განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
080100118002710807
ინსტანცია
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002710807

საქმე №1/ბ-6-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----–-- ბ-------ს ძე მ----–--ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ტყიბული, დ----------–---–ის ქ. №20;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----–--ი მ----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2017 წლის ივნისში, ხონის რაიონის სოფელ ი--------ში მდებარე სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----–-- მ----–--ემ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ნ-----–- მ----–--ის თანდასწრებით იძალადა შვილზე - ლ------ მ----–--ეზე (ესროლა სკამი, რომელიც ლ------ მ----–--ეს მოხვდა ფეხზე, ასევე ხელი დაარტყა კისრის არეში, წაქცეულს კი ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში). ძალადობის შედეგად ლ------ მ----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობა რ----–-- მ----–--ემ განახორციელა ლ------ მ----–--ის განსხვავებული ცხოვრების წესის, ჩაცმულობისა და გარეგნობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2017 წლის ივნისში ხონის რაიონის სოფელ ი--------ში მდებარე სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----–-- მ----–--ე შვილს ლ------ მ----–--ეს სანადირო თოფის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (მუქარა რ----–-- მ----–--ემ განახორციელა ლ------ მ----–--ის განსხვავებული ცხოვრების წესის, ჩაცმულობისა და გარეგნობის მოტივით). ლ------ მ----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 24 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქალაქ ტყიბულში, დ--------------–---–ის ქუჩაზე, რ----–-- მ----–--ე შვილს ლ------ მ----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. (მუქარა რ----–-- მ----–--ემ განახორციელა ლ------ მ----–--ის განსხვავებული ცხოვრების წესის, ჩაცმულობისა და გარეგნობის მოტივით). ლ------ მ----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით რ----–-- მ----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ----–-- მ----–--ის მიმართ და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი რ----–-- მ----–--ის მიმართ მიაჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარმოადგინა სულ მცირე 2 პირდაპირი მტკიცებულება (ლ------ მ----–--ისა და ლ--–- შ----–-–---–ის ჩვენებები), სხვა მტკიცებულებებიც (მ-------- გ------------ის, ს------- ბ----–--ის, გ---- კ----–-–---–ის ჩვენებები), რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საქმეზე არ მოიპოვება. შესაბამისად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რომელთა ერთობლიობლიობაც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მასში, რომ რ----–-- მ----–--ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედებები.

 

გამართლებულმა რ----–-- მ----–--ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----–-- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაიკითხულ დაზარალებულ ლ------ მ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ი---------ის“ წევრი. 2017 წლის ივნისის თვეში დედ-მამასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა ხონის რაიონის სოფელ ი--------ში. ზუსტად რიცხვს ვერ იხსენებს, მაგრამ ახსოვს, რომ იმ დღეს მამამისი სახლში მივიდა ნასვამი და კიდევ დაამატა ალკოჰოლური სასმელი, რის გამოც მასსა და მამას შორის მოხდა შეკამათება. მამამისმა ესროლა სკამი ფეხის არეში, რაც ჩაულურჯდა, ასევე, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, შემდეგ გამოიტანა თოფი და დაუმიზნა, რის გამოც მისი და ჩადგა მათ შორის გასაშველებლად. ამ დროს დედამისმაც დაიძახა პოლიცია მოდისო და ამის გაგონებაზე გაიქცა მამამისი. ამ ფაქტის შემდეგ თვითონ, დედა და და-ძმა წამოვიდნენ სახლიდან ქ. ქუთაისში, ხოლო დედამისი ორ კვირაში ისევ უკან დაბრუნდა სოფელში, თუმცა თვითონ აღარ დაბრუნებულა.

