განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
330100119002935141
ინსტანცია
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119002935141-1ბ/1931-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

20 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ---------–-----ე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ჯ--–---------–--რი, დაბადებული 19---–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-----–----------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ს------------------–--------------------------42;

 

ადვოკატი: ნ-----------–---–-

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წელი და 06 (ექვსი) თვე, დამატებითი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ--–---------–--რმა, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ჯ--–---------–--რს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2019 წლის 23 თებერვალს, 16:10 საათზე, თ---–--–------------–------------–-ში, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი ჯ--–---------–--რი უკანონოდ ინახავდა, ასევე, უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონით 0,001203 გრამს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის;

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---–----------–------ 1-ლი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების, მოწმეების - ლა–-------------------------–-–------ ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. დღის მეორე ნახევარში პატრულირებდნენ სოფელ ფ-------–-–-, რა დროსაც დ---------- ქუჩის მიმდებარედ, სავალი გზიდან დაახლოებით 5 მეტრში, ბუჩქნართან შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩაიკუზა და ბუჩქებთან რაღაც დადო. მყისიერად გადმოვიდნენ მანქანიდან და მივიდნენ მასთან, რათა გაერკვიათ, რა დადო. დ-------–-–-ბიძე გაესაუბრა მამაკაცს, რომელიც ჯ--–---------–--რი აღმოჩნდა, ლ-–---------- კი ბუჩქიდან ამოიღო კოლბა, ყავისფერი სითხით და ბამბით, ასევე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცი. შპრიცი, კოლბასთან ერთად, ადგილზევე დალუქეს, ხოლო ჯ--–---------–--რი დააკავეს და გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური.

 

მოწმე გ--------------–---–-ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 23 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გავიდა თ---–--–-, ფ-------–-- დასახლებაში, დ---------- ქუჩის მიმდებარედ. ადგილზე პატრულ-ინსპექტორებს დაკავებული ჰყავდათ ჯ--–---------–--რი, გაესაუბრა პატრულ-ინსპექტორ ლ-–---------ს და შეიტყო, რომ სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობისას შენიშნეს დაკავებული, რომელმაც იქვე, საავტომობილო გზის პირას, ბუჩქებში დადო მცირე ზომის ფლაკონი და შპრიცი, რის შემდეგაც დააკავეს, ასევე, შეიტყო, რომ შპრიცი და მინის ფლაკონი პატრულ-ინსპექტორმა აიღო და დაკავებულის თანდასწრებით დალუქა. ლ-–------------- ადგილზევე ამოიღო პოლიეთილენის პაკეტში დალუქული მინის ფლაკონი და შპრიცი, რომელიც ჩათვალა, რომ ინსულინის იყო. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ჰქონდა ხელმოწერებიც. პატრულ-ინსპექტორისგან ამოღებული ნივთმტკიცება გაუხსნელადვე დალუქა პოლიეთილენის პარკში. ამოღებულ ნივთებზე დანიშნა ექსპერტიზა და გადააგზავნა კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ასევე, ექსპერტებისა და ლ-–--------ძის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით, მინის ფლაკონიდან და შპრიცის კედლებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები, განჩინების საფუძველზე მოხდა ნერწყვის ნიმუშის აღებაც. აღებული ანაწმენდები გადააგზავნა ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე.

 

2019 წლის 23 თებერვლის ამოღების ოქმის მიხედვით, თ---–--–-, სოფელ ფ-------–-–-, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–------------- ამოღებულ იქნა ერთი ცალი ე.წ. ინსულინის სამედიცინო შპრიცი და ერთი ცალი მინის ფლაკონი, მოყავისფრო სითხით და ბამბით, რომელიც მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და დალუქულია N20 ლუქით. ლ-–------------- ამოღებული დალუქული პარკი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა, მოწმე ნ--------------ემ დაადასტურა 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 16:10 საათზე, სოფელ ფ-------–-–-, ჯ--–---------–--რის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით მის მიერ ფორმა N1-ის შედგენა და გამოძიების დაწყება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

მოწმედ დაკითხული ექსპერტების - თ----------------–---–--------------–------–---–---- ჩვენებებით, 2019 წლის 23 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოდან გამოიძახეს ქვემო ფ-------–-–-, სადაც დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, დაახლოებით 20-25 მეტრში, გრუნტიან, მინდვრებიან გზაზე დახვდათ გამომძიებელი და პატრულ-ინსპექტორი, განუმარტეს, რომ ამ ბუჩქიან გზაზე შენიშნეს მოქალაქე, რომელიც ჩაჯდა და როდესაც მივიდნენ, აღმოაჩინეს შუშის ფლაკონი, სითხით. პატრულ-ინსპექტორის მითითებით დაასურათეს ტერიტორია, რაზეც შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნენ და ხელი მოაწერეს.

 

2019 წლის 23 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტების - თ----------------–---–--------------–------–---–----, ასევე, პატრულ- ინსპექტორ ლ-–---------ს მონაწილეობით, გამომძიებელ გ--------------–---–-ს მიერ დათვალიერდა თ---–--–-, სოფელ ფ-------–-–-, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორია წარმოადგენს სოფლის განაპირას გამავალ გრუნტიან საავტომობილო გზას. გზა მდებარეობს სოფელ ფ-------–ას ჩრდილო-დასავლეთის მხარეს და გარშემო აკრავს მინდვრები. გზის მარცხენა მხარეს არის ბუჩქნარი. დათვალიერებაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორმა მიუთითა ხსენებული გრუნტიანი გზის მარცხენა მხარეს, იმ ადგილას, სადაც ჯ--–---------–--რმა დადო მინის ფლაკონი, მასში მოთავსებული სითხით და ბამბით. ასევე, მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შეაჩერეს ჯ--–---------–--რი.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702611 დასკვნით, 2019 წლის 23 თებერვალს ჯ--–---------–--რი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული გამოკლევისთვის ბიოლოგიური მასალის (შარდის) ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--------–-----ა.

 

ქიმიური ექსპერტიზის N817/სქ-927/ქრ დასკვნით, მინის ფლაკონში არსებული მოყავისფრო სითხე, რაოდენობით 0,2 მლ, და ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,00088 გრამს; 3 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები - ჰეროინი, წონით 0,000323 გრამი, და მორფინი (ფუძე), წონით 0,000024 გრამი. საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0,001203 გრამს.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - ნ----------------------------------–--–---–---მ სასამართლოში დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N005869719 დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,...შპრიციდან და მინის ფლაკონიდან ანაწმენდები...‘‘, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N1; კონტეინერი, წარწერით: ,,შპრიციდან ანაწმენდი‘‘) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ჯ--–---------–--რს (ობ. N3, პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... ბრალდებულ 30.08.1977წ. დაბადებულ ჯ--–---------–--რის პირის ღრუდან...‘‘); ანაწმენდზე (ობ. N2; კონტეინერი, წარწერით: ,,მინის ფლაკონიდან‘‘) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ--–---------–--რს (ობ. N3).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა ქ-----------------–-–---–-ა დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ შპრიცზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, მაგრამ გამოვლინდა ძირითადი, ანუ მაჟორული წილი, რომელიც ეკუთვნოდა ჯ--–---------–--რს. მინის ფლაკონზე იყო მხოლოდ ერთი პიროვნების ბიომასალა და გენეტიკური პროფილი, რომელიც, ასევე, ჯ--–---------–--რს ეკუთვნოდა. მოწმის განმარტებით, მაჟორული წილი ნიშნავს, როცა შერეულ გენეტიკურ პროფილში ერთი ბიომასალა აღემატება მეორეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით, ჯ--–---------–--რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი,ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016) აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდა სახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’;

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად N2-ის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის მცირე ოდენობაა 0,2 გრამამდე. დანართის შენიშვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ოდენობა 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ვინაიდან ჯ--–---------–--რის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 0,001203 გრამი, აღნიშნული წარმოადგენს საწყის ოდენობას.

ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდე ბარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით, ჯ--–---------–--რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით. აქედან გამომდინარე გამომდინარე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯ--–---------–--რი ითვლება ნასამართლევ პირად.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რის მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რის მხილების კუთხით არსებობს მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები რომელთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. პალატა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების, მათ შორის მხარეთა მიერ სადავოდ და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას პალატა ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

ამასთან, პალატა მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რის მიმართ ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მართალია მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ჩვენება სასამართლოს არ აქვს, თუმცა მისი პოზიციაა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოწმეებმა - ლ-–---------- და დ--------–-–-----მ (პატრულ-ინსპექტორები) მიუთითეს, რომ 2019 წლის 23 თებერვალს, სოფელ ფ-------–-–- საპატრულო ეკიპაჟით პატრულირებისას, დ---------- ქუჩის მიმდებარედ, გრუნტიან და მინდვრიან ადგილზე, დაინახეს მამაკაცი, რომელიც ჩაიკუზა და ბუჩქთან რაღაც დადო. მყისიერად მივიდნენ მასთან, რა დროსაც ლ-–---------- მითითებული ადგილიდან ამოიღო მინის ფლაკონი, შიგთავსით (ყავისფერი სითხით და ბამბით), და შპრიცი. დ-------–-–-ბიძის შეფასებით, მან შესაძლოა ვერ მოასწრო მოხმარება. როგორც პატრულ-ინსპექტორების, ისე, გამომძიებელ გ--------------–---–-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტების ჩვენებებით ირკვევა, მითითებული ადგილი მოშორებულია დასახლებული პუნქტიდან, ამასთან, არც ერთ იქ მყოფს არ უთქვამს, რომ მახლობლად ვინმე სხვა პირი შეინიშნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ დ-------–-–-ბიძემ და ლ-–---------- დაინახეს ჯ--–---------–--რის მიერ ფლაკონის დადების მომენტი, რაც, მდებარეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, გამორიცხავს ნივთის სხვა პირისადმი კუთვნილებას. ხოლო ის გარემოება, რომ ჯ--–---------–--რი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ (ბიოლოგიური კვლევა ვერ ჩატარდა მის მიერ მასალის ჩაუბარებლობის გამო), არ გამორიცხავს აღნიშნული ნივთიერების მის მიერ ფლობის ფაქტს, რამდენადაც სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს ერთობლიობაში, რა დროსაც, ასევე, ითვალისწინებს მსჯავრდებულის არაგულგრილ დამოკიდებულებას ნარკოტიკული საშუალებებისადმი, რასაც ადგენს ნარკოტიკული დანაშაულისათვის არაერთი ნასამართლობით.

 

მსჯავრდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე. ოქმზე ჯ--–---------–--რის ხელით არის მიწერილი: ,,გავეცანი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს...‘‘ რასაც ხელს აწერს. ოქმზე არავითარი შენიშვნა/განცხადება არ ფიქსირდება. სასამართლო, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევს სავალდებულოდ ოქმზე შენიშვნის სახით განმარტების არსებობას, თუმცა, როდესაც პირს აკავებენ და მის მიმართ ატარებენ იძულებით ღონისძიებას, თუ იგი არ ეთანხმება მოქმედების შინაარსს, ეჭვს გარეშე უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგოს დაფიქსირების სურვილი, უკიდურეს შემთხვევაში, ხელის მოწერაზე მაინც უნდა ჰქონდეს გამოვლენილი უარყოფითი ნება, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ქე----------------–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შპრიცზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილიც ეკუთვნის ჯ--–---------–--რს, ხოლო მინის ფლაკონზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი არის მხოლოდ ჯ--–---------–--რის. აღნიშნული ცხადყოფს, რომ დ---------- ქუჩის მიმდებარედ არსებული გზის განაპირას, ბუჩქის ძირიდან პატრულ-ინსპექტორ ლ-–---------ს მიერ ამოღებულ მინის ფლოკონს, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შიგთავსით, და ერთჯერადი მოხმარების შპრიცს, ამოღებამდე ფლობდა ჯ--–---------–--რი.გამომძიებლისა და პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ამოღების ოქმთან, რომლის თანახმადაც, გ--------------–---–-- ლ-–------------- ამოიღო ზემოაღნიშნული ნივთები დალუქული სახით, რაც შემდგომში გამოსაკვლევად გაიგზავნა ქიმიურ ექსპერტიზაზე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - პ-------–--–---–-------------------------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მინის ფლაკონში არსებული მოყავისფრო სითხე და ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,00088 გრამს, ხოლო შპრიცის შიდა კედლებზე არსებული ჰეროინის წონაა 0,000323 გრამი, რაც ერთიანობაში შეადგენს 0,001203 გრამს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ 2019 წლის 23 თებერვალს, თ---–--–-, სოფელ ფ-------–-–-, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევმა ჯ--–---------–--რი უკანონოდ ინახავდა, ასევე, უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონით 0,001203 გრამს. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა ჯ--–---------–--რმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის, ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

ამასთან პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებულია დაცვის მხარის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რი უდანაშაულოა და რომ მისი დანაშაულებრივი ქმედების დასამტკიცებლად ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. მსჯავრდებულის ამგვარი პოზიცია მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ამავე დრო დაცვის მხარის პოზიცია თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის თანხვედრაში საფუძველს მოკლებულია. დაცვის მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც არათუ უარყოფდა, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობაში, რომ ეს ეჭვი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ ყოფილიყო გადაწყვეტილი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჯ--–---------–--რის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

ჯ--–---------–--რის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, ასევე, ითვალისწინებს იმას, რომ მისი ქმედებით ზიანი არავის მისდგომია. ამასთან, მართალია, ჯ--–---------–--რი ნასამართლევია, თუმცა, რამდენადაც აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, აღნიშნული გარემოება სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება.

 

ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ჯ--–---------–--რი დანაშაულის ჩადენის დროს, 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა ხსენებული განაჩენით განაზღვრული პირობითი მსჯავრი გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის განაჩენით.

 

შესაბამისად, სასამართლო ჯ--–---------–--რის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდება, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ ვითარებაშიც სასჯელის დანიშვნა ხდება როგორც ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების (რეციდივის დროს), ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 2019 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქავს ახლად დანიშნულ სასჯელს. ამასთან, ჯ--–---------–--რს საბოლოო სასჯელში ჩაეთვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ იმდენად რამდენადაც ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა 2019 წლის 12 მარტის განაჩენმა, რომლითაც ჯ--–---------–--რს დანიშნული აქვს სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით და აღნიშნული (2019 წლის 12 მარტის) განაჩენი არაა გასაჩივრებული, პალატა ვერ იმსჯელებს ამ განაჩენის ნაწილში სასჯელის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის) კანონიერების საკითხზე.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯ--–---------–--რს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს უფლებები;

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი, ჯ--–---------–--რის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ჯ--–---------–--რის სააპელაციოსაჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.ჯ--–---------–--რი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი და ჯ--–---------–--რს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

4.ჯ--–---------–--რს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

5.ჯ--–---------–--რს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის განაჩენით მოხდილია ნაწილობრივ 2019 წლის 12 მარტიდან 2019 წლის 24 ოქტომბრამდე. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით და 2019 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 12 მარტამდე.

 

6.ჯ--–---------–--რს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები განადგურდეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი