განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2019
საქმის ნომერი
330210016001508122
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001508122

საქმე №2ბ/4380-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - მიხეილ გოგიშვილი, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტები - მ----- ხ----–--ე, ა------ დ----–--ე

წარმომადგენელი - ნ-----–---------–----------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- ხ--------ა

წარმომადგენელი - პ-------–---–----ე

 

მესამე პირი - სს ,--------------- კ-------- ა-–----ი"

წარმომადგენელი - ა------------ა

 

მესამე პირი - მ------ შ--------–---–ი

წარმომადგენელი - პ-------–---–----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ----- ხ----–--ემ და ა------ დ----–--ემ მოპასუხე ნ---- ხ--------ას, მესამე პირების სს,--------------- კ-------- ა-–----ის“ და მ------ შ--------–---–ის მიმართ, რომლითაც ითხოვეს მოპასუხე ნ---- ხ--------ას მოსარჩელე ა------ დ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 6000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მ----- ხ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 9000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2.1. მ----- ხ----–--ეს და მ----- დ-------იას შორის 2014 წლის 12 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება #1-------- ნოტარიუს ნ---- ხ--------ას შემცვლელ პირთან მ------ შ--------–---–თან. ამ ხელშეკრულებით მ----- ხ----–--ემ მ----- დ-------იას სესხის სახით გადასცა 9000 აშშ დოლარი. სესხისთვის სარგებელს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ბინაში: ქ. თბილისი, ჯ-------ის #---ში ცხოვრება. ა------ დ----–--ეს და მ----- დ-------იას შორის 2014 წლის 30 ოქტომბერს ნ---- ხ--------ას სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა------ დ----–--ემ მ----- დ-------იას სესხის სახით გადასცა 7000 აშშ დოლარი. სესხისთვის სარგებელს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ბინაში: ქ. თბილისი, ჯ-------ის #---ში ცხოვრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით მ----- დ-------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თუმცა იმავე სასამართლოს იმავე საქმეზე არ უმსჯელია ნ---- ხ--------ას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. 2015 წლის 18 დეკემბერს #9--- მომართვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათი განცხადების საფუძველზე დაწყებული დისციპლინური წარმოება შეწყდა ნ---- ხ--------ას მიმართ. მოსარჩელეთა მითითებით, ნოტარიუსის მიერ მისი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობა, რაც იურიდიული კონსულტაციის მიცემაში გამოიხატებოდა, განსაზღვრა სწორედ აღნიშნული სესხის დადება. მოსარჩელე მხარე ენდობოდა ნოტარიუსს და მის მიერ დამოწმებული დოკუმენტის მიღების შემდგომ იმედოვნებდა, რომ გაცემული სესხის დაბრუნება იყო გარანტირებული. ვინაიდან ნოტარიუსის მიერ არ იქნა ვალდებულება შესრულებული კანონით დადგენილი წესით, თანხა რომლიც გადასცეს მსესხებელს, ზიანის სახით მისი მოთხოვნის ყველა სამართლებრივი საფუძველი გაჩნდა ნოტარიუსის მიმართ.

 

3. მოპასუხის შესაგებელი:

 

3.1. მოპასუხე ნ---- ხ--------ამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო სანოტარო მოქმედებები მის მიერ შესრულებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მართალია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. კანონი სესხის ხელშეკრულებისთვის არ ადგენს სანოტარო წესით დამოწმების ვალდებულებას, მაგრამ ასეთი მოქმედება სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-ბ“ ქვეპუნქტებზე მითითებით არ ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან ინსტრუქციის მითითებული ნორმით ნოტარიუსის ფუნქციებში შედის არამარტო იმ აქტის შედგენა და დამოწმება, რომლის ნამდვილობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, არამედ იმ აქტის შედგენა და დამოწმებაც, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით. ამასთან, თუ ნოტარიუსი ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას ამოწმებს, ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 ნაწილი მას ავალდებულებს საჯარო აქტის ფორმის გამოყენებას, ანუ სანოტარო მოქმედების მონაწილისათვის სანოტარო აქტის შინაარსის და მისი სამართლებრივი შედეგების განმარტებას, რაც შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი მათ მიერ გაცხადებული ხელშეკრულების პირობებით. განსახილველ შემთხვევაში, ის რომ კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, პირდაპირ და უშუალოდ დასტურდება საჯარო აქტის ფორმულირებით და აქტზე მხარეთა მიერ განხორციელებული ხელმოწერებით.

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეები არც პირად საუბარში და არც წერილობით საჩივარში სადავოდ არ ხდიან, პირიქით ადასტურებენ, რომ ნოტარიუსმა მათ წაუკითხა ხელშეკრულება, განუმარტა, რომ ეს იყო არაუზრუნველყოფილი სესხი. ხელშეკრულებით მხარეებს განემარტათ ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შინაარსი და ისინი შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა, მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით. კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემდა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. მხარეებს განსახილველი ხელშეკრულების გაფორმებისას არ გამოუვლენიათ ნება იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მოთხოვნის უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ მხარეთა მიერ ნების გამოვლენისას, ბუნებრივია ნოტარიუსი მათ მოსთხოვდა კანონით და ინსტრუქციით საამისოდ გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენას, კერძოდ, ამონაწერს საჯარო რეესტრიდან.

 

4. მესამე პირის პოზიცია

 

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს ჩართული მესამე პირები - სს ,--------------- კ-------- ა-–----ი" და მ------ შ--------–---–ი სრულად დაეთანხმნენ მოპასუხე მხარის პოზიციას. მიუთითეს, რომ არ არსებობს ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და შესაბამისად, სარჩლი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ----- ხ----–--ის და ა------ დ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; (იხ. გადაწყვეტილება)

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ----- ხ----–--ემ და ა------ დ----–--ემ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1. აპელანტების განმარტებით, “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ. ორივე სესხის ხელშეკრულების მე-2 პუნქტებში ჩამოყალიბებულია: 1. სესხი სარგებლიანია, სესხისათვის სარგებელს წარმოადგენს გამსესხებლის მიერ მსესხებლის ბინაში, მდებარე ქ.თბილისი, ჯ.კახიძის 1--ში ცხოვრების უფლებას. ცხოვრების პერიოდში გამსესხებლი ვალდებულია გადაიხადოს კომუნალური მომსახურების და სხვა მიმდინარე ხარჯები; 2. სესხისათვის სარგებელს წარმოადგენს გამსესხებლის განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე ქ.თბილისი, კახიძის 1--ში ცხოვრების უფლებას. ცხოვრების პერიოდში გამსესხებლი ვალდებულია გადაიხადოს კომუნალური მომსახურების და სხვა მიმდინარე ხარჯები. ასევე ორივე ხელშეკრულების მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მე-6 პუნქტი: სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად გამსესხებელს შეუძლია სესხის დაუყონებლივ მოთხოვნა, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა უარესდება, მე-7 პუნქტი: მხარეებს ნოტარიუსის მიერ განემარტათ სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის და ნოტარიატის შესახებ კანონის მე-40 მუხლის შინაარსი, რომ გამსესხებელს შეეძლო სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მიემართა ნოტარიუსისათვის. მათ მიერ არ იქნა გადამოწმებული საჯარო რეესტრში, ეკუთვნოდა თუ არა კახიძის 10 ნომერში საცხოვრებელი სახლი მსესხებელს. ნოტარიუსი ვალდებული იყო, რომ მოეხდინა საცხოვრებელი სახლის გადამოწმება - ერიცხებოდა თუ არა მოპასუხეს მითითებულ მისამართზე რაიმე სახის ქონება. ნოტარიუსმა სრული იგნორი გაუკეთა მე-2 პუნქტს და განმარტა, რომ მას არ ევალეობოდა გადაემოწმებინა საკუთრებაში ერიცხებოდა თუ არა მსესხებელს ქონება, ასევე არ ევალებოდა რაიმე სახის განმარტებისა და კონსულტაციის გაცემა. სახეზე გვაქვს ფორმის დაუცველად შედგენილი ხელშეკრულება, რაშიც ნოტარიუსმა მიიღო ის საზღაური, რაც ავალებდა მას ფორმის დაცვით შეედგინა ხელშკრულება. მსესხებელმა მოატყუა, რომ სახლი ვითომდა თავის სახელზე იყო და დაიდო ,,სარგებლიანი სესხი"-ს ხელშეკრულება, რაც თავისი შინაარსით გაუტოლეს სესხისა და იპოთეკის ხელშკერულებას. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 1 მუხლის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება.

6.2. აპელანტების განმარტებით, უდავოა ის ფაქტი, რომ მ----- დ-------ია და ა--------ა არიან დედა-შვილი და ისინი ჩადენილი ქმედებისათვის გასამართლდნენ, იხდიან სასჯელს. სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპზე დადგინდა, რომ დამნაშავეებს შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა და ერთ და იმავე მისამართზე ათეულობით მოქალაქეს უდებდნენ სესხის ხელშეკრულებებს. მათ შორის ნოტარიუს ნ---- ხ--------ასთან დედა-შვილმა ერთ და იმავე უძრავ ქონებაზე 15 ხელშეკრულება გააფორმეს. ყველა ხელშეკრულებაში მსესხებლად დაფიქსირებულია დედა-შვილი, ხოლო გამსესხებლად მითითებულნი არიან სხვადასხვა პირები. ყველა მათგანი არის სარგებლიანი და სარგებელს წარმოადგენს ჯ.კახიძის 1--ში ცხოვრების უფლება. 2014 წლის სექტემბის თვეში ნ---- ხ--------ამ სამი ხელშეკრულება გააფორმა. ამათგან ორი უშუალოდ 12 სექტემბერს.ნ---- ხ--------ამ ზედმიწევნით კარგად იცოდა დედა-შვილის თაღლითობის შესახებ და თავს იმართლებს, რომ მომხდარში მას არავითარი წვლილი არ მიუძღვის. პირველი ინსტანციის სასამართლო მთელ ამ ფაქტებსა და გარემოებებს აბათილებს 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების მე-10 გვერდის შუა აბზაცით, სადაც მიუთითებს, რომ ნოტარიუსს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ ევალებოდა საკუთრების უფლების გადამოწმება. სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე, რომლებიც საჭიროებდა საპირისპიროს დადასტურებას.

 

6.3. ამასთან აპელანტები შუამდგომლობენ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მტკიცებულების სახით სესხის ხელშეკრულებების დართვაზე და დაერთოს საქმეს შემდეგი სახის მტკიცებულებები: 2014 წლის 2 ივნისს კ---- ჭ-------–---–სა და ა--------ას, 2014 წლის 7 ნოემბერს ბ----- წ---–-----ესა და ა--------ას, 2014 წლის 14 ივლისს ფ---- მ--–--------სა და ა--------ას, 2014 წლის 17 მარტს ა------ ბ--–--–---–სა და ა--------ას, 2013 წლის 3 მარტს ნონა ა-–----–---–სა და ა--------ას, 2014 წლის 15 მაისს მ--------- ლ---------ასა და ა--------ას, 2014 წლის 1 სექტემბრის თ------ წ---–--ისა და ა--------ას, 2014 წლის 12 სექტემბრის თ------ ა-–---ისა და ა--------ას, 2014 წლის 27 ოქტომბრის გ------ ა-----–---–სა და ა--------ას და 2014 წლის 23 ოქტომბრის გ---–---- მ-------ესა და ა--------ას შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები. ასევე დაერთოს საქმეს 2014 წლის 18 ივლისის ქ------- ხ--------ისა და მ----- დ-------იას შორის დადებული სესხის ხელშეკრულება.

 

ზემოთ ხსენებული ხელშეკრულებები ადასტურებს შემდეგს: ნ---- ხ--------ას სანოტარო ბიუროში დაიდო არაერთი ხელშეკრულება დროის მცირე მონაკვეთში,ყველა ხელშეკრულებაში მსესხებელი დედა-შვილია და ყველგან სარგებელს წარმოადგენს ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრების უფლება - ჯ-------ის #--. რაც მათი აზრით ნოტარიუსის ბრალზე მიუთითებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების/აპელანტების მოთხოვნაა იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მათი განმარტებით, მიადგათ ნოტარიუსის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე (ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება და ამ მოთხოვნის გამომრიცხველი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არ არსებობა განაპირობებს. ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის, ანუ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის. მას პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცებს, რომ ზიანი უშუალოდ ნოტარიუსის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიადგათ. (იხ. სუსგ საქმე №აs-508-475-2017)

 

9. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2014 წლის 30 ოქტომბერს, ა------ დ----–--ეს და მ----- დ-------იას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ა------ დ----–--ემ მ----- დ-------იას სესხის სახით გადასცა 7000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი. სესხისთვის სარგებელს წარმოადგენდა გამსესხებლის მიერ მსესხებლის ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ჯ-------ის 1--ში ცხოვრების უფლება. ცხოვრების პერიოდში გამსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა კომუნალური მომსახურებისა და სხვა მიმდინარე ხარჯები. მ----- დ-------იას სესხი უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 30 ოქტომბერს.

9.2. 2014 წლის 12 აგვისტოს, მ----- ხ----–--ეს და მ----- დ-------იას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ა------ დ----–--ემ მ----- დ-------იას სესხის სახით გადასცა 9000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი. სესხისთვის სარგებელს წარმოადგენდა გამსესხებლის მიერ მსესხებლის ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ჯ-------ის 1--ში ცხოვრების უფლება. ცხოვრების პერიოდში გამსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა კომუნალური მომსახურებისა და სხვა მიმდინარე ხარჯები. მ----- დ-------იას სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 12 აგვისტოს.

9.3. 2014 წლის 25 დეკემბერს, ნოტარიუსმა ნ---- ხ--------ამ კრედიტორ მ----- ხ----–--ის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი, მოვალე მ----- დ-------იას მიმართ, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 9 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვალდებულების შესრულების დრო 2014 წლის 25 დეკემბერი.

 

9.4. 2015 წლის 27 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის #0-------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი ა------ დ----–--ე. 2015 წლის 04 მარტის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის #0-------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი მ----- ხ----–--ე.

 

9.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 იცლისის განაჩენის შესაბამისად, მ----- დ-------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

9.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 მაისის ცნობის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მ----- დ-------იას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

9.7. მოსარჩელეების მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ნ---- ხ--------ას მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმის წარმოება 2015 წლის 11 დეკემბრის დისციპლინური კომისიის დასკვნის თანახმად შეწყდა.

 

10. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნოტარიუსი ვალდებული იყო მოეხდინა საცხოვრებელი სახლის გადამოწმება, ერიცხებოდა თუ არა მოპასუხეს მითითებულ მისამართზე ქონება და განემარტა მხარეებისთვის თუ რა შემთხვევაში და რაგვარად მოხდებოდა სესხის უზრუნველყოფა, აგრეთვე აეხსნა მისი დაბრუნების საშუალებები. პალატა განმარტავს რომ, უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელ სახლზე ჩანაწერი ხელშეკრულებაში ეხება უძრავი ქონებით სარგებლობას, ხოლო მოცემული დავა არ გამომდინარეობს ამგვარი სარგებლობის განუხორციელებლობის ზიანიდან. წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულებებით დგინდება რომ სესხი არ იყო უზრუნველყოფილი, შესაბამისად ნოტარიუსს არ ევალებოდა საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემოწმება და მის ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იყოს ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად (სანოტარო მოქმედების შესრულება კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი)

პალატა მოიხმობს, რომ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციაა: იმ აქტის (გარიგება, მოწმობა და ა.შ.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით. სადავო ხელშეკრულების მხარეებმა ითხოვეს სესხის ხელშეკრულების სანოტარო ფორმით გაფორმება ნოტარიუსთან (საჯარო აქტის ფორმით), რაც მიზნად ისახავდა მხარეთა ინტერესების მაქსიმალურად დაცულობასა და მხარეთა ნების ადეკვატურად გამოხატვის უზრუნველყოფას.

 

ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-15 მუხლის (საჯარო აქტის შედგენის წესი) პირველი და მეხუთე პუნქტების თანახმად: იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგება, მოწმობა და სხვ.), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა, ნოტარიუსი ვალდებულია, საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედება სრულდება ყველა სავალდებულო ფორმალური პროცედურის შესრულების შედეგად, რაც უზრუნველყოფს მიღებული პროდუქტის - ავთენტური აქტის (საჯარო აქტის) ხარისხს, მხარეთა ნამდვილ ნებასთან მის შესაბამისობას, აქტის მტკიცებულებით ძალას და მის აღსრულებადობას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ ნოტარიუს ნ---- ხ--------ას შემცვლელი პირის მიერ სანოტარო მოქმედება (მ----- ხ----–--ესთან გაფორმებული ხელშეკრულების შემთხვევაში) და ნოტარიუს ნ---- ხ--------ას მიერ შესრულდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც დასტურდება საჯარო აქტის ფორმულირებით, აქტზე მხარეთა მიერ განხორციელებული ხელმოწერებით და აღნიშნულის საწინააღმდეგო აპელანტის მიერ საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რა დროსაც მან უნდა იმოქმედოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში შეასრულოს სანოტარო მოქმედებები. სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ რა შინაარსით დაიდო ხელშეკრულება და რა კონკრეტული მოლოდინები ჰქონდათ ხელშეკრულების მხარეებს. ასევე, ნიშანდობლივია მოსარჩელეთა პრეტენზიის გათვალისწინებით, რომ მათ არ გაეწიათ სათანადო კონსულტაცია, განაწილდეს მხარეთა პასუხისმგებლობის საზღვრები. უპირველეს ყოვლისა უნდა დაგინდეს რა სურდათ მხარეებს, აღნიშნული გადაეცა თუ არა ინფორმაციულად ნოტარიუსს, რომლიც ადგენს სათანადო ხელშეკრულების პროექტს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი განმარტება და ხელმოწერა. საგულისხმოა რომ პროცესის მსვლელობისას მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათ სურდათ გარანტია, რომ თანხა არ დაეკარგებოდათ. შესაძლებელია მხარე მოკლებულია შესაძლებლობას იცოდეს იურიდიული ტერმინოლოგია (მათ შორის ,,იპოთეკა“), თუმცა შინაარსობრივი ნაწილის აღქმა, როდესაც თანხის მიუღებლობა კონკრეტული გარანტიებს დაუწესებდათ მათ, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა გაეგოთ.

 

11. წარმოდგენილ შემთხვევაში დგინდება, რომ სესხი არ იყო უზრუნველყოფილი იპოთეკით. შესაბამისად, ნოტარიუსს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არ ევალებოდა საცხოვრებელ ფართზე მ----- დ-------იას საკუთრების უფლების გადამოწმება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ როგორც აღნიშნული საფრთხის რისკის მატარებელი მხარის მიერ, გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტის შესაბამისი სიფრთხილის და წინდახედულების გამოჩენის და მ----- დ-------იას საკუთრების უფლების ნამდვილობის საჯარო რეესტრში გადამოწმების შემთხვევაში, სახეზე არ იქნებოდა ამგვარი სურათი და დაცული იქნებოდა მოსარჩელე მხარის უფლებები. თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო იხილავს დავას, სასამართლოს მართებს სამართლებრივი შეფასება მისცეს მას და განსაზღვროს პასუხისმგებლობის მქონე პირი, სუბიექტი, რომელსაც ევალებოდა ამგვარი გონიერების გამოჩენა. ცალსახაა, რომ ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრება ნოტარიუსისთვის, რომლის მოვალეობები და კომპეტენციის ფარგლები კანონით არის გაწერილი და კონკრეტიზებული, იქნებოდა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. შესაბამისად, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილენი სარგებლობენ თავისუფალი ნების ავტონომიით და მათი მოქმედების სივრცე და არეალი საკმაოდ ფართოა, სწორედ მხარეებს მართებთ სიფრთხილის გამოჩენა და მათ შორის ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით სრულად მიეწოდებინათ ინფორმაცია ნოტარიუსისათვის მათი მიზნების, სურვილების და მოტივების თაობაზე და მოეთხოვათ აღნიშნულზე დეტალური კონსულტაცია. აღნიშნულის განუხორციელებლობა, პასიურობა ვერ დააკისრებს ნოტარიუსს პასუხისმგელობას, ვინაიდან ხელმოწერის გაკეთებით ხელშეკრულებაზე მხარე დაეთანხმა ყოველივე ზემოაღნიშნულს. თუკი ნოტარიუსს არ განემარტა იპოთეკური სესხის დადების სურვილი და მიეთითა მხოლოდ სესხის გაფორმების სურვილის შესახებ, აღნიშნული ვერ ჩაითვლება ნოტარიუსის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ვინაიდან როგორც აღინიშნა რა სურთ მხარეებს უნდა იყოს ნათელად გადაცემული და ასევე, მოთხოვნილი ამ უკანასკნელთა მხრიდან ყველა სამართლებრივი ასპექტზე ინფორმაცია კონსულტაციის ფარგლებში. მხოლოდ ის რომ ნოტარიუსი იმჟამად იყო ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე და ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნდა მოსარჩელეთა მხრიდან, ვერ იქნება ის გარემოება, რაც საბოლოო მიზნის მიუღწევლობის მომენტში ნოტარიუსის პასუხისმგებლობის და მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა გახდებოდა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კი უპირობო ვალდებულებას არ წარმოადგენს და მხარეს მცირედი გაურკვევლობისა თუ ბუნდოვანების შემთხვევაში შეუძლია უარი თქვას მის ხელმოწერაზე.

 

12. კანონით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, გულისხმიერების სტანდარტის დარღვევისა და სავალდებულო ქცევის წესიდან გადახვევის საფუძველზე ქმედება შესაძლოა, მართლსაწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. შედეგის მართლწინააღმდეგობისაგან განსხვავებით, როდესაც მართლწინააღმდეგობას განაპირობებს აბსოლუტური უფლების უშუალო დარღვევა, თავად ქმედების მართლწინააღმდეგობისათვის განმსაზღვრელია ზიანის მიმყენებლის ვალდებულების ფარგლები - სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებების გათვალისწინებით, შეესრულებინა ან თავი შეეკავებინა გარკვეული მოქმედებისაგან, რათა თავიდან აეცილებინა ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა ვერ მიუთითეს და სასამართლოს ვერ წარუდგინეს სათანადო მტკიცებულები, რაც ნოტარიუსის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაზე მიუთითებს. აღნიშნული კი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებია.

13. რაც შეეხება აპელანტების შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც უარი ეთქვათ მტკიცებულების სახით სესხის ხელშეკრულებების დართვაზე, პალატა მიიჩნევს რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ამავე საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლით, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტები ითხოვენ ნოტარიუს ნ---- ხ--------ას და მისი შემცვლელი პირის მ------ შ--------–---–ის მიერ თავისი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანს, რომელიც მათ წარმოეშვათ მ----- დ-------იასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებიდან. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები ეხება მსესხებელ ა--------ას მიერ აღებულ სესხს, რომელიც დამოწმებული არის ნოტარიუს ნ---- ხ--------ას მიერ აღნიშნულ ხელშეკრულებები არ არის რელევანტური განსახილველ დავის საგანთან. რაც შეეხება მოსარჩლე მხარის მიერ წარმოდგენილ ნოტარიუს ანჟელა მანიას მიერ შედგენილ სანოტარო აქტის დართვასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მტკიცებულებას ასევე კავშირი არა აქვს დავის საგანთან, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელი მოქმედებები მითითებული არის ნოტარიატის შესახებ კანონში, ასევე იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ N71-ე ინსტრუქციაში, შესაბამისად სამართლებრივ შეფასებას, რამდენად სწორად მოხდა ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის შესრულება სესხის ხელშეკრულების დამოწმების დროს, ახდენს სასამართლო, შესაბამისად აღნიშნულ სანოტარო აქტს უშუალო კავშირი არა აქვს განსახილველ დავის საგანთან, რის გამოც აღნიშნული სანოტარო აქტის დართვაზე მოსარჩელე მხარეს სწორად ეთქვა უარი.

 

14. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ----- ხ----–--ის და ა------ დ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდე;.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი

 

ოთარ სიჭინავა