განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003171503
საქმე N1ბ/23-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - დ----- ი-----ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გ------------------------–------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
დ----- ი-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 ივლისს, საღამოს, გ------------------------–----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ორსულობასთან დაკავშირეული შელაპარაკებისას, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა დ----- ი-----მა, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - თ----–- ნ--------ეს მუცელში დაარტყა ფეხი, ყელში მოუჭირა ხელი და სახეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც თ----–- ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, დ----- ი-----ი თ----–- ნ--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ი-----ის ადვოკატმა - გ-----------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ადვოკატი - გ-----------–---–ი ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან დ----- ი-----ი არ არის ნასამართლევი, მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებითად, ჩადენილ დანაშაულს მსჯავრდებული განიცდის და ინანიებს, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა მნიშვნელოვნად განაპირობა ეკონომიურმა სიდუხჭირემ, დაზარალებული არ არის მკაცრი მის მიმართ და მოითხოვა მისი მსუბუქი დასჯა. დაცვის მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული მკაცრი სასჯელი არაადექვატური და მკაცრია, რასაც სასამართლომ საფუძვლად დაუდო, ის გარემოება, რომ დ----- ი-----მა მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, კერძოდ, არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს მუცელში წიხლი ჩაარტყა, რაც არ დადასტურდა სხვა მტკიცებულებებით და მუქარასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ განუხორციელებია, ხოლო მსჯავრდებულის მიერ აღიარებული ქმედება საკმარისი იყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ----- ი-----ს სახლში ჰყავს მეზობლებისა და ნათესავების იმედად დატოვებული ლოგინად ჩავარდნილი, მოხუცებული დედა. მსჯავრდებულმა მას განუცხადა, რომ კონფლიქტის შემდეგ გასული იყო გარკვეული დრო და იგი უკვე შერიგებული იყო დაზარალებულთან. მათ კი იჩივლეს ღამით და მისი აზრით, ეს გააკეთა სიდედრმა, რომელსაც სურს თავისი შვილის სამტრედიაში წაყვანა, დ----- ი-----ის ციხეში მოთავსება და დედამისის საშუალებით მისი სახლ-კარის დაუფლება, ხოლო ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს განხილვისა და გამოკვლევის საგანი. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–----ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ----- ი-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
პირველი ინტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა დ----- ი-----მა სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაზარალებული მისი მეუღლეა. 2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 4 საათზე, ნასვამი დაბრუნდა სახლში. მისმა მეუღლემ ბავშვი დააძინა და საუბრობდნენ, რადგან მეუღლეს ნერვული აშლილობა აქვს, ჰალუცინაცია და ექიმთან იყო მისაყვანი. აღნიშნულ ფაქტამდე თ.ნ--------ე სახლიდან გაიპარა, შემდეგ ისევ ჩამოვიდა სახლში შვილთან ერთად. ჩამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ მან გაიგო, რომ მეუღლე ორსულად იყო. თ.ნ--------ემ უსაყვედურა მას, რომ ბავშვი არ უყვარდა, ის მისი შვილი იყო და არა დ----- ი-----ის, რის გამოც მან უნებურად ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რაც იმ წუთასვე ინანა. მან დააწყნარა მეუღლე და საღამოსვე შერიგდნენ. მუქარას დაზარალებულის მიმართ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. არც მუცელში არ ჩაურტყამს ფეხი და ყელშიც არ მოუჭერია ხელი. გაღვიძებისას დაზარალებული სახლში აღარ იყო. უთხრეს, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა წაიყვანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ თ----–- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ----- ი-----ი მისი მეუღლეა. მათ სამი წელი იცხოვრეს ერთად. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათ ურთიერთობა დაეძაბათ, როდესაც მეორედ დაორსულდა. მეუღლეს ბავშვი არ უნდოდა, თუმცა მისთვის მიზეზი უცნობია. 2019 წლის 18 ივლისს, საღამოს, დ----- ი-----ი სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. მისი დედამთლი - ჟ--–---- ი-----იც სახლში იყო. მათ იკამათეს ორსულობასთან დაკავშირებით, რა დროსაც დ----- ი-----მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მუცელში და უთხრა, რომ ბავშვს მოაშორებდა. ასევე, ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში. ორივე შემთხვევაში თ.ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, დ----- ი-----ი დაემუქრა მას და უთხრა, რომ მოკლავდა, რის გამოც ძალიან შეეშინდა. მას შეეშინდა, რომ ბავშვს არაფერი მოსვლოდა, დაურეკა დედამის და უამბო მომხდარის თაობაზე. დედამისმა კი ,,112-ში“ დარეკა.
მოწმე მ--–----- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მისი მეუღლე - დ----- ი-----ი, ნასვამ მდგომარეობაში, მივიდა სახლში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა მოკვლით. სამტრედიიდან იგი ვერ შეძლებდა დახმარებას და ,,112-ში“ დარეკა. ტელეფონზე მისი შვილი ძალიან აღელვებული იყო და ეტყობოდა, რომ ეშინოდა. მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ერთი შვილი ხომ ჰყავდათ, მეორე არ უნდოდა და ამიტომ მოკლავდა. უთხრა, რომ დ----- ი-----მა დაიძინა, რომ მუცელში ფეხი ჩაარტყა. დილით კი ჩავიდა შვილთან, რომელსაც ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო.
2019 წლის 19 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალირებული იქნა თ----–- ნ--------ის ტანსაცმელი.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ დ----- ი-----ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019წლის 19 ივლისს, 02:20 საათზე.
2019 წლის 19 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ------------------------–----------–-.
2019 წლის 19 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას თ----–- ნ--------ემ დაადასტურა, რომ მას 2019 წლის 18 ივლისს, მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ თ----–- ნ--------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები საფეთქლისა და ყვრიმალის არეში მარცხნივ, დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: პ-----------–------------–-----------------------------–------–--–---------–-–---–---------------------–---–---------------------–---–-----–-------------------------–---–---–---–---–-----------------------–---–---------------------–---–--------------------–-–---–-- დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
მოწმე ს-------- ი-----მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----- ი-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----- ი-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს.
დ----- ი-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემობაა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ძალადობრივი ქმედების განახორციელება ორსული მეუღლის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზირებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას, რომ დაზარალებულის დედამ მ--–----- ნ--------ემ გვიან მოახდინა სამართლადამცავი ორგანოს ინფორმირება, რადგან მიზნად ისახავდა სიძის ციხეში მოთავსებას და მისი ქონების მითვისებას, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებით. მ--–----- ნ--------ის მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რასაც ნაწილობრივ დაცვის მხარეც ეთანხმებოდა. შესაბამისად, მ--–----- ნ--------ის მხრიდან არ ჰქონია ადგილი ცრუ დასმენას დ----- ი-----ის მიმართ. ამასთან, თავად დაცვის მხარემ, საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლოში წარადგინა დაზარალებულ თ----–- ნ--------ისა და დედამისის მ--–----- ნ--------ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, სადაც ორივე ადასტურებს, რომ აპატიეს მსჯავრდებულს და სურვილი აქვთ დ----- ი-----ი გათავისუფლდეს და მიხედოს თავის დედას, რომელსაც მომვლელი არ ჰყავს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას დ----- ი-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით.
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ----- ი-----ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ დ----- ი-----მა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია და ჰყავს ავადმყოფი დედა, რის გამოც არსებობდა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების საფუძვლები. პალატა აღნიშნულ არგუმენტებს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ დ----- ი-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, და მის მიმართ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, კერძოდ, დ----- ი-----ს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით დაუნიშნა, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმი.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დ----- ი-----ი ნასამართლობის არ მქონეა არ არსებობდა პირობითი მსჯავრის გამოყენების სხვა საფუძვლები, რის გამოც სასამართლო ვერ გამოიყენებდა მსჯავრდებულის მიმართ პირობით მსჯავრს.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.
პალატა აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ დ----- ი-----მა დაზარალებულის მიმართ განხორციელა ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია, დ----- ი-----მა ნაწილობრივ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მათ ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, დ----- ი-----ი მეუღლის მიმართ ძალადობის განახორციელების დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მან ძალადობა განახორციელა იმ მოტივით, რომ მეუღლე იყო ფეხმძიმედ მეორე ბავშვზე და მას არ სურდა ბავშვის დაბადება. ასევე, გასათვალისწინებელია დაზარლებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ინტესივობა, კერძოდ, მან ორსულ მეუღლეს - თ----–- ნ--------ეს მუცელში დაარტყა ფეხი, ყელში მოუჭირა ხელი და სახეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი. ზ/აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო რა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები და სწორედ, აღნიშნულის შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამ ფონზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულისა და დედამისის პოზიციის მიუხედავად, რომლის თანახმად ისინი შეურიგდნენ და პრეტენზია არ გააჩნიათ დ----- ი-----ის მიმართ, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, დ----- ი-----ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულთან შერიგებულია, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის მოტივსა ფიზიკური ძალადობის სიმძაფრეზე, კერძოდ, მის მიერ მსხვერპლისთვის სხეულზე მრავალჯერადი დარტყმების მიყენების ფაქტს იმის გამო, რომ მეუღლე იყო ფეხმძიმედ და მას არ სურდა ბავშვის დაბადება, დანაშაულის ინტენსივობაზე, ჩადენილია ძალადობა და მუქარა დროის მცირე მონაკვეთში, ძალადობა და მუქარა განხორციელდა ფეხმძიმე მეუღლის მიმართ, ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში, ხელებით და ფეხებით, მოძალადის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ დ----- ი-----ის ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას. სააპელაციო პალატას თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ----- ი-----ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. დ----- ი-----ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დ----- ი-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- ი-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ----- ი-----ის ადვოკატის - გ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ----- ი-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
დ----- ი-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით.
-საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და დ----- ი-----ს საბოოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ დ----- ი-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 19 ივლისიდან.
მსჯავრდებულ დ----- ი-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი