განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
330210117001835493
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210117001835493

საქმე №2ბ/785-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გელა ქირია, მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - შპს ,,ბ-----–ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - პ----- ს--–--, ი-----–- კ--------ა, ა-----------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ----– ჰ. გ---–-------ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ----- თ----–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს ,,ბ-----–მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ჯ----– ჰ.გ---–-------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ჯ----– ჰ. გ---–-------ის შპს „ბ-----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება:

 

- 443 292.66 აშშ დოლარი („ვ-------- ბ------ კ--------ისათვის“ გადასახდელი თანხა);

- 205 537 ლარი (შპს „ი----------------–ოსათვის“ გადასახდელი თანხა);

- 386 449 აშშ დოლარი (გ------- პ--------ისათვის“ გადასახდელი თანხა);

 

ჯ----– გ---–-------ის შპს „ბ-----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ჯამში 4 631 013 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ:

- 25.05.2015წ.-16.02.2017წ.-მდე 16 000 000 აშშ დოლარის წლიური 12%

- 30.05.2015წ.-16.02.2017წ.-მდე 7 500 000 აშშ დოლარის წლიური 12%;

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მითითება, თითქოს ჯ----– გ---–-------ის კომპანიის დაფუძნების მიუხედავად ინვესტირება არ განუხორციელებია და არ დაინტერესებულა კომპანიის საქმიანობით. ჯ----– გ---–-------იმ თავდაპირველი 50% წილიდან 39% დათმო რ. ვ---–-----ის მიმართ იმისათვის, რომ მას მოეზიდა ინვესტორები და გადაენაწილებინა 39% წილი შესატყვისი პროპორციით. ამასთანავე იმ დროისთვის ჯ----–ის შენატანი საწესდებო კაპიტალში შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს. გ---–-------ი ყოველთვის ინტერესდებოდა კომპანიისა და მისი დირექტორის საქმიანობით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში დირექტორი არ აწვდიდა საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას და 2013 წლიდან იგი დავობდა სასამართლო წესით დოკუმენტაციის გადმოცემაზე, რომელიც ამ დრომდეც მიმდინარეობს აღსრულების ეტაპზე და საქმე სასამართლო აქტების შეუსრულებლობის გამო გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში.

 

არასწორია მსჯელობა, თითქოს შპს „ბ-----–ის“ ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენდა უძრავი ქონების გასხვისება. წესდების 2.1 პუნქტის შესაბამისად საზოგადოების საქმიანობის საგანია ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით. ხოლო 2005 წლის პარტნიორთა საოპერაციო ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით ბიზნესის მართვა ნიშნავს ქონების შეძენას და მართვას და ყველა სხვა ბიზნესს, რომელსაც დროდადრო განსაზღვრავენ მხარეები.

 

მოსარჩელის მიერ მოხსენიებული 2006 წლის 28 ივნისის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი მიღებულია ცალმხრივად, მხოლოდ რ. ვ---–-----ის მიერ და ამ კრებაზე არ მოწვეულა და კრების გამართვისა თუ დღის წესრიგის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა რ. გ---–-------ი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ცალმხრივობისა და გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ გ---–-------იმ არაერთხელ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება, აცნობა მარეგისტრირებელ ორგანოებს და საჯარო ფორმითაც გაავრცელა პუბლიკაცია, რომ ვ---–-----ის ქმედებები ქონებების გასხვისებაზე არ მიეღოთ მხედველობაში მისი, როგორც პარტნიორის უფლებების დარღვევის გამო.

 

შპს „ბ-----–ის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები „ვ-------- ბ------ კ--------თან“, ასევე „ი----------------–--სა“ და „გ------- პ--------თან“ არის დირექტორის მიერ უფლებამოსილების გადამეტებით დადებული გარიგებები მისი შინაარსისა და აღსრულების ფორმებიდან გამომდინარე და მასზე მითითება წინამდებარე სარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობის ირგვლივ არის მოსარჩელის მცდარი შეხედულება.

 

მოპასუხის მითითებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს შპს „ბ-----–მა“ სასამართლოს მიერ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო ვერ მოახერხა კონტრაჰენტებთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოუწია მათთვის სოლიდარული თანხების გადახდა, შედეგის გარეშე.

 

შპს „ბ-----–ის“ ხელშეკრულება „ვ-------- ბ------თან“ გაფორმებულია 2015 წლის 5 მარტს, ხოლო უზრუნველყოფის თაობაზე განჩინება მიღებულია 2015 წლის 6 მარტს, რაც ნიშნავს, რომ ქონების გასხვისების აკრძალვამდე ფაქტობრივად არ იყო დაწყებული ხელშეკრულების პირობების შესრულება და შპს „ბ-----–ის“ ხელმძღვანელობას ყოველგვარი ზიანის გარეშე შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტა ან შესრულების გადავადება.

 

ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, ხელმოწერიდან 5 დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ 35 000 აშშ დოლარის გადარიცხვა. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მისი შეწყვეტის სპეციალურ პირობებს, შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელი იყო სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად, როდესაც შპს „ბ-----–ის“ ხელმძღვანელობისათვის ცნობილი გახდა ქონების გასხვისების აკრძალვის თაობაზე შეეძლოთ არ გადაეხადათ შესაბამისი თანხები.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაჰენტებისათვის გაყიდული მიწებიდან „წარმატების გადასახადის“ 3%-ის გადახდა მხოლოდ მიწების გაყიდვის შემდგომ იყო შესაძლებელი და რადგან მიწების გაყიდვა ვერ მოხდა და არც ის წარმოადგენს ფაქტს, რომ საერთოდ მოხერხდებოდა მათი გაყიდვა, აღნიშნული ზიანი არ შეიძლება ჩაითვალოს რეალურ ზიანად.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება „ი----------------–--სთან“, არამედ მხოლოდ დანართი ჩ-1, რომლის შესაბამისადაც მხოლოდ 40 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის ვადაში. ხოლო დანარჩენი თანხის შესაბამისად, ფაზა 3-სა და ფაზა 4-ის დასრულების შემდეგ. რაც ნიშნავს, რომ როგორც ბ-----–ის ხელმძღვანელობისათვის, ასევე კონტრაჰენტის ინფორმირების შემთხვევაში ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ხელშეკრულება ვერ შესრულდებოდა. თუ ბ-----–ის ხელმძღვანელობა არ აცნობებდა კონტრაჰენტებს უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ე.ი. მან თავად შეუწყო ხელი ე.წ. ზიანის დადგომას.

 

საგადასახადო დავალებებით არ ირკვევა, რა მომსახურებისთვის ან რომელი კოტრაჰენტის ხელშეკრულების პირობების შესრულების შესაბამისად მოხდა თანხის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ გაწეული მომსახურებები მიიღო კომპანიამ გადახდილი საფასურის სანაცვლოდ, მათ შორის ურბანული დაგეგმარება და მიწის ნაკვეთების გამიჯვნის პროექტის მომზადება. შესაძლებელია ითქვას, რომ მიღებული მომსახურებით შპს „ბ-----–ს“ შეუძლია ისარგებლოს დღესაც, მათ შორის ე.წ. პოტენციურ მყიდველთა მონაცემთა ბაზის გამოყენებით და სხვ.

 

მოპასუხის მითითებით, ზიანის არსებობის ფაქტორის შესახებ მოსარჩელე საერთოდ ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გარიგება ვერ შედგა რომელიმე დაინტერესებულ პირთან და ამით დაიკარგა რაიმე მნიშვნელოვანი ინტერესი დროში. არასწორია ასევე მსჯელობა და მოთხოვნა ქონების აუქციონზე გასაყიდი ფასის 16 000 000 და 7 500 000 აშშ დოლარზე საბანკო წლიურ 12%-ზე დარიცხვის შესახებ.

 

ქონების გამოცხადების ფასი, როგორც შეთავაზება თავისთავად არ ნიშნავს მისი გასხვისების შესაძლებლობას ამ ფასად ან ვარაუდს, რომ ქონება ამ ფასში ან უფრო მეტად გაიყიდება. ამისათვის საჭიროა რეალური მყიდველის არსებობა და სამომავლოდ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება. ანუ ამ თანხას ნამდვილად მიიღებდა და საბანკო ანგარიშზე განთავსებით ან სხვაგვარი გამოყენებით შესაბამის მოგებას მიიღებდა, სავარაუდოა. მოსარჩელე მხოლოდ ვარაუდებზე აგებს ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად მოთხოვნაც ამ თვალსაზრისით უსაფუძვლოა.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობებში მოსარჩელემ გააგრძელა ურთიერთობა კონრაჰენტებთნ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ასეთი ღონისძიება მიღებული ჰქონდა სასამართლოს და შესაძლებელი იყო თვეების განმავლობაში დავის არსებობა. მოსარჩელე ვალდებული იყო ზიანის თავიდან არიდების მიზნით, შეეწყვიტა ან გადაევადებინა კონტრაჰენტებთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი.

 

საბანკო პროცენტის დარიცხვაზე მსჯელობა და ამით ზიანის ფორმულირება მოკლებულია დასაბუთებულობას და ამ თვალსაზრისით შეუძლებელია სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება.

 

რაც შეეხება, გ---–-------ის მხრიდან კონფიდენციალურობის დარღვევასა და უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე მითითებას მოპასუხის განმარტებით აღნიშნული უსაფუძვლოა, რამდენადაც ცუკერის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებაში არსად არ ჩანს, რომ ცუკერმა ინფორმაცია მიიღო გ---–-------ისგან.

 

გ---–-------ის არასოდეს არ გამოუყენებია ბოროტად თავისი უფლებები და ვერც გამოიყენებდა ვინაიდან დირექტორმა მას პრაქტიკულად წაართვა ყველა უფლება და დაუტოვა მხოლოდ უფლება მოეთხოვა პარტნიორთა რიგებიდან გასვლა და წილის ფულადი კომპენსაცია.

 

მოპასუხის განმარტებით, სარჩელი იურიდიულად დაუსაბუთებელია, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისადაც, კერძოდ მოცემული ნორმის მე-3 პუნქტი შესაძლებლობას აძლევს მხარეს იმ შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, თუკი მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა არბიტრაჟის განსჯადობის გამო. ანუ არსებითი განხილვის შედეგად კი არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არამედ საპროცესო წესებიდან გამომდინარე შეწყდა საქმისწარმოება სასამართლოში, რაც არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 199.3 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული შპს ,,ბ-----–ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებას.

 

5.2. აპელანტმა შპს ,,ბ-----–მა“ ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ ყურადღებისა და შეფასების გარეშე დატოვა მნიშვნელოვანი გარემოება: ჯ----– ჰ. გ---–-------ისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დავა საქართველოს სასამართლოს განსჯადი არ იყო. მიუხედავად ამისა, მან არა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსადგენი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა სასამართლოს. ცხადია, იმ დროს როდესაც მოასრჩელე ინფორმირებულია, რომ მისი სარჩელი განუხილველი დარჩება, ვინაიდან არ არის საქართველოს საერთო სასამართლოს განსჯადი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ მოესხურება მართლზომიერ მიზანს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჯ----– ჰ. გ---–-------იმ სასამართლოს დაუმალა პარტნიორთა შეთანხმების (ე.წ. „ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება“) არსებობის ფაქტი და ამ ხელშეკრულებაზე მითითების გარეშე მოითხოვა პარტნიორთა შორის ურთიერთობის გადაწყვეტა. მოცემული გარემოება პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის არაკეთისინდისიერებაზე. მის მიერ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადება არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს დაშესაბამისად, უნდა განვიხილოთ როგორც უფლების ბოროტად გამოყენება - მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით. ალბათობა იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზიანი, აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და 199-ე მუხლის შინაარსი სწორედ ამაზე მეტყველებს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია მოქმედებდა თუ არა კეთილსინდისიერად სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნისას ჯ----– ჰ. გ---–-------ი და თუ იგი რეალურად ისახავდა იმ მიზანს, რაც სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ჩამოაყალიბა, რატომ არ მიმართა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში დავის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს (ამერიკის არბიტრაჟთა ასოციაციის არბიტრაჟს). გ---–-------ის არბიტრაჟისათვის არც მოცემულ ეტაპამდე არ მიუმართავს. ზემოაღნიშნულთან ერთად, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემობაზე, რომ მითითებული საპროცესო ნორმის შესაბამისად დაზარალებულმა არ უნდა ამტკიცოს ზიანის მომყენებლის ბრალი და ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნება. საკმარისია მხოლოდ ზიანის ოდენობის და მიზეზობრიობის დადგენის ფაქტი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადასტურებულად არის მიჩნეული მოსარჩელის მიერ მომსახურების სანაცვლოდ გარკვეული თანხების გადახდის ფაქტი, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მომსახურების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სიკეთე მიღებული აქვს კომპანიას. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მიდვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე. საყურადრებოა, რომ გ------- ჯ--------ე არ არის შპს „ვ-------- ბ------ კ---------ის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და ის არ იყო ერთადერთი თანამშრომელი კომპანიისა, ვისთანაც შპს „ბ-----–ს“ ჰქონდა ურთიერთობა. ამ პირთან კავშირი ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა და ის არ მონაწილეობდა ყველა მიმოწერაში, ასევე არ მონაწილეობდა ყველა ღონისძიებაში, რაც შპს „ვ-------- ბ------ კ---------ის“ მიერ იქნა განხორციელებულია შპს „ბ-----–თან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. წინააღმდეგობრივია როგორც მოწმის ჩვენება, ასევე ამ ჩვენებაზე დამყარებული სასამართლოს განმარტება. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მითითებულია, რომ კომპანიის იგულისხმება „შპს „ვ-------- ბ------ კ---------ი“ რეპუტაციიდან გამომდინარე, მათ ინტერესს ეწინააღმდეგებოდა ინვესტორებისათვის შეეთავაზებინათ იმგვარი ქონება, რომლის რეალიზებაც შეუძლებელი იყო. ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ შპს „ბ-----–ის“ დაკვეთა სათანადოდ ვერ შესრულდა შპს „ვ-------- ბრაუ კ---------ის“ მიერ, ვინაიდან ქონებას ყადაღა ედო. მართალია, მოწმემ განაცხადა, თითქოს შპს „ბ-----–ის“ ქონების მიმართ ინვესტორებს ინტერესი არ გამოუჩენიათ, თუმცა ამავე განცხადებას ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული გარემობა. ის გარემობა, რომ შპს „ბ-----–ს“ გააჩნდა ან არ გააჩნდა დავალიანება შპს „ვ-------- ბ------ კ---------ის“ მიმართ ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, მოხდებოდა თუ არა ქონების რეალიზაცია ღია აუქციონზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ ჩატარდა, რომ ქონებას ყადაღა ედო. მოწმის განმარტებით, რომელიც გაიზიარა სასამართლომ, მხოლოდ ყადაღა არ ყოფილა ქონების გასხვისების დამაბრკოლებელი, არამედ ინვესტორთა მხრიდან დაინტერესების არარსებობა. საყურადღებოა, რომ ინვესტორთა მხრიდან ინტერესის ნაკლებობა, რაც ასევე დაუდასტურებელი ფაქტია, შესაძლოა, რომ სწორედ ქონების უფლებრივი ნაკლის გამო იყო. აღნიშნული გარემოება სასამართლოს საერთოდ ყურადღების გარეშე აქვს დატოვებული. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ბიზნეს-პროექტზე, რომლის არსებობა მხოლოდ და მხოლოდ მოწმის ჩვენებითაა მითითებული და საქმეში არსებული ხელშეკრულების ნაწილი არ არის. მოწმის მიერ მითითებული ბიზენს გეგმის არსებობა არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით და გაურვეველია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ ის დღესაც გარკვეული ღირებულების მქონება. რა არის ეს „გარკვეული ღირებულება“ ან რა ხარჯის გაწევაა საჭირო (თუნდაც არსებობდეს ასეთი ბიზნესგეგმა) მისი განახლებისათვის, რომ დანიშნულებისამებრ იქნეს გამოყენებული, სასამართლოს მიერ შეფასების გარეშეა დატოვებული. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ასევე შპს „ი----------------–--სთან“ და შპს „გ------- პ--------თან“ დადებული ხელშეკრულებები და მათთვის გადახილი თანხები.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემობა, თითქოს არ დასტურდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დადგომის ფაქტი. მოცემულ ნაწილშიც გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. სასამართლო თითქოს დაეთანხმა ამ ნაწილში ზიანის არსებობის ფაქტს, თუმცა გამორიცხა ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ჯ----– ჰ. გ---–-------ის მიერ სამოქალაქო უფლების არაკეთლსინდისიერად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

5.3. აპელანტი მიუთითებს, რომ აპელაციის საფუძველია სსსკ-ის 393.2-ე მუხლის (ა) და (გ) პუნქტები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლე განიხილავს სსსკ-ის 199.3-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა ამ ნორმის არასწორი განმარტების შედეგად არ იყენებს მას. ასევე არ იყენებს სსსკ 7.2 მუხლს. აპელანტი განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მივუთითეს სსსკ 7.2 მუხლის საფუძველზე გამოყენებული სსსკ 199.3 მუხლი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 199.3-ე მუხლის გამოყენება ხდება მხოლოდ ორ შემთხვევაში - 1. სარჩელის არსებითი განხილვის შედეგად მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და 2. კანონით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში სარჩელის წარუდგენლობა. საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანი, როდესაც სარჩელი შეტანილ იქნა, თუმცა საქმე განუხილველად იქნა დატოვებული ან შეწყდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს ზოგადი დელიქტის ნორმების გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს ზოგად დელიქტთან - სსკ 992 შედარებით შემსუბუქებულ წინაპირობებს დაზარალებულისთვის. საპროცესო წესების შესაბამისად დაზარალებულმა აღარ უნდა ამტკიცოს ზიანის მომყენებლის ბრალი და ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნება. საკმარისია მხოლოდ ზიანის ოდენობის და მიზეზობრიობის დადგენის ფაქტი. შესაბამისად შესამოწმებელია, ხომ არ არის ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესები გამოსაყენებელი ანალოგიის საფუძველზე (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტომი X, ს.ფ. 71-91).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

6. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ-----–ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7. შპს „ბ-----–ი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის 89%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია - რ-----–-- ვ---–-----ი, ხოლო 11% წილის მფლობელია მოპასუხე ჯ----– ჰ. გ---–-------ი.

 

8. 2006 წლის 28 თებერვალს გაიმართა შპს „ბ-----–ის“ პარტნიორთა რიგგარეშე კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „ბ-----–ის“ დირექტორს განუსაზღვრელი ვადით მიენიჭა უფლებამოსილება:

- განეკარგა კომპანიის უძრავი ქონება;

- დაეფუძნებინა ახალი კომერციული იურიდიული პირები „კომპანიის“ სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობით ნებისმიერ იურისდიქციაში შეზღუდვის გარეშე, საქართველოს ჩათვლით და განესაზღვრა ამგვარი ორგანიზაციების სამართლებრივი ფორმები. შეეტანა კომპანიის ქონება ახალი იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალში. ამასთან, წარმოედგინა კომპანია, როგორც პარტნიორი/აქციონერი ამგვარ ახალ კომერციულ იურიდიულ პირებში.

- აეღო სესხები, საკრედიტო რესურსები კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისაგან და გაეცა უზრუნველყოფები კომპანიის ქონებაზე იპოთეკის ან გირავნობის დადგენის ან გარანტიების გაცემის გზით.

 

9. კრებას ესწრებოდა მხოლოდ 89%-იანი წილის მქონე პარტნიორი რ-----–-- ვ---–-----ი.

 

10. შპს „ბ-----–ის“ 11%-იანი წილის მესაკუთრე ჯ----– ჰ. გ---–-------იმ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით დავა აღძრა საზოგადოებისა და მისი მეორე პარტნიორის რ-----–-- ვ---–-----ის მიმართ. გ---–-------ი მოითხოვდა - შპს ,,ბ-----–ის“ პარტნიორთა რიგებიდან გასვლასა და კუთვნილი 11%-იანი წილის კომპენსაციას.

 

11. ჯ----– გ---–-------იმ 2015 წლის 6 მარტს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. სასამართლოს 06.03.2015 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა ჯ----– გ---–-------ის განცხადება და შპს ,,ბ-----–ს’’ აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება (საკადასტრო კოდების მიხედვით): №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------.

 

12. ჯ----– გ---–-------ის სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721 მუხლის საფუძველზე შეწყდა სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით. ასევე, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე გაუქმდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. საქმის წარმოების შეწყვეტა განაპირობა, მხარეთა შეთანხმებამ დავის არბიტრაჟის გზით მოგვარების თაობაზე.

 

13. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, შპს „ბ-----–ის“ მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე გამოყენებული შეზღუდვა გაუქმებულია.

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამართლებელი იყო, რაც მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას არ აძლევდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესით, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად. აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ თუ მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფილ სარჩელზე, ან გაუქმდა ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფა იმის გამო, რომ პირმა არ აღძრა სარჩელი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ან მას უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელემ უნდა აუნაზღაუროს ზიანი მოპასუხეს, თუ იგი ამას მოითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით. მასვე ეკისრება დამდგარი ზიანის და მისი ოდენობის დამტკიცების ტვირთი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ: უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. იმ ვითარებაში როდესაც ჯ----– გ---–-------ის 2015 წლის 6 მარტის სარჩელზე არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ასევე არ არსებობს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოცემულობა. შესაბამისად მოცემულ საქმეზე სსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგიც ვერ გავრცელდება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება სსკ-ის 2721 მუხლის საფუძველზე. საქმის წარმოების შეწყვეტა განაპირობა, მხარეთა შეთანხმებამ დავის არბიტრაჟის გზით მოგვარების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის თავიდან აცილების ერთ-ერთ საპროცესო-სამართლებრივ საშუალებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დასაბუთებული განცხადების წარდგენის ვალდებულება წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ადეკვატური სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება ზიანს აყენებდეს მოპასუხეს. ზიანის ცნების ქვეშ, რა თქმა უნდა, უფლების დროებით შეზღუდვა არ იგულისხმება, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულებაც სწორედ უფლების დროებით შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და ა. შ). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება გულისხმობს უფლების დაუშვებელ ხელყოფას, როგორიცაა მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯ----– ჰ. გ---–-------ის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველოფის ღონისიძიებით, შპს ,,ბ-----–ს“ მიადგა მატერიალური ზიანი და მითუმეტეს ფაქტი, რომ მიყენებული ზიანი 829 741.66 აშშ დოლარისა და 205 537 ლარის ექვივალენტია.

 

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა, მათი სისტემური გამოყენებისთვის აუცილებელია აღნიშნული ნორმების ერთობლივ ჭრილში განხილვა. ამ მიმართებით ყურადსაღებია ამავე კოდექსის 412-ე მუხლი, რადგან თავისი არსით ის ფულადი სარგებელი, რომელიც მხარეს შეიძლება დაეკისროს როგორც ზიანი, სწორედ ამ ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა. აღნიშნული ნორმა ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ისეთ ქმედებებს უკავშირებს, რომლებიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად ის ზიანი, რომელიც ისეთი ქმედების შედეგად დადგა, რომელიც მხარეს არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში უკავშირებს ქონების გასხვისებით მიღებული თანხის განთავსებას სს ,,ლ-------------ის" სადეპოზიტო ანგარიშზე, რასაც დაერიცხებოდა 12%. სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის ქონება არ იყო გასხვისებული და არც შესაბამისი მყიდველი არსებობდა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის წინასწარ განჭვრეტადი ვერ იქნებოდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება სახეზეა. სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე სარგებლობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება კი შეუძლებელია ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად.

 

16. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის/აკრძალვის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, უძრავი ქონების გასხვისების/სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფარგლებში შპს „ბ-----–ი“ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ჭრილში განიხილავს, არა მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე უკვე გაღებულ-გადახდილ თანხებს, არამედ სამომავლოდ გადასახდელ თანხებსაც, რომელთა მიმართებითაც არსებულ ვითარებაში კონტრაჰენტების მხრიდან მოთხოვნა დაყენებული არ არის. ზიანის ანაზღაურების წინაპირობების დასადასტურებლად, მოსარჩელე გარდა ხელშეკრულებებისა მოიხმობს საგადახდო დავალებებს, რომელთა საფუძველზეც დგინდება შპს „ბ-----–ის“ მიერ გარკვეული თანხების გაღების ფაქტი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღების სანაცვლოდ.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა. შესაბამისად აპელანტის მიერ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ზიანად ვერ ჩაითვლება, ხოლო ის ფაქტი, რომ უზრუნველყოფის პირობებში ვერ განხორციელდა უშუალოდ მომსახურების მიზნობრივი გამოყენება, აღნიშნული არ ცვლის თავად მიღებული მომსახურების საფუძველზე არსებულ სარგებელს, რომელიც გამორიცხავს ზიანის, როგორც ფაქტის არსებობას. რაც სხვა საფუძვლებთან ერთად გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.

 

შესაბამისად, ვინაიდან აპელანტს ზიანის ოდენობასთან მიმართებით დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა. პალატა ასკვნის, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებულია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს სრულად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ბ-----–ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები გელა ქირია

 

მერაბ ლომიძე