ჩ------ე (პ/ნ 6----------)

სხდომაზე არ გამოცხადდა

 

მოწინააღმდეგე მხარე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი პირი) - საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილება

სხდომაზე არ გამოცხადდა

 

გასაჩივრებული სასამართლო აქტი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. ი---- ჩ------ის (პ/ნ 6----------) მოთხოვნა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2019 წლის 21 ნოემბერს ი---- ჩ------ემ საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების მიმართ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის N3-599/19 განჩინებით, ხარვეზის შევსების საფუძველზე, ი---- ჩ------ის სარჩელი, პოლიციის III განყოფილებისა და მესამე პირის, რ--------- ჩ------ის მიმართ, №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, 2019 წლის 19 ნოემბერს ქ. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ მის (ი---- ჩ------ის) მიმართ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად ის არის მოძალადე, თავისი დის, რ--------- ჩ------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. №0----- შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის (ი---- ჩ------ის) მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ორდერის ოქმში მითითებულ კითხვებზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობა, რაც სამს აღემატება, ასევე, წარსულში ოჯახის წევრებს შორის ხშირი კონფლიქტის და შეურაცხყოფის ფაქტები.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე, რადგანაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია თავისი დის მიმართ რაიმე ფორმით ძალადობას, ხოლო რ--------- ჩ------ე შურისძიების მიზნით ცდილობს მოსარჩელის დაშინებას.

 

ი---- ჩ------ის განმარტებით, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის განყოფილებაში, აქვს კარგი დახასიათება, არასოდეს ყოფილა კონფლიქტური. რ--------- ჩ------ეს აქვს ქონებრივი ინტერესი, დასთან თანასაკუთრებაში რიცხული ქონების მიმართ. იგი განცხადებაში თავადაც მიუთითებს, რომ მოსარჩელე არ დადიოდა მასთან სახლში, პირიქით, რ--------- ჩ------ის მხრიდან ჰქონდა ადგილი მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში დაუკითხავად მისვლისა და ბავშვების თანდასწრებით კონფლიქტურის სიტუაციის შექმნის ფაქტებს. სადავო შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს რ--------- ჩ------ის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საშიშროება. რ--------- ჩ------ე ცდილობს მის დისკრედიტაციას და რეპუტაციის შელახვას. მხარეებს შორის კონფლიქტი მხოლოდ ქონებრივი ხასიათისაა. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, რ--------- ჩ------ე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაუკითხავად მივიდა მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც არ არის გამიჯნული და დაიწყო საყრდენი კედლის უკანონო დემონტაჟი, იგი იქცეოდა გამაღიზიანებლად, თავად შევიდა კონფლიქტში ი---- ჩ------ესთან. მომხდარის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა მცირე დროით გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, მან გამოიძახა პოლიცია და კვლავ დაბრუნდა სამსახურში, თუმცა, შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა იმ გარემოების შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომელმა ისევე როგორც რ--------- ჩ------ის, მის მიმართაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ორდერი უკანონოა, არ არსებობდა მისი გამოცემის საფუძველი, №0----- შემაკავებელ ორდერში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ამდენად, შემაკავებელი ორდერი წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.

 

მოპასუხე მხარემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებამ სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით: 2019 წლის 19 ნოემბერს, რ--------- ჩ------ემ განცხადებით მიმართა პოლიციის მე-3 განყოფილებას, თავისი დის, ი---- ჩ------ის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. განცხადებასთან დაკავშირებით განყოფილებაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლისა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ოჯახური დანაშაულის ჩადენას მუქარით. 2019 წლის 19 ნოემბერს, საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოიკითხა როგორც რ--------- ჩ------ე, ასევე, ი---- ჩ------ე. გამოკითხვების ოქმებით დადგინდა შემდეგი: დებს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო ქალაქ ბათუმში, ვ------- გ--------–ის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, რომელიც მათ მიიღეს მემკვიდრეობით მშობლებისგან. აღნიშნული საფუძვლით წარსულში მათ შორის ადგილი ჰქონდა არაერთ კონფლიქტს, სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას. რ--------- ჩ------ესა და ი---- ჩ------ეს შორის ამჟამად არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, შეიცავდა მომეტებულ საფრთხეს ფიზიკური დაპირისპირების გაგრძელებისა.

 

2019 წლის 19 ნოემბერს, ი---- ჩ------ის მიმართ აღიძრა N1----------- სისხლის სამართლის საქმე, თავისი დის, რ--------- ჩ------ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რ--------- ჩ------ის განცხადებასა და გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაც გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. ი---- ჩ------ის მიმართ შემაკავებელი ოდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი, ასევე, შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ კითხვებზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობა, რაც სამს აღემატებოდა. მოსარჩელის მოთხოვნა, №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგანაც მის გაუქმებას, წარსულში არსებული ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა კვლავ მოჰყვეს ძალადობის განმეორების შემთხვევები.

 

მესამე პირი, რ--------- ჩ------ე სარჩელს არ დაეთანხმა, შემდეგი საფუძვლით: დებს - რ--------- და ი---- ჩ------ეებს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულია კონფლიქტური ურთიერთობა. წარსულში ი---- ჩ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც, კერძოდ, ი---- ჩ------ემ რ--------- ჩ------ეს თავის არეში ჩაარტყა ლუდის კათხა, რის შედეგადაც მიიღო ტვინის შერყევა და გადიოდა მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების მიზეზია მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქალაქი ბათუმი, ვ------- გ--------–ის ქუჩა N6. რ--------- ჩ------ემ გადაწყვიტა თავის კუთვნილ ფართში ადრე არსებული შესასვლელი კარის აღდგენა და ამ მიზნით 2019 წლის 19 ნოემბერს ხელოსნები მიიყვანა ბინაში, თუმცა ი---- ჩ------ე მოულოდნელად გამოცხადდა ბინაში, სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმული, ყვიროდა ხმამაღლა და ხელოსნებს აღარ მისცა სამუშაოების გაგრძელების საშუალება. მოსარჩელე დაემუქრა რ--------- ჩ------ეს შემდეგი სიტყვებით: ,,შენ და შენს ქმარს აგაორთქლებთ, ჰაერში აგწევთ, ყველაფერს მოვიგონებ და ვიზამ ამისთვის, რაღაცას გაგიჩალიჩებთ“. ი---- ჩ------ე სისტემატურად იყენებს თავის სამსახურებრივ მდგომარეობას, პოლიციის სახელს და სტატუსს. რეალურად იგი სარგებლობს რ--------- ჩ------ის კუთვნილი უძრავი ქონებითაც. მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, გამოცემული შემაკავებელი ოდერი კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი---- ჩ------ის სარჩელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელიორდერის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ი---- ჩ------ე და რ--------- ჩ------ე არიან ოჯახის წევრები, დები. მათ შორის ჩამოყალიბებულია უთანხმოება, მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. 2019 წლის 19 ნოემბერს, ქ. ბათუმში, ვ------- გ--------–ის ქუჩა N6-ში, ი---- ჩ------ისა და რ--------- ჩ------ის თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, დებს შორის მოხდა კონფლიქტი.

 

2019 წლის 19 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, ი---- ჩ------ის მიმართა აღიძრა N1----------- სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლისა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2019 წლის 19 ნოემბერს, ბათუმის შს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის მიერ, ი---- ჩ------ის მიმართ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

№0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადეს, ი---- ჩ------ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, რ--------- ჩ------ე ცხოვრებს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; მოძალადეს აეკრძალა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) სარგებლობა; მოძალადეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) სარგებლობა.

 

ბათუმის შს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის მიერ შემაკავებელი ორდერი გამოიცა რ--------- ჩ------ის მიმართაც.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მისი მხრიდან 2019 წლის 19 ნოემბერის №0----- შემაკავებელ ორდერში მითითებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ი---- ჩ------ის მტკიცებით, მითითებულ დღეს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც აცნობეს, რომ რ--------- ჩ------ე ხელოსნების დახმარებით ახდენდა საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლის უკანონო დემონტაჟს, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა სამსახურებრივი ფორმით დაუყოვნებლივ მისულიყო ბინაში, რ--------- ჩ------ე თავად შევიდა კონფლიქტში ი---- ჩ------ესთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა გამოიძახა პოლიცია.

 

მხარეები ადასტურებენ, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს დებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც უკავშირდებოდა მემკვიდრეობით მიღებულ, ქ. ბათუმში, ვ------- გ---------–ის ქუჩა N6-ში მდებარე უძრავ ქონებას. 19 ნოემბერს რ--------- ჩ------ე ხელოსნებთან ერთად გამოცხადდა სადავო საცხოვრებელ ფართში, კედლის დემონტაჟის მიზნით. ი---- ჩ------ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას შსს მომსახურების სააგენტოს ბათუმის განყოფილებაში, რა დროსაც გაიგო მომხდარის შესახებ და გამოცხადდა ქ. ბათუმში, ვ------- გ---------–ის ქუჩა N6-ში, საერთო თანასაკუთრების ბინაში და იქ მყოფ ხელოსნებს აღარ მისცა მუშაობის გაგრძელების საშუალება. ამ მიზეზით დებს შორის მოხდა კონფლიქტი, რის გამოც მათ მიმართეს პოლიციის განყოფილებას.

 

მოსარჩელე ი---- ჩ------ის მიმართ 2019 წლის 19 ნოემბერს აღიძრა N1----------- სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლისა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, რ--------- ჩ------ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც განახორციელა ი---- ჩ------ემ.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შესაბამისად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, დ) ოჯახის წევრის მიმართ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვითან უამისოდ.

 

ბათუმის შს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის წარმოებაშია N1----------- სისხლის სამართლის საქმე, ი---- ჩ------ის წინააღმდეგ, რ--------- ჩ------ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა დამე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითადა მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 პუნქტის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

2019 წლის 19 ნოემბერს, პოლიციის მე-3 განყოფილებაში შევიდა რ--------- ჩ------ის განცხადება, რომელიც ითხოვდა დახმარებას, ი---- ჩ------ის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების გამო. ამასთან, დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს, ქ. ბათუმში, ვ------- გ---------–ის ქუჩა N6-ში მდებარე ბინაში, რ--------- ჩ------ესა და ი---- ჩ------ეს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც რ--------- ჩ------ის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა. პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის მიერ ი---- ჩ------ის მიმართ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტზე დაყრდნობით, გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს. ფსიქოლოგიური ძალადობა არის – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას („ბ“ ქვ. პ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიერ არ ქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მისი მხრიდან 2019 წლის 19 ნოემბრის №0----- შემაკავებელ ორდერში მითითებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

 

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიმართ 2019 წლის 19 ნოემბერს, აღიძრა N1----------- სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლისა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია, კანონით დადგენილი დათქმის - სავალდებულოობის პირობის დაცვით. მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი არ არსებობდა ი---- ჩ------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა ი---- ჩ------ემ.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობის შესახებ, რასაც არ ეთანხმება. 2019 წლის 21 ნოემბერს მის მიმართ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0----- მისი დის რ--------- ჩ------ის განცხადების საფუძველზე. შემაკავებელი ორდერი გამოიცა მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე. მისი მხრიდან არანაირი ჩხუბი და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განხორციელებულა, პირიქით, რ--------- ჩ------ე ცდილობს მის დაშინებას და ამით შურისძიებას. საჩივრის ავტორი მუშაობს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, აქვს კარგი დახასიათება და დილიდან საღამომდე არის სამსახურში, არასოდეს ყოფილა ვინმესთან კონფლიქტში. რ--------- ჩ------ეს აქვს ქონებრივი ინტერესი. ის არაერთხელ მიუვარდა მას საცხოვრებელ სახლში და არასრულწლოვნების თვალწინ სკანდალი მოუწყო, რაშიც ი---- ჩ------ე არ მონაწილეობდა და ამას მოწმეებიც დაადასტურებენ. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს, რადგან არასოდეს ყოფილა და იქნება საშიშროება, რომ რ--------- ჩ------ის მიმართ ჩაიდენს რაიმე უკანონო ქმედებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებას: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, დამატებით, საჩივრის პასუხად აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის კანონიერება.

 

საქმეში წარმოდგენილია 19.11.2019წ. №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე, მსხვეპლი - რ--------- ჩ------ე (დაბ. 1--------- წ. პ/ნ 6----------), მოძალადე: ი---- ჩ------ე (პ/ნ 6----------), ძალადობის ფორმად ხაზგასმულია ფსიქოლოგიური ძალადობა. ორდერით მოძალადეს აკერძალა: - იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, რ--------- ჩ------ე ცხოვრებს, - მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება, - მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, - თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა, - იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) სარგებლობა; - მოძალადეს შეეზღუდა იარაღით (მათშორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) სარგებლობა.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობაა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით (მუხლი 9).

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. 10.5 მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას. 10.11 მუხლის მიხედვით, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა დამე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითადა მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური ცხოვრება ერთ-ერთია იმ ინტერესებს შორის, რომლებიც დაცულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. ოჯახური ცხოვრების კონცეფცია, რომლის განვითარება განაპირობა ცნობიერებითმა და სოციალურმა ცვლილებებმა ევროპაში, მოიცავს საკითხთა ფართო წრეს (U. Kilkelly, the Rights to Respect for Private and Family Life: a Guide to the Implementation of Article 8 of the European Convention on Human Rights, 2003, 15-16). ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ოჯახური ცხოვრება არ მოიცავს ურთიერთობას მხოლოდ მეუღლეებს შორის ან მეუღლეებსა და შვილს (შვილებს) შორის, არამედ ვრცელდება სხვა ურთიერთობებზეც: ბავშვსა და ბებია- ბაბუას შორის, და-ძმას შორის (ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (Olsson v. Sweden), (№ 1), 24 მარტი, 1988, § 59, Series A no. 130).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას გამოსაყენებელი ზოგადი პრინციპია ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტი. ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ ერთდროულად არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანმხვედრი ვარაუდები ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტთან დაკავშირებით. (Aktaş v. Turkey, 24351/94, პუნქტი 272, ECHR 2003-V).

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები ადასტურებენ, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს დებს, ი---- და რ--------- ჩ------ეებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც უკავშირდებოდა მემკვიდრეობით მიღებულ, ქ. ბათუმში, ვ------- გ--------–ის ქუჩა N6-ში მდებარე უძრავ ქონებას. 19 ნოემბერს რ--------- ჩ------ე ხელოსნებთან ერთად მივიდა სადავო საცხოვრებელ ფართში, კედლის დემონტაჟის მიზნით. ი---- ჩ------ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას შსს მომსახურების სააგენტოს ბათუმის განყოფილებაში, რა დროსაც გაიგო მომხდარის შესახებ და ის სამსახურეობრივი ფორმაში ჩაცმული გამოცხადდა ქ. ბათუმში, ვ------- გ---------–ის ქუჩა N6-ში, საერთო თანასაკუთრების ბინაში და იქ მყოფ ხელოსნებს აღარ მისცა მუშაობის გაგრძელების საშუალება. ამ მიზეზით დებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც მათ მიმართეს პოლიციის განყოფილებას. მხარეთა განმარტებით დადგენილია ისიც, რომ სხვა დროსაც ჰქონია კონფლიქტს ადგილი მემკვიდრეობით მიღებული ფართით სარგებლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ი---- ჩ------ის მიმართ 2019 წლის 19 ნოემბერს აღიძრა N1----------- სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლისა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია, კანონით დადგენილი დათქმის - სავალდებულოობის პირობის დაცვით.

 

ამდენად, საქმის მასალები ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, თემურ ნაკაიძის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს №0----- შემაკავებელი ორდერის შესაბამისობას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის (აქტის ბათილად ცნობით დაინტერესებული პირის) საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

 

საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ შეკრებილი მტკიცებულებების გამაბათილებელი არგუმენტები, რაც სააპელაციო პალატას მისცემდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

წარმოდგენილი საჩივრის და საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიინევს, რომ არ არსებობს არცერთი საკმარისად მყარი და მკაფიო მტკიცებულება, რომლითაც გაქარწყლდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა და საჩივრის ავტორს არ მიუთითებიათ არცერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მის პოზიციას.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი---- ჩ------ის (პ/ნ 6----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე