განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002541654
2ბ/5435-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი- შპს „გ----------ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ძ---“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის დაუსწრებელი შპს ,,გ----------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით შპს ,,გ----------ის" საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.3. „შპს გ----------ის“ სარჩელში აღნიშნულია:
მოსარჩელე 2015 წლის განმავლობაში მოპასუხეს აწვდიდა სამშენებლო მასალების წარმოების დანადგარებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოწყობილობებს. შპს ,,ძ---ს" 2015 წლის განმავლობაში მიეწოდა 44 520 ლარის ღირებულების პროდუქცია. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 1 თვის განმავლობაში, თუმცა შპს ,,ძ---" თანხებს რიცხავდა დაგვიანებით და ნაკლები ოდენობით.
შპს ,,ძ---სთვის" საქონლის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2015 წლის 18 ივლისს, რომლის ღირებულება შეადგენდა 24 992.40 ლარს დღგ-ს ჩათვლით. წინა დავალიანების თანხის ნაწილი 26 000 ლარი მოპასუხის მაგივრად გადაიხადა შპს ,,ბ-------ომ". შესაბამისად, შემცირდა დავალიანება და მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 4 834.01 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 4 834.01 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებას.
2019 წლის 01 აპრილს, 11:00 საათზე მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელს ბ------ ბ---------ს 2019 წლის 13 მარტს ტექნიკური საშუალებით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ. აღნიშნულზე შედგა სატელეფონო აქტი, რომელიც დაერთო საქმეს. მოსარჩელე მხარეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონის 229-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა მოსარჩელე, არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადო მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, 2-ე-3-ე ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში - ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს 2019 წლის 13 მარტს ტექნიკური საშუალებით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ. აღნიშნულზე შედგა სატელეფონო აქტი, რომელიც დაერთო საქმეს. მოსარჩელე მხარეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მხარეს ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე მხარე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.4. 2019 წლის 30 აპრილს შპს „გ----------ის“ წარმომადგენელმა სასამართლოში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა საჩივრითა და სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით მიუთითა, რომ სხდომის დრო ჩაინიშნა მანქანაში, ალბათ ამან გამოიწვია ეს გაუგებრობა და სასამართლოში გამოცხადდა 15:00 საათზე. თუმცა სხდომაზე გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასამართლოსადმი უპატივცემულობას, ან/და საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობას. საქმის მასალებიდანაც ირკვევა, რომ მათი მხრიდან ყველა გზა იქნა გამოყენებული, რომ მოპასუხისათვის სარჩელი ჩაებარებინათ, თუმცა უშედეგოდ, რაც შემდეგ სასამართლოს მიერ პოლიციის მეშვეობით განხორციელდა. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან ბევრი დრო და ენერგია დაიხარჯა მოპასუხის მოსაძებნად, სარჩელის ჩასაბარებლად და მოსამზადებელი ეტაპის დასასრულებლად, აღშნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე დაინტერესებული იყო საქმის განხილვით, მის მიერ მოხდა სხდომის დროის ჩანიშვნა არასწორედ.
ამასთან, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ როდესაც ჰქონდა მონიშნული სხდომის დრო, ზუსტად იმ დროს გამოცხადდა სასამართლოში, მის მიერ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ალბათ სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საპატიო მიზეზად ავადმყოფობა დაუსახელებია მხარეს და წარმოუდგენია საავამდყოფო ფურცელი, თუმცა მისი მხრიდან სასამართლოსათვის გულწრფელად იქნა დასახელებული ნამდვილი ობიექტური მიზეზი სხდომაზე დაგვიანებით გამოცხადების თაობაზე. კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვაზე კატეგორიული და მკაცრი არ არის და ითვალისწინებს შესაძლებლობებს და გარემოებებს, რამაც გამოიწვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მხარე იმიტომ მოდის სასამართლოში, რომ მან მანამდე ყველა რესურსი ამოწურა და ვერ მიაღწია შედეგს. ამდენად, მას აქვს იურიდიული ინტერესი, რომ საქმე განხილულ იქნას სასამართლოს მიერ. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და განმარტა, რომ მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის პირველი, 2-ე-3-ე ნაწილებით, მხარეს, ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ- ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში - ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამავე კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ბ------ ბ---------ს 2019 წლის 13 მარტს ტექნიკური საშუალებით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლისა და 74-ე მუხლის თანახმად ითვლება მხარისათვის უწყების ჩაბარებად. მოსარჩელეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონის 229-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლო განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი). შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას, სახელდობრ:
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება, ა) თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საჩივრის ავტორი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს მასზედ, რომ 2019 წლის 01 აპრილს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დროდ მისთვის ცნობილი იყო 15:00 საათი. ასევე, საჩივარში შპს ,,გ----------ის" დირექტორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის დღის შესახებ სასამართლოს უშუალოდ მისთვის არ უცნობებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოცხადდებოდა სასამართლოში. ასევე სადავოა ჰქონდა თუ არა სასამართლოს ვალდებულება გზავნილი გაეგზავნა წარმომადგენლისათვის.
მოსარჩელის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 01 აპრილის სხდომის შესახებ 2019 წლის 13 მარტს.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა 2019 წლის 01 აპრილს, 15:00 საათზე, ანუ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, უდავოდ არის დადასტურებული, რომ მოსარჩელეს სასამართლო სხდომის დღე და საათი ეცნობა შეცდომებისა და ხარვეზების გარეშე კანონით დადგენილი წესით, ხოლო სასმართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა წარმოადგენდა მათ მიერ დაშვებულ გაუფრთხილებელ შეცდომას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 13 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილამდე მოსარჩელეს, მისი მხრიდან სათანადო წინდახედულობის გამოჩენით შეეძლო თავისუფლად, როგორც ელექტრონულად, ისე სასამართლოში გამოცხადებისა, თუ მოსამართლის აპარატთან სატელეფონო კონტაქტის მეშვეობით გადაემოწმებინა, როგორც სხდომის დღის თარიღი, ასევე სხდომის დაწყების კონკრეტული დრო (საათი).
კანონმდებლობით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება სხდომის თარიღისა და ჩატარების ადგილის შესახებ მხარის ინფორმირების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას შეახსენოს ჩანიშნული სხდომის შესახებ პროცესში მონაწილე მხარეებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარის ინფორმირების წესი დაცულია, რაც ადასტურებს, რომ არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების კანონით გათვალისწინებული გაუქმების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, 2-ე-3-ე ნაწილებით, მხარეს, ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ- ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
სასამართლო არ არის ვალდებული სასამართლო სხდომის დღის თარიღი აცნობოს მხარეს და მის წარმომადგენელს. მხარისათვის უწყების სათანადო წესით ჩაბარებულად მიჩნევისათვის კანონი საკმარისად მიიჩნევს უწყების ჩაბარებას ერთ-ერთ მათგანზე, რაც განსახილველ შემთხვევაშიც კანონის შესაბამისად იქნა განხორციელებული.
სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თაობაზე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება წარმომადგენლის ქმედებითაც, კერძოდ, იგი დანიშნულ დღეს გამოცხადდა სხდომაზე, რაც მიუთითებს, რომ ინფორმირებული იყო სხდომის ჩატარების დროის თაობაზე, ხოლო სხდომაზე დაგვიანებით გამოცხადების რაიმე საპატიო მიზეზი მითითებული არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ სხდომის თარიღი ჩაიწერა მანქანაში და სავარაუდოდ ვერ გაიგონა სწორად საათი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
იმ გარემოებათა წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებებმა ვერ დაასაბუთა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების საპატიოობა და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც, არ არსებობდა 2019 წლის 01 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საპროცესო სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ამდენად, შპს ,,გ----------ის" საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებაში აღნიშნულია ყველა ის გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული საქმის მომზადებისას და მსვლელობისას, თუმცა საერთოდ არ არის ყურადღება გამახვილებული იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „გ----------ი“ მთელი 6 თვის განმავლობაში მონდომებით ცდილობდა სარჩელი და თანდართული მასალები ჩაებარებინა მოპასუხისათვის რაც ვერ მოახერხა, იმ მიზეზით, რომ მოპასუხე თავს არიდებდა სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარებას. მოპასუხეს (შპს ძ---ს) ბოლოს მასალები გაუგზავნა სასამართლოს მიერ მოპოვებულ მისამართზე და მაინც ვერ ჩაბარდა. ამის შემდეგ შპს „გ----------მა“ იშუამდგომლა მასალების საჯარო წესით ჩაბარებაზე, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და პოლიციის ძალით ჩააბარა მასალები. ამ ფაქტობრივ გარემოებაზე ხაზის გასმით აპელანტს სურს, სასამართლომ დაინახოს მოსარჩელის მცდელობა და იურიდიული ინტერესი, რომ მოსარჩელე მოწოდებული და მონდომებული იყო პროცესის გამართვაზე და მის ინტერესებში იყო სასამართლო სხდომის გამართვა. შპს „გ----------მა“ ჩაბარებასთან დაკავშირებული სასამართლოს ყველა მოთხოვნა და მითითება შეასრულა ყურადღებით და ზედმიწევნით ზუსტად (მტკიცებულება: სასამართლოში წარდგენილი ჩაუბარებელი საფოსტო გზავნილები და შუამდგომლობა).
აპელანტის განმარტებით, 2019 წლის 23 მაისის სხდომაზე, სადაც ორივე მხარე ესწრებოდა, მსჯელობა გაიმართა როგორც საჩივართან დაკავშირებით, ასევე, სარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს თავისი ვალდებულებები ბოლომდე არ ჰქონდა შესრულებული და დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმედზე და ხარჯზე მას საშუალება მიეცა დაეძვრინა თავი პასუხისმგებლობისაგან, რომ იგი თავისი ვალდებულებეის შესრულებას არაკეთილსინდისიერად არიდებდა თავს. აპელანტის მტკიცებთ, მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოცემულ საქმეზე არ გამოიყენა მაღალი სასამართლეო პრაქტიკა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ფაქტიურად გამოიყენა შპს „გ----------ი“-ს დასასჯელად.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე სასამართლოში გამოცხადდა 2019 წლის 01 პარილს, 15:00 საათზე როდესაც ჩანიშნული ჰქონდა მას სხდომა. ამის შესახებ ჩანაწერი სასამართლომ თავის 2019 წლის 23 მაისის განჩინებაში გააკეთა და ჩაწერა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლოში გამოცხადდა 2019 წლის 01 აპრილს 15:00 საათზე და ეს შეესაბამება სიმართლეს. შპს „გ----------ი“-ს წარმომადგენლი სწორედ მაშინ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, როდესაც მას ჩანიშნული ჰქონდა სხდომა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 15:00 საათის ნაცვლად სხდომა უკვე გამართული იყო და დასრულებული იყო 11:00 საათზე. სასამართლო დავარწმუნეთ იმაში, რომ სხდომაზე და თანაც მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო სასამართლოსადმი უყურადღებობის ან/და უპატივცემულობის შედეგი, არამედ პროცესის გამართვა მოსარჩელის მნიშვნელოვან იურიდიული ინტერესს წარმოადგენდა და ამაზე ბევრი რესურსიც დახარჯა. კერძოდ, მთელი 6 თვე ცდილობდა სარჩელის და მასალების მოპასუხისათვის ჩაბარებას, თუმცა მუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა თავს არიდებდა სასამართლოდან გზავნილის ჩაბარებას.
აპელანტის განმარტებით, შპს „გ----------ი“ ასევე გულახდილი და ობიექტური იყო საჩივრის წარდგენისას, რომ გაუქმებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, და გაგრძელებული ყოფილიყო საქმის განხილვა. 2019 წლის 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძვლად მითითითებული იყო, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული სასამართლოსადმი უპატივცემულობით, დროის გაჭიანურებით, მოსარჩელე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე 15:00 საათზე, როგორც ეს მონიშნული ჰქონდა შეტყობინების შესაბამისად. საჩივარში მითითებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებებისადმი სასამართლოში დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი, როდესაც მხარეთა იურიდიული ინტერესის არსებობისას საქალაქო სასამართლო უმრავლეს შემთხვევაში აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მხარეებს აძლევს საშუალებას არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით და სამართლიანი სასამართლოს გზით დაიცვან თავიანთი სამოქალაქო უფლებები (იხ. საჩივარი). აპელანტის მტკიცებით, ეს მიდგომა ამკვიდრებს მაღალ სამოსამართლო პრაქტიკას, ასევე წარმოადგენს საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნას და მოსამართლეთა უმეტესობა მიისწრაფვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისაკენ.
აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები ითვალისწინებს პროცესზე დაბარების გზებს და ხერხებს. ამ მუხლების დანაწესიდან გამომდინარე სხდომის დრო და ადგილი უნდა ეცნობოთ მხარეებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დაცული და შპს „გ----------ს“ სხდომის შესახებ არ ეცნობა. კანონი სასამართლოს ავალებს, რომ ეს მოთხოვნები ფორმალურად კი არ იქნეს შესრულებეული, არამედ ობიექტურად და სასამართლოს ყოველმხრივ მომზადებისა და გამართვის მიზნით, ხოლო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი უშვებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიუღებლობის შესაძლებლობას თუ მხარეს არ ეცნობა ან ვერ ეცნობა 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, ასევე თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემობების შესახებ. შპს „გ----------ს“ არ ეცნობა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელის და მტკიცებულებების შესახებ.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, როგორც დასჯის საპროცესო ღონისძიების გამოყენების და მის გამოყენებას უშუალოდ შპს „გ----------ი“-ს მიმართ არ ეთანხმება, ვინაიდან, ასეთი მსჯელობით შპს „ძმას“ მიმართ, რომელიც თავს შეგნებულად არიდებდა სასამართლო გზავნილის ჩაბარებას არაერთხელ უნდა მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მთელი 6 თვის განმავლობაში ვერ ჩაბარდა სამართლო გზავნილი და მიუხედავად იმისა, რომ შპს „გ----------ი“-ს თავისი საპროცესო მოვალეობა შესრულებული ჰქონდა გზავნილის გაგზავნასთან დაკავშირებით, და 2 თვიან ვადაში შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოს წარუდგინა, სასამართლომ შპს „გ----------ს“ დამატებით, კიდევ 2-3 ჯერ გააგზავნინა შეტყობინება ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელა საჯარო შეტყობნებაზე. ამდენად, შეტყობინების ჩაბარება-არჩაბარება და მხოლოდ მის საფუძველზე დამყარებული სასამართლო გადაწყვეტილება ვერასდროს ვერ იქნება საქმეზე ობიექტური და ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების საფუძველი.
აპელანტის მტკიცებით, ერთიდაიგივე საქმეზე, მოპასუხის მიმართ საპროცესო ღონისძიებების განუხორციელებლობა და შპს „გ----------ი“-ს დავალდებულება კანონის მოთხოვნათა მიღმა გარკვეული მოქმედებების შესრულებაზე და მეორეს მხრივ მოსამზადებელ სხდომაზე, მაშინ როდესაც მოსარჩელისათვის უცნობია სხდომის გამართვის დრო და ადგილი, და როდესაც შესაგებელიც კი არ ჩაბარებია, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით „დასჯა“ და შემდეგ განჩინებით გამყარება, არ იძლევა სამართლიანი სასამართლოს მიღების შესაძლებლობას, ხელს არ უწყობს მაღალი სამოსამართლო სტანდარტის დამკვიდრებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიიჩნევს შედეგს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით სამოქალაქო საქმის №2/21170-18 განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე, 2019 წლის 01 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №64 (ტ. І, ს.ფ. 96-97).
2019 წლის 13 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელს ბ------ ბ---------ს ეცნობა 2019 წლის 01 აპრილს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სატელეფონო შეტყობინების გზით, მასვე კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, რის თაობაზეც შედგა აქტი (ტ. І, ს.ფ. 98).
2019 წლის 01 აპრილს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 01 აპრილს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,გ----------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (ტ. I, ს.ფ. 113-116).
4.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 01 აპრილის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ასევე სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე მის გაუქმებას მოითხოვს შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არა სასამართლოს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებით, არამედ გარკვეული სახის შეცდომით. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელს ბ------ ბ---------ს სასამართლო უწყება ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით, რა დროსაც ბ------ ბ---------ი იმყოფებოდა საჭესთან, ზუსტად ვერ გაიგონა სასამართლოს ჩატარების დრო და 11:00 საათის ნაცვლად მოინიშნა 15:00 საათი. აღნიშულ დროს, 01.04.2019წ. 01 აპრილს 15:00 საათზე მოსარჩელის წარმომადგენელი ბ------ ბ---------ი გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა აღმოჩნდა, რომ სხდომა უკვე დამთვარებული იყო. ასევე, აპელანტის წარმომადგენლის მტკიცებით, სასამართლო უწყების ჩაბარება უნდა მომხადარიყო უშუალოდ მხარისათვის, შპს „გ----------ისათვის“, რადგან საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები ამას ავალდებულებს სასამართლოს.
პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო უწყება სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს, ბ------ ბ---------ს ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია სარჩელში (ტ. I, ს.ფ.2). ასევე, სარჩელზე თანდართულია რწმუნებულება, რომლითაც ბ------ ბ---------ს ეძლევა უფლებამოსილება წარმოადგინოს შპს „გ----------ი“ საქართველოს სასამართლოებში (ტ. I, ს.ფ.25). შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის მითითება, რომ უშუალოდ მხარეს უნდა ჩაბარებოდა უწყება არ არის მართებული, ვინაიდან ბ------ ბ---------ი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით გათვალისწინებულ წარმომადგენელს, რომელსაც მხარის ნაცვლად შესაძლოა ჩაბარდეს უწყება. ხოლო, რა საშუალებით ჩაბარდება უწყება მხარეს ან მის წარმომადგენელს ეს სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ ბ------ ბ---------ი მოსარჩელის წარმომადგენლად თავად მოსარჩელის მიერაა მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ სარჩელში. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ------ ბ---------ს სასამართლო უწყება ჩაბარდა, როგორც უფლებამოსილ წარმომადგენელს, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია, რათა უწყება ჩაბარებულად ჩაითვალოს.
სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და სადავო საპროცესო მოქმედების – სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას გაამართლებს. პალატის მოსაზრებით, 2019 წლის 13 მარტიდან სასამართლო შეტყობინების განხორციელებიდან 2019 წლის 01 აპრილამდე - დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე, მხარეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ზედმიწევნით დაეზუსტებინა სადავო საკითხი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი). შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას, სახელდობრ:
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება, ა) თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია მხარეს აქვს ინეტერესი განსახილველი დავის მიმართ, თუმცა მხარემ გამოიჩინა დაუდევრობა, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე დათქმულ დროს, რის გამოც მის მიმართ ამოქმედდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
ამასთანავე, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარემ გამოხატა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. აპელანტი გამოცხადდა სასამართლოში საპროცესო დღეს, მაგრამ არასწორ დროს. ამის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებებმა ვერ დაასაბუთა სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 01 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით და არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება მათ და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი