განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2019
საქმის ნომერი
330310018002549466
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002549466 (№3ბ/1903-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ი--------–--ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე - არ---–-----–-–---–ი;

წარმომადგენელი - ცი-----–-----–---–ი;

 

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შეიარღებული ძალების გენერალური შტაბი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, არ---–-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD 5 18 00002019 ბრძანება არ---–-----–-–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 14 ივლისს, ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ, არ---–-----–-–---–ს შორის გაფორმდა კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული კონტრაქტის 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი, რომლის ვადის ათვლა დაიწყო შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან, კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად.

 

დადგენილია რომ, 2014 წლის 14 ივლისს, ანალოგიური ტიპის კონტრაქტი გაფორმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და არ---–-----–-–---–ს შორის „კაპრალ- სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 14 ივლისის კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 20- 26).

- 2014 წლის 14 ივლისის კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 27- 32).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №MOD 9 16 00000459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს სხდომის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 28 მარტს, გენერალური შტაბის შენობაში შედგა სადისციპლინო საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის საკითხი, მათ შორის, საკითხი უმცროს სერჟანტ - არ---–-----–-–---–ის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ V თავის 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. აღნიშნულმა სამხედრო მოსამსახურემ საბჭოს განუმარტა, რომ 2018 წლის 5 მარტს, დათხოვნის პერიოდში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. 6 მარტს დილით სამსახურში გამოცხადდა, რა დროსაც სამხედრო პოლიციამ შეამოწმა სიმთვრალეზე, 07:57 სთ-ზე „Alcohol Test Report“ ტესტის შედეგად მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 0.814% პრომილე. ალკო-ტესტის შედეგი არ გადაუმოწმებია.

 

სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია, კერძოდ: ვინაიდან უმცროს სერჟანტ - არ---– გ---–-–---–ს ალკო-ტესტით შემოწმებისას დაუდგინდა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №681 ბრძანებით დადგენილ ზღვარზე (0.5 პრომილე) მეტი ოდენობა, შესაბამისად უნდა დაკისრებოდა სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (დათხოვნა).

 

ამავე სხდომაზე წარდგენილი მასალების, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების, მონაწილე პირების ახსნა-განმარტებების საფუძველზე სადისციპლინო საბჭომ დაადგინა, რომ: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტის თანახმად და წარდგენილი მასალების საფუძველზე, რეკომენდაცია გაეწიათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (დათხოვნა) დაკისრებაზე, სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის უმცროს სერჟანტ - არ---–-----–-–---–ს - საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის კავშირგაბმულობის ოცეულის რადიოკავშირების ათეულის II რადიოკავშირების მანქანის ეკიპაჟის რადიოოპერატორს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 აპრილის №MOD 2 18 00353918 სხდომის ოქმი (ს.ფ. 102 - 108).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD 5 18 00002019 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტის და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის კავშირგაბმულობის ოცეულის რადიოკავშირების ათეულის II რადიოკავშირების მანქანის ეკიპაჟის რადიოოპერატორი (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“; შტატი №8/1146-01), უმცროსი სერჟანტი - არ---–-----–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. საფუძველი: სადისციპლინო საბჭოს 2018 წლის 28 მარტის სხდომის ოქმი (№MOD 2 18 00353918, 11.04.2018წ.) და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის განყოფილების უფროსი ოფიცრის მოხსენებითი ბარათი (№MOD 9 18 00354491, 12.04.2018წ.).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD 5 18 00002019 ბრძანება (ს.ფ. 33).

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე დამტკიცდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №2). მითითებული დანართის თანახმად, გენერალური შტაბის უფროსი უფლებამოსილია სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის სამსახურიდან დათხოვნაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანება, დანართი №2 (ს.ფ. 109-111).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე დაჯილდოვებული იქნა მადლობის სიგელით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და მუშაობაში მიღწეული წარმატებებისათვის. იგი დაჯილდოვებულია მედლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის. ასევე, მის სახელზე გაცემულია არაერთი სერტიფიკატი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სერტიფიკატები (ს.ფ. 58-63);

- მადლობის სიგელი (ს.ფ. 64);

-მედალი (ს.ფ. 65-66).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ---–-----–-–---–ს, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის კავშირგაბმულობის ოცეულის რადიოკავშირების ათეულის II რადიოკავშირების მანქანის ეკიპაჟის რადიოოპერატორის (საშტატო კატეგორია - „კაპრალ - სპეციალისტი“; შტატი №8/1146-01), უმცროსი სერჟანტის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება - მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ -სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურედ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 5 მარტს, არ---–-----–-–---–მა დათხოვნის პერიოდში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. 6 მარტს დილით სამსახურში გამოცხადდა, რა დროსაც სამხედრო პოლიციამ შეამოწმა სიმთვრალეზე და 07:57 სთ-ზე „Alcohol Test Report“ ტესტის შედეგად, მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 0.814% პრომილე. ამასთან, აღნიშნული ალკო -ტესტის შედეგი მას არ გადაუმოწმებია. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2018 წლის 11 აპრილის №MOD 2 18 00353918 დისციპლინური ოქმის (ს.ფ. 102-108) თანახმად, არ---– გ---–-–---–ის ქმედება შეფასდა სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად, რომელიც დისციპლინური ზომის სახედ ითვალისწინებდა სამსახურიდან დათხოვნას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD 5 18 00002019 ბრძანებით, რომლის გამოცემის ერთ - ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ V თავის 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტი.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არ---–-----–-–---–მა ალკოჰოლური სასმელი მიიღო დათხოვნის პერიოდში, კერძოდ წინა დღეს, რაც მოპასუხე მხარის მიერ შეფასების მიღმა იქნა დარჩენილი და შესაბამისად დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლომ ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენება (3 რიგგარეშე განწესში დანიშვნა ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვა) რატომ გამორიცხავდა იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო სახდელი და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სხვა სახის დისციპლინური ღონისძიება, როგორებიცაა მაგალითად 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნა ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვა, რომლებიც უზრუნველყოფდა სახდელის დადების მიზნებს. შესაბამისად საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახლა შესწავლისას ადმინისტრაციულმა ორგანომ თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად უნდა გამოიყენოს შესაბამისი დისციპლინური სახდელი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის N459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს 2018 წლის 28 მარტის სხდომაზე განხილული იქნა საკითხი არ---– უ–---ის ძე გ---–-–---–ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. ოქმის თანახმად, სამხედრო მოსამსახურემ - ა. გ---–-–---–მა საბჭოს განუმარტა, რომ 2018 წლის 5 მარტს, დათხოვნის პერიოდში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. 6 მარტს დილით გამოცხადდა სამსახურში რა დროსაც სამხედრო პოლიციამ შეამოწმა სიმთვრალეზე. 07:57 საათზე „Alcohol Test Report“ ტესტის შედეგად მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 0.814% პრომილე. ალკო - ტესტის შედეგი არ გადაუმოწმებია.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ვინაიდან, უმცროს სერჟანტ არ---–-----–-–---–ს ალკოტესტით დაუდგინდა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს N681 ბრძანებით დადგენილ ზღვარზე (0.5 პრომილე) მეტი ოდენობა, მას უნდა დაეკისროს სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (დათხოვნა). აპელანტის განმარტებით, სადისციპლინო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ა. გ---–-–---–ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის -(დათხოვნა) დაკისრების თაობაზე.

აპელანტი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადიციპლინი წესდების“ 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, (2018 წლის 13 აპრილისათვის მოქმედი რედაქცია) ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. აპელანტი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მითითებული დადგენილების მე-12 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომები. ხოლო მისივე განმარტებით, ამავე დადგენილების მე-13 მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესს, რომლის თანახმადაც, მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა - რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განსწესში დანიშვნა არ გულისხმობს სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა) - გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ. აპელანტის განმარტებით, მე-12 მუხლის გ1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა - დასვენების უფლების შეზღუდვა - გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის მიმართ; მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები - საკრედიტო ქულის დაკლება და სასწავლებლიდან გარიცხვა - გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ა.გ---–-–---–ის მიმართ ვერ განხორციელდებოდა წესდების 44-ე მუხლით გათვალისწინებული 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნის, 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვის და სასწავლებლიდან გარიცხვის გამოყენება, ვინიადან ა. გ---–-–---–ი არ წარმოადგენდა ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ სუბიექტს რადგან იგი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურე იყო. ამდენად, წარმომადგენლის განმარტებით, მის მიმართ შესაძლებელი იყო მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნის ზომის გამოყენება.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელე არ---–-----–-–---–ის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე.

 

პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ არ---–-----–-–---–ს, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის კავშირგაბმულობის ოცეულის რადიოკავშირების ათეულის II რადიოკავშირების მანქანის ეკიპაჟის რადიოოპერატორის (საშტატო კატეგორია - „კაპრალ-სპეციალისტი“; შტატი №8/1146-01), უმცროსი სერჟანტის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება -მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ - სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურედ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

 

საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 5 მარტს, არ---–-----–-–---–მა დათხოვნის პერიოდში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. 6 მარტს დილით სამსახურში გამოცხადდა, რა დროსაც სამხედრო პოლიციამ შეამოწმა სიმთვრალეზე და 07:57 სთ-ზე „Alcohol Test Report“ ტესტის შედეგად, მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 0.814% პრომილე. ამასთან, აღნიშნული ალკო-ტესტის შედეგი მას არ გადაუმოწმებია. საქმის მასალებით, კერძოდ 2018 წლის 11 აპრილის №MOD 2 18 00353918 დისციპლინური ოქმით ირკვევა, არ---–-----–-–---–ის ქმედება შეფასდა სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად, რომელიც დისციპლინური ზომის სახედ ითვალისწინებდა სამსახურიდან დათხოვნას.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD 5 18 00002019 ბრძანებით, რომლის გამოცემის ერთ - ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ V თავის 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

 

აქვე ყურადსაღებია „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №MOD 7 17 00000681 ბრძანება, რომლის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია შეადგინოს დისციპლინური ოქმები შემდგომი რეაგირებისათვის, თუ დადგენილი წესით შემოწმებისას სამხედრო მოსამსახურის ალკოჰოლური თრობის ხარისხი შეადგენს ან აღემატება 0.5 პრომილეს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა არ---–-----–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

 

იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, ანუ - იმ წესების ერთობლიობას, რაც განსაზღვრავს იმ უფლება - მოვალეობებს, რომლითაც სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების ყველა სტადიაში, რითაც შეძლებს ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს მის მიმართ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება. განსახილველ შემთხვევაში, სადისციპლინო საბჭომ, 2018 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა რა საკითხი უმცროს სერჟანტ - არ---–-----–-–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის თაობაზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მას ალკო-ტესტით შემოწმებისას დაუფიქსირდა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №681 ბრძანებით დადგენილ ზღვარზე (0.5 პრომილე) მეტი ოდენობა, შესაბამისად უნდა დაკისრებოდა სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (დათხოვნა), აღნიშნული კი სააპელაციო პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვის ეტაპზე გამოცხადებულ არ---–-----–-–---–ის იმ განმარტებაზე, რომ 2018 წლის 2,3 და 4 მარტს იმყოფებოდა სამსახურში და თანმიმდევრობით სამდღიანი მუშაობის შემდეგ, სამსახურიდან წასვლის შემდგომ 5 მარტს, იმ ვარაუდით რომ, წინასწარ დადგენილი განრიგის თანახმად, 6 მარტს აღარ უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში, მიიღო ალკოჰოლური სასმელი. ა. გ---–-–---–ის განცხადებით, მიუხედავად წინასწარ გაწერილი სამსახურებრივი განრიგისა, სამსახურიდან ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, საჭირო გახდა მისი სამსახურში დაუგეგმავი გამოცხადება და შესაბამისად 2018 წლის 6 მარტს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული შემოწმების (სიმთვრალეზე) შედეგად (07:57 სთ-ზე „Alcohol Test Report“ ტესტის შედეგად) დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 0.814% პრომილე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვინაიდან არ გამოკვლეულა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, მიაჩნია რომ იგი სათანადო შესწავლას იმსახურებს და თუ დადასტურდება მოსარჩელე ა. გ---–-–---–ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მას უნდა მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

 

შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD 5 18 00002019 ბრძანების ბათილად ცნობისა და გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი