განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001933793
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6737-18 20 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - შპს „მ-----------------------------–-----------------–-----------------“
წარმომადგენელი - კ-----------
მოწინააღმდეგე მხარე - ო-------------------
წარმომადგენელი - ლ------------–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ო-------------------მ მოპასუხე შპს „მ-----------------------------–-----------------–-----------------ს“ მიმართ სასამართლოში სარჩელი აღძრა და ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისთვის 25 907,48 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ო-------------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, ზიანის სახით, 25 791,28 ლარის, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით - 500 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის - 2100 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, 62 ლარის, გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ-----------------------------–-----------------–------------------“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. შპს „მ-----------------------------–-----------------–-----------------სა“ და ო-------------------ს შორის 2016 წლის 10 ნოემბერს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე ო-------------------ზე სესხის სახით 4000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით, გაიცა. სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული სარგებლის გადახდა დანართში მოცემული გრაფიკის მიხედვით ხორციელდება, რაც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. სესხის სარგებლის გადახდა, ყოველთვიურად, 100 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი გადახდა - 2016 წლის 12 დეკემბერს, მეორე გადახდა - 2017 წლის 10 იანვარს, ხოლო მესამე - 2017 წლის 10 თებერვალს, უნდა განხორციელებულიყო (ტომი I, ს.ფ. 19-23, 24).
6. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეთა შორის, მფლობელობითი გირავნობა წარმოიშვა. გირავნობის საგანს მსესხებლის ო-------------------ს საკუთრებაში არსებული საათი, რომლის მახასიათებლებია: დასახელება - ROLEX; კოდი - 1----, წარმოადგენდა. ხელშეკრულების მხარეებმა გირავნობის საგნის ღირებულება 4250 აშშ დოლარით განსაზღვრეს. ხელშეკრულების მე-12 პუნქტის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ გამსესხებლის მიერ ან გამსესხებლის მიერ შერჩეული სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით ხორციელდება, ხოლო, გირავნობის საგნის სარეალიზაციო ფასი 1.6. პუნქტით გათვალისწინებულ ღირებულებას შეადგენდა. ხელშეკრულების 12.7. პუნქტის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციისას 1.6. პუნქტით გათვალისწინებული ფასი მიიღებოდა მხედველობაში და მსესხებელი უფლებამოსილი არ იყო იმ გარემოებას დაყრდნობოდა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტში საბაზრო ფასი უფრო მაღალი იყო.
ამასთან, გამსესხებელი ვალდებულებას იღებდა, უზრუნველეყო მესაკუთრის ინტერესების დაცვა იმდენად, რამდენადაც ეს მსესხებლის მიმართ გამსესხებლის მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილებას ხელს არ შეუშლიდა. თუ გირავნობის საგანი 1.6. პუნქტით გათვალისწინებულზე მეტ ფასად გაიყიდებოდა, გირავნობის საგნის გაყიდვით მიღებული თანხის ის ნაწილი, რომელიც მოთხოვნის მოცულობისა და რეალიზაციის ხარჯების ჯამს აღემატებოდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მესაკუთრეს უნდა გადასცემოდა (ტომი I, ს.ფ. 19-23).
7. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდის ვადას 2 კვირაზე მეტით გადააცილებდა, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისთვის არსებული დავალიანების დასაფარად, დამატებითი 2 კვირიანი ვადა განესაზღვრა. ამ ვადის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრება არ შეწყდებოდა. თუ ვალდებულების შესასრულებლად მიცემული 2 კვირიანი დამატებითი ვადის გასვლამდე მსესხებელი დავალიანებას არ დაფარავდა, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო სესხის ხელშეკრულება შეეწყვიტა და დავალიანებისა და სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნება მოეთხოვა, ამასთან, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება გამოეყენებინა. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლება არსებობდა: ა) გამსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას; ბ) 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში; გ) ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც გამსესხებელს ამ ხელშეკრულების ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მსესხებლისგან სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა ან/და აღნიშნული მოთხოვნა მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში არ შესრულდებოდა (ტომი I, ს.ფ. 19-23).
8. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელს/მესაკუთრეს შეტყობინება შესაძლოა გაეგზავნოს: რეგისტრირებულ მისამართზე; ფაქტიურ მისამართზე; სამუშაო ადგილის მისამართზე; ალტერნატიულ მისამართზე; ელექტრონული ფოსტის მისამართზე; მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, 9.1.1., 9.1.2. და 9.1.4. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილის ჩაბარება შესაბამის მისამართზე ყოველდღე, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ხოლო 9.1.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამუშაო ადგილას დაწესებული სამუშაო დროის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ამასთან, 9.4. პუნქტის თანახმად, 9.1.1.-9.1.4. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წერილი ჩაბარებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც 9.2. პუნქტით გათვალისწინებულ დროს შესაბამის მისამართზე არავინ იმყოფებოდა ან როდესაც პირი წერილის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა (ტომი I, ს.ფ. 19-23).
9. ო-------------------მ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, 2016 წლის დეკემბრისა და მომდევნო თვეების საპროცენტო სარგებელი არ გადაიხადა. შპს „მ-----------------------------–-----------------–------------------“ 2016 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელე ო-------------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე გაფრთხილების წერილი გაუგზავნა. აღნიშნული წერილის საფუძველზე მოსარჩელეს განემარტა, რომ 2016 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით მისი დავალიანება 170 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ვადაგადაცილებული პროცენტი 100 აშშ დოლარი, ხოლო, დარიცხული პირგასამტეხლო 70 აშშ დოლარი იყო, ამავე წერილით მას ვალდებულების შესასრულებლად ორ კვირიანი ვადა, 2017 წლის 10 იანვრამდე, განესაზღვრა.
2016 წლის 26 დეკემბრის გაფრთხილების წერილი შპს „მ-----------------------------–-----------------–-----------------“ ჩაუბარებელი სახით უკან დაუბრუნდა, რადგან ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა. როგორც უკუგზავნილშია მითითებული ადრესატი ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - თბილისი, უზ-------------------–-- აღარ ცხოვრობს (ტომი I, ს.ფ. 148-149, 150).
10. 2017 წლის 16 იანვარს, შპს „მ-----------------------------–-----------------–-----------------ს“ მიერ გირავნობის საგანი 4250 აშშ დოლარად გასხვისდა. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით ო-------------------ს დავალიანება დაიფარა (ტომი I, ს.ფ. 151, 152).
11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ო-------------------ს მიერ ორმხრივი ვალდებულების დარღვევა არ წარმოადგენდა იმგვარ მნიშვნელოვან გადაცდომას, რომელიც კრედიტორს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას მისცემდა.
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არღვევს, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებით ვადის განსაზღვრას გაფრთხილება უთანაბრდება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიადგა. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო, ნატურით დაბრუნების ნაცვლად, მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, მისი დაბრუნება გამორიცხულია.
მოხმობილი ნორმათა ანალიზიდან ირკვევა, რომ ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქცევა. ის, თუ რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დარღვევა, კონკრეტული შემთხვევის შეფასებით უნდა გადაწყდეს. ზოგადად, მნიშვნელოვან დარღვევად განხილული უნდა იქნეს დარღვევები, რომლებიც რეალურ უარყოფით გავლენას ახდენენ შედეგზე, რომელიც ხელშეკრულების მხარეს ვალდებულების შესრულების შედეგად უნდა მიეღო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არ დავობენ, რომ მოვალემ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი გადახდა არ განუხორციელებია. საქმეზე კრედიტორის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 06 თებერვლის წერილიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს მოვალეს ხელშეკრულების შეწყვეტისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ წერილი გაეგზავნა, ანუ სწორედ ამ დროს გამოიყენა მ-----------------------------–--- ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა (ტომი I, ს.ფ. 146). სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თანახმად, სესხის სარგებლის გადახდა ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი გადახდა - 2016 წლის 12 დეკემბერს, მეორე გადახდა - 2017 წლის 10 იანვარს, ხოლო მესამე - 2017 წლის 10 თებერვალს, უნდა განხორციელებულიყო (ტომი I, ს.ფ. 19-23, 24). ცალსახაა, რომ კრედიტორის მიერ ხელშეკრულება პირველივე შესაძლებლობისთანავე შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ვადადარღვეული გადახდის მოცულობა ხელშეკრულების საფასურის, დაახლოებით, 0,5 პროცენტს შეადგენდა. საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მიმართ კრედიტორს ინტერესი აღარ გააჩნდა ან/და მისთვის ცნობილი იყო მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ცალსახას ხდიდა, რომ ვალდებულება აღარ შესრულდებოდა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს, ვალდებულების დარღვევა იმდენად არაარსებითი იყო, რომ კრედიტორის დარღვეული უფლების რესტიტუცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის დაკისრებით შესაძლებელია აღმოფხვრილიყო და ხელშეკრულებიდან გასვლის მექანიზმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობდა.
12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ კრედიტორმა გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე გაფრთხილების ვალდებულება დაარღვია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - კეთილსინდისიერების პრინციპს განამტკიცებს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც ევალება, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა, კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.
შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ მოვალის დარღვევა არსებითად იქნებოდა მიჩნეული და კრედიტორს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ექნებოდა, უმნიშვნელოვანესია შემოწმდეს თუ რამდენად მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განახორციელა მან ეს უფლება და რა დოზის გულისხმიერებით მოეპყრო მოვალის უფლებებსა და ვალდებულებებს.
სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები. დამგირავებლის წერილობითი გაფრთხილება გირაოს რეალიზაციასთან დაკავშირებით, მიღებასავალდებულო ნების გამოხატვას წარმოადგენს, რაც მის ნამდვილობას მეორე მხარის მიერ მის მიღებას უკავშირებს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით დასტურდება, რომ კრედიტორმა 2016 წლის 26 დეკემბერს მოვალეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე გაფრთხილების წერილი გაუგზავნა. აღნიშნული წერილის საფუძველზე მოსარჩელეს განემარტა, რომ 2016 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით მისი დავალიანება 170 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ვადაგადაცილებული პროცენტი 100 აშშ დოლარი, ხოლო, დარიცხული პირგასამტეხლო 70 აშშ დოლარი იყო, ამავე წერილით მას ვალდებულების შესასრულებლად ორ კვირიანი ვადა, 2017 წლის 10 იანვრამდე, განესაზღვრა.
2016 წლის 26 დეკემბრის გაფრთხილების წერილი კრედიტორს ჩაუბარებელი სახით უკან დაუბრუნდა, რადგან ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა. უკუგზავნილში მითითებულია, რომ ადრესატი ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს (ტომი I, ს.ფ. 148-149, 150).
საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ კრედიტორის მიერ მოვალის ინფორმირება 2016 წლის 26 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ კრედიტორმა შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება შეასრულა, ვინაიდან კორესპონდენცია იმ მისამართზე გაგზავნა, რომელიც ხელშეკრულებაში თავად მოვალემ მიუთითა. სასამართლოს აზრით, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება კორესპონდენციის გაგზავნის შესაძლებლობას არა მხოლოდ საცხოვრებელ მისამართზე, არამედ სამუშაო ადგილას, ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ითვალისწინებდა, კრედიტორის ზედაპირული მიდგომა ამ საკითხისადმი მოვალის სათანადო ინფორმირების ვალდებულების შესრულებად მიჩნეული ვერ იქნება. ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც უწყების გაგზავნის ვალდებულებას, სულ მცირე, ორჯერ ითვალისწინებს, კრედიტორს წერილის ორჯერ გაგზავნისა ან/და მოვალისთვის წერილის ჩასაბარებლად დამატებით სხვა საშუალებაც გამოყენებაც ევალებოდა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა, ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ კრედიტორმა სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება დაარღვია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2851-ე მუხლის თანახმად, რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განკარგვის თაობაზე ინფორმაცია დამგირავებელს რეალიზაციის განხორციელებიდან სამი კვირის შემდეგ, მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეწოდა, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ამ მიმართებითაც კრედიტორმა მისი ვალდებულება არ შეასრულა და მოვალის უფლებებსა და ვალდებულებებს საჭირო გულისხმიერებით არ მოეკიდა.
მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას მასზედ, რომ კრედიტორის მიერ 2017 წლის 16 იანვარს, გირავნობის საგანი 4250 აშშ დოლარად გასხვისდა. ამ მიმართებით აუცილებელია ყურადღება მიექცეს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამი თვით იყო დადებული, რომლის ვადაც 2016 წლის 10 იანვარს იწურებოდა, ანუ კრედიტორის მიერ უფლების მართლზომიერად განკარგვისა და მოვალისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების პირობებში, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ექვსი დღის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, მოვალეს ვალდებულება შეესრულებინა და კრედიტორისთვის ვალდებულების ვადადარღვევით გამოწვეული ზიანიც გადაეხადა, რისი ობიექტური შესაძლებლობაც მას არ მიეცა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნდა.
13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გირავნობის საგნის საბაზრო ფასის კონკრეტული ოდენობით განსაზღვრა, გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, მის ნამეტი ღირებულებით გაყიდვას არ გამორიცხავს და საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის უცილობელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი მდგომარეობა. ამდენად, ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს, რომლის ძალითაც დაზარალებულს, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისაგან. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო შეიჭრა მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპში და გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება ხელშეკრულებისგან განსხვავებულად დაადგინა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ უპირველესად, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ლომბარდის მიერ გირავნობის საგნის ჩაბარების ფასი მისი საბაზრო ღირებულებისგან. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის შეფასება მის სანაცვლოდ დამგირავებლისთვის შესაბამისი ოდენობის თანხის გადაცემას ემსახურება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული თანხის რეალური დანიშნულება დამგირავებლისთვის გადასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრაა. რაც შეეხება გირავნობის საგნის საბაზრო ფასს, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი სრულებით არ გულისხმობს საგნის რეალიზაციისას მისი აღნიშნულ ფასად გაყიდვის აუცილებლობას, პირიქით, როგორც წესი, დაგირავებული ნივთის შეფასება მის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ხდება, რათა შემდგომ საგნის რეალიზაციით მოგირავნემ საკმარისი თანხა სწრაფად და ეფექტურად მიიღოს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება ნივთის რეალიზაციის დროს არსებული ფასის მიხედვით უნდა დადგინდეს, აღნიშნული ემსახურება მოვალის უფლებების დაცვას, ვინაიდან როგორც ხელშეკრულების, ასევე კანონის თანახმად, რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნამეტი მოვალეს უკან უნდა დაუბრუნდეს, შესაბამისად, საგნის რეალური საბაზრო ღირებულების დადგენა მოვალეს არაკეთილსინდისიერი კრედიტორის მოქმედებებისგან იცავს, როდესაც, შესაძლებელია, კრედიტორს სურდეს ძვირადღირებული გირავნობის საგანი, რომლის გასხვისებაც შესაძლებელია მისი ფასის გამო გაძნელდეს, ისეთ დაბალ ფასად გაასხვისოს, რომ მისი ლიკვიდურობა გაზარდოს და, შესაბამისად, თავისი მოთხოვნა სწრაფად და ეფექტურად დაიკმაყოფილოს, თუმცა, მოვალისთვის ნამეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე არ იზრუნოს.
14. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი ეკისრებოდა, თუ რას შეადგენდა დაგირავებული ნივთის ღირებულება კრედიტორის მიერ მისი რეალიზაციის მომენტში და შესაბამისად, რა ოდენობის ზიანი მიადგა მას კრედიტორის მიერ უფლების არამართლზომიერი გამოყენების შედეგად.
ამ მიმართებით საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „ვ----------- მიერ 2017 წლის 15 მაისს შედგენილი დასკვნა. ექსპერტიზის ჩატარება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ----------- ექსპერტს ბე---------------- - MRICS, აუდიტორ-შემფასებელს დაევალა, რომელსაც 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. დასკვნა შეიცავს გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ კვლევითი მეთოდების მონაცემებს, კერძოდ, მითითებულია თუ როგორ და რა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა ექსპერტმა „ROLEX“-ის ბრენდის 1---- მოდელის მაჯის საათის საბაზრო ღირებულება. დასკვნა ასევე შეიცავს მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაფასებლად წარდგენილი საათის ანალოგიური მოდელების გაყიდვებისა და შეთავაზებების შესახებ შეკრებილი ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ ამგვარი სერიის საათების ფასები 15000 აშშ დოლარიდან ზემოთ მერყეობს.
ამასთან, მასალებით დასტურდება, რომ გირავნობის საგანი - „ROLEX-ის“ ბრენდის - 1---- მოდელის მაჯის საათი, შეძენილი იქნა London Jewelers აუქციონზე 14 096 აშშ დოლარად, რაც საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრით დასტურდება (ს.ფ. 26-28).
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლით განმტკიცებულ მტკიცებულებათა სანდოობის ტესტს აკმაყოფილებს, იმ პირობებში კი, როდესაც მოპასუხეს წარდგენილი მტკიცებულების გასაბათილებლად სხვა მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, პალატა მიიჩნევს, რომ მის გაზიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულებად 36 624 ლარი (15 000 აშშ დოლარი) უნდა იქნეს მიჩნეული (ტომი I, ს.ფ. 37).
საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გირავნობის საგანი პირდაპირი გაყიდვის წესით 4250 აშშ დოლარად გაიყიდა. შესაბამისად, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ვალდებულების გამოკლებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 10 700 აშშ დოლარს შეადგენს, რაც სარჩელის შემტანის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 25 791,28 ლარს შეადგენდა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს ქმნის.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1030 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ-----------------------------–-----------------–-----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე