განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/8367-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია გიგაური
სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური
აპელანტი - ვ-–----------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ------------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნ------------ას სარჩელი მოპასუხე ვ-–----------------ის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ვ-–----------------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ნ------------ას (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი)ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან; მოპასუხე ვ-–----------------ს (პ/ნ 2----------) დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. ნ------------ა და ვ-–----------------ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.
2.1.2. 2017 წლის აპრილის თვიდან, მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, მათ შორის ქორწინება შეწყდა.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. მოსარჩელეს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო 2015 წელს და 2017 წლის 16 ოქტომბერს, მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
2.2.2. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმე ე--------------–-–---–ის ჩვენებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დადგენილია, რომ ნ------------ას, 2015 წლის ივნისის თვეში დაემართა ინსულტი, რამაც გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან და მოწმე ე--------------–-–---–ის ჩვენებიდან დადგენილია, რომ ვ-–----------------მა იცოდა ნ------------ას ავადმყოფობის შესახებ და თავადაც შეუძენია რამოდენიმეჯერ გარკვეული მედიკამენტები. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ თითქოსდა მასთან თანაცხოვრების პერიოდში ნ------------ას არ გააჩნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
2.2.3. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნ------------ას აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და საჭიროებს მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას. საქმეზე წარმოდგენილი ქვითრებით (ს.ფ. 17) დასტურდება აღნიშნული წამლების საშუალო ღირებულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა მოპასუხის მტკიცებას, რომ ნ------------ას დაუტოვა თანასაკუთრებაში არსებული ქონება და მას გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადასტურებულია, რომ ნ------------ამ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, თუმცა, მხარის განმარტებით, აღნიშნული მიწები ფაქტობრივად მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში გადასცა მესამე პირებს და ფაქტობრივად გვიან მოხდა მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო საერთო საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ ის დაზიანებულია და ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება. აღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
2.2.4. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ-–----------------ი აღარ მუშაობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში (ს.ფ. 60), თუმცა აღნიშნული გარემოება მას არ ათავისუფლებს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაგან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
სადავო ურთიერთობის აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არსებობდეს ორი პირობა: 1. სარჩოს მიმღები უნდა იყოს შრომისუუნარო და 2. მას უნდა ესაჭიროებოდეს მატერიალური დახამრება.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლის თანახმად, შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან. ამავე კოდექსის 1185-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით, მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია დასკვნა (ს.ფ. 18), რომელშიც აღნიშნულია, რომ ნ------------ას გააჩნია ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობასა და სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რის გამოც მას ნამდვილად ესაჭიროება მატერიალური დახმარება, ვინაიდან არ გააჩნია შემოსავლის წყარო. შესაბამისად, ნ------------ა მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლით გათვალიწინებულ სარჩოს მიმღებ პირად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გაუქმდეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებიც იყო მეუღლეების თანასაკუთრება, გასხვისდა მეუღლეების ერთად ცხოვრების განმავლობაში და ფაქტობრივად გვიან მოხდა აღნიშნული გარიგებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს, იგი დაზიანებულია და ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საწინააღმდეგოდ მოპასუხე ვ-–----------------ს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე ნ------------ას განმარტება მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მიცა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს და მხარეების ახსნა-განმარტებას. აღნიშნულმა კი გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლზე. სწორედ აღნიშნული მუხლის შინაარსის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს წერილობითი სახის მტკიცებულებები, როგორიცაა ნასყიდობის ხელშეკრულებები, საიდანაც ზუსტად დგინდება უძრავი ქონებსი გასხვისების თარიღი, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთების გასხვისების თარიღთან დაკავშირებით დაფიქსირებული ზეპირი სახის მოსაზრება.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ ავტომობილი, რომელიც მას დაუტოვა მოპასუხემ არის დაზიანებული, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ განმარტებას, რომელიც ასევე სხვა არანაირი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის. ასევე არანაირი შეფასება არ მიეცა მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს სამკაულები, რომლებიც წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას, ასევე დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში.
როგორც აპელანტი აღნიშნავს, მის ყოფილ მეუღლეს დარჩა უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც მის მიერ გასხვისდა და მან აღნიშნულით მიიღო სარგებელი, ხოლო მისი მატერიალური მდგომარეობა მოსარჩელის მდგომარეობასთან შედარებით მძიმეა: არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, არც სხვა უძრავი ქონება, არის უმუშევარი და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები. აპელანტი თვლის, რომ ვინაიდან ნ------------ა არ საჭიროებს არანაირ მატერიალურ დახმარებას, მას არ ევალება მისი რჩენის ვალდებულება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით;
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, მისი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა. შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს;
სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური დახმარების საჭიროებაში იგულისხმება მეუღლისათვის იმ სახსრების უქონლობა, რომელიც მისი არსებობისთვისაა საჭირო. შრუმისუუნარო და მატერიალური დახმარების საჭიროების მქონე მეუღლის სარჩელის განხილვის დროს სასამართლო გაარკვევს მეორე მეუღლის მატერიალურ მდგომარეობას და თუ მივა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მისგან ალიმენტის გადახდევინება, მაშინ დააკმაყოფილებს მოთხოვნას. თუ ალიმენტის დაკისრება გამოიწვევს მეორე მეუღლის მატერიალური მდგომარეობის ისე გაუარესებას, რომ საარსებო მინიმუმიც არ დარჩება, მაშინ, ბუნებრივია, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ------------ა წარმოადგენს შრომისუუნარო პირს, რომელსაც ესაჭიროება მატერიალური დახმარება. კერძოდ, მოსარჩელეს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო 2015 წელს და 2017 წლის 16 ოქტომბერს მიენიჭა ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე პირის სტატუსი. იმ ფაქტობრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონებების გასხვისება განხორციელდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ამასთან, სასამართლო სხდომაზე აპელანტმა როგორც განაცხადა მოპასუხე აკეთებს მასაჟებს და აქვს არაფიქსირებული შემოსავალი, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის მიერ ყოველთვიურად დაკისრებული სარჩოს ოდენობა 250 ლარი შეესაბამება იმ გონივრულ ოდენობას, რასაც გაწვდება მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. შესაბამისად, თვლის, რომ არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩოს მიღების უფლებას, კერძოდ, შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.
ამდენად, მეუღლეთა შორის საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს მათი განქორწინების შემდეგაც. აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს შრომისუუნარობა და მატერიალური დახმარების საჭიროება. ამასთან, აღნიშნულს ემატება პირობა - თუ შრომისუუნარობა დადგა განქორწინებამდე ან განქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაციისა და განქორწინების თარიღები. კერძოდ, ქორწინება განხორციელდა 2017 წლის 12 ოქტომბერს, განქორწინება 2018 წლის 12 იანვარს.
პალატას აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობით (ს.ფ.18) დასტურდება ნ------------ას ჯანმრთელობის სტატუსი - ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა მინიჭებული აქვს 2017 წლის 16 ოქტომბერს. ამავდროულად დასტურდება მის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხვადასხვა პროცედურებისათვის არაერთხელ გაწეული ხარჯი. სასამართლო სხდომაზე აგრეთვე მოწმის მიერ დადასტურებულ იქნა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლით გათვალისწინებულ სამივე კომპონენტს აკმაყოფილებს მოსარჩელე, კერძოდ, აქვს მძიმე მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა მინიჭებული აქვს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ნ------------ას სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ არ შეუძლია სარჩოს გადახდა, ვინაიდან აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არის უმუშევარი, არა აქვს საცხოვრებელი ადგილი ან სხვა უძრავი ქონება, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოში, ამდენად, ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–----------------ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უვლელად უნდა დარჩეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია გიგაური