განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003183726
საქმე № 1ბ/09 -20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ვ----– ბ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------------, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------------------------ში;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ----– ბ-----–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სს საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარდგენილი.
სასამართლომ დაადგინა:
ვ----– ბ-----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, ვ----– ბ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 02(ორი) წელი განესაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 02(ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02(ორი) წელი. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ვ----– ბ-----–---–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან 2016 წლის 19 ნოემბრიდან.
2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:35 საათზე, ქ-----------------------------ში მდებარე ა--------- დ---––------ს საცხოვრებელ ბინაში, ა--------- დ---––------ს ვ----– ბ-----–---–მა ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და ორჯერ დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის მიდამოში, რის შედეგადაც ა--------- დ---––------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: გ--------------------------------------–-–---–---------------–-----, ა--------- დ---––------ს გამოკითხვის ოქმები, ვ----– ბ-----–---–ის დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობა დაწესებულია ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის განმარტება მისი უდანაშაულების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. მხარეები წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმდნენ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნიეს არასადავოდ, შესაბამისად, მათ შეიძინეს პრეიუდიციული მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, რომ მხარეები არ ხდიდნენ აღნიშნულ მტიცებულებებში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებს სადავოდ, მათ შორის დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს. დაზარალებული - ა--------- დ---––------ პირდაპირ ამხელს ვ----– ბ-----–---–ს 2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:35 საათზე, მის მიმართ განხორცილებულ ფიზიკურ ძალადობაში. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ ასევე დასტურდება მტკიცებულებებით: გ--------------------------------------–-–---–---------------–-----, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანახმადაც, დ------- ნ-----–-–---–ი არის დაზარალებულის დედა და კონფლიქტის უშუალო თვითმხილველი, ხოლო გ------- მ---------ე და ჯ---------–---ე 2019 წლის 17 აგვისტოს, იმყოფებოდნენ სამსახურში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, ქ-----------------------------------------------------------ში მდებარე ა--------- დ---––------ს საცხოვრებელ ბინაში ძალადობის ფაქტის შესახებ. მისვლისას ადგილზე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ----– ბ-----–---–ი, დაზარალებული, დედამისი დ------- ნ-----–-–---–ი და ვინმე ე-–---. მათ ა--------- დ---––------მ მოუყვა მის მიმართ ვ----– ბ-----–---–ის მხრიდან განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები შეიცავს ინფორმაციებს, როგორც ინციდენტის შესახებ, ასევე პოლიციელთა მხრიდან ვ----– ბ-----–---–ის დაკავებისა და დაზარალებულის მდგომარეობის (ფსიქო-ემოციური და ვიზუალური) თაობაზე, რაც პალატის შეფასებით, ცალსახად მიუთითებდა მცირე ხნით ადრე მასზე განხორციელებულ ძალადობაზე. აღნიშნული ოქმებითა და შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმით ასევე დასტურდება, თუ რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაკვნით კი დადგენილია, თუ რა სახის დაზიანებები და სად აღენიშნებოდა დაზარალებულს. მტკიცებულებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის განმარტება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მისი დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ვ----– ბ-----–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ვ----– ბ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი ვ----– ბ-----–---–ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ----– ბ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ----– ბ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია.
ვ----– ბ-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ----– ბ-----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
პალატა მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ----– ბ-----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით 1(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. ვ----– ბ-----–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, მან მეგობარ ქალს - ა--------- დ---––------ს ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი ორჯერ დაარტყა მარცხენა ფეხის მიდამოში (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მსჯავრდებულის მხრიდან ეს არ იყო მის მიმართ განხორციელებული ძალადობის პირველი ფაქტი). ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, ვ----– ბ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 02(ორი) წელი განესაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02(ორი) წელი. ვ----– ბ-----–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 16 ნოემბერს და მიმდინარეობდა პირობითი მსჯავრის აღსრულება. შესაბამისად, ვ----– ბ-----–---–ი იყო ნასამართლევი განზრახი, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, დანაშაულისათვის და მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რა დროსაც მან კვლავ ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ზ/აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო რა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (სასამართლოში საქმის განხილვისას ვ----– ბ-----–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ გახადა სადავოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია) და სწორედ, აღნიშნულის შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა სასაჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ასევე დაცულია საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 58 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩადენილი ქალის მიმართ უმნიშვნელო მიზეზით), ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, წარსულ ნასამართლობაზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ვ----– ბ-----–---–ის ქმედება წარმოადგენს საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველს, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ----– ბ-----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ----– ბ-----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ვ----– ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ----– ბ-----–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ვ----– ბ-----–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აგვისტოდან.
ვ----– ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი