განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2019
საქმის ნომერი
330210017001869869
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001869869

საქმე №2ბ/8070-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - მიხეილ გოგიშვილი, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტი/მოსარჩელე - ა------ მ--–--ე

წარმომადგენელი - ნ-----–---------–----ე

 

მეორე აპელანტი/მოპასუხე _ შპს ,,წ--–-----------------------–------ი“

წარმომადგენელი - მ---------------–---–ი

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტ ა------ მ--–--ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. ა------ მ--–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 28 965 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 25 800 ლარის ოდენობით.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 15 მარტსა და 2016 წლის 31 მაისს, ა------ მ--–--ემ შპს ,,წ--–-----------------------–------ისგან“ იყიდა სარწყავი სისტემის მილები, ზომით 110*6000 და 125*6000. შეძენილი მილებით ვერ მოხდა ნათესების მორწყვა, ვინაიდან გამოვიდა მწყობრიდან და წყალმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილას. შეძენილ მილებს ჩაუტარდა ლაბორატორიული შემოწმება და დაიდო შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომ მილი არის ყოვლად უსარგებლო, რომ კატეგორიულად დაუშვებელია აღნიშნული მილი გამოყენებულ იქნეს სარწყავად.

 

მოსარჩელე ა------ მ--–--ე რამდენჯერმე დაუკავშირდა მოპასუხეს და სატელეფონო საუბრის დროს აუხსნა არსებული ვითარება, ამასთან, მოითხოვა საქმის გამოსწორება. მოპასუხე დაპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, რაც მხოლოდ დაპირებად დარჩა. მოგვიანებით კი საერთოდ აღარ უპასუხეს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს.

 

2016 წლის 01 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია.

 

მოსარჩელეს აღნიშნული სარწყავი მილები ესაჭიროებოდა კარტოფილის მოსარწყავად, რომელიც დარგული ჰქონდა 4 ჰა-ზე. 2016 წლის 21 ივლისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია 2016 წლის მონაცემებით, როგორი მოსავლიანობა იყო 1 ჰა-ზე და ასევე 1 კგ. კარტოფილის ფასის შესახებ. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის პასუხის თანახმად, 1 ჰა-ზე საშუალო მოსავლიანობა 12.3-14.9 ტონა იყო, ხოლო 1 კგ. კარტოფილის ფასი ფერმერის კართან განსაზღვრა - 0.41-0.43 ლარი. მოსარჩელემ კარტოფილის მოურწყაობით ვერ მიიღო მოსავალი ჯამში 60 ტონა. ყოველივე ამით კი მას მიადგა მატერიალური ზიანი 25 800 ლარის ოდენობით. სწორედ მითითებული ზიანის ანაზღაურებას ითხვს მოსარჩელე მოპასუხისგან (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. მოპასუხის შესაგებელი:

 

3.1. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ წარმომადგენელმა ა------ მ--–--ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე კომპანიას ა------ მ--–--ისთვის არ მიუცია არანაირი გარანტია და მხარეებს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება, საქონლის შეძენის შემდგომი მომსახურების შესახებ, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სარწყავი სისტემის პროექტირება და მის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ მიერ. წყლის ტუმბო, რომლის საშუალებითაც ცდილობდა ა------ მ--–--ე განეხორციელებინა წყლის მიწოდება, მისი მინიმალური წყლის წარმადობა შეადგენს 108 მ3/სთ-ში, ამ დროს აღნიშნული ტუმბოს წნევა შეადგენს 85 მ-ს ანუ 8.5 ატმოსფეროს.

 

2017 წლის 03 ივნისს, ა------ მ--–--ის სარჩელთან დაკავშირებით, დათვალიერებულ იქნა ახალქალაქის რაიონის სოფელ აზმანაში მდებარე ა------ მ--–--ის საცხოვრებელი ბინის ეზოში დასაწყობებული, შპს ,,წ--–-----------------------–------ისგან“ შეძენილი პოლიეთილენის, სწრაფი გადაბმის 110 მმ და 125 მმ, 6 მეტრი სიგრძის მილები. მილებს აღენიშნებოდა გრუნტისა და გადაბმის კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნამყოფია ექსპლუატაციაში და მუშაობდა. მოსარჩელის განმარტებით მილები მიერთებული ჰქონდა ამავე ეზოში მდგარი რუსული წარმოების მაღალი წნევისა და წარმადობის ტუმბოზე. მოსარჩელემ მილები გაუშვა ექსპლუატაციაში და მოპასუხისთვის არ მიუმართავს დაზიანების დროს. ა------ მ--–--ემ შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მიმართა მხოლოდ 2016 წლის 02 აგვისტოს, რაზეც მოპასუხე კომპანიამ უპასუხა, რომ დაზიანებულ მილებს შეიცვლიდნენ, მაგრამ მან მოითხოვა გაყიდული ყველა მილის, რომელიც მას უკვე ექსპლუატაციაში ჰქონდა, უკან დაბრუნება და ღირებულების ანაზღაურება, რაზეც მოპასუხისგან უარი მიიღო. მოსარჩელემ მილები არასწორი ტექნიკური სქემით ააწყო, რის გამოც სასურველი შედეგი ვერ მიიღო. ექსპერტის დასკვნა, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა, ჩატარებულია მიმდინარე წლის მარტში. მილები დასაწყობებული იყო ღია ცის ქვეშ. გასულ ზამთარს დეკემბერ-თებერვლის თვეებში ახალქალაქის რაიონში დაფიქსირებულია ტემპერატურა -3-დან -23 გრადუსამდე, რაც პოლიეთილენის მილის სტრუქტურას ცვლის და ისინი დაუცველი ხდება. ასეთ მილზე ექსპერტიზის ჩატარება კი რეალურ სურათს არ იძლევა. ამასთან, ტუმბო, რომელსაც მოსარჩელე იყენებდა ამ მილებში წყლის გასატარებლად, არ შეესაბამება თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, სადავო მილებისთვის განკუთვნილ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელე ა------ მ--–--ის სარჩელი შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 28 965 ლარის ოდენობით. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა------ მ--–--ის მოთხოვნა, მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ისთვის“ მიუღებელი შემოსავლის 25 800 ლარის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა 950 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის 500 ლარის ანაზღაურება. (იხ. გადაწყვეტილება)

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა.

 

6. ა------ მ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1. აპელანტის განმარტებით, ა------ მ--–--ემ დაგეგმა იჯარით აეღო რამოდენიმე ჰა მიწის ნაკვეთი, დაეთესა კარტოფილი, მოეხდინა მისი მორწყვა და მოეხდინა შემდგომ მისი რეალიზება. ვინაიდან ა------ მ--–--ეს არ ჰქონდა საჭირო თანხა სარწყავი სისტემისათვის (ტუმბო, მილები), იგი მივიდა სს ,,საქ.ბანკში" და გააკეთა განაცხადი სახლემწიფო პროექტის ფარგლებში თანადაფინანსებით აეღო სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. ა------ მ--–--ემ იყიდა წყლის საქაჩი ტუმბო და მოპასუხე მხარის კომპანიასთან შეთანხმებით იყიდა 6 ატმოსფერული წნევის გამძლე მილები. ყიდვამდე კომპანიას აცნობა, რომ მილები ესაჭიროებოდა კარტოფილის ნათესების მოსარწყავად. ამ ფაქტს ადასტურებენ საქმეზე მათ მიერ გამოკითხული მოწმეები, რომლებიც თან ახლდნენ ა------ მ--–--ეს. მილების დაგებისა დაშემდგომ მასში წყლის გაშვებისას მოხდა მათი დაზიანება, დახეთქვა და პრაქტიკულად წყალი დანიშნულების ადგილამდე არათუ ბოლომდე, არამედ ნახევრამდეც კი ვერ მივიდა. აღნიშნულზე ეცნობა კომპანიის თანამშრომელს ლალი მირგატიას. 2016 წლის 01 აგვისტოს ა------ მ--–--ემ კომპანიას გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მილებმა ვერ გაუძლო შეთანხმებულ წნევას, მილები დაზიანდა, იგი ვერ რწყავს კარტოფილის ნათესებს, რომ მას ადგება ზიანი და სასწრაფოდ ითხოვა თანხის უკან დაბრუნება. საბოლოოდ აპელანტმა/მოსარჩელემ მილები აალაგა და დაასაწყობა ეზოში. კარტოფილი ვერ მორწყო, რამაც გამოიწვია ა------ მ--–--ის ფინანსური დაზიანება. ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მილებით მიყენებული ზიანის ნაწილში, თუმცა არსებითად ემიჯნება იმ ფაქტს, რომ მხარე არ იყო ინფორმირებული მილების მიზნობრიობის თაობაზე. აღნიშნული ფაქტი ა------ მ--–--ემ კომპანიას დაუმტკიცა და დაუდასტურა ჯერ კიდევ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ოფიცილაური მიმართვებით. საქმეში წარმოდგენილია საქსტატის ცნობები კონკრეტული პროდუქტის შესახებ. სასამართლოსა და მხარის განმარტება, რომ მხარეებს შორის არ იყო ოფიციალური დოკუმენტი შედგენილი მოსალოდნელი ზიანის თაობაზე აბსოლუტურად ალოგიკურია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. ვინაიდან ა------ მ--–--ემ თავიდანვე აცნობა მხარეს რომ მას მილები ესაჭიროებოდა კარტოფილის მოსარწყავად და შემდეგომ მილების დაზიანების ფაქტი კვლავ აცნობა კომპანიას რამოდენიმეჯერ მიაჩნია, რომ სასამართლოს განმარტება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიმართება ამავე კოდექსის 412-ე მუხლთან არასამართლებრივია, ყოვლად დაუსაბუთებელი და მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლებს.

 

7. შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

7.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს „წ--–-----------------------–------ის“ მიერ ა------ მ--–--ისათვის გადაცემული მილების ნივთობრივად ნაკლის არსებობა და მისი უვარგისობა, რასაც საფუძვლად დაუდო შპს „მ–------–-----“ მიერ გაცემული 2017 წლის 07 მარტს. ამ ცნობას ხელს აწერენ ექსპერტის სახელით ა-–------------------ე და პ----------------–---–ი, რომლებიც არ არიან ექსპერტები. ასევე დადგენილია, რომ ცნობას არ ერთვის ექსპერტის გაფრთხილების ხელწერილი. ამავე დროს სასამართლომ უგულებელყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და უპირატესობა მიანიჭა დაუდგენელ დოკუმენტს, რომლის შემდგენელი და ხელისმომწერი არიან დაუდგენელი პიროვნებები, ხოლო ცნობას ხელს აწერენ პირები, რომლებსაც კვლევა არ ჩაუტარებიათ. სასამართლომ არ შეაფასა და არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მილები დაზიანდა მილში შექმნილი წნევის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მილში ზედმეტად მაღალი წნევით არ გატარებულა წყლის ნაკადი, თუმცა ვერ მიუთითებს რამდენი ატმოსფერული წნევის შექმნისას დაზიანდა მილი. სამართლომ თვითონ ვერ განსაზღვრა და არც სპეციალისტების ჩვენება გაიზიარა იმის თაობაზე, რომ მილები ტუმბოზე მიერთებული იყო მიმდევრობით რეჟიმში, რადგან დადგენილია, რომ მუშაობდა ერთი სატუმბი აგრეგატი და მასზე იყო მიერთებული მილები. ექსპერტის განმარტება, რომ მისი ვარაუდით ტუმბო მუშაობდა მიმდევრობით რეჟიმში, სასამართლომ უწოდა ბუნდოვანი განმარტება. სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ტუმბოს არ ჰქონდა არც წნევის რეგულატორი და არც გამსვლელ ხაზზე ურდული, ასევე არ მიიღო მხედველობაში ტუმბოს ტექნიკური მახასიათებლები და სპეცილისტის ჩვენებები იმის თაობაზე, რომ ტუმბოს არ უყენია გამსვლელ მილზე არც რეგულიატორი და არც წნევის მაჩვენებელი არც ურდული. ურდული აყენია მხოლოდ შემომსვლელ ხაზზე და ამ ურდულით რეგულირებისას ვერ დაიცავდნენ საჭირო გამსვლელ წნევას.

 

7.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დაკითხულმა მოწმემ სარწყავი სისტემების პროექტის მენეჯერმა და ექსპერტმა, განმარტეს, რომ თუ არ იქნება ტუმბოს მუშაობის დროს წყლის გაშვებისა და დაკეტვის წესები დაცული, წარმოიქმნება ჰიდრავლიკური დარტყმა, რომლის სიმძლავრეც რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე აგრეგატის მიერ შექმნილი წნევა. ექსპერტმა აგრეთვე განაცხადა, რომ 125 მმ დიამეტრის მილში 114 ლ/წ-გატარებისას წარმოიქმნება ძალიან მაღალი წნევა 12499 ატმოსფერო. მილები იმის გამო კი არ დაზაინდა, რომ ისინი უვარგისი იყო ექსპლოატაციისათვის, ისინი დაზიანდა არასწორი ექსპლოატაციის გამო. მილების მწარმოებელი კომპანიის მიერ დადგენილია მილის წნევა გამძლეობის ზღვარი და ამ ზღვარის გადამეტება არ დაიშვება. საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 19 ივნისის #151 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დეტალურად გაწერს, თუ როგორ უნდა იქნას პროექტირებული და ექსპლოატირებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები, მათ შორის მილსადენები, რომლებისათვისაც ტექნიკური უსაფრთხოების მიზნით ითვალისწინებს მილების როგორც შევსების ასევე დაცლის წესს და იმ მოწყობილობების აუცილებლობას, რომლებზეც მოწმეებმა მიგვითითეს. ამ რეგლამენტის 2.3 პუნქტი განმარტავს დასაშვები წნევის ცნებას, რომელიც არის ის მაქსიმალური წნევა, რაც მწარმოებლის მიერ არის დადგენილი ამ მილისათვის. მას შეუძლია გადაქაჩოს წყალი მინიმალური 30, ხოლო მაქსიმუმ 144 ლიტრი წამში. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ნივთი უნაკლოდ ითვლება, თუკი ის შეთანხმებული ხარისხისაა. ამ შემთხვევაში ა------ მ--–--ემ აირჩია დაბალფასიანი, 5 ატმოსფერულ წნევაზე მომუშავე მილები. ასევე მითითებული მუხლი ადგენს, რომ თუ ხარისხი არ არის შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ითვლება, თუ ის ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მითითება, რომ მილი უვარგისად ცნო იმის გამო, რომ შიდა ზედაპირი არ არის გლუვი და დიამეტრი არათანაბარი, მოკლებულია საფუძველს. სასამართლოს მოსაზრება, რომ ვერ დადგინდა მილებში ნორმაზე მაღალი წნევით მათში ნაკადის გაშვების შედეგად დაზიანება, უსაფუძვლოა და მტკიცებულებებს არ ეფუძნება, რადგან სასამართლოს არ აქვს ამის მტკიცებულება, გარდა დაინტერესებული პირის, ა------ მ--–--ის ჩვენებისა, მაშინ როდესაც არსებობს ფიზიკურად სარწყავი აგრეგატი, მისი ტექნიკური მონაცემები, ექსპერტიზის დასკვნა. ყველა მტკიცებულებით დგინდება, რომ ტუმბო, რომელიც ა------ მ--–--ეს სარწყავად ჰქონდა გამოყენებული, თავისი ტექნიკური მონაცემებით ავითარებდა მაღალ წნევას და მოცემულ მანძილზე და მოცემულ სიმაღლეზე დაბალი წნევით წყლის გადაქაჩვა იყო შეუძლებელი. სასამართლო არ მსჯელობს მილების გამყიდველისათვის დაბრუნების საკითხს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, არასწორად არის ფაქტობრივი გარემოებები შეფასებული, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც საფუძველია იმისა, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და უარი უნდა ეთქვას მოსარჩელე ა------ მ--–--ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება. ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი /ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი./ ამავე კოდექსის 487-ე მუხლი /გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი./ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლი /ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის./ სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.

 

10. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ა------ მ--–--ე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მიუღებელი შემოსავალის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

10.1. 2015 წლის 15 მარტსა და 2016 წლის 31 მაისს ა------ მ--–--ემ მოპასუხისაგან შეიძინა მილები სხვადასხვა დიამეტრის მილები, სულ ნასყიდობის საფასურია 27 464 ლარი. აპელანტს აღნიშნული სარწყავი მილები ესაჭიროებოდა კარტოფილის მოსარწყავად, რომელიც დარგული ჰქონდა 4 ჰა-ზე.

 

10.2. მოსარჩელემ ქ.თბილისში ნაყიდი მილები დაქირავებული ა/მანქანის მეშვეობით ორჯერ გადაიტანა ახალქალაქის რაიონის სოფელ აზმანაში, რაშიც გადაიხადა 750-750 ლარი, სულ 1500 ლარი.

 

10.3. შეძენილი მილებით ვერ მოხდა ნათესების მორწყვა, ვინაიდან იგი მალევე გამოვიდა მწყობრიდან და წყალმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილას. 07.03.2017 წლის ცნობა #02-ს და პოლიეთილენის დაწნევითი (d-110 მმ) მილის ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლების თანახმად, პოლიეთილენის დაწნევის მილები არ აკმაყოფილებს გოსტი 18599-2001 ცვლილება #1, ცხრილი #2, ცხრილი #3, პ.5.2 ცხრილი #5 მოთხოვნებს, კერძოდ მილის შიდა და გარე კედლების ზედაპირი არაერთგვაროვანია, შიდა კედლის ზედაპირი ხორკლიანია, გვერდითი ზედაპირი ფოროვანია - რაც დაუშვებელია, სტანდარტის მოთხოვნით ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯვისას მინიმალური ზღვარია 350%, გამოსაცდელი ნიმუშისა კი 0.5-21% რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

 

10.4. აპელანტი ა------ მ--–--ე რამდენჯერმე დაუკავშირდა მოპასუხეს და სატელეფონო საუბრის დროს აუხსნა არსებული ვითარება, ამასთან, მოითხოვა საქმის გამოსწორება. მოპასუხე დაპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, რაც მხოლოდ დაპირებად დარჩა. მოგვიანებით კი საერთოდ აღარ უპასუხეს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს. 2016 წლის 01 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია.

 

10.5. 01.08.2017 წლის საქსტატის მონაცემების თანახმად, 2016 წლის კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე განისაზღვრა 14,9 ტონა კარტოფილის მოსავლიაონობა, ხოლო 1 კგ-ს ფასად კი განისაზღვრა - 0,41 ლ (ფერმის კართან) და 0,95 ლ - წლიური საშუალო.

 

აპელანტი ა------ მ--–--ე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსავლის აღებისას მან ზიანი განიცადა და ვერ მიიღო ის ნამატი, რასაც კარტოფილის მორწყვის შედეგად მიიღებდა. კერძოდ, კარტოფილი არ გაიზარდა და მისი მცირე მოცულობის გამო მიიღო იმავე რაოდენობით, რაც მის მიერ იქნა დათესილი, თუმცა აპელანტს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, გარდა ამისა საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს დაადასტურებდა.

 

11. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, როგორც მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის, ისე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მტიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ამავე მუხლითაა განმარტებული მიუღებელი შემოსავალი, კერძოდ, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (იხ. საქმე სუსგ №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი). მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ საქმე №ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).

 

გარდა აღნიშნულისა პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 412-ე მუხლით, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს გარკვეულ შეზღუდვას, თუ რა სახის ზიანის ანაზღაურებაა დასაშვები. მითითებული ნორმის თანახმად, ასეთად მიიჩნევა მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. კანონის ამგვარი დანაწესი განპირობებულია იმით, რომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არ გასცდეს მხარეთა ურთიერთობაში გონივრული წინდახედულობის ფარგლებში მოსალოდნელი ზარალის ოდენობას და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვისას არ მოხდეს ზიანის მიმყენებლისათვის არათანაზომიერი მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (მოსავლის აღებისას მან ზიანი განიცადა და ვერ მიიღო ის ნამატი, რასაც კარტოფილის მორწყვის შედეგად მიიღებდა. კერძოდ, კარტოფილი არ გაიზარდა და მისი მცირე მოცულობის გამო მიიღო იმავე რაოდენობით, რაც მის მიერ იქნა დათესილი) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის საფასურის 27 464 ლარის და ტრანსპორტირების ხარჯების 1500 ლარის სულ 28 965 ლარის გადახდა, რაც გასაჩივრდა გამყიდველის შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-ის მიერ. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

12.1. ა------ მ--–--ემ შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-სგან შეიძინა 467 ცალი წლის მილი, საიდანაც 50 ცალი იყო თურქული წარმოების, ხოლო 417 კი მათი ნაწარმოები, არამარკირებული. შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-ს განმარტებით მილები გათვლილი იყო 5 ატმოსფერულ წნევაზე, ხოლო ა------ მ--–--ის განმარტებით მისთვის ცნობილი იყო, რომ მილები გათვლილი იყო 6 ატმოსფერულ წნევაზე. (20.11.2019 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

12.2. საქმეში წარმოდგენილი 07.03.2017 წლის ცნობა #02-ს და პოლიეთილენის დაწნევითი (d-110 მმ) მილის ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლების თანახმად, პოლიეთილენის დაწნევის მილები არ აკმაყოფილებს გოსტი 18599-2001 ცვლილება #1, ცხრილი #2, ცხრილი #3, პ.5.2 ცხრილი #5 მოთხოვნებს, კერძოდ მილის შიდა და გარე კედლების ზედაპირი არაერთგვაროვანია, შიდა კედლის ზედაპირი ხორკლიანია, გვერდითი ზედაპირი ფოროვანია - რაც დაუშვებელია, სტანდარტის მოთხოვნით ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯვისას მინიმალური ზღვარია 350%, გამოსაცდელი ნიმუშისა კი 0.5-21% რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

 

12.3. მეწარმე სუბიექტის სტანდარტის თანახმად, მილები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე მეწარმე სუბიექტის სტანდარტისა და დადგენილი წესით დამტკიცებული ტექნოლოგიური რეგლამენტის მოთხოვნებს. მილები გამოიყენება სასმელი და სამეურნეო წყლის ტრანსპორტირებისთვის 0-დან 80 °C ტემპერატურამდე. მილების დასამზადებელი მზა კომპოზიცია მიიღება თურქეთიდან, რომლის ხარისხი გარანტირებულია თანდართული სერთიფიკატით. მილები მზადდება 20.0-დან 110.0 მმ-მდე გარე სამუშაოს დიამეტრით. მილების ზედაპირი უნდა იყოს სწორი და გლუვი ან გრძივი სიმტკიცის ზოლებით. დასაშვებია მაფორმირებელი და დამყალიბებელი მოწყობილობების მცირე ხარვეზებით, მცირეოდენი დანაყრი მილის შუა ზედაპირზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ჰაერის ბუშტუკებისგან დაყალიბების პროცესში, აგრეთვე ნიშანდების მოწყობილობის მიერ წარმოქმნილი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5მმ-ისა. ფარდობითი დაგრძელება გაგლეჯვისას უნდა იყოს %, არანაკლები 350.0. ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს ხარისხის დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: დამამზადებელი საწარმოს დასახელება და მისამართი; პარტიის ნომერი, დამზადების თარიღი; პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები, პარტიის რაოდენობა მეტრებში ან კგ-ში; პროდუქციის პირობითი აღნიშვნა. ზედაპირის გარე სახეს, მილების ზომებს, დენადობის ზღვარს გაჭიმვისას და ფარდობით წაგრძელებას გაგლეჯვისას, ნორმალურ ტემპერატურაზე შიგ მუდმივ წნევაზე სიმტკიცეს განსაზღვრავენ თითოეული პარტიისათვის, ამასთანავე პარტიიდან იღებენ 5 ნიმუშს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის შედეგად მიიღება უარყოფითი შედეგები თუნდაც ერთ მაჩვენებელზე, ტარდება ნიმუშის ორმაგი რაოდენობის განმეორებით შემოწმება. განმეორებითი შემოწმების შედეგები საბოლოოა და ვრცელდება მთელ პარტიაზე. ნორმალურ და მაღალ ტემპერატურაზე შიგა მუდმივი წნევით სიმტკიცესა და გახურების შემდეგ მილის ზომების ცვლილებას განსაზღვრავენ პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ, ამასთანავე პარტიიდან იღებენ სამ ნიმუშს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში თუნდაც ერთ მაჩვენებელზე, ატარებენ მილის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის დაზუსტებას, რის შემდეგ ახდენენ პარტიის გამოცდას დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღებამდე.

 

12.4. 2017 წლის 03 ივლისის შემოწმების აქტის თანახმად, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია მხოლოდ მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ ხელმძღვანელი პირის მიერ (აღნიშნულ აქტზე ხელმოწერაზე მოსარჩელე ა------ მ--–--ემ უარი განაცხადა), აღნიშნულია, რომ ა------ მ--–--ის განმარტებით, შპს ,,წ--–------------------------–------ისგან“ შეძენილი პოლიეთილენის სწრაფი გადაბმის 110 მ-იანი, 125 მმ-იანი 6 მ-ის სიგრძის მილები 2016 წლის აგვისტოს თვიდან 2017 წლის 03 ივლისამდე დასაწყობებულია მისი საცხოვრებელი ბინის ეზოში ღია ცის ქვეშ. მილებს აღენიშნება გრუნტის კვალი, გადაბმის კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნამყოფია ექსპლუატაციაში. ამავე ეზოში დგას რუსული წარმოების მაღალი წნევის ტუმბო ,,სნპ“. ა------ მ--–--ის განმარტებით, 2016 წლის ივლისის თვიდან ამ ტუმბოზე მიერთებული ზემოაღნიშნული წყლის და გაზის ტექნოლოგიებიდან შეძენილი მილებით ახორციელებდა წყლის მიწოდებას ნაკვეთში. მისი განმარტებით ტუმბოზე მიმაგრებული მანომეტრის ჩვენების საშუალებით არეგულირებდა წნევას, რაც შეეხება ჰაერის გამომშვებ სარქველებს და უკუ სარქველებს, როგორც საჭიროა სისტემის გამართული მუშაობისთვის, კერძოდ, ჰიდრავლიკური დარტყმების შესამცირებლად მილის დეფორმაციის და დაზიანების თავიდან ასაცილებლად სარწყავ სისტემაზე დამონტაჟებული არ ჰქონდა. აღნიშნული მილებით ა------ მ--–--ეს წყალი მიჰყავდა მკვეთრი დაქანების, აღმართსა და დაღმართის რელიეფზე. მარტივი გაზომვით, ტელეფონის გამოყენებით წყლის წყაროდან ყველაზე მაღალ წერტილამდე დონეებს შორის სხვაობა არის 60 მეტრამდე. 1710-1770 მეტრი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, როდესაც მაღალი წნევის მილებით წყლის მიწოდება ხდება ანალოგიურ რელიეფზე და დიდ დისტანციაზე აუცილებელია ჰაერის გამომშვები სარქველის დამონტაჟება (დასაწყისში ყველაზე მაღალ წერტილსა და მაგისტრალის ბოლოში, უკუსარქველი და წნევის დამგდები, რომელთა არქონის შემთხვევაში, გარდაუვალია მილების დაზიანებები.

 

12.5. მილების მონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცედურების ტექნიკური ინფორმაციის თანახმად, ტუმბოს ტექნიკური მონაცემებით, რომლითაც ა------ მ--–--ე ახორციელებდა წყლის მიწოდებას ნაკვეთში, მინიმალური წარმადობის შემთხვევაში, 100 მ3/სთ, 1600 მ მანძილზე წყლის მისაწოდებლად, 30 მეტრიანი რელიეფურ დონეთა შორის სხვაობის დროს, საჭირო იყო გამოეყენებინა 180 მმ დიამეტრის, 6 ატმოსფეროზე გათვლილი პ/ე მილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ამოცანის შესრულება (100მ3-ის 1600 მეტრ მანძილზე მიწოდება, მაქსიმალური სამუშაო წნევით 5,5 ატმოსფერო) შეუძლებელი იქნებოდა. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი არასწორი გამოყენებისაგან გამომდინარე საფრთხე ან თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ ადეკვატური გამაფრთხილებელი ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა არ იქნეს გამოყენებული არასწორად.

 

12.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.11.2017 წლის დასკვნის თანახმად, როგორც ტუმბოს მარკირებიდან ჩანს, ტუმბო არის მუშაობის ორი რეჟიმით - პარალელური და მიმდევრობითი. პირველ რეჟიმში მუშაობის დროს, ტუმბოს წყლის საჭირო რაოდენობა (30ლ/წმ, განმცხ. მონაცემები), უნდა მიეწოდებინა 33 მეტრის სიმაღლეზე 1600 მეტრის სიგრძეზე. სინამდვილეში, თუ სწორად იქნება შერჩეული მილის დიამეტრი, ტუმბო ანვითარებს ისეთ სიმძლავრეს, რომ ამ სიმაღლეზე ის აწვდის 432 მ3/სთ ანუ 114 ლ/წმ საჭირო ხარჯის - 30 ლ/წმ ანუ 114 მ3/სთ d=125 მმ მილში გატარების დროს, საჭირო დაწნევის სიდიდე აღწევს ძალიან დიდ რიცხვს - 12 449 ატმოსფეროს (ექსპერტის გაანგარიშებით). ასეთი დიდი დაწნევა გამოიწვია მილის დიამეტრის სიმცირემ დიდი ხარჯის პირობებისთვის და ამით განპირობებულმა მილის წინაღობამ. ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ტუმბოს გაშვების მომენტში, უცნობია რომელ რეჟიმში მუშაობდა იგი. სავარაუდოა, რომ იყო მიმდევრობით რეჟიმში რადგან, დიდმა განვითარებულმა წნევამ მალე დააზიანა მილები, პარალელურ რეჟიმში უფრო გვიან დააზიანებდა. 30 ლ/წმ გადასაქაჩად 1600 მ სიგრძეზე და 32 მეტრის სიმაღელზე, საჭიროა PE100 PN 10 SDR17 d=160 ტიპის მილი. დამწნევ ხაზზე, ურდულის შემდეგ, აღნიშნული ტუმბოს შემთხვევაში, უნდა დადგეს მანომეტრი და წნევის რეგულატორი, დარეგულირებული 8-9 ატმოსფეროზე.

 

12.7. სასამართლო სხდომაზე, ექსპერტმა თ----------–--ემ დამატებით განმარტა, რომ მილების ამგვარი დაზიანება შეეძლო გამოეწვია, როგორც აღნიშნულ მილებში მაღალი წნევით სარწყავი წყლის მიწოდებას, აგრეთვე ამ მილების ნაკლიანობას. იმ ექსპერტიზის ფარგლებში, რაც მან ჩაატარა საქმეში წარმოდგენილი დასკვნის გასაცემად, დაზიანების კონკრეტული მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდებოდა, ამისთვის საჭირო იყო სხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება, რაც მას არ განუხორციელებია. მან დაადგინა მილების დაზიანების სახე, თუმცა რეალური მიზეზები ამ დაზიანებისა შესაძლოა ყოფილიყო ორივე შემთხვევა, მაღალი წნევა ან მათი ხარვეზიანობით დამზადება, რისი დაბეჯითებით თქმაც არსებული მოცემულობით შეუძლებელია.

 

12.8. მოპასუხე მხარემ მილების დაზიანებად დაასახელა ტუმბოს სიმძლავრე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ტუმბო სრული დატვირთვის დროს ავითარებდეს უფრო მეტ წნევას, ვიდრე ამას გაუძლებდა მილები, თუმცა აღსანიშნავია, რომ წნევის დარეგულირება შესაძლებელია და ტუმბოს ჩართვიდან ავტომატურ რეჟიმში არ ხდება მაქსიმალური წარმადობით და მხოლოდ სრული დატვირთვით მუშაობა. მოსარჩელის ინტერესის სფეროც კი ვერ იქნებოდა 6 ატმოსფერული წნევის მილებში გაეშვა 10 ატმოსფერული წნევა წყალი, რაც მილების სრულად ან ნაწილობრივ დაზიანებას გამოიწვევდა.

 

12.9. შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-ს ცნობის თანახმად 2016 წელს კომპანია ხელმძღვანელობდა თურქული სს „ე----–-----------–---------------------------ს“ სტანდარტით, რომლის მიხედვით 110 მმ-ის დიამეტრის პოლიეთილინის მერადი გრანულიდან დამზადებული სარწყავი მილის კედლის სისიქე, რომლის სამუშაო ატმოსფერო არის 5 ბარი, არ უნდა იყოს 3.4 მმ-ზე ნაკლები. მილის კედლის სისქე შესაძლებელია იყოს არაერთგვაროვანი, იგი შეიძლება მერყეობდეს 3.4. მმ-დან 4.2 მმ-დე.

 

12.10. მოსარჩელე ა------ მ--–--ე რამდენჯერმე დაუკავშირდა მოპასუხეს და სატელეფონო საუბრის დროს აუხსნა არსებული ვითარება, ამასთან, მოითხოვა საქმის გამოსწორება. მოპასუხე დაპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, რაც მხოლოდ დაპირებად დარჩა. მოგვიანებით კი საერთოდ აღარ უპასუხეს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს. 2016 წლის 01 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია.

 

იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ აპელანტს/მოაპსუხე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მარკირების არსებობის ფაქტი, არ წარმოუდგენილა საკონტრო შემოწმების აქტი, სანამ წარმოებაში გაიშვებოდა მილები და არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება წარმოებული და შექმნილი პროდუქციის დროს ან/და რეალიზაციამდე,ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნაკლის მქონე. ამასთან, ა------ მ--–--ის მიერ შპს ,,წ--–-----------------------–------ისგან“ შეძენილი მილების, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მათში ნორმაზე მაღალი წნევით წყლის ნაკადის გაშვებით დაზიანების ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

13. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 15 მარტსა და 2016 წლის 31 მაისს ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, ხოლო 488-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა მოცემული დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 488-ე და 490-ე და 496-ე მუხლებით და სწორად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დროს გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას მოეთხოვა ნაკლის გამოსწორება. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნაკლიანი, გამყიდველმა მითითებული ვალდებულება არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყიდველს მიენიჭა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილება. პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მყიდველს წარმოუშობდა გადახდილი საზღაურისა და გაწეული დანახარჯების -- ტრანსპორტირების ხარჯის (სსკ 491 მუხლის მეორე ნაწილი) მოთხოვნის უფლებას. (იხ სუსგ საქმე ას-708-674-2015)

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საპროცესო ხარჯები

 

14.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

 

14.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამდენად, აპელანტ ა------ მ--–--ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის - 800 ლარის ოდენობით გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,წ--–-----------------------–------ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

4. შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის ანაზღაურება - 800 ლარის ოდენობით.

 

5. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი

 

ოთარ სიჭინავა