განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002309151
N2ბ/8112-2019
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) – სს ,,ს-----–--------’’
წარმომადგენელი - ლიკა ხუბულია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გი-----ი გო----–---–ი
წარმომადგენელი - კუკური კოჟორიძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - სარჩოს გადაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გი-----ი გო----–---–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სს ,,ს-----–--------ს’’ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად, 560 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა, ასევე, სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, 2015 წლის თებერვლიდან - 2018 წლის თებერვლამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის დავალიანების სახით - 17 245.44 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა.
2. გი-----ი გო----–---–ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
გი-----ი გო----–---–ი მუშაობდა თბილგვირაბმშენის მეტრომშენებლობის სამმართველოში მე-5 თანრიგის გვირაბგამყვანად. 1984 წლის 31 მაისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მან მიიღო საწარმოო ტრამვა თავის არეში, დასახიჩრდა და პროფესიული უნარი დაკარგა 80%-ით, უვადოდ. იმავე დღეს შედგა საწარმოში უბედური შემთხვევის აქტი. მოსარჩელის განმარტებით, საწარმოო ტრავმის მიღების შემდეგ, გახდა შრომისუუნარო და იმავე წელს დაენიშნა საწარმოო ტრავმის სარჩო - 60.96 ლარის ოდენობით, რომელსაც იღებს დღემდე. 2009 წლიდან მოპასუხემ შეიცვალა სახელწოდება, მოგვიანებით 2016 წლის ივლისიდან კი შეერწყა მოპასუხე კომპანიას.
შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე 2015 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლამდე მოსარჩელის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობა შეადგენს საშემოსავლო გადასახადის და მოპასუხის მიერ ყოველთვიურად გადახდილი სარჩოს ოდენობების გათვალისწინებით, 17 245.44 ლარს.
3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სს ,,ს-----–-------მა’’ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიის მხრიდან ნამდვილად ღებულობს მოსარჩელე ყოველთვიურად 60.96 ლარს. ამასთან, მიუთითა, რომ გაუგებარია რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე სარჩოს გვირაბგამყვანის ან მისი მონათესავე მუშაკის ხელფასის და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგული ხარისხის გათვალისწინებით. კომპანიაში არ არსებობს გვირაბგამყვანის ან მისი მონათესავე მუშაკის თანამდებობა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით გი-----ი გო----–---–ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ს-----–--------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდა. სს ,,ს-----–--------’’-ს გი-----ი გო----–---–ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან ყოველთვიურად დაეკისრა სარჩოს სახით 560 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა. მოპასუხე სს ,,ს-----–--------’’-ს მოსარჩელე გი-----ი გო----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 17 245.44 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხე კომპანიაში 2014 წლიდან გაუქმებული იყო გვირაბგამყვანის თანამდებობა. შესადარებელ ობიექტში - შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’-ში 2015 წლის იანვრიდან - 2018 წლის 01 ივნისამდე, გვირაბგამყვანის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენდა 1 025.42 ლარს, ხოლო 2018 წლის 01 ივნისიდან - 2019 წლის 15 მაისამდე ამავე პოზიციაზე დასაქმებულთათვის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენდა 1 127.94 ლარს.
5.1. სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ასევე საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ არეგულირებენ ყოველი ადამიანის სოციალური უზრუნველყოფის პოზიტიურ უფლებას (მუხლები 22, და 9). სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით, ასევე, მოიხმო „სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ“ (Social security (minimum standarts) convention) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1952 წლის N102 კონვენციის რეგულაციები და აღნიშნა, რომ სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევდა მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოეთხოვა სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის იყო თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი საშუალოდ უვადოდ - 80%-ით.
5.2. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხე ორგანიზაციაში გაუქმებული იყო გვირაბგამყვანის თანამდებობა, აღნიშნული არ გულისხმობდა მოპასუხის ვალდებულებისგან უპირობო გათავისუფლებას. მხოლოდ მითითება საშტატო ერთეულის აღარ არსებობაზე, ცხადია არ ათავისუფლებდა მოპასუხეს თავისი წილი მტკიცების ტვირთისგან და მის შედავებას მოთხოვნილი სარჩოს არაგონივრულ ოდენობასთან მიმართებით რელევანტურად ვერ აქცევდა.
5.3. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის გონივრულობის დასადგენად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ მითითებული კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. დადგენილი იყო, რომ შესადარებელ ობიექტში - შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’- ში 2015 წლის იანვრიდან - 2018 წლის 01 ივნისამდე გვირაბგამყვანის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენდა 1 025.42 ლარს, ხოლო, 2018 წლის 01 ივნისიდან - 2019 წლის 15 მაისამდე, ამავე პოზიციაზე დასაქმებულთათვის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენსდა 1 127.94 ლარს. ამასთან, საყურადღებო იყო, რომ სასამართლო, ისევე, როგორც უპირველესად მოსარჩელე არ ახდენდა შესადარებელი კომპანიის მიერ მითითებულ ხელფასთან მის მიერ მოთხოვნილი სარჩოს ოდენობის ავტომატურ გატოლებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა მოთხოვნილი სარჩოს ოდენობის გონივრულობას.
5.4. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს-----–-------მა’’, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
7.1. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი აკმაყოფილებდა წარმოებაში მიღების წინაპირობებს, მოსამართლემ განუხილველად დატოვა შეგებებული სარჩელი, რამაც გამოიწვია საქმისათვისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების არასწორად დადგენა. კერძოდ: 1) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აქტი N2, რომლითაც მხარე ადასტურებდა საწარმოო ტრამვის არსებობას, არ არის ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული. შესაბამისად, დოკუმენტი არ არის ფორმალურად გამართული და არ შეიძლება, მხარემ ასეთი დოკუმენტის საშუალებით დაადასტუროს საწარმოო ტრამვის ან საერთოდ რაიმეს არსებობა. 2) მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც უნდა იძლეოდეს იფორმაციას, თუ კონკრეტულად ვინ და რა პროცენტით დაკარგა შრომისუნარიანობა და ამასთან, რაში გამოიხატა შრომისუუნარიანობის დაკარგვა, არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, როგორიცაა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ნომერი. ასევე შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, არის თუ არა დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ან საერთოდ რა ბეჭედია დასმული დოკუმენტზე. მტკიცებულებაში არ არის აღნიშნული რაში გამოიხატა შრომისუნარიანობის დაკარგვა, ასევე იგი არ წარმოადგენს სამედიცინო დასკვნას. მტკიცებულება დამატებით შეიცავს უზუტობას: კერძოდ მოწინააღმდეგე მხარე აცხადებს, რომ საწარმოო ტრავმა მიიღო 1984 წელს, თუმცა ზემოხსენებული დოკუმენტი შედგენილია 1992 წელს, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს და იწვევს გაუგებრობას; 3) სარჩელს არ ერთვის დოკუმენტი, მოწინააღმდეგე მხარის დღეს არსებული შრომისუნარიანობის შესახებ; 4) გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და აპელტანს (მოპასუხეს) მოსთხოვა მხარის შრომისუნარიანობის დაკარგვის დამდგენი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტების დედნები. 5) ასევე, დოკუმენტები შედგენილია სხვადასხვა თარიღში.
აპელანტის მითითებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანია საკუთარი კეთილი ნების საფუძველზე მხარეს რეგულარულად ურიცხავდა გარკვეულ თანხას, არ შეიძლება გახდეს დოკუმენტის ავთენტურობისა და იმის დადგენის საფუძველი თუ რა პროცენტით შეეზღუდა ადამიანს ქმედუნარიანობა. შესაბამისად, მოსამართლემ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგადაც უვადოდ - 80%-ით შეეზღუდა შრომის უნარი.
7.2. აპელანტი მხარისათვის ბუნდოვანია, საიდან და რა სამართლებრივი საფუძვლით დადგინდა სარჩოს სახით - 560 ლარის ოდენობა.
აპელანტის განმარტებით, მოწინააღდეგე მხარემ, სარჩელში მიუთითა, რომ სარჩოს ოდენობა უნდა გაიზარდოს დღეის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებული გვირაბგამყვანის ხელფასის პროპორციულად, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიაში არ არსებობს მსგავსი პოზიცია აღნიშნული ხელფასის გასაგებად, შპს "ჯორჯიან მანგანეზს" დაევალა გვირაბგამყვანის ან მსგავს პოზიციაზე მომუშავე ადამიანის საშუალო ხელფასის შესახებ ცნობის წარმოდგენა. წარმოდგენილი ცნობაში 2018 წლიდან ყოველთვიურად დასარიცხი ხელფასის საშუალო მაჩვენებლად მითითებულია - 1127.94 ლარი, თუმცა ცნობის ფარგლებში არ დგინდება კონკრეტულად გვირაბგამყვანის ხელფასს წარმოადგენს აღნიშნული თუ მსგავსს პოზიციაზე (და რომელ პოზიციაზე) მომუშავე ადამიანისას, ასევე არ დგინდგება თუ რა უფლება მოვალეობები აკისრიათ ამ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს.
ამდენად, აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია აღნიშნულ სარგოზე მყოფი ადამიანის უფლებამოვალეობების გაგების და შედარების გარაშე თანხის ოდენობის დადგენა.
ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითება იმის თაობაზე, თუ საიდან და რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ სარჩო 560.00 ლარის ოდენობით, ხოლო, მიუღებელი შემოსავლის სახით - 17 245.44 ლარი.
7.3. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლზე (... საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები") და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ აპელანტს (მოპასუხე მხარეს) მოსთხოვა მოსარჩელე მხარის ქმედუუნარობის დამდგენი დოკუმენტის დედნის წარდგენა, რაც რეალურად არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სწორ გადანაწილებას, გამომდინარე იქიდან რომ გაუგებარია საერთოდ რატომ უნდა ჰქონდეს კომპანიას კონკრეტული ფიზიკური პირის ქმედუნარიანობის დამდგენი დოკუმენტის დედანი. ამდენად, სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო დოკუმენტის დედნების გარაშე.
7.4. აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189 მუხლის "ბ" ქვეპუნქტი ადგენს შეგებებული სარჩელის მიღების წინაპირობას "შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას". განსახილველ შემთხვევასი შეგებებული სარჩელით მხარე დაობდა იმ დოკუმენტის ავთენტურობაზე, რომლის არ არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია აპელანტს (მიუხედავად მის მიერ განხორციელებული გადარიცხვებისა) დაკისრებოდა რაიმე თანხა მოწინაღმდეგე მხარის სასარგებლოდ. შესაბამისად სახეზეა შეგებებული სარჩელის განხილვის წინაპირობა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით მხარის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი განუხილველად დარჩა.
7.5. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში იყენებს ისეთ საერთაშორისო დოკუმენტს ("სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1952 წლის N102 კონვენციის რეგულაციები), რომლებზეც თავად აცხადებს, რომ არ წარმაოდგენს საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტებს, რომ მათი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება.
7.6. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეს მითითებული ჰქონდა, რომ განთვისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟისაგან, თუმცა არ ჰქონდა წარმოდგენილი აღნიშნულის შესახებ მტკიცებულება. შესაბამისად, საქართველოს საპროცესო კოდექსის თანახმად მოსამართლეს არ უნდა მიეღო განსახილველად სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, სააპელაციო საჩივრით და შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილებში, დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. გი-----ი გო----–---–ი მუშაობდა შპს ,,თბილმეტრომშენი’’-ში მეტრომშენებლობის სამმართველოში მე-5 თანრიგის გვირაბგამყვანად. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგადაც უვადოდ - 80%-ით შეეზღუდა შრომის უნარი (ტომი 1; ს.ფ. 17-21);
9. საწარმოო ტრავმის მიღების გამო, შპს ,,თბილმეტრომშენმა’’ მოსარჩელეს დაუნიშნა ყოველთვიური სარჩო 60.96 ლარის ოდენობით (ტომი 1; ს.ფ. 22; ბრძანება);
10. 1995 წლის 20 დეკემბრიდან შპს ,,თბილმეტრომშენი’’-ს მიეკუთვნა საფირმო სახელწოდება სახაზინო საწარმო ,,თბილმეტრომშენი’’.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით, სახაზინო საწარმო ,,თბილმეტრომშენი’’ გარდაიქმნა შპს ,,თბილმეტრომშენი’’-ად;
საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 09 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე , შპს ,,თბილმეტრომშენი’’-ს ეწოდა შპს ,,თბილგვირაბმშენი’’.
2016 წლის 13 ივლისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად კი შპს ,,თბილგვირაბმშენი’’ შეერწყა მოპასუხე კომპანიას (ტომი 1; ს.ფ. 81);
11. მოსარჩელე მოპასუხისგან ყოველთვიურად, სარჩოს სახით ღებულობს 60.96 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 81; ცნობა);
12. მოპასუხე კომპანიაში 2014 წლიდან გაუქმებულია გვირაბგამყვანის თანამდებობა. შესადარებელ ობიექტში - შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’-ში 2015 წლის იანვრიდან 2018 წლის 01 ივნისამდე გვირაბგამყვანის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენდა 1 025.42 ლარს, ხოლო 2018 წლის 01 ივნისიდან - 2019 წლის 15 მაისამდე, ამავე პოზიციაზე დასაქმებულთათვის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენს 1 127.94 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 53-58; საშტატო განრიგები; ს.ფ. 126; ცნობა);
13. წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად, 560 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა, ასევე, სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, 2015 წლის თებერვლიდან - 2018 წლის თებერვლამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის დავალიანების სახით - 17 245.44 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა.
14. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის მეორე ნაწილს (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) შეიძლება დაეფუძნოს, თუმცა ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, 2018 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად, 560 ლარის გადახდის ნაწილში განუსაზღვრელად, წარმატებული ვერ იქნება, რადგანაც არ არის დასაბუთებული ამ შედეგის განაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დადგენილი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, დასაქმებული პირების ამჟამინდელი ხელფასის მიხედვით ითხოვს. პალატა განმარტავს, რომ ამგვარ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც არ არის შესრულებული სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა.
16. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან.
17. პალატა აღნიშნავს, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით პირი შემოსავლით უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელის მიერ სამუშაოსა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ვადით, რამდენითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას.
18. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 65 წელი პენსიის დანიშვნის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე სს ,,ს-----–--------’’-ს მოსარჩელე გი-----ი გო----–---–ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან ყოველთვიურადვადით დაეკისრა სარჩოს სახით 560 ლარის გადახდა.
ამდენად, პალატა განმარტავს, რომ, ერთ შემთხვევაში, 65 წლამდე დაზარალებულის მუშაობის პრეზუმფცია მოქმედებს და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
19. პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს სარჩო გადაუხადონ, უნდა ამტკიცოს, რომ სხვა ამდენივე წლის პირები დასაქმებული არიან კონკრეტულ დარგში და ხანდაზმული ასაკი არ არის დამაბრკოლებელი კონკრეტულ სფეროში საქმიანობისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ იგი ზიანის არარსებობის პირობებში შეძლებდა, შეესრულებინა გვირაბგამყვანის ფუნქციები იმგვარად, რომ დამსაქმებელთან შეენარჩუნებინა მისთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც.
ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე სს ,,ს-----–--------’’-ს მოსარჩელე გი-----ი გო----–---–ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან ყოველთვიურად, განუსაზღვრელი ვადით დაეკისრა 560 ლარის ანაზღაურება, უსაფუძვლოა. პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.1. პუნქტში და მოპასუხე სს ,,ს-----–--------’’-ს მოსარჩელე გი-----ი გო----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან 65 წლის ასაკამდე, ყოველთვიურად სარჩოს სახით 560 ლარის გადახდა.
20. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ გი-----ი გო----–---–ის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სს ,,ს-----–--------’’.
21. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტი სადავოდ ხდის სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების მართლზომიერებას იმ მოტივით, რომ მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვოდა ზიანის მიყენებაში და ამის გამო სარჩოს გადახდის ვალდებულებაც არ უნდა დაკისრებოდა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, თავის დროზე მოსარჩელის წინაშე აღიარა, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, რომელსაც ის ყოველთვიურად კეთილსინდისიერად ასრულებს კიდეც.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მატარებელმა აპელანტმა ვერ გააქარწყლა პრეზუმფცია იმისა, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სუსგ Nას-1220-1145-2015).
22. სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელე მხარის 80%-ით შრომის უნარის დაკარგვა, შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
23. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის არის თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად, რასაც მოჰყვა შრომის უნარის 80%-ით შეზღუდვა. პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩოს ანაზღაურების მავლადებულებელი გარემოების დადგომა, პირს და მის რჩენაზე მყოფ პირებს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. ამდენად, აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია და იგი არ წარმოშობს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე მსჯელობისას სწორად იხელმძღვანელა ზემოთ მოხმობილი ნორმებით, და სწორად შეაფასა, რომ მოპასუხე არამართლზომიერად არ ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას ტოლფასი თანამდებობაზე მომუშავე პირის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით და მოპასუხის მიერ, მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში, ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩო - 1 7 245.44 ლარის ოდენობით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ამ ოდენობით სარჩოს დაკისრების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით იყო საფუძვლიანი. ასევე, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან 65 წლის ასაკამდე, ყოველთვიურად სარჩოს სახით 560 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
24. სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხე ორგანიზაციაში გაუქმებული იყო გვირაბგამყვანის თანამდებობა, აღნიშნული არ გულისხმობდა მოპასუხის ვალდებულებისგან უპირობო გათავისუფლებას. მხოლოდ მითითება საშტატო ერთეულის არ არსებობაზე, არ ათავისუფლებდა მოპასუხეს თავისი წილი მტკიცების ტვირთისგან და მის შედავებას მოთხოვნილი სარჩოს არაგონივრულ ოდენობასთან მიმართებით რელევანტურად ვერ აქცევდა.
24.1. პალატა განმარტავს, რომ სარჩოს დანიშვნა/გადაანგარიშება არ უნდა იქნეს გაგებული უცილობლოდ იმ შრომის ანაზღაურებაზე დამოკიდებელად, რაც პირს დამქირავებელ საწარმოში გააჩნდა. პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა ზოგადად გულისხმობს ამ პროფესიით საქმიანობის შეუძლებლობას და არა ამა თუ იმ საწარმოში მუშაობის შეუძლებლობას. აქედან გამომდინარე საწარმოო ტრამვის არ ქონის შემთხვევაში მოსარჩელე შეძლებდა მუშაობას სხვა საწარმოში და ხელფასსაც მიიღებდა, რაც წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებებლი გარემოება (სსკ-ის 408.1 მუხ).
რაც შეეხება საკითხს თუ რამდენად იყო სავარაუდო დამსაქმებლისთვის ზიანის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება, თანაც იმ პირობებში, როცა საწარმოში გვირაბგამყვანის პოზიცია გაუქმებული იყო, მოსარჩელე კი, ტრამვის არარსებობის შემთხვევაში სხვა საწარმოში შეძლებდა თავისი პროფესიით მუშაობის დაწყებას და გაზრდილ ხელფასსაც მიიღებდა.
პალატა მიუთითებს, რომ საწარმოო ტრმვის მიღების დროს, რასაც 80 პროცენტით, უვადოდ, პროფესიული შრომისუნარინონის დაკარგვა მოჰყვა, მოსარჩელე იყო 26 წლის ასაკის, გააჩნდა 4 წლამდე პროფესიული სამუშაო გამოცდილება და გვირაბგამყვანის მე-5 თანრიგი. ამ მონაცემებით, პალატის მოსაზრებით, ტრამვის არარსებობის შემთხვევაში მოსრჩელე ნებისმიერ სხვა საწარმოში შეძლებდა თავისი პროფესიით მუშაობის დაწყებას და გაზრდილ ხელფასსაც მიიღებდა.
სადავო არ არის ის რომ ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად იზრდება როგორც შემოსავლები ისე ხარჯები. სწორედ ამით არის ნაკარნახევი დადგენილი სასამართლო პრაქტიკა სარჩოს ოდენობის გაზრდილი ხელფასიდან გადაანგარიშების შესახებ. იმ მოსაზრების დაშვების შემთხვევაში, რომ დამსაქმებლისთვის მხოლოდ საწარმოო ტრამვის მიღების დროს არსებული ხელფასიდან სარჩოს დაანგარიშება იყო სავარაუდო, ასეთ პირობებში სარჩოს გადაანგარიშებაც დაუშვებელი იქნება.
25. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის გონივრულობის დასადგენად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ მითითებული კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით. შესადარებელ ობიექტში - შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’-ში 2015 წლის იანვრიდან 2018 წლის 01 ივნისამდე გვირაბგამყვანის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენდა 1 025.42 ლარს, ხოლო 2018 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 15 მაისამდე ამავე პოზიციაზე დასაქმებულთათვის თვეში დარიცხული საშუალო ხელფასი შეადგენდა 1 127.94 ლარს. ამასთან, საყურადღებო იყო, რომ სასამართლო, ისევე როგორც უპირველესად მოსარჩელე არ ახდენდა შესადარებელი კომპანიის მიერ მითითებულ ხელფასთან მის მიერ მოთხოვნილი სარჩოს ოდენობის ავტომატურ გატოლებას, არამედ საშუალო ხელფასად აღებული იქნა მხოლოდ 700 ლარი, საიდანაც მოხდა სარჩოს დაანგარიშება, კეძოდ მითითებული თანხის 80 პროცენტის სახით, რაც შეადგენს 560 ლარს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოთხოვნილი სარჩოს ოდენობის გონივრულობას.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს (საკასაციო სასამართლოს მიერ Nას-288-237-2010 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით), რომ ყოველი საწარმო დასაქმებულთა ანაზღაურებას ადგენს თავისი ეკონომიკური შესაძლებლობის ფარგლებში და რომ დაუშვებელია კონკრეტული საწარმოსთვის მუშაკის სასარგებლოდ იმ ოდენობის სარჩოს დაკისრება, რაც სხვა - მეტი ან ნაკლები რესურსების მქონე საწარმოს მიერაა განსაზღვრული. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ავტომატურად არ მომხდარა სარჩოს გადაანგარიშება სხვა საწარმოში არსებული ხელფასიდან, არამედ აღებული იქნა სხვა საწარმოს ხელფასის მხოლოდ 62 პროცენტი და ისე მოხდა დაანგარიშება.
26. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის 7.1. პუნქტში მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,საქ. სპეცტრანსის’’ უარი ეთქვა მოპასუხე გი-----ი გო----–---–ის მიმართ, სარჩოს გაუქმების თაობაზე, შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ამ განჩინებაზე, შეგებებული სარჩელის ავტორს კერძო საჩივარი არ შეუტანია. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების 7.1. პუნქტში და შეეხება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინებაში არსებულ უსწორობებს.
27. რაც შეეხება აპელირებას მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის თაობაზე, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 46.1. მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
28. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს-----–--------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილების 1.1. პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალ გადაწყვეტილება; მოპასუხე სს ,,ს-----–--------’’-ს მოსარჩელე გი-----ი გო----–---–ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან ყოველთვიურად, 65 წლის ასაკის მიღწევამდე, დაეკისროს სარჩოს სახით 560 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა;
3. დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
გოგიტა თოთოსაშვილი