 

აღნიშნული ფაქტის შემდეგ 2018 წლის 24 სექტემბერს, უკვე ტყიბულში მშობლებთან სტუმრად მისულ ლ------ მ----–--ეს, რომელსაც თან ახლდა მეგობარი ლ--–- შ----–-–---–ი, გზად მანქანით დახვდა მამა, შეხვდა ნორმალურად და სახლამდე მიიყვანა, ხოლო როცა გაიგო, რომ თბილისში აპირებდა იმავე დღეს დაბრუნებას, ჰქონდა უარყოფითი რეაქცია. შემდეგ მამამისმა დაუწყო გინება და მუქარა, რის გამოც მალევე წამოვიდნენ ის და მისი მეგობარი სახლიდან. მამამისი გამოყვა მანქანით, უნდოდა ხელი დაერტყა მისთვის, მაგრამ მოხვდა მის მეგობარს. შემდეგ ის და მისი მეგობარი თავის შესაფარებლად შევიდნენ იქვე არსებულ კორპუსში, დარეკეს პოლიციაში, რადგან მამამისი დაემუქრა ,,თოფს მოვიტან და მოგკლავთო''. დაზარალებულმა დაზუსტებით არ იცის ჰქონდა თუ არა მამამისს თოფი. მისივე განმარტებით, ტყიბულში მომხდარი კონფლიქტის დროს უთხრა მამამისმა, რომ ,,ასეთი“ ვერ იქნებოდა, ანუ ასეთი ჩაცმულობითა და ვარცხნილობით. როგორც თვითონ ვარაუდობს, რადგან თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, მოიაზრებოდა განსხვავებული ორიენტაციის მქონედ და სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ ეს ფაქტი იყო მიზეზი, მამის მხრიდან მისადმი ასეთი დამოკიდებულებისა. ლ------ მ----–--ის განმარტებით, ხონის ეპიზოდის დროს მამამისს არ გამოუხატავს რაიმე სახის უარყოფითი დამოკიდებულება, უბრალოდ ეუბნებოდა, რომ მოშორებოდა იმ ორგანიზაციის წევრებს.

 

ტყიბულში მომხდარ ფაქტამდე მამასთან ჰქონდა თუ არა კონფლიქტი მისი ორიენტაციის გამო, მას არ ახსოვს და შესაძლებელია ჰქონოდა კიდეც. ხონის ეპიზოდის კონფლიქტს მისი ოჯახის წევრების გარდა შეესწრნენ მეზობლებიც, თუმცა ვინ იყვნენ ვერ იხსენებს, რადგან იყო აფექტურ მდგომარეობაში. ასევე ტყიბულში არსებული კონფლიქტის დროს ჰქონდა თუ არა მამამისს თოფი, კატეგორიულად ვერ იტყვის და ფიქრობს, რომ თოფი რომ არ ჰქონოდა, მამამისი ასე უცებ მის მოსატანად არ გაბრუნდებოდა. რაც შეეხება ტყიბულში მომხდარ კონფლიქტს, მისი მიზეზი იყო ის, რომ მამამ მას გაუხსენა ხონში მომხდარი კონფლიქტი, რა დროსაც შვილმა მას უჩივლა პოლიციაში. აქვე განმარტა, რომ კონფლიქტი დაიწყო იმაზე, რომ მამამისს მანქანით უნდა წაეყვანა, თუმცა სახლში ის მთვრალი მივიდა და მანაც უსაყვედურა, თუ რატომ დალია, ახლა რანაირად შეძლებდა მის წაყვანას. კონფლიქტის დროს ისიც ლანძღავდა და აგინებდა მამას. მამამისი დაემუქრა, რომ თოფით მოკლავდა და ხრამში გადააგდებდა. ისევ მოუვიდა მამასთან სიტყვიერი კონფლიქტი, გამოიქცა სახლიდან მეგობართან ერთად, რადგან შეეშინდა მამა ისევ თოფით არ დადევნებოდა, როგორც ხონის ფაქტის შემთხვევაში. ლ------ მ----–--ის განმარტებით, მისი ვარაუდით, მასსა და მამამის შორის არსებულ კონფლიქტს ძირითად საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების, ჩაცმისა და ვარცხნილობის არატრადიციული სტილი, მისი წევრობა ,,ი---------აში“ და ურთიერთობები ამ ორგანიზაციის წევრებთან.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ--–- შ----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის ლ------ მ----–--ის მეგობარი. მათ ერთმანეთი გაიცნეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ი---------ის“ ოფისში. ისინი დამეგობრდნენ და ლ------ მას უყვებოდა ისტორიებს მოძალადე მამის შესახებ, რომელსაც არ მოსწონდა მისი ცხოვრების სტილი, სამსახური და მეგობრები. ორგანიზაცია ,,ი---------ის“ წევრებს მოიხსენიებდა, როგორც „პიდარასტებს“ და „ლესბიანკებს“. ტყიბულის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ იმ დღეს ლ------ მ----–--ეს დაურეკა დედამ და სთხოვა ტყიბულში ასულიყო, რაზედაც ლ------მ იუარა, აუხსნა, რომ ვიზიტი ჰქონდა ფსიქოლოგთან და აუცილებლად მომდევნო დღეს თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა დედამისმა დაიწყო ტირილი, უთხრა, რომ იყო ცუდად და ასულიყო მის სანახავად, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა და გადაწყვიტა რამდენიმე წუთით დედის სანახავად ასულიყო ტყიბულში, მერე კი ერთად გამგზავრებულიყვნენ თბილისში. ტყიბულში ჩასულებს გზად დახვდათ ლ------ს მამა - რ----–--ი მ----–--ე და ავტომანქანით წაიყვანა სახლში, თუმცა რაიმე აგრესია არ გამოუხატავს. სახლში მისვლის შემდეგ რ----–-- მ----–--ე წავიდა სადღაც და დაბრუნდა ნასვამი. როცა მან გაიგო, რომ ისინი წასვლას აპირებდნენ იმ საღამოს, გახდა აგრესიული. ეძახდა არ წასულიყვნენ და არ უნდოდა სხვა რაიმეს გაგონება. ლ------მ მამას აუხსნა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყვნენ, რადგან გადაუდებელი საქმე ჰქონდათ, თუმცა რ----–--ი განაგრძობდა გინებას, ეუბნებოდა შვილს, რომ აკუწავდა და ხევში გადაყრიდა ისე, რომ პოლიციაც ვერ მიაგნებდა. აღნიშნულზე ისინი შეშინდნენ და გადაწყვიტეს გარიდებოდნენ სიტუაციას, თუმცა ლ------ს დამ მათ უთხრა, რომ მამამისს ახალი ტყვიები ჰქონდა ნაყიდი. მათ წამოეწია ავტომანქანით რ----–--ი, იქვე მივიდა ლ------ს დედა და და, რ----–--ი იგინებოდა და ემუქრებოდა შვილს, ხელი მოუქნია ლ------ს, რომელიც ლ------მ აიცილა და მოხვდა თვითონ მოწმეს. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და უკანსვლით წავიდა, რაზედაც ლ------ს დედამ თქვა თოფის მოსატანად მიდის და გაიქეცითო.

 

მოწმის განმარტებით, ბუნდოვნად ახსოვს, რომ რ----–--ს ხელში ეჭირა თოფი. ის და ლ------ გაიქცნენ და ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებთან შეაფარეს თავი, დარეკეს პოლიციაში და პოლიციის მოსვლის შემდეგ ჩამოვიდნენ კორპუსიდან. როგორც პოლიციამ თქვა, მათ გაიგონეს გასროლის ხმა. მოწმის განმარტებით, ამ შემთხვევის შემდეგ მას რ----–-- მ----–--ე აღარ უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ-------- გ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ი---------აში“, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მოწმის განმარტებით, მითითებულ ორგანიზაციას ლ------ მ----–--ემ მიმართა დახმარებისათვის, რადგან ოჯახიდან იყო წამოსული, არ ჰქონდა ეკონომიკური შესაძლებლობა, სჭირდებოდა სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დახმარება, ასევე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემებიც. აღნიშნულის შემდეგ ის დადიოდა ორგანიზაციაში, სადაც მას უწევდნენ დახმარებას, შესაძლებელი იყო ღამის გათევაც. თავიდან უწევდნენ ისეთი სახის დახმარებას, როგორც ბენეფიციარს, ხოლო შემდეგში ის და ლ------ დაახლოვდნენ, ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა.

 

მოწმის განმარტებით, ლ------ მ----–--ე არ იყო სტანდარტული ორიენტაციის, ჰქონდა განსხვავებული ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, უნარები. მისი თქმით, იმის გამო, რომ ლ------ არ გამოიყურებოდა და არ ჯდებოდა იმ სტანდარტში, რასაც საზოგადოება აწესებს, იგი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. მოწმის განმარტებით, ლ------ არ იცვამდა კაბას, არ იყენებდა მაკიაჟს, მოკლედ ჰქონდა თმები შეჭრილი. როგორც მ--------ს ლ------მ განუმარტა, ოჯახიდან წამოსვლის მიზეზი გახდა კონფლიქტი, განსაკუთრებით გამოყოფდა მამასთან კონფლიქტს. მისი თქმით, ხშირად მოსვლია მამასთან კონფლიქტი და ფიზიკურადაც შეხებია იგი მას. მოწმემ განმარტა, რომ რ----–-- მ----–--ე ნახა შარშან მხოლოდ ერთხელ, ზუსტი დრო არ ახსოვს, ლ------ს თხოვნით, ვინაიდან დედას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, სურდა მისი ნახვა და გაჰყვა მას, ვინაიდან მარტო არ სურდა მისვლა, რადგან ეშინოდა და წაყვნენ. ხონის ავტოსადგურში მათ დახვდათ მამამისი მანქანით და მიიყვანა სახლში და შემდეგ ჩამოიყვანა ისევ უკან ქუთაისში. ამ პერიოდში მათ მიმართ არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. იმ პერიოდში როდესაც ლ------ თბილისში ჰყავდა წაყვანილი ექიმთან, ლ------ს დედა იყო ოფისში მისული შვილის მდგომარეობის გასაგებად. მისი განმარტებით, დედა ასევე ხშირად ურეკავდა მას ტელეფონზე. მოწმის განმარტებით, ლ------ მ----–--ის მშობლები ხშირად რეკავდნენ მის ტელეფონზე, ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ლ------ მათთან აფარებდა თავს, ეძახდნენ, რომ მათ გამო გახდა ლ------ ასეთი და მხოლოდ მათი დამსახურება იყო ლ------ს ასეთი განსხვავებულობა. ტყიბულის ფაქტის ირგვლივ მოწმემ შეიტყო ლ------ მ----–--ისგან და იცის, რომ ტყიბულში დედის და ძმის სანახავად ჩასულ ლ------სა და მის მეგობარს თოფით გამოეკიდა რ----–-- მ----–--ე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ს------- ბ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ი---------აში“, ასევე ქალთა უფლებების მხარდამჭერ ცენტრში სამართლებრივ კოორდინატორად. ის და ლ------ მ----–--ე იყვნენ მეზობლები ქ. ქუთაისში, იზრდებოდნენ ერთად და ლ------ არის მისი ნათლული. მოწმის განმარტებით, ლ------მ მას მოუყვა ერთ-ერთი კონფლიქტის შესახებ, როდესაც მამამ მას თოფი დაუმიზნა. ფაქტს შეესწრნენ მეზობლებიც, თუმცა არც ერთი მეზობელი მას არ გამოესარჩლა, აღნიშნული კი გამოწვეული იყო მამის სიმთვრალით, რომელსაც ლ------მ უთხრა, რომ აღარ დაელია მეტი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლ------ მ----–--ეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, აწუხებდა ,,ჰაიმორიტი“. ორგანიზაციამ მას შეუგროვა თანხა და უმკურნალეს, სხვა მხარდამჭერი და დამხმარე ლ------ მ----–--ეს არ ჰყავდა, გარდა ორგანიზაციისა. ს------- ბ----–--ემ განმარტა, რომ ერთხელ დაურეკა ლ------ს მამამ, თავიდან ძალიან მშვიდად ელაპარაკა და სთხოვა, რომ ლ------სთვის ერჩია, რომ დაბრუნებულიყო ოჯახში. როცა მან უთხრა, რომ ლ------ დამოუკიდებელია და მან თავად უნდა გადაწყვიტოს რა უნდა ქნას და რადგან დაბრუნება არ სურს, ესე იგი აქვს რაღაც მიზეზი, ამის თქმის შემდეგ ლ------ს მამა გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, უწმაწური სიტყვებით აგინა და ტელეფონი გაუთიშა. მოწმე ს------- ბ----–--ის განმარტებით, ერთხელ დედის თხოვნით ლ------ წავიდა ტყიბულში ისე, რომ ეს მისთვის არ უთქვამს. დედამისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ წავიდა ტყიბულში, თუმცა იქ ისევ მოუვიდა კონფლიქტი მამასთან, რა დროსაც ეს უკანასკნელი თოფით გამოეკიდა მას. მოწმის განმარტებით, თავდაპირველი კონფლიქტი ხდებოდა ლ------ს მამის სიმთვრალის გამო, ხოლო მერე უკვე ლ------ს ვარცხნილობის, ჩაცმულობისა და ტატუს ტარების გამო. მოწმის განმარტებით, ის ძალადობისა და კონფლიქტის ფაქტებს უშუალოდ არ შესწრებია, იცის მხოლოდ გადმოცემით.

 

მოწმის სახით დაკითხული მ---–---- უ----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს რ----–-- მ----–--ეს და მის ოჯახს, ვინაიდან იყვნენ მეზობლები ხონის რაიონის სოფელ ი--------ში სამი წელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას რაიმე ოჯახური კონფლიქტისა და ჩხუბის შესახებ რ----–-- მ----–--ის ოჯახში არ სმენია, არც რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას არ შესწრებია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია, ასევე, მ---------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

 

მოწმის სახით დაკითხული ტყიბულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ---- კ----–-–---–ის განმარტებით, ტყიბულის რაიონულ სამმართველოში 112-დან შევიდა შეტყობინება, ითხოვდნენ კონკრეტულ მისამართზე მისვლას, სადაც შეტყობინების თანახმად, ლ------ მ----–--ეს მისდევდა თოფით მამა და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. გურამიშვილის ქუჩაზე მისულებს დახვდათ მოქალაქეები, რომლებმაც ხელის დაქნევით შეაჩერეს ისინი, სადაც გაირკვა, რომ იქ იმყოფებოდა ლ------ მ----–--ე ლ--–- შ----–-–---–თან ერთად. მათთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ მამა ლ------ს მიმართ იყო აგრესიული და მას მოსდევდა თოფით. მათ მოახერხეს, რომ ჯგუფის მისვლამდე დამალულიყვნენ სარდაფში და მათ არ იცოდნენ კონკრეტულად რომელი ბინის სარდაფში იყვნენ. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ რ----–-- მ----–--ის საცხოვრებელ მისამართზე. ის იმყოფებოდა სახლში, სადაც მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა ტყიბულის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავების ოქმი შედგენილ იქნა მის მიერ. ვინაიდან საქმეში ფიგურირებდა სანადირო თოფი, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაჩხრეკილ იქნა მ----–--ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ვერ იქნა ამოღებული. მის მიერ გამოკითხულ იქნა როგორც ბრალდებული, ასევე ლ------ მ----–--ე და მისი მეგობარი ლ--–- შ----–-–---–ი, ასევე რ----–-- მ----–--ის მეუღლე. მის მიერ დანიშნული იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.

 

საქმეში წარმოდგენილი 31.10.2018 წლის ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ლ------ მ----–--ის ამბულატორიული სასამართლო- ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ რ----–-- მ----–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირებისა და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ლ------ მ----–--ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“.

 

ექსპერტმა თ----- ბ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს ტყიბულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ზ------ის დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა მოქალაქე რ----–-- მ----–--ე. ექსპერტის წინაშე დასმულ იქნა შეკითხვა იმყოფებოდა თუ არა აღნიშნული პიროვნება ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში განსაზღვრულიყო მისი ხარისხი. ექსპერტიზა ჩატარდა 2018 წლის 25 სექტემბერს, 02:47 საათზე. ექსპერტიზა ჩატარდა ამერიკული წარმოშობის ინტოქსომეტრის გამოყენებით, რომელიც საზღვრავს ამონასუნთქი ჰაერით ეთილის სპირტის კონცენტრაციას ორგანიზმში. აღნიშნულ პიროვნებას აღენიშნებოდა ეთილის სპირტის კონცენტრაცია ორგანიზმში 1,07 პრომილე, რომელიც შეესაბამება მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლურ თრობას. რის საფუძველზეც მის მიერ გაცემული იქნა დასკვნა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე თ----- მ---–----–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ნ-----–- მ----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

რ----–-- მ----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ----–-- მ----–--ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

როგორც ზემოთ აღინიშნა მოწმე ნ-----–- მ----–--ემ უარი განაცხადა მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ასევე უარი განაცხადა მოწმე თ----- მ---–----–-–---–მა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებით მიცემაზე, სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია თვით რ----–-- მ----–--ესაც. 2017 წლისა და 2018 წლის (სოფელ ი--------ის ეპიზოდები) ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებებს. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული ლ------ მ----–--ე ხშირ შემთხვევაში ფაქტებს არათანმიმდევრულად გადმოსცემს, მისი ჩვენება არადამაჯერებელია. საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეები არიან ლ------ მ----–--ის მეგობრები, ძირითადად არიან ირიბი მოწმეები, რომლებმაც ფაქტების შესახებ გაიგეს ლ------სგან და უშუალოდ შემთხვევას არ შესწრებიან.

 

რაც შეეხება მოწმე ლ. შ----–-–---–ის ჩვენებას, ტყიბულის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც რ. მ----–--ე თითქოსდა იარაღით დაემუქრა მას და ლ------ მ----–--ეს მოკვლით, რაც გამოწვეული იყო ლ------ს ცხოვრების განსხვავებული სტილით, აღნიშნული ვერ დადასტურდა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ვინაიდან მოწმისა და დაზარალებულის ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და თანხვედრილი, კერძოდ, მათივე ჩვენებებით ერთ შემთხვევაში დაზარალებული და ლ. შ----–-–---–ი აცხადებენ, რომ რ. მ----–--ის განაწყენება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ისინი ღამის გათევას არ აპირებდნენ ტყიბულში, ხოლო მეორე შემთხვევაში უთითებდნენ განაწყენების საფუძვლად ლ------ მ----–--ის არატრადიციული ცხოვრების სტილს, ჩაცმულობასა და ვარცხნილობას. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება რ----–-- მ----–--ეს ჰქონდა თუ არა თოფი, დაზარალებულის ჩვენებით, დაზუსტებით არ იცის ჰქონდა თუ არა მამამისს თოფი. ვერც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ვერ იქნა ამოღებული დაზარალებულის მიერ მითითებული თოფი. თოფის ხმაც კი არავის გაუგონია. მოწმის სახით დაკითხული მეზობლები, მ---–---- უ----–--- და მ---------------ე უარყოფენ რ----–-- მ----–--ის ოჯახში კონფლიქტის და ძალადობის ფაქტებს. პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ლ------ მ----–--ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ რ----–-- მ----–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირებისა და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ლ------ მ----–--ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის უტყუარი და საკმარისი იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----–--ი მ----–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ხონისა და ტყიბულის ფაქტებთან დაკავშირებით, იმის დასადასტურებლად, რომ რ. მ----–--ემ იძალადა შვილზე - ლ------ მ----–--ეზე, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მას და ლ------ მ----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----–-- მ----–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ----–-- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი რ----–-- მ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

რ----–-- მ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

რ----–-- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა რ----–--ი მ----–--ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილს - მდებარეს ქ. ტყიბული, თ---–---ს ქ. N4/85-ში, საკადასტრო კოდი: N-------------------.

 

გამართლებულ რ----–-- მ----–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე